თვითმმართველობა 2014 –  მედიამონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში
10.07.2014
(არჩევნების მეორე ტურის გაშუქება)

თბილისი, 2014 წლის 10 ივლისი – საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, პროფესიონალ ჟურნალისტთა არაკომერციული, დამოუკიდებელი გაერთიანება, რომელიც ხელს უწყობს თავისუფლებისა და დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრებას, სისტემატურ მონიტორინგს უწევდა მედიის მიერ 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნების გაშუქებას. მონიტორინგი გაგრძელდა თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე, რომელიც 12 ივლისს არის დანიშნული. პროექტი ხორციელდება სლოვაკური მედია მონიტორინგის ორგანიზაციასთან MEMO 98ერთად, ორგანიზაცია „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ (NED) ფინანსური მხარდაჭერით.

ქარტიისა და MEMO 98 მიზანი იყო შეეფასებინათ, თუ რამდენად ობიექტურად და დაბალანსებულად აშუქებდნენ კანდიდატებსა და მათ საარჩევნო პროგრამებს მაუწყებლები, რათა საქართველოს მოქალაქეებს შეძლებოდათ საკუთარი კარგად ინფორმირებული არჩევანის გაკეთება საარჩევნო ყუთებთან. პროექტის შედეგები განისაზღვრება მკაფიოდ გამოხატული და ზუსტი მეთოდოლოგიით და მიზნად არ ისახავს რომელიმე კანდიდატის ან პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერას, არამედ მოწოდებულია, რომ მოახდინოს მედია გარემოს გაერთიანება და ინტეგრაცია წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ 1 აპრილს დაიწყო 2 საზოგადოებრივი მაუწყებლის (საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, აჭარის ტელევიზია), 5 თბილისში არსებული კერძო მაუწყებლისა (კერძო მაუწყებლები – იმედი, კავკასია, მაესტრო, რუსთავი 2 და ტაბულა) და 6 რეგიონული მაუწყებლის (აჭარის 25-ე არხი, გურჯაანი (კახეთი), ქვემო ქართლის ტელევიზია (ქვემო ქართლი), ოდიში (სამეგრელო), რიონი (იმერეთი) და თრიალეთი (შიდა ქართლი) მონიტორინგი.[1]

ჟურნალისტური ქარტია იყენებს MEMO_98-ის მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიას, ამ კომპანიამ ბოლო 15 წლის განმავლობაში მსგავსი პროექტები განახორციელამსოფლიოს47 ქვეყანაში.მისი შინაარსზე ორიენტირებული მიდგომა სპეციალურად არისშექმნილიმედიის პლურალიზმისა და მრავალფეროვნების უზრუნველსაყოფად, რაც ნიშნავს, რომ მონიტორინგის შედეგები არ უნდა შეადგენდეს ცარიელი და ზედაპირული მონაცემების ერთობლიობას, არამედ იგი უნდა წარმოადგენდეს სათანადო კონტექსტში შესწავლილი, მედიაში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური მრავალფეროვნების დონის დეტალურ ანალიზსა და შეფასებას.[2] ორივე პარტნიორი, როგორც ქარტია, ასევე MEMO98წარადგენენ საბოლოო ანგარიშს, რომელშიც შეტანილი იქნება მაუწყებლობის გაუმჯობესებაზე გათვლილი რეკომენდაციები.

ქვემოთ მოცემულია მონიტორინგის ძირითადი შედეგების რეზიუმე პროექტის მესამე ფაზიდან, რომელიც მოიცავს 2014 წლის 16 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით პერიოდს ( პირველი და მეორე ფაზა მოიცავდნენ შესაბამისად 1-დან 30 აპრილამდე და 1მაისიდან 6 ივნისამდე პერიოდს[3]):

რეზიუმე

იმ მედიასაშუალებათა დიდმა ნაწილმა, რომელსაც მონიტორები აკვირდებოდნენ, მათ შორის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, პრაიმ-თაიმში გასულ პოლიტიკურ და არჩევნებთან დაკავშირებულ საინფორმაციო გადაცემებში პოლიტიკური პარტიები და კანდიდატები დაბალანსებულად გააშუქა, ამით საშუალება ამომრჩეველს გაეკეთებინა საკუთარი კარგად ინფორმირებული არჩევანი.

ისევე როგორც გასულ პერიოდში, მედია საშუალებებმა თავიანთი საინფორმაციო პროგრამების არსებითი ნაწილი არჩევნების შემდგომაც მთავრობისა და ორი ძირითადი პარტიის – ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების ღონისძიებებს დაუთმეს. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა უფრო მეტად გაშუქდა თბილისში არსებული მაუწყებლების მიერ (გამონაკლისი იყო „მაესტრო“)

მაშინ როდესაც ქვეყანა 8 თვითმმართველ ქალაქში მერის არჩევნების მეორე ტურის მოლოდინშია, მაუწყებლების უმეტესი ნაწილი მხოლოდ თბილისის მერის მეორე ტურის საარჩევნო კამპანიას აშუქებდა, სადაც დავით ნარმანიას (ქართული ოცნება), უფრო მეტი დრო დაეთმო ყველა ნაციონალურ და თბილისში არსებულ მაუწყებელზე (გამონაკლისი იყო “იმედი”)

მაუწყებლებმა ამჯერადაც განაგრძეს წინასაარჩევნო კამპანიების ზოგადი მსვლელობის რამდენადმე ზედაპირული გაშუქება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რადგანაც მთლიანობაში კამპანია საკმაოდ პასიურად მიმდინარეობდა, ანალიტიკური და კრიტიკული მიდგომის ნაკლებობა შესაძლოა ამ ფაქტით იყო განპირობებული.

არჩევნების შემდგომი ფაზის მედია მონიტორინგის შუალედურმა შედეგებმა დაადასტურა ის ძირითადი ტენდენციები, რომელიც აპრილ-მაისის მონიტორინგის დროს გამოიკვეთა. კერძოდ, მედიის უმეტესმა ნაწილმა ზოგადად დაბალანსებულად და მიუკერძოებლად გააშუქა არჩევნებში მონაწილე კანდიდატები და მათთან დაკავშირებული ღონისძიებები, რითაც საშუალება მისცა ამომრჩევლებს არჩევნების დღეს, 15 ივნისს, ინფორმირებული არჩევანი გაეკეთებინათ. აქვე უნდა ითქვას, რომ მათ მიერ გაშუქებული მოვლენები არჩევნების შემდგომ პერიოდშიც ძირითადად ფოკუსირებული იყო ორი მთავარი პოლიტიკური პარტიისა და ხელისუფლების საქმიანობებზე. მეორე მხრივ, 12 ივლისს 8 თვითმმართველ ქალაქში (დედაქალაქი თბილისი, ბათუმი, ფოთი, გორი, მცხეთა, ოზურგეთი, რუსთავი და თელავი) დაგეგმილი მეორე ტურის გაშუქების სარედაქციო პოლიტიკაც რამდენადმე შეიცვალა. იგი ყველა მაუწყებელში აღარ იყო ექსკლუზიურად ფოკუსირებული მხოლოდ თბილისზე. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ისევე როგორც ეს აღინიშნა წინა ანგარიშებში, საინფორმაციოები უფრო კამპანიის ღონისძიებებზე იყო ორიენტირებული და შედარებით მცირე დრო ეთმობოდა ადგილობრივ პრობლემებს, აკლდა კანდიდატებისა და მათი პროგრამების სიღრმისეული და კრიტიკული ანალიზი. ასეთი სარედაქციო პოლიტიკა ნაწილობრივ განპირობებული იყო 15 ივნისის არჩევნების შედეგების გასაჩივრების პროცედურებით, რამაც გაურკვევლობა წარმოქმნა მეორე ტურის ჩატარებასთან დაკავშირებით და წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიებები უფრო შეზღუდა და შეასუსტა.

საზოგადოებრივი მაუწყებლები

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო პროგრამებში ორი მთავარი პარტიის სხვადასხვა დონის გაშუქება შეინიშნებოდა – მაშინ, როდესაც ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო 28.6 პროცენტი, ქართულმა ოცნებამ კი დაახლოებით მისი ნახევარი, 15.8 პროცენტი. გაშუქების ტონი თითქმის მსგავსი იყო. მეტწილად ნეიტრალური, კრიტიკის მცირედი დოზებით. რაც შეეხება არჩევნებში მონაწილე სხვა სუბიექტებს, მათი გაშუქება შემცირდა არჩევნების შემდგომი პირველი სამი კვირის განმავლობაში და ორ პროცენტზე ნაკლები შეადგინა, რაც გარკვეულწილად ბუნებრივია და ასახავს იმ ფაქტს, რომ ათი კანდიდატიდან მხოლოდ ერთი კანდიდატი, რომელიც არჩევნების მეორე ტურში მიიღებს მონაწილეობას არ არის ორი ძირითადი პარტიის წარმომადგენელი.

ყველაზე მეტად გაშუქებული პოლიტიკური ერთეული იყო მთავრობა, რომელიც 44 პროცენტით გაშუქდა, დაახლოებით იმდენი პროცენტით, რაც მას წინა მონიტორინგის პერიოდში ჰქონდა. გაშუქების ტონი მეტწილად ნეიტრალური იყო (90 პროცენტზე მეტი). ამავე დროს, გაშუქების დარჩენილი ნაწილი მთლიანად კრიტიკული აღმოჩნდა, დადებითი ინფორმაციის გარეშე. არხმა თავისი მაუწყებლობის 4.3 პროცენტი პრეზიდენტ მარგველაშვილს დაუთმო, ტონი თითქმის ექსკლუზიურად ნეიტრალური იყო.

მაუწყებელი თავის საინფორმაციო პროგრამაში აშუქებდა მეორე ტურში მონაწილე თვითმმართველი ქალაქის მერობის კანდიდატებს, თუმცა თბილისის მერობის კანდიდატები უფრო სერიოზულად და ვრცლად იყვნენ წარმოდგენილები – მათ კანდიდატების გაშუქების მთელი დროის 82 პროცენტზე მეტი დაეთმოთ. გაშუქების ყველაზე დიდი დრო თბილისის მეორე ტურში მმართველი პარტიის (ქართული ოცნების) კანდიდატს, დავით ნარმანიას დაეთმო (66.6 პროცენტი) – მასზე ყველა სახის ინფორმაცია გადაიცა, ოპოზიციის კანდიდატი ნიკა მელია კი მთლიანად ნეიტრალური ტონით შუქდებოდა.

ამ პერიოდში მაუწყებელმა გადასცა არჩევნებთან დაკავშირებული რამდენიმე სიუჟეტი რეგიონებიდან, თუმცა ეს გაშუქება მაინც მინიმალური იყო და ასახავდა კანდიდატების მიერ ჩატარებულ საარჩევნო ღონისძიებებს. ანალოგიურად, წინა ფორმატის სტუდიური დისკუსიები, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი არჩევნების პირველ რაუნდში ყველა კანდიდატს სთავაზობდა, აღარ გაგრძელდა 15 ივნისის შემდეგ. ეს ალბათ გარკვეულწილად უნდა აიხსნას იმ ფაქტით, რომ თავად საარჩევნო კამპანიაც და ვითარებაც 15 ივნისის შემდეგ განსხვავებული იყო.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის თვისებრივმა ანალიზმა დაადასტურა წინა ანგარიშებში მოცემული დასკვნები, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასული სიუჟეტები ზოგადად მიუკერძოებელი და დაბალანსებული იყო. მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ 10 ივნისს საინფორმაციო პროგრამამ „მოამბემ“ არ გააშუქა ინციდენტი, რომელიც ბათუმში არსებული მაუწყებლის 25-ე არხის ჟურნალისტს ჯაბა ანანიძეს შეემთხვა – რეგიონულმა არხმა გამოაქვეყნა უმაღლესი საბჭოს დეპუტატისა და ჟურნალისტის სატელეფონო საუბარი, რომელიც შეფასდა ჟურნალისტზე მუქარის მცდელობად და ზეწოლად. ეს ამბავი აქტიურად შუქდებოდა სხვა მედია საშუალებებში. მეორეს მხრივ, არხმა იმავე დღეს თავის საინფორმაციო პროგრამაში საკმაოდ დიდი დრო დაუთმო უცხოეთის ამბებს – თუნდაც, სიუჟეტს, რომელიც ლენინის ქანდაკების აჟარიდან პოლონეთის ქალაქ კრაკოვში გადატანას შეეხებოდა.[4]

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ბათუმში არსებული მაუწყებელია, რომელმაც თავისი პოლიტიკური და არჩევნებთან დაკავშირებული ახალი ამბების 27.3 პროცენტი ცენტრალური და აჭარის მთავრობების ღონისძიებების გაშუქებას დაუთმო (შეადარეთ წინა საანგარიშო პერიოდის 26.1 პროცენტს). მსგავსად წინა პერიოდებისა ეს სიუჟეტებიც მეტწილად ნეიტრალური და საკმაოდ დაბალანსებული იყო.

რაც შეეხება ორი ძირითადი მეტოქე პარტიის გაშუქებას, ქართულმა ოცნებამ მეტი პროცენტი მიიღო, ვიდრე ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ (31.4 პროცენტი და 24. 5 პროცენტი, შესაბამისად). გაშუქების ტონი შედარებით დაბალანსებული და ძირითადად ნეიტრალური იყო. დანარჩენი კანდიდატების გაშუქება შემცირდა (წინა მონიტორინგის პერიოდთან შედარებით), რაც გარკვეულწილად ბუნებრივიცაა, რადგანაც ბათუმში არჩევნების მეორე ტურში ქართული ოცნებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები მონაწილეობენ. შემდეგი ყველაზე ხშირად გაშუქებული პარტია ნინო ბურჯანაძე – გაერთიანებული ოპოზიციაა 3.4 პროცენტი ნეიტრალური და დადებითი ინფორმაციით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი აშუქებდა როგორც თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურს, ასევე ბათუმის არჩევნების მეორე ტურსაც, თუმცა უნდა ითქვას, რომ იგი მაინც არჩევნებისათვის გამოყოფილი ეთერის უმეტეს ნაწილს 98 პროცენტს მთლიანად ბათუმის მერობის კანდიდატებს უთმობდა. უფრო დიდი რაოდენობა ეთმობოდა გიორგი ერმაკოვს (ქართული ოცნება), – 59 პროცენტი. მაშინ, როდესაც მისი გაშუქების ტონი ზოგადად დაბალანსებული იყო დადებითი და უარყოფითი ინფორმაციებით, გიორგი დიასამიძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) წარმოდგენილი იყო თითქმის მთლიანად ნეიტრალური ტონით.

არხმა 15 ივნისის არჩევნებამდე ეთერში გაუშვა სხვადასხვა სოციალ=პოლიტიკური თოქ შოუები და პროგრამები, რომელთა მიზანსაც ამომრჩეველთა ინფორმირებულობა შეადგენდა. ეს პროგრამებია: „არჩევნების დრო“, „აირჩიე მერი“ და „არჩევნები 2014 – ეს პროგრამები არჩევნების მეორე ტურშიც გრძელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემების თვისებრივი ანალიზი აჩვენებს, რომ იგი იცავს მაუწყებელთა ქცევის კოდექსს და თავის საინფორმაციო გადაცემებში არ არღვევს ჟურნალისტურ სტანდარტებს.

თბილისში მოქმედი კერძო მაუწყებლები

კერძო მაუწყებელმა რუსთავი 2-მა თავისი პოლიტიკური და საინფორმაციო გადაცემების უდიდესი ნაწილი 31.4 პროცენტი მთავრობის ღონისძიებების გაშუქებას დაუთმო. იგი მეტწილად ნეიტრალური იყო (დაახლოებით 90 პროცენტი), ხოლო დარჩენილი ინფორმაცია (დაახლოებით 9 პროცენტი) წარმოდგენილი იყო უარყოფოთ ტონში. არხმა საკმაოდ დიდი დრო დაუთმო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გაშუქებას (34.6 პროცენტი) ქართულ ოცნებასთან შედარებით (22.7 პროცენტი). ამავე დროს, ორი ძირითადი პარტიის გაშუქება გარკვეულწილად განსხვავდებოდა – მაშინ, როდესაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ძირითადად ნეიტრალურად გაშუქდა (2 პროცენტი დადებითი და 7 პროცენტი უარყოფითი ტონით), ქართული ოცნება გაშუქების ტონი ნაკლებად ნეიტრალური იყო (23 პროცენტიუარყოფითი და 10 პროცენტი დადებითი). რაც შეეხება სხვა კანდიდატებს. არასაპარლამენტო ოპოზიცია გაშუქდა 3.2 პროცენტით, ხოლო ნინო ბურჯანაძე -ერთიანი ოპოზიცია 2.4 პროცენტით. გაშუქების ტონი მთლიანად ნეიტრალური იყო.

მაუწყებელმა მერობის კანდიდატობის მეორე ტურის 8 თვითმმართველი ქალაქიდან 3 გააშუქა მეტნაკლებად. ყველაზე მეტად გაშუქდა თბილისი მერობის კანდიდატების კამპანია (96 პროცენტი). თავის საინფორმაციო გამოშვებებში არხმა უმეტესი დრო დაუთმო დავით ნარმანიას ქართული ოცნების კანდიდატს (56 პროცენტი), მაშინ, როდესაც მისმა ოპონენტმა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა ბატონმა მელიამ 44 პროცენტი მიიღო. თუმცა აქაც უნდა აღინიშნოს, რომ ნიკა მელია უმეტესად ნეიტრალურად და პოზიტიურად იყო წარდგენილი (97პროცენტი), მაშინ, როდესაც დავით ნარმანია წარდგენილი იყო ნეიტრალური და უარყოფითი ტონით (95 პროცენტი).

ყოველკვირეული თოქ შოუ „არჩევანი“ – წამყვანი გიორგი გაბუნია, გადაცემა, რომელიც არჩევნების თემას ეძღვნება, 15 მაისის შემდეგაც გაგარძელდა. კიდევ ერთ გადაცემაში „კვირის თემა“ სტუმრებს სისტემატურად იწვევენ საარჩევნო თემებზე სასაუბროდ

რუსთავი 2-ის თვისებრივი ანალიზი აჩვენებს, რომ ტელეკომპანია ზოგადად იცავს მაუწყებელთა ქცევის კოდექსს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ივნისის თვის ზოგიერთი მაგალითი, კერძოდ, ზოგიერთი გასართობი გადაცემა არღვევს არსებულ იურიდიულ ნორმებს (საარჩევნო პერიოდში კანდიდატის ან პარტიის წარმომადგენლის გასართობ პროგრამებში მონაწილეობა, როგორიცაა „პროფილი“, „ვანოს შოუ“, „ნანუკას შოუ“ რაც მოცემული იყო წინა თვის ანგარიშში). გარდა ამისა არის სხვა მაგალითბიც, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ჟურნალისტიკის ძირითად პრინციპებთან, განსაკუთრებით ეს ეხება ბალანსის დაცვას.

21 ივნისს 18.00 კურიერში გავიდა რეპორტაჟი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერზე ფიზიკური ძალადობის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ქართულ ოცნებას აბრალებდნენ ამ ინციდენტს, მათ წარმომადგენლებს არ მიეცათ ამ ბრალდებაზე პასუხის გაცემის საშუალება არც იმავე საინფორმაციო პროგრამაში და არც იმავე დღის რომელიმე საინფორმაციო ან სოციალურ-პოლიტიკურ პროგრამაში.

იმავე დღეს ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ თავის გადაცემაში „სხვა აქცენტები“ მოწვეულ სტუმართან, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ლევან იზორიასთან, ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში არსებულ კრიმინალურ სიტუაციაზე. მთელი გადაცემის განმავლოაბში გადაცემის წამყვანი ცდილობდა საკუთარი იდეის განმტკიცებას – რომ ახალი მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლით დანაშაული გაიზარდა – იმის ნაცვლად, რომ ინფორმაცია სტუმრისაგან მიეღო, იგი ფაქტიურად მას ლაპარაკის შესაძლებლობას თითქმის არ უტოვებდა. ასევე აღსანიშნავია, რომ კრიმინალურ სიტუაციას ამავე პროგრამაში ანალიზს უკეთებდა ოთარ კახიძე წინა მთავრობის დროს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური განყოფილების უფროსი და ამჟამად ადვოკატი, ვანო მერაბიშვილის, ყოფილი შინაგან საქმეთა და პრემიერ მინისტრის ინტერესების დამცველი სასამართლოში. აქედან გამომდინარე მისი გადაცემაში მოწვევა ექსპერტის სტატუსით არ შეიძლება მიკერძოებად არ ჩაითვალოს.

კიდევ ერთმა კერძო მაუწყებელმა „იმედმა“ დაუთმო თავისი პოლიტიკური და საინფორმაციო გადაცემების დიდი ნაწილი (34.1 პროცენტი) მთავრობას – გაშუქების ტონი ძმეტწილად ნეიტრალური და დაბალანსებული იყო. რუსთავი 2-ის მსგავსად მანაც მნიშვნელოვნად მეტი დრო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გაშუქებას დაუთმო (32.3 პროცენტი), ხოლო ქართული ოცნებას კი 20. 8 პროცენტი. თუმცა რუსთავი 2-ისაგან განსხვავებით ორი მთავარი პარტიის პორტრეტის ზოგადი შედარება გარკვეულწილად შესაძლებელი იყო – ორივე ნეიტრალური და დაბალანსებული იყო. რაც შეეხება დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებსა და კოალიციებს, ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციამ მიიღო 5.1 პროცენტი ნეიტრალური ტონისა, ხოლო დანარჩენმა პარტიებმა 1 პროცენტზე ნაკლები მიიღეს.

არხმა მეორე ტურში მონაწილე 8 თვითმმართველი ქალაქიდან 5 გააშუქა, თუმცა თბილისში არსებული სხვა არხების მსგავსად დროის უდიდესი ნაწილი თბილისის მერობის კანდიდატებს დაუთმო (83 პროცენტი). ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა ნიკა მელიამ უფრო მეტი დრო მიიღო მთლიანად ნეიტრალური გაშუქებისა (58.6 პროცენტი), რაც შეეხება ქართული ოცნების კანდიდატს, დავით ნარმანიას, მისი გაშუქება ნეიტრალური და დაბალანსებული იყო, დადებითი და კრიტიკული ინფორმაციის თანაბარი რაოდენობით.

როგორც ტელეკომპანია „იმედის“ თვისობრივმა ანალიზმა აჩვენა, რომ ტელეკომპანია ზოგადად იცავს მაუწყებელთა ქცევის კოდექსის ძირითად პრინციპებს.

თბილისში მოქმედი სხვა მაუწყებლების მსგავსად ტელეკომპანია „კავკასიაც“ ძირითად დროს მთავრობის აქტივობებს უთმობს (60.7 პროცენტი, ყველაზე დიდი პროცენტი მონიტორინგის ქვეშ მყოფი მაუწყებლებიდან გამომდინარე). ტონის მხრივ, იგი ძირითადად დაბალანსებული იყო, ხოლო ინფორმაციის დიდი ნაწილი – ნეიტრალური. რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო 20.2 პროცენტი და ქართულმა ოცნებამ 11.9 პროცენტი. გაშუქება თითქმის მთლიანად ნეიტრალური იყო, ხოლო ნინო ბურჯანაძე -ერთიანი ოპოზიციამ კი 1.7 პროცენტი ნეიტრალური გაშუქებისა.

არხი საინფორმაციო გამოშვებებში მხოლოდ თბილისის მერობის კანდიდატებს აშუქებდა, და ამგვარად არ იძლეოდა ინფორმაციას დანარჩენი 7 თვითმმართველი ქალაქის მერობის კანდიდატებზე. გაშუქების დიდი ნაწილი ეძღვნებოდა ქართული ოცნების კანდიდატს ბატონ ნარმანიას (დაახლოებით 80 პროცენტი), რაც შეეხება ტონს, იგი ორივე კანდიდატისათვის ნეიტრალური იყო.

თუმცა ტელეკომპანია „კავკასიის“ თვისებრივი ანალიზი აჩვენებს, რომ მისი საინფორმაციო პროგრამების უმეტესი ნაწილი დაბალანსებულია, აუცილებელია აღინიშნოს, რომ მონიტორინგმა სხვადასხვა ტექნიკური პრობლემებიც აღმოაჩინა, მათ შორის ტიტრების ქრონიკული არარსებობა.

იყო ერთი შემთხვევა, როდესაც 19 ივნისის საინფორმაციო პროგრამაში „დღეს“ დაირღვა ბალანსის პრინციპი. ამ დღეს კავკასიამ გადასცა სიუჟეტი მარნეულში არჩევნების გაყალბების შესახებ. ამ ბრალდებას მთავრობასა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა უყენებდა. თუმცა არც დადანაშაულებულ მხარეს არ მიეცა ბრალდებაზე პასუხის გაცემის საშუალება, ასევე და არც არხს გაუკეთებია რაიმე განმარტება ამ საკითხთან დაკავშირებით.

წინა ანგარიში აკრიტიკებდა თოქშოუ „სპექტრის“ წამყვანი ბატონი დავით აქუბარდიას მიერ სიძულვილის ენის სისტემატურად, განსაკუთრებით ეთნიკურ აფხაზებთან და ზოგიერთ პოლიტიკოსთან მიმართებაში. ეს გამოთქმები საანგარიშო პერიოდშიც კიდევ გამოიყენებოდა. მაგალითად, 19 და 27 ივნისის გადაცემაში წამყვანმა შემდეგი გამოთქმები გამოიყენა:

„…ფინანსთა სამინისტრო შენია, ის შენია, ეს შენია, რა უნდოდა მაგათ გაჟიმვას…“ – დავით აქუბარდია სტუმრად მყოფ ოლეგ იაძეს (კასპის ყოფილი გამგებელი)

„…ვინ ეკითხებათ მაგ უბედურებს?…“ (აფხაზებზე)

„…მიშას დეევსოს ის უტვინო თავი… (საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე)

სხვა მაუწყებლების მსგავსად ტელეკომპანია მაესტრომაც თავისი საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემების უმეტესი ნაწილი (37.8 პროცენტი) პროცენტი მთავრობის საქმიანობას დაუთმო – გაშუქების ტონი ძირითადად ნეიტრალური იყო, დადებითი და უარყოფითი ინფორმაციის შედარებით თანაბარი დოზით. რაც შეეხება ორი მთავარი მეტოქის გაშუქებას, ქართულ ოცნებას უფრო მეტი დრო მიეცა, ვიდრე ერთიან ნაციონალურ მოძრაობას (28 და 25.3 პროცენტი შესაბამისად). რაც შეეხება ტონს, იგი რამდენადმე განსხვავებული იყო – მიუხედავად იმისა, რომ ორივე პარტიის შემთხვევაში ტონი თითქმის მთლიანად ნეიტრალური იყო (დაახლოებით 91 და 81 პროცენტი, შესაბამისად), დანარჩენი ინფორმაცია მმართველი პარტიის შემთხვევაში უმეტესად დადებითი (7 პროცენტი) იყო, მაშინ, როდესაც დანარჩენი ინფორმაცია ოპოზიციური პარტიის შესახებ უმატესად ნეგატიური იყო (16 პროცენტი)/ სხვა არხების მსგავსად ამ არხზეც შემდეგი ყველაზე ხშირად წარდგენილი პარტია ნინო ბურჯანაძე -ერთიანი ოპოზიცია იყო 4.6 პროცენტით და ნეიტრალური ტონით.

ტელეკომპანია მაყურებელს აწვდიდა გარკვეულ ინფორმაციას თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შესახებ 8 თვითმმართველი ქალაქიდან ძირითადად 2 კანდიდატის შესახებ. ყველაზე ხშირად გაშუქებული კანდიდატები იყვნენ თბილისის მერობის კანდიდატები. ორივე კანდიდატი როგორც ნიკა მელია ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, ასევე დავით ნარმანია, ქართული ოცნებიდან რაოდენობრივად და თვისობრივად თანაბრად იყვნენ წარმოდგენილები.

გადაცემა „დებატები მაესტროზე“ 20 მაისს დაიწყო და კვირაში ორჯერ გადის ეთერში. მონიტორინგის წინა ანგარიშში აღინიშნა, რომ ამ გადაცემაში ტრიბუნა უმეტესად „ქართული ოცნებისა“ და ნაციონალური მოძრაობის წევრებს ეთმობოდათ. ამ პერიოდში ეს ტენდენტია გაგრძელდა, ხოლო არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა. ამის შემდეგ არც ერთ გადაცემაში არ იყო პარლამენტს გარეთ მყოფი პოლიტიკოსები მიწვეული და ყველა დებატი მხოლოდ ნაციონალური მოძრაობისა და «ქართული ოცნების» წარმომადგენლებს შორის იმართებოდა.

მაესტროს თვისებრივი ანალიზი უჩვენებს, რომ მისი საინფორმაციო გადაცემების უდიდესი ნაწილი დაბალანსებული და მიუკერძოებელია. თუმცა იყო ამ პრინციპების დარღვევის რამდენიმე შემთხვევაც.

7 ივნისს მაესტროს მთავარმა საინფორმაციო გადაცემამ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მიიწვია სტუმრად. ინტერვიუ რამდენადმე კონფლიქტურად წარიმართა, მსგავსად 14 მაისისა, როდესაც მაესტროს ცხრიანის წამყვანს მიწვეული ჰყავდა რუსთავის მერობის კანდიდატი ეროსი კიწმარიშვილი. ჟურნალისტის პირველივე შეკითხვა მიხეილ სააკაშვილისა და ტელეკომპანია «მაესტროს» შორის წინათ არსებულ დაძაბულობას შეეხო. ჟურნალისტმა ხატია ქვათაძემ მას ტელეკომპანიის მიმართ გამოთქმული შეფასებები გაუხსენა და ჰკითხა ისევ ამ აზრზე იყო სააკაშვილი თუ არა დღესაც. ჟურნალისტის ასეთი ქცევა ეწინააღმდეგება ჟურნალისტიკის სტანდარტებს, რომელის მიზანიც ინფორმაციისათვის პლატფორმის უზრუნველყოფაა და არა ცალმხრივი და მიკერძოებული ქმედება და დისკუსიაში მხარედ წარმოჩენა..

ტელეკომპანია ტაბულამაც ასევე თავისი გადაცემების უმეტესი ნაწილი მთავრობის საქმიანობის გაშუქებას მიუძღვნა (35 პროცენტი). თუმცა გაშუქების უმეტესი ნაწილი ნეიტრალურია, 18 პროცენტი (წინა პერიოდების ტენდენცია შენარჩუნდა, როცა უარყოფითი ინფორმაციის წილი საშუალოდ 16 პროცენტი იყო)

არხმა პარტიების გაშუქებაში ყველაზე დიდი დრო მთავარ ოპოზიციურ პარტიას ერთიანი ნაციონალური მოძრაობას დაუთმო (43.5 პროცენტი), რომელიც წინა საანგარიშო პერიოდების მსგავსად ბევრად აღემატებოდა ქართული ოცნების გაშუქებას (16.5 პროცენტი). ტონი ორივე პარტიის შემთხვევაში ძირითადად ნეიტრალური იყო.

მაუწყებელი თავის საინფორმაციო გამოშვებებში მხოლოდ თბილისის მერობის კანდიდატებს აშუქებდა. დროის უმეტესი ნაწილი დავით ნარმანიას, მმართველი პარტიის ქართული ოცნების კანდიდატს ეძღვნებოდა (დაახლოებით 70 პროცენტი), ინფორმაცია ძირითადად ნეიტრალური იყო. რაც შეეხება ნიკა მელიას, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს, იგი მთლიანად ნეიტრალური ტონით იყო წარდგენილი.

არხის თვისებრივმა ანალიზმა უჩვენა, რომ საინფორმაციო პროგრამების სიუჟეტების უმეტესი ნაწილი დაბალანსებული და მიუკერძოებელია. თუმცა არხზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ ტელეკომანია დადებითად ტენდენციურია ყოფილ მმართველ გუნდთან მიმართებაში. მაგალითად, 23 ივნისის გადაცემას, (საინფორმაციო გამოშვებას დაემატა ეკონომიკური ჩანართი „აღმოაჩინე მეწარმე“), რომელიც მთლიანად აგებული იყო სახელწიფოს ეკონიმუკური კურსის კრიტიკაზე, ხდებოდა მისი შედარება წინამორბედი ხელისუფლების პოლიტიკასთან და ხაზი იყო გასმული ამ უკანასკნელის უპირატესობაზე. ექსპერტულ მოსაზრებებს გამოთქვამდა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ზურაბ ჯაფარიძე, მისი პოლიტიკური ოპონენტის ექსპერტად წარმოჩენა ვერ ჩაითვლება გამართლებულად, მითუმეტეს, რომ არ ყოფილა წარმოდგენილი არც ხელისუფლების და არც დამოუკიდებელი სპეციალისტის პოზიცია.

რეგიონული არხები

ბათუმში მოქმედმა ტელეკომპანიამ “ტელეარხი 25” პოლიტიკური და არჩევნებთან დაკავშირებული საინფორმაციო გადაცემებისთვის იგივე მიდგომა აირჩია, რაც ბათუმში მოქმედმა კიდევ ერთმა არხმა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აჭარის ტელევიზიამ. 25-ე არხმა ცენტრალური და აჭარის მთავრობის გაშუქებას ჯამში 26.9 პროცენტი დაუთმო (შედარებისთვის, აჭარის ტელევიზიამ ცენტრალურ და აჭარის მთავრობას ჯამში 27.3 პროცენტი დაუთმო) – გაშუქება დაბალანსებული იყო, პოზიტიური და ნეგატიური ინფორმაციის თანაბარი პროპორციით. მთავარი პოლიტიკური ძალების გაშუქება მნიშვნელოვნად განსხვავებული აღმოჩნდა – მაშინ როდესაც მმართველმა კოალიციამ “ქართულმა ოცნებამ” მიიღო 38.2 პროცენტი, ოპოზიციურ პარტიას, ნაციონალურ მოძრაობას მხოლოდ 18.4 პროცენტი ერგო. ორივე პარტია დაბალანსებულად იყო წარმოდგენილი. შემდეგი ადგილები გაინაწილეს ლეიბორისტულმა პარტიამ 3.1 პროცენტით და არასაპარლამენტო ოპოზიციამ 2.2. პროცენტით, გაშუქების ტონი – ნეიტრალური.

მაუწყებელი არჩევნებთან დაკავშირებულ სიუჟეტებში თითქმის თანაბრად აშუქებდა მეორე ტურში გადასულ მერობის ორივე კანდიდატს. შედარებით მეტი დრო დაეთმო გიორგი ერმაკოვს (კოალიცია “ქართული ოცნება”), გაშუქების 60 პროცენტი. რაც შეეხება გაშუქების ტონს, ორივე კანდიდატის შემთხვევაშ ის ძირითადად ნეიტრალური იყო.

“ტელეარხ 25-ის” თვისებრივმა ანალიზმა აჩვენა, რომ არხი იცავს მაუწყებელთა ქცევის კოდექსს. მონიტორთა ჯგუფს არ დაუფიქსირებია პროფესიული სტანდარტისა და ეთიკური ნორმების დარღვევა ან ტენდენციურობა და მიკერძოება. აღსანიშნავია, რომ მთელი თვის განმავლობაში არხს ლაიტმოტივად გასდევდა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, მედია ვასაძისა და არხის ჟურნალისტის ჯაბა ანანიძის დავა. პროტესტის ნიშნად 13 ივნისს არხმა მუშაობაც კი შეწყვიტა.

დადებითად უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ გასული საანგარიშო პერიოდის მსგავსად, არხი კვლავაც სთავაზობდა მაყურებელს მრავალფეროვან ინფორმაციას პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ საკითხებზე. აგრეთვე, ყურადღების მიღმა არ ტოვებდა მაღალმთიანი სოფლების სოციალურ-პოლიტიკური თემატიკას.

კახეთში არსებულმა ტელეკომპანია “გურჯაანმა” არჩევნებთან დაკავშირებულ სიუჟეტებში კვლავაც დიდი დრო დაუთმო ადგილობრივი მთავრობის გაშუქებას – საერთო ჯამში 21 პროცენტი . ამავე დროს, არხმა 28.6 პროცენტი დაუთმო ცენტრალურ მთავრობას. რაც შეეხება, კონკურენტ პოლიტიკურ პარტიებს, “ქართული ოცნება” და ნაციონალური მოძრობა განსხვავებულად იყვნენ წარმოდგენილნი – 24.4 და 16.9 პროცენტით. მაშინ როდესაც ქართული ოცნების გაშუქების ტონი მეტწილად ნეიტრალური ან პოზიტიური იყო, ნაციონალური მოძრაობა მხოლოდ ნეიტრალურად ან მცირედი ნეგატიური ტონით გაშუქდა. კრიტიკული ტონი არხზე ასევე შეინიშნებოდა ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობის გაშუქებისას.

არხი ამ პერიოდშიც შეზღუდული მოცულობით აშუქებდა მერობის კანდიდატებს – ტელეკომპანიამ გარკვეული დრო დაუთმო თელავის მერობის კანდიდატებს. ორივე კანდიდატი თანაბრად და ნეიტრალური ტონით იყო წარმოდგენილი.

არხის თვისებრივი ანალიზი აჩვენებს, რომ არხის ახალი ამბების ძირითადი ნაწილი დაბალანსებული და მიუკერძოებელია. არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, ტელეკომპანია კვლავაც დაუბრუნდა რეგიონისთვის მნიშვნელოვან სოციალურ თემებს, თუმცა ამ რეპორტაჟებში კვლავაც თვალსაჩინოა ოფიციალური პირების კომენტარების ნაკლებობა.

ტელეკომპანია აქტიურად აშუქებდა კურკოვანი ხილისთვის რუსეთის ბაზრის გახსნის ტემას, თუმცა არხზე გასული რამდენიმე ინფორმაცია ერთმანეთთან შეუსაბამო აღმოჩნდა:

– 1 ივნისის გამოშვებაში ითქვა, რომ ატამი და გარგარი უკვე მიეწოდება რუსულ ბაზარს.

– 14 ივნისსგასულსიუჟეტშიკინათქვამია, რომხილიუნდაგავიდეს რუსეთის ბაზარზე.

– 18 ივნისის გამოშვებაში ამბობენ, რომ მოსახლეობას არ აქვს ატმის რეალიზაციის პრობლემა, თუმცა უკვე 19 ივნისის გამოშვებაში მოსახლეობა ამბობს, რომ ვერ ასაღებს ატამს, რადგან მყიდველი არ არის.

– ხოლო 26 ივნისის გამოშვებიდან ვიგებთ, რომ ატმის პირველი პარტია რუსეთში მხოლოდ 26 ივნისს გაიგზავნა – მას შემდეგ, რაც ის შეამოწმეს რუსეთიდან ჩამოსულმა ექსპერტებმა.

რუსთავში არსებული ქვემო ქართლის ტელევიზია, წინა ორი საანგარიშო პერიოდის მსგავსად, ამჯერადაც მიკერძოებულად აშუქებდა პოლიტიკურ მოვლენებს – არხის საინფორმაციოში მმართველი “ქართული ოცნება” დომინირებს. პოლიტიკურ და არჩევნებთან დაკავშირებული ამბების ნახევარზე მეტი (57 პროცენტი) არხმა ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას დაუთმო (წინა ანგარიშში ეს მაჩვენებელი ერთი მესამედი იყო). გარდა ამისა, “ქართულმა ოცნებამ” ცალკე მიიღო 18.2 პროცენტი – გაშუქება მეტწილად ნეიტრალური ან პოზიტიური იყო. რაც შეეხება, არჩევნებში მონაწილე დანარჩენ ძალებს, ნაციონალურმა მოძრობამ მიიღო 9.7 პროცენტი, სხვა პარტიებს შორის კი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2 პროცენტი ლეიბორისტულ პარტიას აქვს.

არხმა გასულ პერიოდთან შედარებით ნაკლები დრო დაუთმო საარჩევნო თემატიკის გაშუქებას, ისევე როგორც ნაკლებ ყურადღებას იჩენდა რუსთავის მერობის კანდიდატებისადმი პირველი ტურის შემდეგ. ამის მიუხედავად, ტელეკომპანიამ მეორე ტურში გადასული ორივე კანდიდატი საკმაოდ დიდი სხვაობით გააშუქა, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელთან მამუკა ჩიქოვანთან შედარებით, ბევრად მეტი დრო დაეთმო დავით ჯიქიას (კოალიცია “ქართული ოცნება”). ორივე კანდიდატი ნეიტრალური და პოზიტიური ტონით გაშუქდა.

არხის თვისებრივმა ანალიზმა დაადასტურა წინა ანგარიშების მიგნებები და აჩვენა, რომ ტელეკომპანია ამ პერიოდშიც “ქართული ოცნებისა” და მისი კანდიდატის დავით ჯიქიას კამპანიის გაშუქებაზე იყო ფოკუსირებული (ძირითადად დადებით კონტექტსში).

ზუგდიდში მოქმედი “ოდიში” საარჩევნოთემატიკისადმიკვლავაცშერეულ და არათანმიმდევრულ მიდგომას სთავაზობდა საკუთარ მაყურებელს. მაისის შემდეგ, არხი ცდილობდა, გაეუმჯობესებინა საარჩევნო საკითხების გაშუქება, არხზე შედარებით თანაბრად ჩანდნენ მთავარი პოლიტიკური ძალები, მათ შორის ხელისუფლება. თუმცა, 15 ივნისის შემდეგ ამგვარი ტენდენცია აღარ გაგრძელებულა, ამ პერიოდში მოიმატა “ქართული ოცნების” გაშუქებამ და პოლიტიკური თემატიკის ნახევარზე მეტი შეადგინა (59,2 პროცენტი). ამავე დროს, ამ მოცულობის 37 პროცენტი ნეგატიურ გაშუქებას დაეთმო. კიდევ ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ, ნაციონალურმა მოძრაობამ ამ არხზე 28.9 პროცენტი მიიღო, კრიტიკული ტონი ამ შემთხვევაშიც მომატებულია.

სამწუხაროდ, მაუწყებელი აღარ მიჰყოლია საარჩევნო პროცესს 15 ივნისის შემდეგ, სავარაუდოდ იმ ფაქტის გამო, რომ ზუგდიდის მერი პირველი ტურში აირჩა – შედეგად, ტელეკომპანიას ქვეყნის სხვა ქალაქებში მიმდინარე საარჩევნო პროცესი არ გაუშუქებია და არ მიუწოდებია ტავისი მაყურებლისთვის ინფორმაცია იმ კანდიდატებზე, ვინც 12 ივლისს, მეორე ტურისთვის იბრძოდა.

არხის თვისებრივმა ანალიზმა აჩვენა, რომ არხი ცდილობდა 15 ივნისს და წინა დღეებშიც მაყურებლისთვის დაბალანსებული გაშუქება შეეთავაზებინა, მაგრამ იყო სიუჟეტები, სადაც ბალანსი ერთი მხარის სასარგებლოდ ირღვეოდა. არხზე ხშირად გადიოდა სიუჟეტები, რომელსაც აკლდა ამომწურავი ინფორმაცია, ხშირი იყო შემთხვევები, საარჩევნო შეხვედრების შესახებ მასალებში არ იყო ინტერვიუები შეხვედრის მონაწილე ამომრჩევლებთან, ან შემთხვევები, როდესაც ჟურნალისტები ყურადღებას მხოლოდ საარჩევნო პროგრამის ერთ ასპექტზე ამახვილებდნენ. არხზე გავიდა რამდენიმე სიუჟეტი, რომელშიც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ხელისუფლების ან ქართული ოცნების წევრებს ბრალს სდებდნენ, თუმცა მეორე მხარეს პასუხის გაცემის საშუალება არ ჰქონია.

მაგალითად, 12 ივნისს, არხმა გაუშვა სიუჟეტი პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ თენგიზ გუნავას სარჩელის შესახებ (ნაციონალური მოძრაობის წევრი, გამგებლობის კანდიდატი). გუნავა აცხადებდა, რომ ცინდელიანასა და ქარდავას საქმეები მის წინააღმდეგ წინასაარჩევნოდ სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით გამოიყენეს, რასაც ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ოფისთან საპროტესტო აქციები მოჰყვა. სიუჟეტში არ არის მეორე მხარის კომენტარი და არ ჩანს არც ჟურნალისტის მცდელობა, დაკავშირებოდა პრემიერის აპარატს ან შინაგან საქმეთა სამინისტროს.

ქუთაისში არსებული არხი “რიონი” კვლავაც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა აღმასრულებელი ხელისუფლების ატივობებს, ამ პერიოდში კონკრეტულად ცენტრალურ ხელისუფლებას – არხმა თავისი საარჩევნო და პოლიტიკურ თემატიკასთან დაკავშირებული საინფორმაციო დროის 39.4 პროცენტი დაუთმო მას, ხოლო დამატებით კიდევ 15.3 პროცენტი ადგილობრივ ხელისუფლებას. გაშუქების ტონი ძირითადად პოზიტიური ან ნეგატიური იყო (70 და 22 პროცენტი), ძალიან მცირე იყო ნეიტრალური გაშუქება. ამ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შედარებითი იყო ორი პოლიტიკური ძალის გაშუქეა – ნაციონალურმა მოძრობამ 19.8 პროცენტი მიიღო, ქართულმა ოცნებამ 17.1 ძირითადად პოზიტიური ტონით. შემდეგი, ყველაზე ფართოდ გაშუქებული პოლიტიკური ძალა აღმოჩნდა არასაპარლამენტო ოპოზიცია 5.4 პროცენტით, გაშუქების თანაბარად პოზიტიური და ნეიტრალური ტონით.

არჩევნების პირველი ტურის შემდეგ არხზე თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია გამოჩნდა პოზიტიურ ტონში, მისი ოპონენტი ნიკა მელია ტელეკომპანიას არ უჩვენებია.

არხის თვისებრივი ანალიზი მეტყველებს იმაზე, რომ ტელეკომპანია ცდილობდა ბალანსის დაცვას, თუმცა იყო კონკრეტული შემთხვევები, როდესაც არხმა ამ პრინციპს გადაუხვია. კერძოდ, შეიმჩნეოდა “ქართული ოცნების” კანდიდატების პოზიტიური კუთხით გაშუქების მცდელობა.

მაგალითად, 14 ივნისის ერთ-ერთი სიუჟეტი „ქართული ოცნების“ წინასარჩევნო კამპანიის შეჯამებას ეხება, ჟურნალისტი შოთა მურღულიას ასე მოიხსენიებს:

„სამთავრობო გუნდმა ქუთაისთან დაკავშირებული სამომავლო გეგმების განსახორციელებლად ნდობა ტრადიციულ ოჯახში გაზრდილ, ევროპული განათლების მქონე ქუთაისელ ახალგაზრდას, შოთა მურღულიას გამოუცხადა.“
„საუკეთესო გამოცდილებით საკუთარი ქალაქის სამსახურში 2013 წლის ნოემბერში ჩადგა. ექვსი თვის მანძილზე მასზე დაკისრებულ მოვალეობას თავი ღირსეულად გაართვა, რასაც სამთავრობო გუნდის ნდობა და მოთხოვნა მოჰყვა, რომ „ქართული ოცნებიდან“ ქუთაისის პირველი პირი, შოთა მურღულია გამხდარიყო. ხელისუფლებიდან გამოცხადებულ თანადგომას თანაქალაქელების ნდობა მოჰყვა და წინასარჩევნოდ მერობის კანდიდატის მხარდამჭერი დარბაზი შეიქმნა. მასთან შეხვედრის სურვილი ყველა სფეროს წარმომადგენლებმა გამოთქვეს.”

გორში მოქმედმა ტელეკომპანია “თრიალეთმა“ (შიდა ქართლი), ისევე როგორც 15 ივნისამდე, მოცემულ საანგარიშო პერიოდშიც განაგრძო საკუთარი სარედაქციო პოლიტიკა და კვლავაც ყველაზე მეტ პოლიტიკურ პარტიასა და კანდიდატს აშუქებდა (25-ე არხთან ერთად ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მონიტორინგის ქვეშ მოხვედრილ რეგიონულ მაუწყებლებს შორის). ამავე დროს, “თრიალეთის” გაშუქება იყო ძირითადად დაბალანსებული, პროპორციული პოზიტიური და ნეგატიური ინფორმაციით, ძირითადი ტონი – ნეიტრალური. ამის მიუხედავად, “ქართული ოცნებამ” მაინც ოდნავ მეტი დრო მიიღო (35.8 პროცენტი), ვიდრე სამმა ყველაზე ფართოდ გაშუქებულმა პოლიტიკურმა სუბიექტმა ჯამში – ნაციონალური მოძრობა 22.3 პროცენტი, ნინო ბურჯანაძე-გაერთიანებული ოპოზიცია 6.7 პროცენტი და არასაპარლამენტო ოპოზიცია 6.6. პროცენტი. არხმა ასევე საკმაოდ სოლიდური დრო დაუთმო ხელისუფლებას (20.4 პროცენტი) თანაბრად გადანაწილებული პოზიტიური, ნეგატიური და ნეიტრალური ინფორმაციით.

არხმა მაყურებელს შესთავაზა 2 მიმდინარე კამპანია, თბილისისა და გორის მერობის კანდიდატები. ტელეკომპანიის გაშუქებაში აშკარად უპირატეს მდგომარეობაშ იმყოფებოდა ზურაბ ჯირკველიშვილი “ქართული ოცნებიდან” მან გაშუქების 95 პროცენტი მიიღო, თითქმის თანაბარი ნეიტრალური, პოზიტიური და ნეგატიური ინფორმაციით.

მაუწყებლის შინაარსობრივი ანალიზი აჩვენებს, რომ ის ძირითადად მისდევს მაუწყებელთა ქცევის კოდექსით გაწერილ ჟურნალისტურ სტანდარტებს, თუმცა უნდა ითქვას, რომ არხი კვლავ დგას ტექნიკური პრობლემების წინაშე, ზოგჯერ შესაძლოა სიუჟეტი უხმოდ გავიდეს, ან გაწყდეს. სიუჟეტებში უმეტესობა ეთერში ტიტრების გარეშე გადის, ისე რომ მაყურებლისთვის შეუძლებელია რეპონდენტების ვინაობის დადგენა.

დასკვნა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და MEMO 98 მიერ ჩატარებული მედია მონიტორინგის თითქმის სამი თვის მონაცემები აჩვენებს, რომ მედია საშუალებების უმეტესობა თავიანთ პოლიტიკურ და არჩევნებთან დაკავშირებულ გადაცემებში ზოგადად დაბალანსებულად აშუქებდა წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილე კანდიდატებს. ზემოთ აღნიშნულმა მედია საშუალებებმა ამომრჩევლებს მიაწოდეს საკმარის ინფორმაცია, რომ მათ არჩევნების დღეს, როგორც 15 ივნისს, ასევე 12 ივლისს შეძლებოდათ ინფორმირებული არჩევნის გაკეთება. ზოგადად, არსებული მედია გარემო საშუალებას იძლევა, რომ პოლიტიკურად დაინტერესებულ პირებს გააჩნდეთ მედიაზე წვდომა, რათა შეძლონ განსხვავებული პოლიტიკური თვალსაზრისის გამოხატვა. ამავე დროს, იგი საშუალებას იძლევა, რომ ამომრჩევლებმა დაუბრკოლებლად მიიღონ ინფორმაცია.

მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას, რომ სიუჟეტებში ორი ძირითადი პოლიტიკური პარტია და ხელისუფლება დომინირებდა, ხოლო თბილისში არსებული მაუწყებლების არჩევნებთან დაკავშირებულ ინფორმაციებში მთავარი ყურადღება თითქმის ყოველთვის ექცეოდა თბილისის მერის არჩევნებს – რაც განსაკუთრებით სამწუხაროა საზოგადოებრივ მაუწყებლებთან მიმართებაში. ამავე დროს, მონიტორინგის ქვეშ მყოფი მედია საშუალებები ცდილობდნენ თავიანთ საინფორმაციო გადაცემებში ყურადღება შეეჩერებინათ საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე და ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ ადგილობრივ პრობლემებს. ამასთანავე, ისინი ნაკლებად კრიტიკულები იყვნენ კანდიდატების საარჩევნო პროგრამებთან მიმართებაში. მიუხედავად იმისა, რომ დროთა განმავლობაში მედია გარემო გაუმჯობესდა, დასანანია, რომ სარედაქციო პოლიტიკა ემყარება ბალანსის გარკვეულწილად ფორმალურ დაცვას, რაც ხელს უშლის ამომრჩევლებს, რომ არა მარტო უკეთესად გააანალიზონ და შეაფასონ არჩევნებში მონაწილე კანდიდატების პიროვნული თვისებები და მათი პროგრამები, არამედ უკეთ გაიაზრონ ქვეყნის ხელისუფლებისა და არჩეული წარმომადგენლების შესაძლებლობები დემოკრატიული მმართველობის საკითხებში.



[1]საზოგადოებრივი მაუწყებლებისა და თბილისში არსებული კერძო მაუწყებლების შემთხვევაში მონიტორინგი ძირითადად პრაიმ-თაიმის პოლიტიკურ და საინფორმაციო გადაცემებზე იყო ფოკუსირებული (18.00 – 24.00), ხოლო რეგიონული მაუწყებლების შემთხვევაში – საღამოს მთავარ საინფორმაციო გამოშვებებზე.

[2] მედია მონიტორინგი მოიცავს რაოდენობრივ ანალიზს, რომელიც ეყრდნობა თითოეული „სუბიექტისათვის“ გამოყოფილი დროის რაოდენობასა და შესაბამისი პოლიტიკური სუბიექტების გაშუქების ტონს – დადებითი, ნეიტრალური ან უარყოფითი ტონი. ხარისხობრივი ანალიზი აფასებს შერჩეული მედია საშუალებების საქმიანობას ეთიკისა და პროფესიული სტანდარტებისმიხედვით, რომელთა რაოდენობრივი აღწერა ადვილი არ არის. მონიტორები აღნიშნავენ სიცრუის, ფაქტების დამახინჯების, დაუბალანსებელი გაშუქების, უსამართლობის, უზუსტობის, მიუკერძოებლობისა და ნებისმიერი იმ შემთხვევის შესახებ, რომელიც აუცილებელია ინფორმაციის გაშუქების ხარისხის შესაფასებლად. ეს ამოცანები ცალკეა გამოტანილი და ანგარიშში კომენტარებისა და დასკვნების სახით არის წარმოდგენილი.



[3] პირველი და მეორე მონიტორინგის პერიოდის (1-დან 30 აპრილისა და 1მაისიდან 6 ივნისის ჩათვლით) ანგარიში და დიაგრამები იხილეთ შემდეგ ვებ გვერდებზე: www.qartia.org.ge and www.memo98.sk.



[4]მონიტორინგის ჯგუფმა გამოავლინა ეს ამბავი როდესაც მონაცემები მეორე შუალედური ანგარიში უკვე შეტანილი იყო (ეს ანგარიში მოიცავდა პერიოდს 1 მაისიდან 6 ივნისის ჩათვლით) და რადგანაც ეს საკითხი საკმაოდ მნიშვნელოვნად ითვლებოდა, ჩვენ იგი მესამე შუალედურ ანგარიშში შევიტანეთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ანგარიში 15 ივნისის შემდგომ პერიოდს მოიცავს.

ანგარიშის PDF ვერსია

რაოდენობრივი მონაცემები – საზოგადოებრივი და თბილისში არსებული არხები

რაოდენობრივი მონაცემები – რეგიონული არხები