15.11.2016
მონიტორინგის
პერიოდი
25 სექტემბერი - 2 ნოემბერი,
2016
ანგარიშის სრული ვერსია
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ ატარებს მედიამონიტორინგს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის „2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა“ ფარგლებში.
მონიტორინგი ხორციელდება 2016 წლის 20 მაისიდან 2016 წლის 19 დეკემბრის ჩათვლით და მოიცავს 11 ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვებებს. მონიტორინგი ხორციელდება შემდეგ სატელევიზიო არხებზე: საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, რუსთავი 2, იმედი, მაესტრო, GDS, ტაბულა, კავკასია, ტვ პირველი, ობიექტივი, აჭარის ტელევიზია, ტელეარხი 25. მოცემულ ანგარიშში წარმოდგენილია მედიამონიტორინგის შედეგები 25 სექტემბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით. მასალის რაოდენობრივი და თვისობრივი ანალიზის შედეგად, გამოვლინდა შემდეგი
ტოქშოუები
- არჩევნების პირველი ტურის დასრულების შემდეგ ტოქშოუებში შემცირდა საარჩევნო თემატიკის განხილვა. ნაკლები დრო დაეთმო მეორე ტურში გასული კანდიდატების ხედვებს.
- დამოუკიდებელი კანდიდატებიდან გადაცემებში ყველაზე ხშირად სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობდა. მეორე ტურში გასული სხვა დამოუკიდებელი კანდიდატები ტოქშოუების ინტერესის ქვეშ ნაკლებად ხვდებოდნენ.
- წინა სამონიტორინგო პერიოდის მსგავსად, გადაცემა "2030-ის" სტუმრების დიდი ნაწილი კვლავაც "ქართული ოცნების" წევრები იყვნენ.
- "ობიექტივი" კვლავ "პატრიოტთა ალიანსის" ტრიბუნად რჩებოდა, რადგანაც ამ პარტიის წევრები ფაქტობრივად ყველა გადაცემაში მონაწილეობდნენ. წამყვანთა ნაწილი კი მათ ღიად უცხადებდა მხარდაჭერას.
- საარჩევნო პროგრამებზე საუბარი წინა სამონიტორინგო პერიოდთან შედარებით მკვეთრად შემცირდა.
- ტოქშოუების დიდი ნაწილის განსახილველი თემა ამა თუ იმ პირის შეფასებები და მათზე მსჯელობა იყო. ისინი ძირითადად იმეორებდნენ საინფორმაციო გადაცემებით გასულ მოსაზრებებს და ახალ ინფორმაციასა თუ ანალიზს ნაკლებად აწვდიდნენ აუდიტორიას.
- საანგარიშო პერიოდის პირველ ეტაპზე რამდენიმე ტელეკომპანიამ დიდი დრო დაუთმო "მოსალოდნელ დესტაბილიზაციას", თუმცა, ახალი არგუმენტაცია, თუ რას ეფუძნებოდა ეს დესტაბილიზაციის მოლოდინი, არ გაჟღერებულა. მეორე ეტაპზე აქტუალური გახდა არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებული პროგნოზი და საკონსტიტუციო უმრავლესობის საფრთხეებზე მსჯელობა.
- ერთი პარტიის მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების საფრთხეებზე მოქალაქეებმა მიმართვა გაავრცელეს და მოუწოდებდნენ ამომრჩევლებს ხმა არ მიეცათ "ქართული ოცნებისთვის". ამ თემაზე სასაუბროდ "რუსთავი 2-ის" ეთერში მხოლოდ ის სტუმრები იყვნენ მიწვეულნი, რომლებიც ამ საფრთხეებს იზიარებდენ, "2030-ის" ეთერში კი - მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" მოწინააღმდეგეები.
- მეორე ტურის წინ დებატებში მონაწილეობაზე უარი თქვეს "ქართული ოცნების" წევრებმა აჭარაში. ისინი არ მივიდნენ არც აჭარის ტელევიზიის და არც 25-ე არხის ეთერში, რის გამოც დებატები ვერ შედგა.
- პირველი ტურის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში პარტიის პირველ ნომრებს შორის გამართულ დებატებში მონაწილეობა არ მიიღეს რამდენიმე პარტიის, მათ შორის "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა.
- დებატების დროს წამყვანები ხშირად მხოლოდ მოდერატორის ფუნქციას ასრულებდნენ, არ სვამდნენ დამაკონკრეტებელ კითხვებს, რის გამოც რესპონდენტების მიერ არასწორი ინფორმაციის გავრცელება კვლავ პრობლემად დარჩა.
- მაესტროზე დაიხურა ორი ტოქშოუ - ღამის კონტაქტი და მაესტროს ფაქტორი
- პატრიორტთა ალიანსის მაჟორიტარი კანდიდატი, ბონდო მძინარაშვილი პირველ ტურში დამარცხების შემდეგ "ობიექტივის" ეთერში წამყვანად დაბრუნდა. კანდიდატად დასახელებამდეც მას ამ ტელეკომპანიის ეთერში გადაცემა მიჰყავდა.