2020 წლის წინასაარჩევნო მონიტორინგის საბოლოო ანგარიში - ახალი ამბები
18.12.2020
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ გაეროს განვითარების პროექტის „საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა“ ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით დააკვირდა ტელემედიის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაშუქებას.

მონიტორინგი ხორციელდება შემდეგ სატელევიზიო არხებზე: პირველი არხი, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, ტელეკომპანია მთავარი, რუსთავი 2, იმედი, ფორმულა, ტვ პირველი, მაესტრო, ობიექტივი, კავკასია, პალიტრა ტვ, პოსტ ტვ.

ძირითადი ტენდენციები:

• ყველა არხის მონაცემებით, პარტიებს შორის ყველაზე მეტი დრო დაეთმო „ქართულ ოცნებას“. მას მოსდევს „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“.

• „ქართული ოცნება“ ყველაზე დადებითად POSTV-ზე გაშუქდა. დროის 39 % დადებითი ტონით შეფასებას დაეთმო.

• „ქართული ოცნება“ ყველაზე უარყოფითად „მთვარ არხზე“ გაშუქდა. დროის 72 % უარყოფითი ტონით შეფასებას დაეთმო. „ქართული ოცნების“ მიმართ ყველაზე კრიტიკული სიუჟეტები ხშირად ამ არხის ეთერში გადიოდა.

• „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაზე დადებითად „მთავარი არხის“ ეთერში გაშუქდა. დროის 13 % დადებთი ტონით შეფასებას დაეთმო. ეს პარტია ყველაზე უარყოფითად „ობიექტივმა“ გააშუქა. დროის 91 % უარყოფითი ტონით შეფასებას დაეთმო.

• „ევროპულ საქართველოს“ ყველზე მეტი დრო „ფორმულას“ ეთერში დაეთმო, ყველაზე პოზიტიურად ეს პარტია „მთავარი არხის“ ეთერში გაშუქდა და დროის 7 % პოზიტიური ტონით შეფასებას დაეთმო.

• „ევროპული საქართველო“ ყველაზე უარყოფითად „ობიექტივის“ ეთერში გაშუქდა. დროის 90 % ნეგატიურად შეფასებას დაეთმო.

• პარტიას „ლელო საქართველოსთვის“ ყველზე მეტი დრო „ფორმულას“ ეთერში დაეთმო. დროის 4% დაეთმო დადებით გაშუქებას. ყველაზე პოზიტიური გაშუქება პარტიას ჰქონდა „რუსთავი 2“-ზე. დროის 8% დადებითი ტონით გაშუქებას დაეთმო.

• მთავრობა ყველაზე პოზიტიურად POSTV-ს ეთერში გაშუქდა. დროის 38 % დადებითი ტონით გაშუქებას დაეთმო.

• ხელისუფლებისადმი ყველაზე კრიტიკული ტონი აქვს „მთავარ არხს“. დროის 69 % უარყოფითი ტონით გაშუქებას აქვს დათმობილი.

• „მთავარ არხს“ მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკა აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის მიმართ.

• „პირველ არხზე“ ყველაზე პოზიტიურად პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია გაშუქდა. დროის 14 % დადებითი ტონით მის გაშუქებას აქვს დათმობილი და ყველაზე უარყოფითი ტონით კი მიხეილ სააკაშვილის გაშუქებას - დროის 47 %.

• „პირველ არხს“ ხელისუფლებისადმი არაკრიტიკული, ლოიალური სარედაქციო პოლიტიკა აქვს.

• მიხეილ სააკაშვილს ყველაზე მეტი დრო POSTV-მ დაუთმო. ყველაზე უარყოფითად მიხეილ სააკაშვილი სწორედ ამ არხზე გაშუქდა და უარყოფთი ტონით გაშუქებამ 86 % შეადგინა. მიხეილ სააკაშვილი ყველაზე დადებითად „მთავარი არხის“ ეთერში გაშუქდა. მისთვის დათმობილი დროის 24 % მის დადებით შეფასებას მიეძღვნა.

• „იმედი“ და POSTV ხელისუფლებისადმი მიკერძოებით გამოირჩევა. აქ მმართველი გუნდი აბსოლუტურად დადებითადაა წარმოჩენილი. ამ არხებზე ოპოზიცია მაქსიმალურად დისკრედიტირებულია.

• „ობიექტივი“ ერთადერთი არხია, რომელიც ტრადიციულად ყველაზე მეტ დროს უთმობს „პატრიოტთა ალიანსს“ და ყველაზე მეტი დადებითი გაშუქებაც მას ამ არხზე ჰქონდა - დროის 43%.

• მონიტორინგის პერიოდში გამოიკვეთა, რომ წინასაარჩევნო მედიაგარემო პლურალისტური, თუმცა მკვეთრად პოლარიზებული იყო. მაუწყებელთა ერთი ნაწილი ხელისუფლებისადმი იყო მიკერძოებული, მეორე კი ოპოზიციისადმი. მიკერძოება არასასურველი საარჩევნო სუბიექტის ნეგატიურ გაშუქებაში გამოიხატებოდა

• გასულ წლებთან შედარებით გაზრდილია პროფესიული ეთიკის დარღვევისა და მანიპულირების შემთხვევები. ხშირია გონივრული ბალანსის დარღვევის და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების ფაქტები.

• სატელევიზიო ახალ ამბებში პრობლემად რჩება მოვლენების ზედაპირულად გაშუქება. მაუწყებელების ეთერში იშვიათად გვხვდება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების სიღრმისეული ანალიზი.

• წინა წლების მსგავსად, თითქმის ყველა არხზე პრობლემად რჩება საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებული სიღრმისეული, მოკვლევითი სიუჟეტების სიმცირე, რაც ამომრჩეველს დაეხმარებოდა ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში.

• მაუწყებლების ნაწილი ხშირად იყენებდა სამთავრობო უწყებების პრესსამსახურების მომზადებულ მასალებს მათ წარმომავლობაზე ნათლად მითითების გარეშე. • სატელევიზიო ახალ ამბებში კვლავ გვხვდება სიძულვილის ენისა და დისკიმინაციული ლექსიკის გამოყენების შემთხვევები. ამ მხრივ გამორჩეულია „ობიექტივი“, სადაც, ტრადიცულად, ამჯერადაც არაერთხელ დაფიქსირდა ქსენოფობიური განცხადებები.

• წინა წლების მსგავსად, კვლავ პრობლემას წარმოადგენდა გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შემცველი განცხადებების უცვლელად და უკომენტაროდ გაშუქება.

• მონიტორინგის პერიოდში სექსისტური განცხადებების ტირაჟირების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. სექსისტური განცხადების ავტორები პოლიტიკოსებთან ერთად იყვნენ ჟურნალისტებიც.

ანგარიშის სრული ვერსია იხილეთ აქ.