30.11.2013
27 ოქტომბრის საპრეზიდენტო
არჩევნების გაშუქების მედია მონიტორინგი -2013 წელი
საბოლოო
ანგარიში
შედგენილია 2013 წლის 29
ნოემბერს
საქართველოს ჟურნალისტური
ეთიკის ქარტიისა და MEMO 98
მიერ
პროექტის მხარდამჭერია ფონდი "ღია საზოგადოება
საქართველო"
ანგარისშის სრული
ვერსია
English Version
1. პროექტის მიმოხილვა
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ, (შემდგომში "ქარტია"),
პროფესიონალ ჟურნალისტთა არაკომერციულმა, დამოუკიდებელმა
გაერთიანებამ, რომელიც ხელს უწყობს თავისუფლებისა და დემოკრატიული
ფასეულობების დამკვიდრებას, 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო
არჩევნების წინ დაიწყო ახალი პროექტი - მედიის წინასაარჩევნო
ქცევის კოდექსი (შემდგომში "ქცევის კოდექსი"). ეს პროექტი
განხორციელდა სპეციალიზირებულ სლოვაკურ მედია ორგანიზაციასთან MEMO 98
ერთად, რომელსაც აქვს მედია მონიტორინგის საერთაშორისო გამოცდილება და
ამავე დროს, გამოცდილია სამოქალაქო საზოგადოებისათვის ტექნიკური
დახმარების გაწევის საკითხშიც. პროექტის ფინანსური მხარდამჭერი იყო
ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" (OSGF). ქარტია და MEMO
98 სისტემატურ მონიტორინგს უწევდნენ მედიის მიერ არჩევნების გაშუქებას
და ამ მიზნით იყენებდნენ რაოდენობრივი და ხარისხობრივი ანალიზის
მეთოდს. პროექტის ძირითადი მიზანი იყო, წვლილი შეეტანა ქართული მედიის
პროფესიული სტანდარტების ამაღლების საქმეში და მხარი დაეჭირა
დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გაშუქებისათვის, რაც თავის მხრივ,
საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაციის ერთ-ერთ ფაქტორს წარმოადგენს.
ამის მიღწევა შესაძლებელი გახდა, როდესაც მედიასთან
დაკავშირებული კანონმდებლობის სათანადო განხორციელების უქონლობის გამო
მას ჩაენაცვლა იურიდიულად არასავალდებულო სტანდარტების
ერთობლიობა, რომელიც აისახა მედიის წინასაარჩევნო ქცევის კოდექსში
(კოდექსი). აღნიშნული კოდექსი წარმოადგენს იმ სტანდარტებისა და
პრინციპების ერთობლიობას, რომლითაც მედიამ უნდა იხელმძღვანელოს
არჩევნების პერიოდში. ამ კოდექსის შექმნით ქარტია და MEMO 98
ცდილობდნენ შეექმნათ საფუძველი იმ ძირითადი პრინციპებისა, რომელიც
სავალდებულო იქნებოდა როგორც მედიის, ასევე პოლიტიკოსებისათვისაც.
მედიის მიერ ამ კოდექსის დაცვას ზედამხედველობას უწევდა ქარტია და
MEMO 98 მედია მონიტორინგის ფარგლებში. მონიტორინგი ორ ეტაპად
მიმდინარეობდა: პირველი მონიტორინგის პერიოდი იყო 2013 წლის 2
სექტემბრიდან 15 სექტემბრამდე; მეორე მონიტორინგი მოიცავდა 2013 წლის
16 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრამდე პერიოდს. მონიტორინგის მიზანი იყო
შეეფასებინა, თუ რამდენად დაბალანსებულად და ობიექტურად აშუქებდნენ
მედია საშუალებები არსებულ პოლიტიკურ სუბიექტებს:
- შეეძლოთ თუ არა საქართველოს მოქალაქეებს საარჩევნო ყუთებთან
გაეკეთებინათ საკუთარი კარგად ინფორმირებული არჩევანი;
- შეიცვალა თუ არა გარკვეულწილად 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების
შემდგომ ინფორმაციის ნაკადი მედიაში.
პროექტის შედეგები განისაზღვრა მკაფიოდ ჩამოყალიბებული და ზუსტი
მეთოდოლოგიის საშუალებით და მიზნად ისახავდა არა ნებისმიერი ერთი
პარტიის მხარდაჭერას, არამედ მთელი მედიაგარემოს დახმარებას საარჩევნო
კამპანიის პერიოდში. 2. მონიტორინგის
ნიმუში იმ კრიტერიუმების გათვალისწინებით, როგორიცაა მედია
საშუალებების მფლობელობის საკითხი, გეოგრაფიული დაფარვის ზონა და
გავლენა, მონიტორინგი ჩაუტარდათ ქვემოთ ჩამოთვლილ შემდეგ ეროვნულ
მედია საშუალებებს:
მედია საშუალება
|
მფლობელობა
|
გადაცემები
|
საქართველოს საზოგადოებრივი
მაუწყებელი
|
საზოგადოებრივი
|
პრაიმ-ტაიმში გასული საინფორმაციო და სხვა სახის
პროგრამები
|
რუსთავი 2
|
კერძო
|
პრაიმ-ტაიმში გასული საინფორმაციო და სხვა სახის
პროგრამები
|
იმედი
|
კერძო
|
პრაიმ-ტაიმში გასული საინფორმაციო და სხვა სახის
პროგრამები
|
მაესტრო
|
კერძო
|
პრაიმ-ტაიმში გასული საინფორმაციო და სხვა სახის
პროგრამები
|
აჭარის ტელევიზია
|
საზოგადოებრივი
|
პრაიმ-ტაიმში გასული საინფორმაციო და სხვა სახის
პროგრამები
|
კავკასია
|
კერძო
|
პრაიმ-ტაიმში გასული საინფორმაციო და სხვა სახის
პროგრამები
|
მონიტორინგის ჯგუფმა შეაფასა მედიის მიერ საქართველოში
პოლიტიკური სიტუაციების გაშუქება, რათა:
- შეფასდეს, აქვთ თუ არა პოლიტიკურ სუბიექტებს წვდომა მედია
საშუალებებზე და განსაზღვროს მისი სამართლიანობა;
- აღირიცხოს პოლიტიკური პარტიების მიერ მედიის საშუალებით
საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების შემთხვევები და შეიქმნას
პლატფორმა დისკუსიისათვის, რათა მოხდეს მოქალაქეთა მოტივირება, რომ
მათ უკეთესად გაიგონ მედიის როლი.
- უზრუნველყოს საზოგადოების, მედიის, პოლიტიკური პარტიების,
მარეგულირებელი ორგანოებისა და საერთაშორისო საზოგადოების
გამოხმაურება მედიის მიერ არჩევნების გაშუქების საკითხებზე და მხარი
დაუჭიროს საარჩევნო კამპანიის ობიექტურ და მრავალმხრივ
გაშუქებას..
- შეაფასოს რამდენად ასრულებს მედია წინასაარჩევნო ქცევის კოდექსს,
რომელიც მედიის მიერ საარჩევნო კამპანიის გაშუქების სათანადო
საკანონმდებლო დებულებების სიმწირის პირობებში მის ერთგვარ დამატებას
წარმოადგენს.
- ხელს უწყობს დემოკრატიულ რეფორმებს და ინფორმაციას აწვდის
საზოგადოებას ტელემაუწყებლობის პრობლემების შესახებ, ატარებს
პროფესიულ მონიტორინგს და ამრიგად, ლობირებას უწევს დემოკრატიულ
რეფორმებს, სტრუქტურულ ცვლილებებსა და მედიის მიერ პოლიტიკური
პროცესების უფრო მრავალფეროვან და დაბალანსებულ გაშუქებას.
- მხარს უჭერს მედიის მონიტორინგის უნარების, გამოცდილებისა და
პროგრამული მოდელების გავრცელებას დასავლეთისა და აღმოსავლეთის
თანამეგობრობის საფუძველზე.
გარდა ამისა, პროექტმა უნდა:
- გააძლიეროს საზოგადოებრივი და აკადემიური საზოგადოება, რათა მათ
ჩაატარონ მედიის სფეროში პერსპექტიული კვლევები.
ამ მიზნების მისაღწევად ქარტიამ და MEMO 98 შეაფასეს მედიის მიერ
არჩევნების გაშუქება საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისოდ
აღიარებული პროფესიული სტანდარტებისა და ჟურნალისტური ეთიკის
პრინციპების მიხედვით, რომელშიც შედის :
- გამოხატვის თავისუფლება
- ინფორმაციის თავისუფლება
- სიზუსტე და გამჭვირვალობა
- ბალანსი
- მიუკერძოებლობა
- ფაქტობრიობა
- შესატყვისობა
- დროულობა
- მკაფიოობა
- მრავალფეროვნება
3. მეთოდოლოგია მონიტორინგის
ჯგუფი იყენებდა საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებულ
რაოდენობრივ და თვისობრივ მეთოდოლოგიურ ინსტრუმენტებს, რომელიც მედია
მონიტორინგისათვის არის განსაზღვრული. ამ პროექტში გამოყენებული
მეთოდოლოგია შემუშავებულია MEMO 98 მიერ, რომელმაც ბოლო 15 წლის
განმავლობაში მსგავსი პროექტები განახორციელა მსოფლიოს 47 ქვეყანაში,
მათ შორის, საქართველოშიც. მისი შინაარსზე ორიენტირებული მიდგომა
სპეციალურად არის შექმნილი მედიის პლურალიზმისა და მრავალფეროვნების
უზრუნველსაყოფად, რაც ნიშნავს, რომ მონიტორინგის შედეგები არ უნდა
შეადგენდეს ცარიელი და ზედაპირული მონაცემების ერთობლიობას, არამედ
იგი უნდა წარმოადგენდეს სათანადო კონტექსტში შესწავლილი, მედიაში
მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური მრავალფეროვნების დონის დეტალურ
ანალიზსა და შეფასებას.
რაოდენობრივი ანალიზი
მონიტორინგის რაოდენობრივი კომპონენტი შედგება მედია საშუალებების
საჩვენებელი ნიმუშის შინაარსის ანალიზისაგან. მედია მონიტორები
ზომავენ მთლიან დროს, რომელიც ეძღვნება არჩეულ "სუბიექტებს" და ასევე
შესაბამისი პოლიტიკური სუბიექტების გაშუქების ტონს - დადებითი,
ნეიტრალური ან უარყოფითი ტონი. ეს მონაცემები აღირიცხება ყველა
შესაბამისი ინფორმაციისათვის და გრაფიკულად გამოისახება, რათა აჩვენოს
განსხვავება როგორც სხვადასხვა მედია საშუალებებს, ასევე
პოლიტიკური სუბიექტებისათვის დათმობილ დროშიც.
მონიტორინგის ქვეშ მყოფი სუბიექტები:
- პრეზიდენტი
- მთავრობა (ყველა შესაბამისი სამთავრობო ორგანოები)
- აჭარის მთავრობა
- ცენტრალური საარჩევნო კომისია
- პრეზიდენტობის კანდიდატები
- პოლიტიკური პარტიები
- სხვა
მაუწყებლების მონიტორინგისას მონიტორები ზომავენ წინასწარ შერჩეული
სუბიექტების რეალურ "პირდაპირი/არაპირდაპირი გამოჩენის დროს"
წამებში. ისინი ასევე ცალკე იწერენ თითოეულ შემთხვევას, როდესაც
სუბიექტი არაპირდაპირ არის მოხსენიებული (მაგალითად, საინფორმაციო
პროგრამის წამყვანის ან სხვა ვინმეს მიერ) ან მითითებული.
საინფორმაციო პროგრამის ფორმატიც კატეგორიებად არის დაყოფილი:
ჰედლაინები, მასალები, სარედაქტორო გადაცემები, ფოტოები,
ფასიანი/უფასო რეკლამები, კარიკატურები, კომენტარები და სიუჟეტები.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მონიტორინგისას ჩვენ მედია
საშუალებების მოქმედებებს ვაფასებთ და არა მონიტორინგის ქვეშ მყოფ
პოლიტიკურ სუბიექტებს. დადებითი და უარყოფითი შეფასება მიუთითებს თუ
რას სთავაზობს მედია მაყურებელს, როგორ შთაბეჭდილებას უქმნის დადებითს
თუ უარყოფითს სუბიექტისა თუ თემის გარშემო. მონიტორები
შეფასების ნიშანს ანიჭებენ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, დროსთან და
მინიშნებასთან ერთად, რათა უზრუნველყონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ
როგორ იყო წარმოჩინებული პოლიტიკური სუბიექტი მედია საშუალების მიერ.
აქედან გამომდინარე, შეფასების ნიშანი ენიჭება მონიტორინგის ქვეშ მყოფ
ყველა სუბიექტს, რომლის მიხედვითაც ჩანს სუბიექტი წარმოდგენილია
დადებითი, უარყოფითი თუ ნეიტრალური სახით. ხუთბალიანი შეფასების
შკალა, რომელიც ამ მიზნით არის გამოყენებული შეიძლება შემდეგი სახით
განისაზღვროს: ნიშანი 1 და 2 აჩვენებს, რომ გარკვეული პოლიტიკური
სუბიექტი წარმოდგენილი იყო შესაბამისად ძალიან დადებით ან დადებით
კონტექსტში; ორივე შემთხვევაში სუბიექტის გაშუქება კეთილგანწყობილია.
ნიშანი 3 "ნეიტრალურია", როცა გაშუქება ძირითადად ფაქტებს ეყრდნობა და
არანაირი დადებითი ან უარყოფითი კონტექსტი არ გააჩნია. ნიშანი 4 და 5
მიუთითებს, რომ სუბიექტი წარმოდგენილი იყო შესაბამისად უარყოფით ან
ძალიან უარყოფით კონტექსტში. ასეთ გაშუქებას ახასიათებს უარყოფითი
დატვირთვა, სიუჟეტში ან გადაცემაში წარმოდგენილი პოლიტიკური სუბიექტის
მიმართ ბრალდებები ან ცალმხრივი კრიტიკა. ყოველთვის
მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მონიტორინგის სუბიექტის რეალური
შეფასება (დასკვნა), ისევე როგორც სიუჟეტის ან გადაცემის კონტექსტი.
ტონი დადებითია, თუ სუბიექტის წარდგენაცა და კონტექსტიც დადებითია,
ასევე, ტონი უარყოფითია. თუ სიუჟეტიცა და სუბიექტის წარდგენაც
უარყოფითია. ტონი ნეიტრალურია, თუ ორივე ზემოთ აღნიშნული ფაქტორი
ნეიტრალურია. თუ საქმე გვაქვს შემთხვევასთან, როდესაც სუბიექტის
წარდგენა და კონტექსტი არ ემთხვევა, მაშინ მონიტორებმა უნდა
გადაწყვიტონ, რომელია გადამწყვეტი ფაქტორი (სიუჟეტის შინაარსი თუ მისი
კონტექსტი).
თვისობრივი ანალიზი
თვისობრივი ანალიზი აფასებს მედია საშუალებების საქმიანობას ქცევის
კოდექსით გათვალისწინებული ეთიკისა და პროფესიული სტანდარტების
მიხედვით. მონიტორები აღნიშნავენ ფაქტების დამახინჯებას,
დაუბალანსებელ გაშუქებას, უსამართლობას, უზუსტობას, მიკერძოებულობას
და ნებისმიერ მსგავს ფაქტებს, რომელიც მნიშვნელოვანია გაშუქების
ხარისხის დასადგენად. ეს მონაცემები ცალკე არის წარმოდგენილი და
ანგარიშში კომენტარებისა და დასკვნების სახით არის ინტეგრირებული.
თვისობრივი მეთოდოლოგია ყურადღებას ამახვილებს სიუჟეტების
შინაარსზე და აქედან გამომდინარე, მონიტორინგის ჯგუფმა განსაკუთრებული
ყურადღება მიაქცია მედია საშუალებების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის
ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებს, როგორიცაა მისი ხარისხი და
მრავალფეროვნება, წარმოადგინა დასკვნები მისი სტრუქტურის შესახებ
(თემები და საკითხები) და მედიის ზოგადი საინფორმაციო ღირებულებიდან
გამომდინარე, შეაფასა გაშუქების ზოგადი ხარისხი თითოეული მედია
საშუალებისათვის. თვისობრივი ანალიზის დროს სუბიექტივიზმის
ნებისმიერი ელემენტის აღმოსაფხვრელად ქარტიაც და MEMO 98 ხშირად
ამოწმებდა, თუ როგორ აანალიზებდა თითოეული მონიტორი მედიას და თუ
სადმე განსხვავებული მოსაზრებები ჩნდებოდა კონკრეტული სიუჟეტის
შეფასების თაობაზე, მონიტორების მთლიანი გუნდი (ან გუნდის ლიდერი)
კიდევ ერთხელ აფასებდა ამ სიუჟეტს და მხოლოდ ამის შემდეგ აკეთებდა
საბოლოო დასკვნას. თვისობრივი ანალიზის დროს მონიტორებს
მოეთხოვებათ:
- შეაფასონ შესაბამისი სიუჟეტების განთავსების რიგითობა თემატიკიდან
გამომდინარე;
- შეაფასონ რეპორტაჟის პოლიტიკური მრავალფეროვნების ხარისხი;
- შეაფასონ ჟურნალისტის ცოდნის დონე და მისი უნარი იმუშაოს ფაქტებსა
და ინფორმაციაზე დაყრდნობით;
- შეაფასონ ავტორის უნარი დააინტერესოს აუდიტორია;
- შეაფასონ შეკითხვები ინტერვიუს შემთხვევაში - სამართლიანი
შეკითხვაა თუ პროვოკაციული/უხერხული;
- ახდენს თუ არა ენა გავლენას აუდიტორიის მიერ პოლიტიკის გაგებასა
და აღქმაზე;
- იყენებს თუ არა მედია საშუალება გარკვეულ ენას, გრაფიკას ან
კამერას, რომ გავლენა მოახდინოს აუდიტორიის მიერ მონიტორინგის
სუბიექტებისა და თემატიკის აღქმაზე;
- შეაფასონ ჟურნალისტის ჩართულობა/მონაწილეობა სიუჟეტში.
მონაცემების შეგროვება მონიტორები
ყოველდღიურად ავსებენ მონიტორინგის სპეციალურ ფორმას როგორც
მაუწყებელზე გასული სიუჟეტის, ასევე სტატიის პუბლიკაციის შემთხვევაში.
შემდგომში ამ ფორმაზე მუშაობს მონაცემთა შემყვანი, რომელსაც
მონაცემები შეჰყავს მონიტორინგის სპეციალურ პროგრამაში (მონაცემთა
ბაზაში).
მონაცემების შეყვანა და მონიტორინგის მონაცემთა
ბაზა მონაცემებზე მუშაობის ბოლო ფაზას მონაცემთა
შეყვანა წარმოადგენს - მონაცემთა კომპიუტერულ შეყვანასა და
დაარქივებას რამოდენიმე უპირატესობა გააჩნია:
- მონაცემთა კომპიუტერში შენახვის შესაძლებლობა;
- მოქნილობა და მონაცემებზე მარტივი ოპერაციების შესრულება, მაგ.:
კონკრეტულ მონაცემთა არჩევა და შეფასება;
- გრაფიკული გამოხატვის შესაძლებლობები და მათი პრეზენტაციებზე
გამოყენება.
რადგანაც მონიტორინგის ფორმები სხვადასხვა ტიპის მონაცემთა შედარებით
მცირე რაოდენობის რიცხვისაგან შედგება, მათი ორგანიზება ადვილად
შეიძლება მოცემული კრიტერიუმების მიხედვით; Microsoft Excel
გამოიყენება მონიტორინგის პროცესის შედეგების გადასამუშავებლად
(Microsoft Office პაკეტთან ერთად). მონიტორინგის პერიოდში მოპოვებული
მონაცემები შედგება შემდეგი კომპონენტებისაგან: სუბიექტი, დრო
(პირდაპირი, ირიბი და მთლიანი), შეფასება, საკითხის დაწყება, საკითხის
დამთავრება, თემა და მისი დრო. 4.
ზოგადი მედია მონიტორინგის შედეგები რეზიუმე
- ამომრჩევლები უზრუნველყოფილი იყვნენ ინფორმაციის
მრავალფეროვანი სპექტრით არჩევნებში მონაწილე სხვადასხვა კანდიდატების
შესახებ, რის საფუძველზეც შესაძლებელი იყო ინფორმირებული არჩევანის
გაკეთება.
- თუმცა, ამავე დროს იყო ნაკლებობა ანალიტიკური და
სიღრმისეული გადაცემებისა, რომელსაც შეეძლო დახმარებოდა ამომრჩეველს
არჩევნებში მონაწილე კანდიდატების თვისებებისა და მათი პროგრამების
უკეთესად შეფასებაში.
- მედია საშუალებებმა თავიანთი საინფორმაციო პროგრამების
არსებითი ნაწილი მთავრობისა და ორი ძირითადი პარტიის - ერთიანი
ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების ღონისძიებებს
დაუთმეს. საინფორმაციო პროგრამებში ყურადღება
უმეტესწილად საარჩევნო კამპანიის აქციების გაშუქებას
ეთმობოდა.
- მიუხედავად იმისა, რომ მედია საშუალებები ზოგადად
მისდევენ საარჩევნო ქცევის კოდექსში მოცემულ პრინციპებს, მაინც იყო ამ
პრინციპებიდან გადახვევის რამოდენიმე შემთხვევა. მედიის წინასაარჩევნო
ქცევის კოდექსმა წინა არჩევნებთან შედარებით, ზოგადად ხელი შეუწყო
მედიის მიერ საარჩევნო კამპანიის გაშუქების გაუმჯობესების
საკითხს.
- არჩევნებამდე რამოდენიმე კვირით ადრე მედიის უმეტესმა
ნაწილმა შეამცირა ხელისუფლების/ მთავრობის გაშუქება და გაზარდა
პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების გაშუქება, სადაც ძირითადი
ყურადღება ქართულ ოცნებასა და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას
დაეთმო.
- დავით ბაქრაძის კანდიდატურა უფრო მეტად იყო წარმოდგენილი
საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რუსთავი 2-ში და იმედზე, ხოლო გიორგი
მარგველაშვილის კანდიდატურა კი - მაესტროზე, კავკასიაზე და აჭარის
ტელევიზიაში.
მონიტორინგის მეორე პერიოდი ხასიათდება იმით, რომ მთავრობის გაშუქების
დრო მცირდება და უფრო მეტი დრო ეთმობა პოლიტიკურ პარტიებსა და
კანდიდატებს (ეს განსაკუთრებით იგრძნობა აჭარის ტელევიზიის მაგალითზე.
აჭარის ტელევიზიამ მთავრობის გაშუქების დრო 70 პროცენტიდან 30
პროცენტამდე შეამცირა). ეს ალბათ იმით აიხსნება, რომ საარჩევნო
კამპანია ბოლო კვირეების განმავლობაში ნელ-ნელა ძალას იკრებს. თუმცა,
ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ საარჩევნო კამპანიის გაშუქებისას ისევ
ძირითად ყურადღებას აქცევენ საარჩევნო კამპანიის აქციების გაშუქებას
და ძალიან მცირედ ან საერთოდ არ აშუქებენ თავად კანდიდატებსა და მათ
პროგრამებს შორის განსხვავებას. ამ დრომდე ჩვენი მონიტორინგის ქვეშ
მყოფმა მედიამ ვერ წარმოადგინა სიღრმისეული და ანალიტიკური
გადაცემები, რომლებიც ამომრჩევლებს დაეხმარებოდა არჩევნებში მონაწილე
კანდიდატების თვისებებისა და პროგრამების უკეთესად შეფასებასა და
გაანალიზებაში. 2012 წლის არჩევნებისაგან განსხვავებით
მონიტორინგის ქვეშ მყოფი მედია საშუალებების დიდმა ნაწილმა
პრაიმ-თაიმში თავის პოლიტიკურ და არჩევნებთან დაკავშირებულ
საინფორმაციო პროგრამებში პოლიტიკური პარტიები და კანდიდატები
ზოგადად დაბალანსებულად წარმოადგინა. მონიტორინგის პირველი პერიოდი
(2-15 სექტემბერი) ხასიათდება მედიაში საერთო ტენდენციით, როცა მედია
საშუალებები თავისი დროის უდიდესი ნაწილს მთავრობის, ორი მთავარი
პარტიისა და მათი კანდიდატების გაშუქებას უთმობდნენ. მონიტორინგის
მეორე პერიოდი (16 სექტემბერი - 26 ოქტომბერი) ხასიათდება იმით, რომ
მთავრობის გაშუქების დრო მცირდება და უფრო მეტი დრო ეთმობა პოლიტიკურ
პარტიებსა და კანდიდატებს. ეს ალბათ იმით აიხსნება, რომ საარჩევნო
კამპანია ბოლო კვირეების განმავლობაში ნელ-ნელა ძალას იკრებდა. თუმცა,
ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ საარჩევნო კამპანიის გაშუქებისას ისევ
ძირითად ყურადღებას ექცეოდა საარჩევნო კამპანიის აქციების გაშუქებას
და ძალიან მცირედ ან საერთოდ არ აშუქებდენ თავად კანდიდატებსა და მათ
პროგრამებს შორის განსხვავებას. უნდა ითქვას, რომ ზოგადად
მონიტორინგის ქვეშ მყოფმა მედიამ ვერ წარმოადგინა სიღრმისეული და
ანალიტიკური გადაცემები, რომლებიც ამომრჩევლებს დაეხმარებოდა
არჩევნებში მონაწილე კანდიდატების თვისებებისა და პროგრამების
უკეთესად შეფასებასა და გაანალიზებაში.
4.1. საზოგადოებრივი
მაუწყებლები – რაოდენობრივი
ანალიზი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის (პირველი
არხი) საინფორმაციო პროგრამებში ორივე პარტია, როგორც
ქართული ოცნება, ასევე ერთიანი ნაციონალური მოძრაობა უმეტესად
ნეიტრალურად გაშუქდა თითქმის თანაბარი პროპორციით (16 პროცენტი და
17,9 პროცენტი შესაბამისად). ყველაზე უფრო ხშირად წარმოდგენილი
პოლიტიკური ერთეული იყო მთავრობა, რომელიც 34,5 პროცენტით გაშუქდა
ძირითადად ნეიტრალური ტონით. შედარებისათვის უნდა ითქვას, რომ
პრეზიდენტი 9,3 პროცენტით გაშუქდა და ეს გაშუქებაც ძირითადად
ნეიტრალური იყო. თუმცა მონიტორინგის მეორე პერიოდში მთავრობის
გაშუქება შემცირდა (პირველი მონიტორინგის პერიოდში 50 პროცენტიდან
მეორე მონიტორინგის პერიოდის 31,2 პროცენტამდე). ამავე დროს, გაიზარდა
პოლიტიკური პარტიების გაშუქების წილი, განსაკუთრებით ქართული ოცნებისა
და ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა. ოდნავ გაზრდილი იყო პრეზიდენტის
გაშუქება (7,4-დან 9,4 პროცენტამდე), რაც განპირობებული იყო
მონიტორინგის პერიოდში პრეზიდენტის აქტივობით (მაგ.: პრეზიდენტის
გამოსვლა გაეროსა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე).
რაც შეეხება საპრეზიდენტო კანდიდატების გაშუქებას, ორივე
ლიდერს - გიორგი მარგველაშვილსა და დავით ბაქრაძეს - შედარებით
თანაბარი პროპორციები დაეთმო (12.7 პროცენტი და 17 პროცენტი
შესაბამისად) და საინფორმაციო პროგრამის პრაიმ-თაიმში ორივე
კანდიდატი ნეიტრალურად ან პოზიტიურად გაშუქდა.
[1] გაშუქების დროის სიდიდის
თვალსაზრისით პრეზიდენტობის შემდეგ კანდიდატებს, გიორგი თარგამაძესა
და ნინო ბურჯანაძეს შესაბამისად დროის 14 პროცენტი და 15
პროცენტი დაეთმო. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს პირდაპირი
დროის ყველაზე დიდი რაოდენობა ჰქონდა.
[2] აჭარის
ტელევიზიამ თავისი პოლიტიკური და არჩევნებთან დაკავშირებული
საინფორმაციო გადაცემების ძირითადი დრო მთავრობის გაშუქებას დაუთმო
42,3 პროცენტი. რაც შეეხება გაშუქების ტონს, ის უაღრესად ნეიტრალური
იყო. ქართული ოცნება ოდნავ მეტად გაშუქდა, ვიდრე ერთიანი
ნაციონალური მოძრაობა (16,2 და 11,7 პროცენტი შძესაბამისად). ეს
გაშუქებაც უმთავრესად ნეიტრალური იყო. აჭარის მთავრობა 11,2
პროცენტით გაშუქდა, ტონი აქაც ძირითადად ნეიტრალური იყო. მონიტორინგის
მეორე პერიოდში
აჭარის ტელევიზიამ მნიშვნელოვნად
შეამცირა მთავრობის გაშუქება (27,2 პროცენტი პირველი პერიოდის 73,1
პროცენტთან შედარებით). რაც შეეხება საპრეზიდენტო კანდიდატების
გაშუქებას,
აჭარის ტელევიზიამ ორჯერ მეტი დრო დაუთმო
ქართული ოცნების კანდიდატს, გიორგი მარგველაშვილს (23,8 პროცენტი),
ვიდრე მის მთავარ ოპონენტს დავით ბაქრაძეს (9 პროცენტი). აჭარის
ტელევიზიამ ასევე მნიშვნელოვანი დრო დაუთმო ზოგიერთი დამოუკიდებელი
კანდიდატის გაშუქებას, მათ შორის ჭანიშვილს (10 პროცენტი),
ღარიბაშვილს (7 პროცენტი) და ჩაჩუას (7 პროცენტი).
4.2 კერძო
მაუწყებლები საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის (პირველი
არხის) მსგავსად, კერძო მაუწყებელმა
რუსთავი 2-მაც
თავისი საინფორმაციო გადაცემების პრაიმ-თაიმის უმეტესი ნაწილი
მინისტრთა კაბინეტის საქმიანობის გაშუქებას დაუთმო (გაშუქების 33,2
პროცენტი). მიუხედავად იმისა, რომ ეს გაშუქება ძირითადად
ნეიტრალური იყო, ამავდროულად არსებობდა მთავრობის უარყოფითი გაშუქების
შემთხვევებიც (უფრო მეტი, ვიდრე ჩვენი მონიტორინგის ქვეშ მყოფ
ნებისმიერ არხზე). ამასთან არხმა უფრო მეტად გააშუქა ერთიანი
ნაციონალური მოძრაობა (23 პროცენტი), ვიდრე ქართული ოცნება (16,1
პროცენტი), თუმცა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გაშუქების 16
პროცენტი დადებითი იყო და 5 პროცენტი უაყოფითი, მაშინ, როდესაც
ქართული ოცნების გაშუქების მხოლოდ 7 პროცენტი იყო დადებითი,
ხოლო 9 პროცენტი უარყოფითი. საქართველოს საზოგადოებრივი
მაუწყებლის (პირველი არხის) მსგავსად, კერძო მაუწყებელმა
რუსთავი 2-მაც შეამცირა საინფორმაციო პროგრამის
პრაიმ-თაიმში მინისტრთა კაბინეტის ღონისძიებების გაშუქების წილი
(31,2 პროცენტი, ნაცვლად მონიტორინგის პირველ პერიოდში არსებული 38,5
პროცენტისა). არხმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გაშუქებას 14,2
პროცენტი დაუთმო (რომლის 25 პროცენტი დადებითი იყო, ხოლო 7 პროცენტი
უარყოფითი). ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ თუმცა დავით ბაქრაძე და
გიორგი მარგველაშვილი თანაბრად გაშუქდნენ (28 პროცენტი და 25,2
პროცენტი შესაბამისად), ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა
უფრო მეტი დადებითი ტონი მიიღო, ვიდრე მისმა მთავარმა მეტოქემ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს პირდაპირი დროის ყველაზე
დიდი რაოდენობა ჰქონდა. დროის სიდიდის თვალსაზრისით პრეზიდენტობის
შემდეგ კანდიდატებს, გიორგი თარგამაძესა და ნინო ბურჯანაძეს გაშუქების
12 პროცენტი და 10,6 პროცენტი ჰქონდათ შესაბამისად. კიდევ
ერთმა კერძო არხმა,
იმედმა, დაუთმო გაშუქების
უდიდესი ნაწილი მთავრობას (43,5 პროცენტი) - გაშუქების ტონი ძირითადად
ნეიტრალური იყო. ორი მთავარი პარტია - ერთიანი ნაციონალური
მოძრაობა და ქართული ოცნება თითქმის თანაბრად გაშუქდა და გაშუქების
ტონი მეტწილად ნეიტრალური იყო (19,4 პროცენტი და 14,5 პროცენტი,
შესაბამისად). პრეზიდენტის აქტივობას დაეთმო ნეიტრალური გაშუქების 9,1
პროცენტი. რაც შეეხება კანდიდატების გაშუქებას,
იმედმა დროის უფრო მეტი ნაწილი (22 პროცენტი) დავით
ბაქრაძეს დაუთმო, ვიდრე გიორგი მარგველაშვილს (20,8 პროცენტი) მათი
გაშუქების ტონი მეტწილად ნეიტრალური ან დადებითი იყო. შემდეგი ყველაზე
მეტად გაშუქებული კანდიდატები იყვნენ ნინო ბურჯანაძე (15,5 პროცენტი)
და გიორგი თარგამაძე (15 პროცენტი). ერთიანი ნაციონალური მოძრაობის
კანდიდატს პირდაპირი დროის ყველაზე დიდი რაოდენობა დაეთმო.
ჩვენი მონიტორინგის ქვეშ მყოფ სატელევიზიო არხებთან შედარებით
მაესტრომ თავისი საინფორმაციო პროგრამის
პრაიმ-თაიმში მთავრობის საქმიანობას დაუთმო (45.6 პროცენტი), საიდანაც
20 პროცენტის ტონი იყო უარყოფითი და 13 პროცენტის ტონი დადებითი.
უარყოფითი ტონი ალბათ დამოკიდებული იყო დვანში "ბორდერიზაციასთან"
დაკავშირებით მთავრობის პასუხთან და პრემიერ მინისტრის ხანგრძლივ
ბრიფინგებთან (25 სექტემბერსა და 2 ოქტომბერს პრემიერ მინისტრმა
ოთხსაათიანი შეხვედრა ჩაატარა სხვადასხვა ჟურნალისტებთან). რაც
შეეხება პოლიტიკური პარტიების გაშუქებას, არხმა მეტნაკლებად თანაბარი
დრო დაუთმო ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების
გაშუქებას (18,2 პროცენტი და 16,8 პროცენტი შესაბამისად). პრეზიდენტი
სააკაშვილი გაშუქდა 9,9 პროცენტით და გაშუქების ტონი ძირითადად
ნეიტრალური იყო. საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ყველაზე მეტი
დრო დაეთმო გიორგი მარგველაშვილისა და დავით ბაქრაძის გაშუქებას
მაესტროზე - 30 პროცენტი და 25 პროცენტი შესაბამისად. შემდეგი ყველაზე
ხშირად გაშუქებული კანდიდატები იყვნენ ნინო ბურჯანაძე და გიორგი
თარგამაძე, რომლებმაც მიიღეს გაშუქების 9,2 პროცენტი და 13 პროცენტი
შესაბამისად. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა მიიღო
პირაპირი დროის უდიდესი ნაწილი. მონიტორინგის ქვეშ მყოფი სხვა
არხების მსგავსად
კავკასიამაც თავისი დროის უდიდესი
ნაწილი (41,7 პროცენტი) მთავრობის საქმიანობის გაშუქებას დაუთმო.
გაშუქების ტონი ძირითადად ნეიტრალური და დადებითი იყო (დადებითი
გაშუქების ტონი სჭარბობდა გაშუქების უარყოფით ტონს). რაც შეეხება
მთავარი პარტიების წარდგენას, ორმა მთავარმა პარტიამ, ქართულმა
ოცნებამ და ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღეს თითქმის თანაბარი
დრო - 18,2 პროცენტი და 21,3 პროცენტი შესაბამისად. თუმცა გაშუქების
ტონი ორივე პარტიისათვის ძირითადად ნეიტრალური იყო, ქართული ოცნების
გაშუქება ორჯერ უფრო მეტად დადებითი იყო, ვიდრე ერთიანი ნაციონალური
მოძრაობისა. პრეზიდენტის გაშუქებას 9,8 პროცენტი დაეთმო და იგი
ძირითადად ნეიტრალური იყო. რაც შეეხება საპრეზიდენტო
კანდიდატების გაშუქებას,
კავკასიამ ორივე ლიდერს
თითქმის თანაბარი დრო დაუთმო - 28,5 პროცენტი გიორგი მარგველაშვილსა
და 26 პროცენტი დავით ბაქრაძეს. გაშუქების ტონი მეტწილად ნეიტრალური
და პოზიტიური იყო. შემდეგი ყველაზე ხშირად გაშუქებული კანდიდატები
იყვნენ ნინო ბურჯანაძე და გიორგი თარგამაძე, რომლებმაც მიიღეს
გაშუქების 12,3 პროცენტი და 9 პროცენტი შესაბამისად. დავით ბაქრაძემ
მიიღო პირაპირი დროის უდიდესი ნაწილი.
5.
მედიის ქცევის კოდექსი –
თვისობრივი ანალიზი სექტემბრის დასაწყისში
საქართველოს ჟურნალისტურმა ქარტიამ და MEMO 98 წარადგინეს მედიის
წინასაარჩევნო ქცევის კოდექსი, რომელიც ზოგადად განსაზღვრავს იმ
სტანდარტებსა და პრინციპებს, რომლითაც მედიამ უნდა იხელმძღვანელოს
არჩევნების პერიოდში. კოდექსი შექმნილია საერთაშორისო დოკუმენტებისა
და მითითებების საფუძველზე და მასში ძირითადი ყურადღება ექცევა
ევროპის საბჭოს, ეუთოსა და იმ საერთაშორისო ორგანიზაციების
რეკომენდაციებს, რომლის წევრიც გახლავთ საქართველო. პროექტის ძირითადი
მიზანია დაეხმაროს ჟურნალისტებს არჩევნების პერიოდში პროფესიული
სტანდარტების გაუმჯობესებაში. დღემდე ამ კოდექსს ხელი ხუთმა
სატელევიზიო არხმა მოაწერა (საქართველოს საზოგადოებრივი
მაუწყებელი, რუსთავი 2, იმედი, მაესტრო და აჭარის ტელევიზია).
ისინი ნებაყოფლობით შეთანხმდნენ კოდექსით განსაზღვრული დებულებების
დაცვაზე. უნდა აღინიშნოს, რომ ხუთივე მაუწყებელი მთლიანობაში
იცავდას ქცევის კოდექსის ძირითად პრინციპებს. იყო მხოლოდ მცირედი
გამონაკლისი, როდესაც სრულად არ იხელმძღვანელეს ამ პრინციპებით.
მედიის წინასაარჩევნო ქცევის კოდექსმა 2012 წლის არჩევნებთან
შედარებით, ზოგადად ხელი შეუწყო მედიის მიერ საარჩევნო კამპანიის
გაშუქების გაუმჯობესების საკითხს.
5.1
საზოგადოებრივი მაუწყებლები საქართველოს
საზოგადოებრივი მაუწყებელი მონიტორინგის პერიოდში მონიტორინგის
ჯგუფი ძირითად ყურადღებას აქცევდა ანონსს 19.00; მტავარ საინფორმაციო
გამოშვებას "მოამბე" 20.00 და პოლიტიკურ თოქ-შოუს "პირველი სტუდია",
რომელიც 1 ოქტომბერიდან დაიწყო. საქართველოს საზოგადოებრივი
მაუწყებლის (პირველი არხის) თვისობრივმა ანალიზმა პირველი
მონიტორინგის პერიოდში აჩვენა, რომ არხი იცავდა ქცევის კოდექსს და
მისი საინფორმაციო პროგრამის სიუჟეტები უმეტესად დაბალანსებული და
მიუკერძოებელი იყო. შეიმჩნეოდა მხოლოდ რამოდენიმე შემთხვევა, როდესაც
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლმა გადაუხვია ამ პრინციპებს.
მაგალითად, 15 სექტემბერს საინფორმაციო პროგრამა "მოამბეში" იყო
პრეზიდენტის ინტერვიუ, რომელიც 2 წუთსა და 40 წამს გაგრძელდა.
ინტერვიუს მსვლელობისას პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრი გააკრიტიკა
თბილისის შემოვლითი რკინიგზის შეჩერების გამო.
[3] საზოგადეობრივ მაუწყებელს არ უცდია საპასუხო
პოზიციის პრემიერ-მინისტრისგან ან მთავრობის სხვა წარმომადგენლისგან
მოპოვება. მონიტორინგის მეორე პერიოდში საზოგადოებრივი
მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვებებში ყველა მნიშვნელოვანი თემა
გაშუქდა, სიუჟეტების აბსოლუტური უმრავლესობა დაბალანსებული იყო,
არ დაფიქსირებულა რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის მიმართ მიკერძოებული
დამოკიდებულება, თუმცა დაფიქსირდა რამდენიმე პრობლემატური სიუჟეტი. ამ
პერიოდის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა კონფლიქტის ზონაში მდებარე
სოფელ დვანში განვითარებული მოვლენები იყო. დვანის თემას დიდი დრო
დაეთმო, განსაკუთრებული ყურადღება გამყოფი ხაზის მეორე მხარეს
აღმოჩენილი სამი ოჯახის ბედზე იყო გამახვილებული, სიუჟეტის მიხედვით
სამი ოჯახი იძულებით ტოვებდა სახლ-კარს და საცხოვრებლის გარეშე
რჩებოდა. არსად თქმულა, რომ ამ სამ ოჯახს ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების
დროს ჰქონდა მიღებული საცხოვრებელი კოტეჯები და ფულადი კომპენსაცია.
სხვა მედია საშუალებების რეპორტაჟებში ეს დეტალები ჩანდა, 1 არხის
მაყურებელმა კი ეს ინფორმაცია, მხოლოდ გადაცემა "პირველ სტუდიაში" 7
ოქტომბერს შეიტყო რეინტეგრაციის მინისტრის პაატა ზაქარეიშვილისგან,
რომელიც სტუდიის სტუმარი გახლდათ.
[4] 1
ოქტომბრიდან საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემა "პირველი სტუდია"
დაიწყო. თოქ-შოუ ყოველ დღე გადის შაბათ-კვირის გარდა. გადაცემაში
განიხილება დღის მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენები მთავრობის,
ექსპერტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად. გადაცემა
რამდენიმე ნაწილისგან შედგება, არჩევნების პერიოდში ბოლო ბლოკი
პრეზიდენტობის კანდიდატებს ეთმობოდა, თითოეულს დაახლოებით 15-20 წუთი.
გადაცემა იყო დაბალანსებული, წამყვანი არ იყო მიკერძოებული და
გადაცემაში არ დაფიქსირებულა სიძულვილის ენის ან ეთერისთვის
შეუფერებელი ტერმინოლოგიის გამოყენება.
აჭარის
ტელევიზია აჭარის ტელევიზიის თვისობრივმა ანალიზმა აჩვენა, რომ
არხი ზოგადად იცავს ქცევის კოდექსს. პირველი მონიტორინგის პერიოდში
მხოლოდ რამოდენიმე გადაცდომა იყო. მაგალითად, 9 სექტემბერს გავიდა
სიუჟეტი, სადაც ასახული იყო სოფელ კირნათის მოსახლეობის პროტესტი
ხელისუფლების მიმართ (ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის გამო).
ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს არ მიეცა კომენტარის გაკეთების
საშუალება. მონიტორინგის მეორე პერიოდში ტელეკომპანია "აჭარის"
საინფორმაციო გამოშვებებში ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევის
შემთხვევები არ დაფიქსირებულა. მონიტორინგის მოცემულ პერიოდში
საინფორმაციო გამოშვება "დროს" დაემატა სპეციალური რუბრიკა "დროს
ობიექტივი", რომელშიც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა საპრეზიდენტო
კანდიდატის პორტრეტები. ამ რუბრიკის სიუჟეტებში საპრეზიდენტო
კანდიდატები ძირითადად დადებითი კუთხით შუქდებოდა. აქვე უნდა
აღინიშნოს, რომ არხზე ხშირია ტექნიკური ხარვეზები, რაც გამოიხატება
რესპონდენტთათვის შესაბამისი ტიტრის არ ქონაში. მაგალითად, 18
სექტემბრის საინფორმაციო გამოშვებაში ტიტრი არ ჰქონდა მითითებული
რესპონდენტს, რომელიც პასუხს სცემდა ბრალდებებს მთავრობის მიმართ და
შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ ეს რესპონდენტი ადგილობრივი ან
ცენტრალური მთავრობის წარმომადგენელი იყო. მონიტორინგის
პერიოდში "აჭარის" თოქ-შოუებში ორჯერ იყო მიწვეული საპრეზიდენტო
კანდიდატი. ორივე შემთხვევაში კანდიდატები სტუდიაში მიწვეულნი იყვნენ
მარტო, ოპონენტების გარეშე. თოქ-შოუებში ჟურნალისტური სტანდარტების
რაიმე განსაკუთრებული დარღვევები არ დაფიქსირებულა; წამყვანი არ
გამოირჩეოდა დადებითი არ უარყოფითი განწყობით რომელიმე სტუმრის
მიმართ, გადაცემაში არ დაფიქსირებულა სიძულვილის ენის ან შეუსაბამო
ტერმინოლოგიის გამოყენება.
5.2 კერძო
მაუწყებლები რუსთავი 2 რუსთავი 2-ის თვისობრივი
ანალიზი აჩვენებს, რომ არხი იცავს ქცევის კოდექსს. პირველი
მონიტორინგის პერიოდში მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო, როდესაც
მონიტორინგის ჯგუფმა დაუბალანსებელი სიუჟეტი დააფიქსირა.
დაუბალანსებელი სიუჟეტი ქართული ეკონომიკის მდგომარეობის აღწერას
ეხებოდა და კურიერში 14 სექტემბერს გავიდა. ვრცელი სიუჟეტი (5 წთ)
მთლიანად საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის კრიტიკას დაეთმო,
საპასუხოდ მხოლოდ ფინანსთა მინისტრის რამდენიმე წამიანი კომენტარი იყო
გამოყენებული, რაც არ იყო პროპორციული იმ ბრალდებებისა, რომელიც ამ
სიუჟეტში ისმოდა კურიერში მონაწილე "ბიზნესკურიერის" წამყვანისა და
ორი ექსპერტის მხრიდან. მონიტორინგის მეორე პერიოდშიც მხოლოდ
რამოდენიმე სიუჟეტი დაფიქსირდა, სადაც ბალანსი არ იყო დაცული.
მაგალითად, 25 სექტემბერს 21 საათიან კურიერში გავიდა 6 წთ 15
წამის ხანგრძლივობის სიუჟეტი, რომელიც ვანო მერაბიშვილის სასამართლო
პროცესზე განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა. მერაბიშვილმა პროცესზე
პოლიტიკური განცხადებები გააკეთა. ორი წუთის ხანგრძლივობის სინქრონში
ის დღევანდელ ხელისუფლებას აკრიტიკებდა. მაგ: "საქართველოს ერთიან
ბიუჯეტში გარღვევა არის 750 მლნ. ლარი, 650 მლნ. ლარი მხოლოდ
შემოსავლების ნაწილში. ბიუჯეტი ვერ მიიღებს 500 მლნ-ს და ამას
დაადასტურებს ნებისმიერი ეკონომისტი. " "დღევანდელი ხელისუფლება დგას
სერიოზული გამოწვევის წინაშე. არამარტო შეუძლებელი ხდება არსებული
დაპირებების შესრულება, იანვრიდან სერიოზულად დადგება პრობლემები
ფიზიკურად ხელფასების და პენსიების გაცემაზე, ამიტომ ხელისუფლებას
ისღა დარჩენია, გააგრძელოს რეპრესიები მედია საშუალებების და
ოპოზიციის წინააღმდეგ." მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო
პროცესისთვის მიძღვნილ სიუჟეტში ავტორმა ორი წუთი მერაბიშვილის მიერ
წამოყენებულ კონკრეტულ ბრალდებებს დაუთმო, სიუჟეტში არც ერთი წამი არ
დათმობია მერაბიშვილის ბრალდებებზე ხელისუფლების წარმომადგენლების
პასუხს ან თუნდაც ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელს, რომელიც
მერაბიშვილის მიერ დასახელებულ ციფრებზე განმარტებას გააკეთებდა.
მიგვაჩნია, რომ რადგანაც პროცესზე გაკეთებული პოლიტიკური განცხადებები
"რუსთავი 2" -მა ეთერში გადასცა, მასზე მეორე მხარისთვის პასუხის
გაცემის საშუალებაც უნდა მიეცა.
[5] მონიტორინგის
პერიოდში რუსთავი 2-ზე გადიოდა ორი საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ
"არჩევანი" და "პოზიცია." გადაცემები ქვეყანაში მიმდინარე
მნიშვნელოვან საკითხებს ეხებოდა, სტუმრები მიწვეული იყვნენ მხარეთა
ბალანსის დაცვით, წამყვანები არ ამჟღავნებდნენ მიკერძოებულობას,
გადაცემებში არ ჰქონია ადგილი სიძულვილის ენის ან შეუსაბამო
ტერმინოლოგიის გამოყენებას. აქვე უნდა აღვნიშნოთ პოზიტიური
მოვლენაც, რომ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე რუსთავი 2-მა ყველა
ძირითად კანდიდატს მისცა საშუალება წარედგინათ საკუთარი პროგრამები.
იმედი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და რუსთავი
2-ის მსგავსად იმედის თვისობრივი ანალიზიც აჩვენებს, რომ მისი
საინფორმაციო პროგრამების უმეტესი ნაწილი დაბალანსებულია. თუმცა
მონიტორინგის პირველ პერიოდში დაფიქსირდა რამოდენიმე სიუჟეტი, სადაც
ბალანსი ხელისუფლების სასარგებლოდ იქნა დარღვეული. მაგალითად, 6
სექტემბრის გამოშვებაში გავიდა სიუჟეტი, რომელიც ღია ტიპის
საპატიმროს შექმნას მიეძღვნა. მთელი დრო დაეთმო ხელისუფლების
წარმომადგენლების დადებით კონტექსტში წარმოჩენას და არ იყო არც
ერთი ოპონენტი, რომელსაც ამ პროექტის შესახებ განსხვავებული აზრი
ექნებოდა. მონიტორინგის მეორე პერიოდშიც იმედის საინფორმაციო
გამოშვება ქვეყანაში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან ამბავს აშუქებდა,
სიუჟეტები დაბალანსებული და მიუკერძოებელი იყო. იმედის საინფორმაციო
გამოშვებაში ბალანსის დარღვევის კონკრეტული მაგალითი არ
დაფიქსირებულა, სიუჟეტები შეესაბამებოდა ქცევის კოდექსში აღნიშნულ
ჟურნალისტურ პრინციპებს. თუმცა აღსანიშნავია ერთი ფაქტიც, რომ ამ
პერიოდში იმედის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში სხვა არხებთან
შედარებით მეტად ხვდებოდა მასალები, რომელიც ხელისუფლების წარმატებულ
მუშაობას ასახავდა და მას დადებითად წარმოაჩენდა. მაგალითად, მთავარ
გამოშვებაში მოხვდა "ფიცის დადების ცერემონიალი", სადაც მთავრობის
წევრები თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე სასიკეთო ცვლილებებზე
საუბრობდნენ; ასევე მთავარი გამოშვების პირველ ნახევარ საათში მოხვდა
"სამთო წვრთნები", რომელიც მაყურებელს მოუთხრობს, თუ როგორ წარმატებით
გადიან ქართველი სამხედროები უნგრელ და ჩეხ ჯარისკაცებთან ერთად
სამხედრო მომზადების კურსს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ
არჩევნების მოახლოებასთან ერთად იმედმა გააფართოვა არჩევნებისადმი
მიძღვნილი თემატიკა და ყურადღება გაამახვილა კანდიდატების
პოზიციაზე საგარეო პოლიტიკასთან, ჯანდაცვასთან, გარემოს დაცვასტან და
ა.შ. დაკავშირებით. ეს ნამდვილად პოზიტიური მოვლენა იყო, თუ
გავითვალისწინებთ, რომ წინა პერიოდში იგი მხოლოდ საარჩევნო კამპანიის
ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებებს აშუქებდა და მას აკლდა უფრო ღრმა და
პრობლემატური საკითხებისადმი მიძღვნილი რეპორტაჟები.
მონიტორინგის პერიოდში იმედის ეთერში 2 პოლიტიკური თოქ-შოუ
გადიოდა - თეა სიჭინავას "პოლიტიკის დრო" და ვახო სანაიას "ღია
ეთერი".გადაცემებში სტუმრები სხვა და სხვა პოლიტიკური ძალებიდან იყო
წარმოდგენილი, გადაცემის თემატიკაც აქტუალური და მრავალმხრივი იყო.
წამყვანები არ ამჟღავნებდნენ განსაკუთრებულ მიკერძოებულებას რომელიმე
პოლიტიკური სუბიექტის მიმართ. არ იყო გამოყენებული სიძულვილის ენა და
შეუსაბამო ფრაზეოლოგია.
მაესტრო მონიტორინგის
პერიოდში მაესტროს ორი საინფორმაციო გამოშვება ჰქონდა "ახალი ამბები
18.00" და "ახალი ამბები 21.00". მაესტროს თვისობრივმა ანალიზმა
აჩვენა, რომ იგი ძიროთადად იცავს ქცევის კოდექსს. თუმცა მონიტორინგის
პირველ პერიოდში 5 სექტემბრის 6 საათიანი გამოშვებაში გავიდა სიუჟეტი,
სადაც პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტების განადგურებაზე იყო
საუბარი. საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტს და მის ხელისუფლებას
ადანაშაულებდა სისტემურ დანაშაულში, თუმცა ცხრაწუთიან სიუჯეტში
ნაციონალური მოძრაობის არცერთი წარმომადგენელის კომენტარი არ იყო,
ჟურნალისტმა კი მხოლოდ აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმცირესობის პოზიცია
იმ დროისთვის ცნობილი არ იყო. მონიტორინგის მეორე პერიოდში
მაესტროზე გავიდა სამი მასალა, სადაც ქართული ოცნების კანდიდატი
უპირატეს მდგომარეობაში იყო ჩაყენებული სხვა კანდიდატებთან შედარებით.
მაგალითად 20 სექტემბრის 18 საათიან საინფორმაციო პროგრამაში გავიდა
თემა "ვითარება კონფლიქტის ზონაში", სადაც სიუჟეტს ტიტრად ედო, რომ
"პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი კარასინი აბაშიძის
შეხვედრას აფასებს". პირდაპირ ჩართვაში იყო მარგველაშვილის კომენტარი
41-იანებით აჭრელებული ბანერის ფონზე, ამ სიუჟეტში სხვა, თუნდაც
ძირითადი საპრეზიდენტო კანდიდატების მოსაზრებების უგულებელყოფა
მარგველაშვილს უპირატეს მდგომარეობაში აყენებს.
[6] სამონიტორინგო პერიოდში მაესტროს ეთერში გადიოდა
თოქ-შოუები: "სუბიექტური აზრი" კვირაში 5-ჯერ, "არგუმენტები" კვირაში
2-ჯერ და "პოლიტმეტრი" კვირაში 2-ჯერ. გადაცემების უმრავლესობაში
მხარეთა ბალანსი დაცული იყო, გადაცემებში წარმოდგენილნი იყვნენ როგორც
ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წევრები. არ იყო გამოყენებული
სიძულვილის ენა და შეუსაბამო ტერმინოლოგია. თუმცა 24 სექტემბრის "
არგუმენტებში", სადაც სტუმრად სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
მინისტრი სოზარ სუბარი იყო, გავიდა დაუბალანსებელი სიუჟეტი, რომელიც
მხოლოდ ამბის ერთ მხარეს წარმოაჩენდა. სიუჟეტში აღწერილი იყო ქუთაისის
#2 საპატიმრო დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა. სიუჟეტში
პატიმრები ჰყვებოდნენ, რომ საპატიმროში განსაკუთრებით კარგი პირობები
იყო, რომ პატიმრებს წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით კარგად
ექცეოდნენ და ა.შ. არც სიუჟეტში და არც სიუჟეტის დასრულების შემდეგ
მაესტრომ მაყურებელს არ შესთავაზა რომელიმე უფლებადამცველის,
ომბუდსმენის ან სხვა კომპეტენტური სუბიექტის კომენტარი ციხეებში
არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით. გადაცემის წამყვანსაც არ ჰქონდა
კონკრეტული შემთხვევები ციხეებში არსებულ პრობლემებზე. სიუჟეტის
შემდეგ სტუდიაში მყოფმა სუბარმა განაზოგადა ამ საპატიმროში არსებული
კარგი მდგომარეობა დანარჩენ საპატიმროებზეც. საბოლოოდ, გადაცემაში
მკვეთრად დადებითად იყო წარმოჩენილი როგორც ციხეებში პატიმრების
მდგომარეობა, ასევე მინისტრიც.
კავკასია
მონიტორინგის პერიოდში მონიტორინგის ჯგუფმა გააანალიზა საინფორმაციო
პროგრამა "დღე", რომელიც დღეში სამჯერ გადიოდა. ხშირ შემთხვევაში
მასალები სამივე გამოშვებაში მეორდება და მაყურებელს სიახლის მიღების
შესაძლებლობა ნაკლებად აქვს. "კავკასიის" საინფორმაციო
გამოშვებაში მასალები დაბალანსებულია, გამოვლინდა, მხოლოდ რამდენიმე
შემთხვევა, როდესაც ბალანსი დაირღვა და მეორე მხარეს საკუთარი
პოზიციის წარმოჩენის საშუალება არ მიეცა. კერძოდ, 24 სექტემბრის
მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა სიუჟეტი ბათუმის
რეაბილიტაციასთან დაკავშირებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა
ასოციაციის (საია) ანგარიშის შესახებ. სიუჟეტი ეყრდნობოდა
მხოლოდ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სამი წარმომადგენლის
კომენტარებს, სადაც ისინი ბათუმის მერიას ბიუჯეტის ხარჯების
არამიზნობრივ გამოყენებასა და კანონის დარღვევაში
ადანაშაულებდნენ. სამწუთიან სიუჟეტში არ იყო ბათუმის მერიის
წარმომადგენლის კომენტარი, თუნდაც სატელეფონო ინტერვიუს სახით, რაც
ბალანსის დარღვევად მიგვაჩნია.
[7] მონიტორინგის
პერიოდში კავკასიის ეთერში გადიოდა თოქშოუები "სპექტრი", "ცხელი ხაზი"
და "ბარიერი", აგრეთვე გადაცემა "არჩევნები 2013". უნდა გამოვყოთ
"სპექტრი" რომელიც ეთერში ყოველ სამუშაო დღეს გადის და მისი წამყვანი
დავით აქუბარდიაა. უნდა აღინიშნოს რომ ამ გადაცემაში განსაკუთრებით
დადებითადაა წარმოჩენილი დღევანდელი ხელისუფლება და უარყოფითად წინა
ხელისუფლება, ამას ემატება ისიც, რომ მონიტორინგის პერიოდში
"სპექტრის" არც ერთ გადაცემაში სტუმრად არ ყოფილა ნაციონალური
მოძრაობის ან წინა ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი, მაშინ
როდესაც წამყვანი მათ ხშირად მწვავედ აკრიტიკებს.
[8] დავით აქუბარდიას მხრიდან დაფიქსირდა ანტითურქული
რიტორიკა. "შენ ქართველ ბიზნესმენს გჭამენ, არაფერს გაკეთებინებენ და
კარტბლანშს აძლევენ თურქ ვიღაცეებს, რომ მაღაზიები და რაღაცეები
აიშენოს" (სპექტრი 20 სექტემბერი) აგრეთვე უარყოფითი იყო განწყობა
ეთნიკურად ინდოელების მიმართ. "ეს ინდოელები მოსაშორებლები არიან"
(სპექტრი 4 ოქტომბერი). "ცხელი ხაზის" წამყვანი ალექსანდრე ელისაშვილი
გამოირჩევა საკუთარი ემოციური შეფასებებით სხვადასხვა
საკითხისადმი, იგი არ მალავს საკუთარ პოზიციებს და ზოგჯერ იყენებს
ტელეწამყვანისთვის შეუფერებელ ფრაზეოლოგიას. "ერთი გამაგებინეთ რა
ტაკიმასხარობა ხდება ახალაიას პროცესზე. . . რაღაცა ცირკია ოღონდ
ბანძი ცირკი" (10 ოქტომებრი). ჟურნალისტების დავით პაიჭაძისა და ეკა
კვესიტაძის მიმართ მისი გადაცემის ერთ-ერთმა სტუმარმა თქვა "ერთი იყო
აშკარად მიკერძოებული დაგეშილი ბულტერიერი, მეორე კიდევ ესეთი ლენჩური
ხმით მიმართავდა თავის სტუმრებს." (18 სექტემბერი) წამყვანმა არ
მოუწოდა სტუმარს, რომ მას ტავი შეეკავებინა შეუფერებელი ლექსიკის
გამოყენებისგან, პირიქით, ელისაშვილმა განაცხადა, რომ მათ (ამ
ჟურნალისტების) მიმართ მას არანაირი სოლიდარობის გრძნობა არ
გააჩნია. რაც შეეხება გადაცემას "არჩევნები 2013", მასში რაიმე
სახის ეთიკური გადაცდომა არ დაფიქსირებულა. 6. დასკვნა
მთლიანობაში გაუმჯობესდა მედია საშუალებების მიერ არჩევნების გაშუქება
წინა წლების არჩევნებთან შედარებით, რადგანაც მონიტორინგის ქვეშ მყოფი
მედიის უმეტესობამ საარჩევნო კამპანია ზოგადად დაბალანსებულად
გააშუქა. სწორედ ამ გაუმჯობესების წყალობით ამომრჩევლებს მიეწოდათ
კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მრავალფეროვანი სპექტრი, რომლის
საფუძველზეც მათ შესაძლებლობა მიეცათ საარჩევნო ყუთებთან გაეკეთებინათ
საკუთარი ინფორმირებული არჩევანი. თუმცა, ამავდროულად უნდა აღინიშნოს,
რომ ზოგადად მაინც შეიმჩნეოდა ნაკლებობა როგორც ანალიტიკური,
ასევე სიღრმისეული გაშუქებისა, რაც აუცილებელი იყო, რათა ამომრჩევლებს
უკეთესად შეეფასებინათ საარჩევნო სუბიექტების პირადი თვისებები და
პროგრამები. მედია საშუალებები უფრო მეტად პროაქტიულები უნდა გახდნენ,
რათა თავად აირჩიონ არჩევნებთან დაკავშირებული ანალიზისა და საერთოდ,
მთლიანად არჩევნების გაშუქების ფორმატი - ეს ხელს შეუწყობს აზრების
გაზიარებას, საჯარო დებატებს, კვლევებსა და განსხვავებულ კომენტარებს,
რაც თავის მხრივ, აუცილებელია, რომ ამომრჩევლებს შესთავაზონ
საარჩევნო სუბიექტების თვალსაზრისის შესახებ სრული, გაანალიზირებული
და სიღრმისეული ინფორმაცია. 8. რეკომენდაციები
- არსებობს მკაფიო საჭიროება, რომ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ
ურთიერთგაგება მედია საშუალებებსა და პოლიტიკოსებს შორის.
პოლიტიკოსები პატივისცემით უნდა მოეკიდონ იმ აზრს, რომ
ჟურნალისტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ თავისუფალ და დემოკრატიულ
საზოგადოებაში.
- შეშფოთებას იწვევს სიტუაცია საქართველოს საზოგადოებრივ
მაუწყებელში -უნდა შეწყდეს პოლიტიკური პარტიების მიერ საზოგადოებრივი
მაუწყებლის საქმიანობაში ჩარევა, რათა საზოგადოებრივ მაუწყებელში
გასატარებელი მნიშვნელოვანი რეფორმა წარმატებული იყოს.
- არჩევნების გაშუქებისას ჟურნალისტები უფრო მეტად პროაქტიულები
უნდა იყვნენ, რათა ხელი შეუწყონ აზრების გაზიარებას, საჯარო დებატებს,
კვლევებსა და განსხვავებულ კომენტარებს, რაც თავის მხრივ,
აუცილებელია, რომ ამომრჩევლებს შესთავაზონ საარჩევნო სუბიექტების
თვალსაზრისის შესახებ სრული, გაანალიზირებული და სიღრმისეული
ინფორმაცია.
- ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს (როგორც კანონმდებლობით, ასევე
პრაქტიკულ მუშაობაშიც) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
(GNCC), პოლიტიკური და ოპერატიული (მოქმედების) დამოუკიდებლობა,
როგორც ეს გათვალისწინებულია ევროპის საბჭოს რეკომენდაციებით.[9]
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია რომ დამოუკიდებელ და
სანდო მარეგულირებლად ჩაითვალოს, აუცილებელიაყურადღება მიექცეს მათი
წევრების დანიშვნის არსებული სისტემის გაუმჯობესებას. მიზანშეწონილად
მიგვაჩნია, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიიაში
იყვნენ სხადასხვა გამოცდილების მქონე წევრები მედიაში მუშაობის
გამოცდილების მქონე ადამიანების ჩათვლით, რომლებიც არჩეულნი იქნებიან
inter alia სამოქალაქო საზოგადოების იმ ორგანიზაციებიდან,
რომლებიც გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე მუშაობენ.
- ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს და სათანადოდ განახორციელოს
ინტერესთა კონფლიქტის კანონის გატარება, როდესაც მაუწყებლობის
მარეგულირებელი ორგანოების წევრებს ნიშნავენ, განსაკუთრებით
მათი ხანგრძლივი დროით წევრად ყოფნის შემთხვევაში.
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიამ საკუთარი
უფლებამოსილებიდან გამომდინარე მონიტორინგი უნდა გაუწიოს, რომ
მაუწყებლები მოქმედებდნენ კანონმდებლობისა და საკონტრაქტო ლიცენზიების
პირობების შესაბამისად, ხოლო მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში უნდა
მიმართოს შესაბამის სანქციებს.
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიამ უნდა გადახედოს და
გააფართოოს მედია მონიტორინგის მეთოდოლოგია, რათა შესაძლებლობა
ჰქონდეს სწორად გამოავლინოს დისბალანსი ახალი ამბებისა და სხვა
საინფორმაციო პროგრამებში.
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიას უნდა გააჩნდეს
უფლებამოსილება, რომ ჩაატაროს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი
გამჭვირვალედ და საჯაროდ ხელმისაწვდომი ფორმით, უზრუნველყოს
საზოგადოების დროული ინფორმირებულობა და მისი ჩართულობა/მონაწილეობა
ამ პროცესში. ამასთანავე, აუცილებელია დამატებულ იქნას დებულებები,
რომლებიც დაკავშირებულია მომავალ ციფრულ მედიასთან, რათა დაიცვას
მნიშვნელოვანი ეროვნული და რეგიონალური მედია საშუალებების აუდიტორია
ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის გარდამავალ ეტაპზე.
- ყურადღება უნდა მიექცეს საარჩევნო კოდექსის მუხლი 51 (1)
გადახედვას, რომელიც უფასო საეთერო დროის გამოყოფას არეგულირებს.
სამართლიანობის პრინციპი მხოლოდ "კვალიფიციურ" საარჩევნო სუბიექტებზე
არ უნდა ვრცელდებოდეს, რადგანაც ეს პოტენციურად ზღუდავს ახლად
შექმნილი პოლიტიკური პარტიების შესაძლებლობებს, რომ არჩევნების
პერიოდში თანაბრად კონკურენტუნარიანები იყვნენ. ვენეციის კომისიის
კოდექსის "საარჩევნო საკითხებში საერთაშორისო გამოცდილების შესახებ"
და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის
(OSCE/ODIHR) "არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის ყოფნის პერიოდში
მედიის ანალიზის მითითებების" შესაბამისად, საჯარო მედიამ "არჩევნების
პერიოდში უნდა უზრუნველყოს მასში მონაწილე პარტიებისა და კანდიდატების
თანაბარი ხელმისაწვდომობა და სამართლიანი მოპყრობა". ყურადღება უნდა
მიექცეს, რომ ამ საკითხმა ასახვა ჰპოვოს საარჩევნო კოდექსის მუხლი
51.
ანგარიშის PDF ვერსია
[1] საპრეზიდენტო კანდიდატების
გაშუქების წილი გამოითვლება მათზე დათმობილი ჯამური დროიდან.
[2] პირდაპირი დრო ეწოდება, როდესაც
კანდიდატს ან მონიტორინგის სხვა სუბიექტს ეძლევა პირდაპირი
საუბრის საშუალება.
[3] პრეზიდენტმა თქვა: "მე მინდა
მივმართო პრემიერ-მინისტრს აზრზე მოვიდეს, იმიტომ რომ ეს არის მისი
პირადი გადაწყვეტილება. აი ამის გაჩერება რა არის, მართლა ჭორვილას
საცალფეხო ბილიკი ხომ არ ჰგონია?!"
[4] 10 ოქტომბერს 20 საათიან მოამბეში
გავიდა სიუჟეტი (20:28 წთ-ზე,) რომელიც ქუთაისის საპატიმროში 16 წლის
მოზარდის გარდაცვალების ფაქტს ეხებოდა. საზოგადოებისთვის იმ დროისთვის
ცნობილი ინფორმაციით პატიმარი სამარტოვო საკანში ზეწრით ჩამომხრჩვალი
იპოვეს. "მოამბის" სიუჟეტი დაიწყო გარდაცვლილი პატიმრის ფოტოს ახლო
ხედით, რომელზეც ასახული იყო სავარაუდოდ ექსპერტიზის დროს გაკვეთილი
ჭრილობა მკერდზე, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მაუწყებელთა ქცევის
კოდექსის 56 -ე მუხლის მიხედვით მსგავსი მასალის "ახლო ხედით
ჩვენება თავიდან უნდა იქნეს აცილებული გარდა საზოგადოების ინტერესის
არსებობისა". ამბავი ნამდვილად წარმოადგენდა მაღალი საზოგადოებრივი
ინტერესის საგანს, თუმცა სიუჟეტის შინაარსიდან გამომდინარე
გაურკვეველია რა მიზანს ემსახურებოდა მსგავსი ფოტოს ახლო ხედით
ჩვენება, მაშინ როდესაც ფოტო რაიმე დამატებით ინფორმაციას ვერ აწვდიდა
მაყურებელს. ფოტოთი შეუძლებელი იყო იმის გარკვევა პატიმარმა თავი
ჩამოიხრჩო თუ ჩამოახრჩვეს, სიუჟეტში მონაწილე ექსპერტიც არაფერს
ამბობდა ამ ფოტოს მნიშვნელოვნების შესახებ, აქედან გამომდინარე
გაუგებარია რატომ გახდა საჭირო ამ ფოტოს ახლო ხედით ჩვენება
მაყურებლისთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ მაუწყებელთა ქცევის კოდექსის
47-ე მუხლის მიხედვით ისეთი მასალის ჩვენებისას, რომელმაც შესაძლოა
მაყურებლის ნეგატიური ემოციები გამოიწვიოს, მაუწყებელმა წინასწარ უნდა
გააფრთხილოს მაყურებელი, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელს არ გაუკეთებია,
ეს არც წამყვანს აღუნიშნავს და არც სიუჟეტის ავტორს. .
[5] ბალანსის დარღვევის კიდევ ერთი
ფაქტი 17 სექტემბრის 18 საათიან კურიერში დაფიქსირდა, სადაც
უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ მწვავედ გააკრიტიკა მმართველი გუნდი
და ხელისუფლება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით და ისინი
ოპოზიციონერ დეპუტატებზე ზეწოლასა და მათ დევნაში დაადანაშაულა. არც
ამ და არც მომდევნო გამოშვებაში "რუსთავი 2"-მა ხელისუფლების
წარმომადგენლებს არ მისცა საშუალება ბოკერიას ბრალდებებზე საპასუხო
კომენტარის გაკეთებისა..
[6] მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა მაესტროს
18 და 21 სექტემბრის გამოშვებებშიც, სადაც პრეზიდენტობის
კანდიდატებიდან მხოლოდ მარგველაშვილის კომენტარები გავიდა
საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე საკითხებზე მომზადებულ
მასალებში
[7] ბალანსის დარღვევის კიდევ ერთი
მაგალითი 5 ოქტომბრის საინფორმაციო გამოშვებაში დაფიქსირდა, სადაც
გავიდა კობა დავითაშვილის კომენტარი, რომელშიც ის უმრავლესობის ლიდერს
კონკრეტულ ბრალდებებს უყენებდა. დავითაშვილი საგანელიძეს წინა
ხელისუფლებასთან გარიგებაში სდებდა ბრალს, მის ფინანსურ ინტერესებზე
საუბრობდა და ქვეყანაში არსებული მაფიის ერთ-ერთ სერიოზულ ლიდერად
მოიხსენიებდა. მიუხედავად მძიმე ბრალდებებისა, "კავკასიამ"
საგანელიძეს არ მისცა პასუხის გაცემის საშუალება, საინფორმაციო
გამოშვებაში მისი კომენტარის მოპოვების მცდელობაც კი არ ჩანდა.
[8] მაგალითად, 1 ოქტომბრის გადაცემაში
წამყვანმა შემდეგი რამ თქვა- "გილოცავთ რევოლუციის წლისთავს! კიდევ
ერთხელ ვაფიქსირებ, რომ ბოროტი ადამიანები წავიდნენ." "ქორწილებში და
დაბადების დღეებში ისე მაპატიეთ და დაგიჯდებიან ნაციონალი
კრიმინალები, ვითომც არაფერი... "პირსისხლიანი ხელისუფლება იყო წინა
ხელისუფლება. ვერ გრძნობენ, იცი, რომ დიდი ცოდვა აქვთ ნაციის წინაშე
ჩადენილი და კიდევ ძალაუფლებაზე რომ პრეტენზიები აქვთ, ამ ვირთხებს
ამათ." ამ ფონზე წამყვანი კეთილგანწყობას არ მალავს ხელისუფლების
მისამართით: "პრინციპში,კაი კაცი შეარჩია ბიძომ შენი სახით. ბევრს
კრიტიკობდნენ, მეც ბევრი რამე არ მომწონს შენში, მაგრამ ჯამში რომ
ვუკვირდები, ყველას შენ ჯობიხარ, რა არი იცი გიო? ვალდებულებები გაქვს
ძალიან ბევრი, გიო. უნდა შეასრულო, თორემ შეგჭამს ხალხი" ასე მიმართა
წამყვანმა გიორგი მარგველაშვილს 19 სექტემბრის გადაცემაში.