საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ პროექტის „თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება და რომელსაც სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) უძღვება, კვლევის თვისებრივი მეთოდის გამოყენებით, საარჩევნო პროცესებისა და საარჩევნო სუბიექტების მედიაგაშუქება შეისწავლა.
ქარტია 2024 წლის 27 აგვისტოდან 26 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში შემდეგი 10 მაუწყებლის ეთერში მთავარ საინფორმაციო გამოშვებას დააკვირდა: საზოგადოებრივი მაუწყებლის ორი არხი: „პირველი არხი“ და „აჭარის ტელევიზია“ და რვა ნაციონალური ტელემაუწყებელი: „მთავარი არხი“, „ტვ პირველი“, „ფორმულა“, „კავკასია“, „პალიტრანიუსი“, „რუსთავი2“, „იმედი“ და „პოსტვ“.
ძირითადი მიგნებები
● 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის ფარგლებში მედიაგაშუქებაზე დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, რომ წინასაარჩევნო მედიაგარემო პლურალისტური, თუმცა მკვეთრად პოლარიზებული იყო.
● პოლიტიკური პოლარიზაციის შედეგად ეროვნული მაუწყებლები წინასაარჩევნო პერიოდში ხშირად არღვევდნენ სამართლიანი და თანაბარი გაშუქების პრინციპს.
● ტელეარხების ერთ ნაწილს ხელისუფლების მიმართ მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკა აქვს, ხოლო მეორე ნაწილს – ოპოზიციის მიმართ.
● სატელევიზიო მედიის პოლიტიკური მიკერძოების შედეგად ამომრჩეველი ვერ იღებდა ობიექტურ ინფორმაციას, რომელიც მას ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარებოდა.
● ყველა არხის მონაცემებით, პარტიებს შორის ყველაზე მეტი დრო „ქართულ ოცნებას“ დაეთმო.
● „პირველი არხი“ მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური ამბების გაშუქებისას წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლების მიმართ მიკერძოებულ სარედაქციო პოლიტიკას ატარებდა.
● წინასაარჩევნო პერიოდში „მოამბემ“ მმართველ პოლიტიკურ გუნდს ანტიდასავლური მოსაზრების გასავრცელებლად, ასევე, ჰომოფობიური და კონსპირაციული თეორიების ტირაჟირებისათვის კომფორტული, ხელსაყრელი გარემო შეუქმნა.
● საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია ხელისუფლების მიმართ მიკერძოებულ სარედაქციო პოლიტიკას ატარებდა.
● „იმედის“ საინფორმაციო სამსახური არჩევნების წინ მმართველი პარტიის - „ქართული ოცნების“ - პროპაგანდის იარაღს წარმოადგენდა.
● საპარლამენტო არჩევნების წინ „იმედის“ გაცხადებული მიზანი იყო, არ დაეშვა „ნაციონალური მოძრაობის“ რევანში საქართველოში.
● POSTV ღიად პროპაგანდისტული, სახელისუფლებო არხია და ის ხელისუფლებისადმი მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩეოდა.
● „იმედსა“ და POSTV-ზე მუდმივად ხდებოდა ოპოზიციის და პრეზიდენტის დისკრედიტაცია.
● „იმედსა“ და POSTV-ზე საინფორმაციო გამოშვებებში ვრცელდებოდა ანტიდასავლური ნარატივები.
● „რუსთავი 2“-ს პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკა ჰქონდა. წინასაარჩევნო პერიოდში ის მმართველი პარტიის პროპაგანდის იარაღი იყო.
● „მთავარ არხს“ „კოალიცია ცვლილებისთვის“ მიმართ მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკა ჰქონდა.
● „ფორმულა“ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩეოდა.
● „ტვ პირველს“ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ მიმართ ჰქონდა მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკა.
● ტელემედიაში ხშირია პროფესიული ეთიკის დარღვევისა და მანიპულირების შემთხვევები. ხშირია გონივრული ბალანსის დარღვევის და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების ფაქტები.
● სატელევიზიო ახალ ამბებში პრობლემად რჩება მოვლენების ზედაპირულად გაშუქება. მაუწყებელების ეთერში იშვიათად გვხვდება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების სიღრმისეული ანალიზი.
● საინფორმაციო გამოშვებებში ხშირად გვხვდებოდა შეურაცხმყოფელი და არაეთიკური ტერმინოლოგია და ვიდეო და ტექსტით მანიპულირების შემთხვევები.
● სატელევიზიო ახალ ამბებში წინა წლებთან შედარებით გაიზრდილია სიძულვილის ენისა და დისკიმინაციული ლექსიკის გამოყენების შემთხვევები.
პრეს-რელიზი ქართულ ენაზე იხილეთ
აქ
პრეს-რელიზი ინგლისურ ენაზე იხილეთ
აქ
ანგარიშის სრული ვერსია ქართულ ენაზე იხილეთ
აქ
ანგარიშის სრული ვერსია ინგლისურ ენაზე
იხილეთ
აქ