ონლაინ მედიის მონიტორინგის ანგარიში
20.12.2024

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ პროექტის „თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება და რომელსაც სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) უძღვება, საარჩევნო პროცესებისა და საარჩევნო სუბიექტების მედიაგაშუქება შეისწავლა.  ქარტია 2024 წლის 27 აგვისტოდან 26 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში შემდეგი რვა ონლაინმედიასაშუალების კონტენტს დააკვირდა: interpressnews. ge, netgazeti.ge, news.on.ge, primetime.ge, publika.ge, radiotavisupleba.ge, sputnik-georgia.com და tabula.ge.

 

მასალების თვისებრივი ანალიზის შედეგად გამოვლინდა შემდეგი ძირითადი მიგნებები:

 

       ონლაინ მედიის წარმომადგენლები არჩევნებთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის გაშუქების დროს შეგნებულად არღვევდნენ მიუკერძოებლობის პრინციპს და ხელმძღვანელობდნენ წინასწარ შემუშავებული სარედაქციო პოლიტიკით, რომელიც მასალებში შეფასებითი ტერმინებისა და კონტექსტის ჩართვას არ ერიდებოდა. მსგავსი ტენდენცია შეინიშნებოდა, მათ შორის, იმ ონლაინ მედიასაშუალებებშიც, რომელთა ერთგულებაც მაღალი ჟურნალისტური სტანდარტების მიმართ დადასტურებული იყო ბოლო წლებში ჩატარებული არაერთი მედიამონიტორინგით. ეს დიდწილად განპირობებული იყო სწორედ არჩევნების წინმსწრებ პერიოდში ხელისუფლების მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის” მიღებით. აღნიშნული კანონი, რომელსაც ონლაინ მედიის ნაწილი “აგენტების შესახებ” ან “რუსულ კანონად” მოიხსენიებდა, დახურვის საფრთხის წინაშე აყენებს იმ მედიაორგანიზაციებს, რომლებიც უცხოური საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ფინანსდებიან.

       მონიტორინგისთვის შერჩეული 8 ვებგვერდიდან 2-ის შემთხვევაში, ცალსახად შეინიშნებოდა, ერთი მხრივ, ხელისუფლების მუდმივად დადებითად წარმოჩენის, მეორე მხრივ კი, ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა დისკრედიტაციის მცდელობა.

       მონიტორინგისთვის შერჩეულ არცერთ ონლაინ მედიასაშუალებაში არ შეინიშნებოდა განსაკუთრებულად დადებითი განწყობა რომელიმე ოპოზიციური პარტიის მიმართ; თუმცა, ოპოზიციიდან ყველაზე ხშირად შუქდებოდა მხოლოდ 4 პარტია: “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა”, “ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის”, “გახარია საქართველოსთვის” და “კოალიცია ცვლილებისთვის -გვარამია, მელია, გირჩი, დროა”.

       თითქმის არ გვხვდებოდა ჟურნალისტთა ტექსტებში სიძულვილის ენისა და დისკიმინაციული ტერმინოლოგიის გამოყენების შემთხვევები. თუმცა, პრობლემური იყო ის, რომ ონლაინ მედიასაშუალებების ნაწილი უცვლელად და უკომენტაროდ აშუქებდა პოლიტიკოსთა თუ საზოგადოებისთვის ცნობილ სხვა პირთა განცხადებებს, რომლებიც ასეთი სახის ტერმინოლოგიასა და შინაარსს შეიცავდა.

       ონლაინ მედიის ნაწილი მმართველი პარტიის ანტიდასავლურ გზავნილებსა და დეზინფორმაციის შემცველ კონსპირაციულ თეორიებს ცალმხრივად და უკომენტაროდ აშუქებდა, რის შედეგადაც ეს მედიასაშუალებები მმართველი პარტიის მიერ გამოყენებული იყო ანტიდასავლური პროპაგანდის გასავრცელებლად.

       ყველაზე ხშირად ონლაინ მედიაში ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევის ისეთი შემთხვევები გვხვდებოდა, როგორიცაა ფაქტებისა და მძიმე ბრალდებების ცალმხრივი გაშუქება. მონიტორინგისთვის შერჩეულ ვებგვერდთა დიდ ნაწილში არ ჩანდა ჟურნალისტთა მცდელობები,  კონკრეტულ პირთა მიმართ მასალებში წარმოდგენილი კონკრეტული ბრალდებები გადაემოწმებინათ ან ბრალდებულ მხარეთა კომენტარები მოეძიებინათ.

       ონლაინ მედიაში პრობლემად რჩება საკითხების ზედაპირული გაშუქება. მონიტორინგისთვის შერჩეულ ვებგვერდთა უმრავლესობა მკითხველს არ სთავაზობდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების სიღრმისეულ და კრიტიკულ ანალიზს.

 

პრეს-რელიზი ქართულ ენაზე იხილეთ აქ
პრეს-რელიზი ინგლისურ ენაზე იხილეთ აქ

ანგარიშის სრული ვერსია ქართულ ენაზე იხილეთ აქ
ანგარიშის სრული ვერსია ინგლისურ ენაზე იხილეთ აქ