2020 წლის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში - სოციალური მედია
24.09.2020
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში განხორციელებული სოციალური მედიის მონიტორინგი მიზნად ისახავს, შეისწავლოს, თუ რა სახის ინფორმაციას იღებს ყოველდღიურად ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ სოციალური მედიიდან მომხმარებელი. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ყველაზე პოპულარული სოციალური მედია ფეისბუკია, მონიტორინგი განხორციელდა სწორედ იმაზე, თუ როგორ იყენებენ ამ პლატფორმას ტრადიციული მედია, საარჩევნო სუბიექტები და რა ტიპის ინფორმაცია იღებს ფეისბუკის საშუალებით მომხმარებელი.
 
მონიტორინგის პერიოდში ყოველდღიური დაკვირვება განხორციელდა შემდეგ წყაროებზე: 13 ონლაინ მედიასაშუალების Facebook გვერდი; 6 სატელევიზიო არხის Facebook გვერდი; 60 ღია ჯგუფი; 137 პოპულარულ გვერდი; პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის, თბილისის მერის, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის, აჭარის მთავრობის, 11 სამინისტროსა და 4 მინისტრის Facebook გვერდი; 12 პოლიტიკური პარტიისა და 25 პოლიტიკოსის Facebook გვერდი; სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებული 20, Facebook-ზე ყველაზე ფართოდ გავრცელებული (ინტერაქციების რაოდენობის მიხედვით) მედიაპროდუქტი.


ძირითადი მიგნებები:

  • Facebook-ის მეშვეობით ყველაზე ფართოდ სატელევიზიო არხებისა და მათი ვებგვერდების მიერ მომზადებული მედიაპროდუქტები ვრცელდება;
  • სატელევიზიო არხების Facebook გვერდებზე გამოქვეყნებული მასალების ანალიზის შედეგად შეინიშნება კიდევ უფრო მეტი პოლარიზაცია, ვიდრე მათი საეთერო მაუწყებლობისას;
  • Facebook-ზე არსებულ პოპულარულ გვერდებზე იშვიათად ზიარდება ისეთი მასალები, რომლებიც ეხება მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გაშუქებას;
  • პოპულარულ გვერდებზე ძალიან იშვიათად გვხვდება განსაკუთრებულად პროლემური მედიაპროდუქტები და ასეთ მასალებს ნაკლებად ეძლევა ფართოდ გავრცელების საშუალება;
  • Facebook-ზე არსებულ ღია ჯგუფებში საკმაოდ დიდი სიხშირით ზიარდება მომხმარებელთა მიერ ისეთი მედიაპროდუქტები, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად შეეხება პოლიტიკურ საკითხებს;
  • ღია ჯგუფებში შეინიშნება პრობლემური ვებგვერდების სიმრავლე, თუმცა მათ მიერ მომზადებული მასალების გარცელების არეალი მცირეა;
  • სახელმწიფოს მეთაურები და სახელმწიფო უწყებები მათ Facebook გვერდებს იყენებენ საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად და არა პოლიტიკურ ოპონენტთა დისკრედიტაციის მიზნით;
  • პოლიტიკური პარტიებისა და ცალკეული პოლიტიკოსების Facebook გვერდებზე ხშირად ხდება პოლიტიკურ ოპონენტთა მიმართ შეურაცხმყოფელი და დამცინავი მასალების გამოქვეყნება, თუმცა იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენს ისეთი განსაკუთრებულად პრობლემური მასალების გამოქვეყნების შემთხვევები, რომლებიც შეიცავს სიძულვილის ენას, ძალადობისკენ მოწოდებას ან მიზანმიმართულ დეზინფორმაციას;
  • Facebook-ზე უმეტესად ვრცელდება საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ, რეიტინგულ მედიასაშუალებათა მიერ მომზადებული მედიაპროდუქტები და განსაკუთრებულად პრობლემურ მასალებს ნაკლები გავრცელების არეალი აქვს.


იხილეთ სრული ანგარიში