გენდერულად მგრძნობიარე გაშუქება კონფლიქტებისა და ომის დროს
10.10.2023

საზოგადოებრივი აზრის, მათ შორის, ქალებისა და კაცების შესახებ წარმოდგენების ჩამოყალიბებაში მედია მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ქალებისა და კაცების რაოდენობა თითქმის თანაბარია, ჟურნალისტები გაცილებით ნაკლებად აშუქებენ ქალებს და ამბებს ქალების პერსპექტივიდან.

ეს დამოკიდებულება მსგავსია ყველა სფეროში და თავს იჩენს კონფლიქტებისა და ომის გაშუქების დროსაც. საზოგადოება იმდენად მიჩვეულია ომისა და შეიარაღებული კონფლიქტების ტრადიციულ გაშუქებას, რომ ნაკლებად აქცევს ყურადღებას, რამდენად დომინირებენ მასში კაცები. ქალები თითქმის შეუმჩნეველნი არიან. თუ ისინი ჟურნალისტურ მასალაში მოხვდნენ, უმეტესად ეს ხდება ფონზე მომტირალი ქალის გამოჩენის სახით. ასევე, უფრო მეტად საუბრობენ ქალებზე და ნაკლებად ალაპარაკებენ, ან/და უსმენენ მათ.

უკრაინელი ჟურნალისტის, ლუბა კასოვასა და აშშ-ში ავღანეთის ყოფილი ელჩის, ქსანტე შარფის მიერ Foreign Policy-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში1 , “უკრაინელი ქალები ფრონტის ხაზზე, მაგრამ არა სათაურებში”, ვკითხულობთ, რომ როგორც მონაცემთა ანალიზმა აჩვენა, იმ რესპონდენტებს შორის, რომლებიც უკრაინის ომთან დაკავშირებით საუბრობენ, მხოლოდ 23%-ია ქალი. აქ მოიაზრება როგორც ექსპერტები, ასევე, წყაროები, ჟურნალისტური მასალის მთავარი გმირები და ა.შ.

ძალიან ხშირად, კონფლიქტების გაშუქებისას, არ არის გათვალისწინებული გენდერული პრობლემატიკა, უარეს შემთხვევაში კი, მედია აძლიერებს გენდერულ სტერეოტიპებს. ომისა და კონფლიქტების დროს ქალები არ არიან უბრალოდ დამკვირვებლები. მათ მნიშვნელოვანი როლი აქვთ, მათ შორის, კონფლიქტების დარეგულირებაში, მშვიდობის მშენებლობაში. ჟურნალისტები ვალდებულნი არიან, ყურადღება მიაქციონ იმას, რომ კონფლიქტის ანალიზის დროს ქალების ხმები და შეხედულებები გათვალისწინებული იყოს.

ამ სახელმძღვანელოს მიზანია, ჟურნალისტური მასალების მომზადებისას მედიამ გაითვალისწინოს გენდერული ასპექტი, ასახოს ქალების ცხოვრება კონფლიქტურ და პოსტკონფლიქტურ სიტუაციებში, გაითვალისწინოს მათი მთელი სპექტრი, ასევე, გავლენა კონფლიქტებსა და ცხოვრებაზე.

გარდა ამისა, დოკუმენტში არის რეკომენდაციები რედაქციებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, რათა ომისა და კონფლიქტების დროს მედიის მუშაობა იყოს უსაფრთხო და უფრო ეფექტიანი.

ჩამოტვირთეთ დოკუმენტი - გენდერულად მგრძნობიარე გაშუქება კონფლიქტებისა და ომის დროს.