29.06.2016
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ განახორციელა მედიამონიტორინგი "ტელევიზიების განწყობა პოლიტიკური ძალებისადმი", რომელის შედეგებიც 29 ივნისს წარადგინა.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ განახორციელა მედიამონიტორინგი "ტელევიზიების განწყობა პოლიტიკური ძალებისადმი", რომელის შედეგებიც 29 ივნისს წარადგინა.
მედიამონიტორინგი 2016 წლის 1 მარტიდან 31 მაისამდე პერიოდში მიმდინარეობდა. კვლევისთვის შერჩეული იყო 7 მაუწყებელი - პირველი არხი, რუსთავი 2, იმედი, GDS, მაესტრო, კავკასია, ტაბულა. მკვლევრები ყოველდღიურად აკვირდებოდნენ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ყველა გადაცემას, რომელიც პრაიმ ტაიმში გადიოდა ეთერში. ანგარიში მოიცავს როგორც რაოდენობრივ, ისე თვისებრივ ანალიზს.
მედიამონიტორინგი განხორციელდა National Endowment for Democracy-ის (NED) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში.
მონიტორინგის ძირთადი ტენდენციები: რაოდენობრივი:- ტელევიზიები საინფორმაციო გამოშვებაში ყველაზე მეტად მთავრობას აშუქებდნენ. ამ სუბიექტს საკუთარი ეთერის ყველაზე დიდი დრო (47%) GDS-მა დაუთმო. მთავარობა სხვა არხებთან შედარებით დადებით ტონში ყველაზე მეტად (43%) GDS-ის საინფორმაციო გამოშვებაში შუქდებოდა, ყველაზე ნაკლები (11%) უარყოფითი გაშუქებაც ამ არხზე დაფიქსირდა.
- მთავრობა დადებით ტონში ყველაზე ნაკლებად (3%) რუსთავი 2-ის ეთერში წარმოჩინდა, ყველაზე მეტი (67%) უარყოფითი ტონიც მთავრობის მისამართით ამ არხზე დაფიქსირდა.
- კოალიცია ქართული ოცნება და პარტია ქართული ოცნება უარყოფით ტონში ყველაზე მეტად ტაბულასა და რუსთავი 2-ზე გაშუქდა, ნაციონალური მოძრაობა კი - GDS-სა და იმედზე.
- პატრიოტთა ალიანსი და ლეიბორისტული პარტია უარყოფით ტონში არც ერთ არხზე არ გაშუქებულა. მათ მცირე დრო დაეთმო და ძირითადად ნეიტრალურ ტონში გაშუქდა.
- მიხეილ სააკაშვილს ყველაზე მეტი დრო (44 წთ) რუსთავი 2-მა დაუთმო. ამ სუბიექტის დადებით ტონში გაშუქების ყველაზე დიდი მაჩვენებელი (56%) ამავე არხზე დაფიქსირდა. მიხეილ სააკაშვილი უარყოფით ტონში ყველაზე მეტად (59%) მაესტროს ეთერში გაშუქდა
- ბიძინა ივანიშვილს ყველაზე მეტი დრო რუსთავი 2-ის ეთერში დაეთმო 1სთ და 15 წუთი და უარყოფით ტონში ყველაზე მეტად (88%) ამავე არხზე გაშუქდა. ბიძინა ივანიშვილი დადებით ტონში ყველაზე მეტად (99%) GDS-მა გააშუქა. ამ არხზე მას ჯამში 17 წუთი დაეთმო.
- დაკვირვების ქვეშ მყოფი ტელევიზიები ყველაზე მეტ დროს პოლიტიკის გაშუქებას უთმობდნენ, განსაკუთრებით მცირე დროს კი - სოციალური თემატიკის გაშუქებას.
- პოლიტიკურ თემატიკას ტელეარხებს შორის ყველაზე ხშირად (46%) ტელეკომპანია იმედი აშუქებდა, ყველაზე ნაკლებად კი- რუსთავი 2 (30%).
- სოციალურ თემატიკას ყველაზე ხშირად (7%) რუსთავი 2 აშუქებდა, ყველაზე ნაკლებად -ტაბულა (3%).
- საარჩევნო თემატიკას ყველაზე ხშირად მაესტრო აშუქებდა (13%), ყველაზე ნაკლებად კი - GDS-ი (5%).
- წინა წლების მონიტორინგთან შედარებით მედიის მუშაობის ხარისხი გაუმჯობესებულია. მკვეთრად შემცირებულია ბალანსის და ფაქტების და კომენტარების გამიჯვნის პრობლემა
- სიძულვილის ენის ტირაჟირებას თითქმის არ ახდენდნენ დაკვირვების ქვეშ მყოფი მაუწყებლები.
- არხები სიფრთხილით ეკიდებოდნენ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის ტირაჟირებას.
- დაფიქსირდა შემთხვევები, როცა კონკრეტული ტელევიზიების ტოქშოუებში არ იყო წარმოჩენილი მხარე, რომლის კრიტიკაც იყო გადაცემაში, ზოგჯერ წამყვანი მაყურებელს უხსნიდა მიზეზს, თუ რატომ არ მონაწილეობდა ესა თუ ის სუბიექტი, თუმცა ხშირად ამის განმარტება არ ხდებოდა. ვფიქრობთ მიუხედავად იმისა ბოიკოტის რეჟიმშია თუ არა ტელეარხთან მიმართებაში სუბიექტი, ტოქშოუს წამყვანებმა ყველა გადაცემაში უნდა აცნობონ მაყურებელს, რატომ არ მონაწილეობს გადაცემაში ესა თუ ის სუბიექტი.
- მიუხედავად გაუმჯობესებული ტენდეციებისა, ზოგჯერ სამონიტორინგო არხების ეთერში გავიდა პროდუქცია, რომლებსაც ეთიკის თვალსაზრისით პრობლემები ჰქონდა, რის შესახებაც ანგარიშში ვრცლად არის საუბარი.