სატელევიზიო ტოქშოუების მონიტორინგის ანგარიში
20.12.2024

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ პროექტის „თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება და რომელსაც სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) უძღვება, კვლევის თვისებრივი მეთოდის გამოყენებით, საარჩევნო პროცესებისა და საარჩევნო სუბიექტების მედიაგაშუქება შეისწავლა.  

 

ქარტია 2024 წლის 27 აგვისტოდან 26 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში შემდეგი 10 მაუწყებლის ეთერში, პრაიმტაიმში — 20:00 საათიდან 23:59 საათის მონაკვეთში გასულ ტოქშოუებს დააკვირდა: საზოგადოებრივი მაუწყებლის ორი არხი: „პირველი არხი და აჭარის ტელევიზია და რვა ნაციონალური ტელემაუწყებელი: „მთავარი არხი“, „ტვ პირველი“, „ფორმულა“, „კავკასია“, „პალიტრანიუსი“, „რუსთავი2“, „იმედი და  „პოსტვ

 

 

 

ძირითადი მიგნებები

 

       წინა წლების მსგავსად, ტელეარხები მკვეთრად იყო პოლარიზებული. მათი ნაწილი ხელისუფლების სასარგებლოდ იყო მიკერძოებული, ნაწილი ოპოზიციის. პოლარიზაციის გაღრმავებას კიდევ უფრო შეუწყო ხელი 2024 წლის არჩევნებამდე მიღებულმა ორმა კანონმა — 1. .. გამჭვირვალობის საბაბით მიღებულმა კანონმა, რომელსაც საზოგადოების ნაწილი რუსულ კანონად მოიხსენიებს და 2. ცენზურის კანონმა, რომლის მიღების საბაბად ხელისუფლებამ .. ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვა დაასახელა. ამ კანონების მიღების შემდეგ დასავლელმა პარტნიორებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი დე ფაქტოდ  შეჩერებულია.

       ხელისუფლებასთან მკვეთრად აფილირებულ ტელეარხებზე — „იმედსა და პოსტვ“-ზე ღიად მიმდინარეობდა ანტიდასავლური, დეზინფორმაციული კამპანია. აღნიშნული ტელეარხები, ფაქტობრივად, წარმოადგენდნენ ხელისუფლების პლატფორმას პარტიული ნარატივებისა და შეთქმულების თეორიების შეუზღუდავად გასავრცელებლად, არ იყო დაცული მინიმალური პროფესიული სტანდარტებიც კი. ამ ტელეარხების სტუმრებიც და წამყვანებიც ყველა საშუალებით ცდილობდნენ პროდასავლური ოპოზიციური პარტიების, დასავლური არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პრეზიდენტის დისკრედიტაციას.

       უკვე წლებია, პოლარიზაციის გაღრმავების პარალელურად, მკვეთრად პროსახელისუფლებო არხებზე არ იწვევენ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, ხოლო ოპოზიციური ტელეარხებისთვის თავად ხელისუფლების წარმომადგენლებს აქვთ ბოიკოტი გამოცხადებული.

       საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა ფორმალურად შეასრულა კანონით დაკისრებული ვალდებულება და გამართა დებატები პოლიტიკურ პარტიებს შორის. გარდა ამისა, ეთერში გავიდა საარჩევნო გადაცემები, სადაც პოლიტიკური პარტიები მონაცვლეობით იყვნენ მიწვეული. მიუხედავად ამისა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ვერ შეძლო, მაყურებლისთვის შეეთავაზებინა იმგვარი ფორმატი, სადაც სიღრმისეულად და თანაბრად კრიტიკულად იქნებოდა განხილული პარტიების ხედვები, რაც მაყურებელს უფრო მეტად ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალებას მისცემდა. წამყვანებს რეაგირება არ ჰქონიათ პოლიტიკოსების ჰომოფობიურ განცხადებებზე, ასევე იგრძნობოდა მათი პოზიტიურად მიკერძოებული დამოკიდებულება ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ.

       საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის გადაცემა თავისუფალი სივრცე“, განსხვავებით ამავე არხის სხვა გადაცემებისგან, წინასაარჩევნო პერიოდში იყო პლატფორმა ხელისუფლების ანტიდასავლური და ოპოზიციის დისკრედიტაციის შემცველი ნარატივების გასავრცელებლად. გადაცემის წამყვანი არ მალავდა თავის უარყოფით დამოკიდებულებას პრეზიდენტისა და ოპოზიციური პარტიების მიმართ.

       ოპოზიციური ტელეარხების უმრავლესობას არჩეული აქვს მკვეთრად ანტისახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკა. ხშირ შემთხვევაში, ჟურნალისტები პოზიციონირებენ, როგორც პოლიტიკური პროცესის მონაწილეები. ეს განსაკუთრებით ეხება ქვეყნის საგარეო კურსის საკითხს. აღნიშნულ პროცესს ხელი შეუწყო მედიის მიმართ ხელისუფლების ანტაგონისტურმა პოლიტიკამ. მარგინალიზებისა და უცხოეთის გავლენის აგენტებად გამოცხადების მცდელობებმა მედიისთვის კიდევ უფრო მეტად მტრული გარემო შექმნა და ჟურნალისტები პოლიტიკური პროცესის უშუალო მონაწილეებად აქცია.

       მცირე გამონაკლისის გარდა, ფაქტობრივად, ნორმად არის დამკვიდრებული ტოქშოუების წამყვანებისა და სტუმრების მხრიდან პოლიტიკური ოპონენტების ლანძღვა, პერსონალური შეურაცხყოფა.

       ოპოზიციურ ტელეარხებზე ტოქშოუების მთავარი სარედაქციო ხაზი ხელისუფლების კრიტიკა იყო. მონიტორინგის პერიოდში, მცირე გამონაკლისის გარდა, არ გამართულა ოპოზიციური პარტიების საარჩევნო დაპირებების დეტალური, კრიტიკული განხილვა და საგნობრივი მსჯელობა, არ გაკეთებულა ანალიზი.

       არ გამართულა დებატები თავად ოპოზიციურ პარტიებს შორისაც კი. მაყურებელს არ მიეცა საშუალება, კონკურენტულ გარემოში გამართული დებატების ფორმატში ერთმანეთისთვის შეედარებინა ოპოზიციური პარტიების პოლიტიკური ხედვები სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე, რაც მას უფრო მეტად ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარებოდა; აღნიშნული კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს იმ ფონზე, როცა ხელისუფლება თავად არ მონაწილეობს დებატებში და მუდმივად ცდილობს, ოპოზიციური პარტიები წარმოაჩინოს როგორც ერთიანი ძალა, .. „კოლექტიური ნაცმოძრაობა და წაშალოს ზღვარი ამ პარტიებს შორის.

       ოპოზიციური ტელევიზიები ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას სთავაზობდნენ პლატფორმას მათი გზავნილების კრიტიკის გარეშე გასავრცელებლად, არ იყო საკითხების კრიტიკული ანალიზი, წამყვანები და პოლიტიკოსები მაყურებლის წინაშე, ძირითადად, თანამოაზრეებად პოზიციონირებდნენ.

 

პრეს-რელიზი ქართულ ენაზე იხილეთ აქ
პრეს-რელიზი ინგლისურ ენაზე იხილეთ აქ

ანგარიშის სრული ვერსია ქართულ ენაზე იხილეთ აქ
ანგარიშის სრული ვერსია ინგლისურ ენაზე იხილეთ აქ