სიახლეები

საინფორმაციო სააგენტოს CNews და გაზეთის „ქრონიკა პლიუსის“ დამფუძნებლის, ელისო კილაძის განცხადებით, ის და მისი ჟურნალისტური კოლექტივი 8 იანვრიდან ვერ ახერხებს გურამ ფანჯიკიძის ქუჩაზე მდებარე ოფისში შესვლას. გათიშულია ასევე CNews საიტი. ამ მისამართზე შესვლისას მკითხველს ხვდება წარწერა: „გადაუხდელობის გამო ვებგვერდი დროებით არააქტიურია“. ელისო კილაძე მსგავსი დავალიანების არსებობას უარყოფს. მომხდარში ელისო კილაძე ყოფილ ბიზნეს პარტნიორს, იმ ბიზნეს ცენტრის მფლობელს, რომელშიც მედიასაშუალებების ოფისია განთავსებული, ადანაშაულებს და ამბობს, რომ ამ ყოფილი ბიზნეს პარტნიორის და მისი ნდობით აღჭურვილი პირის ქმედებების გამო მის ორივე მედიასაშუალებას მუშაობაში ხელი ეშლება. შედეგად, ორშაბათს ვერ გამოვა „ქრონიკა პლიუსის“ მორიგი ნომერი. ელისო კილაძე შექმნილ პრობლემას ყოფილ ბიზნეს პარტნიორთან უთანხმოებას უკავშირებს, რაც, მისი შეფასებით, შეიძლებოდა გამხდარიყო სამოქალაქო დავის საგანი, მაგრამ არა საოფისე ფართიდან მათი აღსრულების მექანიზმით გამოძევების საფუძველი. 

ელისო კილაძე ხაზს უსვამს, რომ საოფისე კომპიუტერებსა და ელექტრონულ მოწყობილობებში ინახება კონფიდენციალური ინფორმაცია. ოფისში ინახება გაზეთ „ქრონიკა პლიუსის” არქივიც. ელისო კილაძემ არ იცის, ამჟამად მედიასაშუალებების ოფისში რა მდგომარეობაა - გატეხილია თუ არა ოფისის კარი და მიიღეს თუ არა უცხო პირებმა წვდომა მედიასაშუალებების კუთვნილ კომპიუტერებზე. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, დროულად დაინტერესდნენ ამ შემთხვევით და დაუყოვნებლივ უზრუნველყონ, რომ CNews და გაზეთის „ქრონიკა პლიუსის“ ჟურნალისტურ კოლექტივს მიეცეს წვდომა მათ სამუშაო სივრცეზე, არ დაზიანდეს მათი კუთვნილი კომპიუტერები და მათ კუთვნილ ელექტრონულ მოწყობილობებში დაცულ ინფორმაციაზე წვდომა არ მიიღონ გარეშე პირებმა. საჭიროების შემთხვევაში აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის გამო.

 
09.01.2026

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას განცხადებით მომართა რამაზ სამხარაძემ, შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა, ტელეკომპანია “იმედის” გადაცემის “იმედის კვირა” ავტორის და წამყვანის, ირაკლი ჩიხლაძის, და ამავე ტელეკომპანიის ჟურნალისტების ანუკი გუმბერიძისა და სანდრო გამსახურდიას წინააღმდეგ. 


2025 წლის  30 ნოემბერს ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, გადაცემა “იმედის კვირაში” გავიდა სიუჟეტი “უცხოური სპეცსამსახურების მედიაქსელი”. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ სიუჟეტში ის და მისი მედიაორგანიზაცია (რადიო თბილისი) უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად წარმოაჩინეს როგორც “უცხოური გავლენის აგენტები” და “უცხოური სპეცსამსახურების ინტერესების გამტარებელი/მართული სტრუქტურა”, 


განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (სიზუსტე), მე-3 (დადასტურებული წყარო) და მე-5 (შესწორება) პრინციპების დარღვევაზე.


მოპასუხე ჟურნალისტებად განმცხადებლის მხრიდან განისაზღვრნენ ირაკლი ჩიხლაძე, ანუკი გუმბერიძე და სანდრო გამსახურდია. 


ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრინციპები.

 
09.01.2026

13 დეკემბერს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ქარტიის წევრთა საერთო კრებაზე „ქარტიის პრიზი 2025“-ის გამარჯვებულები გამოავლინა. 

ნამუშევრები წინასწარ გამოცხადებული კრიტერიუმების მიხედვით შეაფასა დამოუკიდებელმა ჟიურიმ. 

2025 წელს ქარტიამ კონკურსი მეცამეტედ ჩაატარა და ამჯერად ქარტიის პრიზი 4 კატეგორიაში გაიცა. 

ფოტო/ფოტორეპორტაჟი ონლაინ და ბეჭდურ მედიაში: მინდია გაბაძე

სტატია/მულტიმედია სტატია ონლაინ მედიაში: ნათია ამირანაშვილი 

სიღრმისეული ან საგამოძიებო ნამუშევარი: სტუდია „მონიტორი“

ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის გაშუქება: ნასტასია არაბული 

პირველ სამ კატეგორიაში პრიზი დააწესა საკუთრივ ეთიკის ქარტიამ, ხოლო ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის გაშუქებაში პრიზი ეთიკის ქარტიამ გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით. 

მედიის ადვოკატირების კოალიციამ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასთან თანამშრომლობით, ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პრიზი გადასცა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს მზია ამაღლობელს. 

15.12.2025

ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური საერთო კრების მონაწილეები, ჩვენი პროფესიული გაერთიანების სახელით მივმართავთ ქვეყანაში მოქმედ შესაბამის ინსტიტუციებს ჩვენი კოლეგის, „ბათუმელებისა და ნეტგაზეთის თანადამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის, გათავისუფლების მოთხოვნით, რათა მას მიეცეს საშუალება, მიიღოს კვალიფიციური სამედიცინო დახმარება

 

12 იანვარს სრულდება ერთი წელი, რაც მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის წესითაა დაკავებული და უკანონო პატიმრობაში იმყოფება. კრიტიკული მედიის ხელმძღვანელის საქმე პოლიტიკური დევნისა და საპოლიციო ანგარიშსწორების კლასიკურ ნიმუშს წარმოადგენს, რაც მზია ამაღლობელმა 38-დღიანი შიმშილობით გააპროტესტა. უკანონო იყო მზია ამაღლობლის ადმინისტრაციული წესით დაკავებაც, რომელიც სასამართლომ შემდგომში მთელი რიგი დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების მისაღებად გამოიყენა

 

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მზია ამაღლობლის საქმეს სამართლიანად განიხილავს და გულდასმით შეისწავლის ყველა იმ გარემოებას, რაც ქართულმა სასამართლომ  არ გაითვალისწინა

 

არაადამიანურმა მოპყრობამ დაკავებისას, უკანონო პატიმრობამ, გახანგრძლივებულმა, დამღლელმა და უსამართლობით გაჯერებულმა სასამართლო პროცესმა, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობა საფუძვლიანად შეარყია

 

მზია ამაღლობელს სამედიცინო დიაგნოზის გამო მარცხენა თვალში მხედველობა პრაქტიკულად დაკარგული აქვს. ამ თვალით ის შუქ-ჩრდილების გარჩევას თუ ახერხებს. მარჯვენა თვალში მხედველობა მინიმუმამდე არის შემცირებული

 

მართალია, მარჯვენა თვალში მხედველობის კორექტირება სათვალით ჯერ კიდევ არის შესაძლებელი, მაგრამ საბაზისო გამოკვლევებიც კი, რაც მზია ამაღლობელს პატიმრობის პერიოდში ჩაუტარდა, ნათლად მიუთითებს მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუარესებაზე

 

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი გახდა, მზია ამაღლობელს მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები მხოლოდ გასულ ხუთშაბათს ჩაუტარდა ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც სათანადოდაა აღჭურვილი. იმედი გვაქვს, ვიდრე მზია ამაღლობელი უკანონოდ არის გამოკეტილი საპატიმრო დაწესებულებაში, მისთვის ხელმისაწვდომი იქნება ამ კვლევების საფუძველზე დანიშნული მკურნალობა.

 

მზია ამაღლობელი საქართველოს ჟურნალისტური თემის მრავალმხრივ გამორჩეული წევრია. მისი წვლილი ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში და პროფესიული სტანდარტების დამკვიდრებაში შეუფასებელია. მზია ამაღლობელის ძალისხმევა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად აღიარებულია საქართველოს გარეთაც. წელს ის გახდა არაერთი საერთაშორისო პრესტიჟული პრემიის ლაურეატი, რომელთა შორისაა ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო - სახაროვის პრემია

 

მზიას ამაღლობელის პატიმრობაში დატოვება განგრძობითი სირცხვილია ქართული სახელმწიფოსთვის და იმ პოლიტიკური ძალისთვის, რომელიც მას მართავს

 

მზია ამაღლობელი 25 წელზე მეტია არის მოქალაქეების ხმა ძალაუფლების მქონეთა საპირწონედ. მზია ამაღლობელი, უკიდურესად მტრულ გარემოში, უშიშრად და დაუღალავად იცავდა ყველას, ვისი უფლებებიც ირღვეოდა და ვისაც დევნიდნენ და ავიწროებდნენ. მზია საკუთარი ხელით და მძიმე შრომით ქმნიდა ისეთ საქართველოს, როგორში ცხოვრებაზეც ყველანი ვოცნებობთ - დემოკრატიულს, ჰუმანიზმისა და თანასწორობის იდეალებით შთაგონებულს, ქვეყანას კარგი მმართველობითა და სოციალური სამართლიანობით

 

სანამ მზია ამაღლობელი პატიმრობაშია, ჩვენი თავისუფლებაც შეზღუდულია

გაათავისუფლეთ მზია ამაღლობელი და დაუბრუნეთ საზოგადოებას პასუხისმგებლიანი მოქალაქე, ხოლო პროფესიულ თემს - კეთილსინდისიერი პროფესიონალი, ერთგული კოლეგა და მეგობარი.

 

 

15.12.2025

13 დეკემბერს ქარტიის ყოველწლიური, რიგით მეჩვიდმეტე საერთო კრება გაიმართა. კრებაზე ანგარიშით წარდგნენ ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე ნანა ბიგანიშვილი, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე კამილა მამედოვა და ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი ლია ჩახუნაშვილი. 

საერთო კრებაზე გამოვლინდნენ ქარტიის პრიზის 2025 გამარჯვებულებიც.

გარდა ამისა, საერთო კრებაზე, მედიის ადვოკატირების კოალიციამ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასთან თანამშრომლობით, ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პრიზი გადასცა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს მზია ამაღლობელს. 

ქარტიის ყოველწლიური კრების მონაწილეებმა მიიღეს მიმართვა ქვეყანაში მოქმედი შესაბამისი ინსტიტუციების მიმართ უკანონო პატიმრობაში მყოფი კოლეგის, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის, გათავისუფლების მოთხოვნით, რათა მას მიეცეს საშუალება, კვალიფიციური სამედიცინო დახმარება მიიღოს.   

საერთო კრებაზე საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრებმა საბჭოს სამი ახალი წევრი აირჩიეს, თითოეული სამწლიანი ვადით. 

საბჭოს წევრები გახდნენ:

თბილისის ქვოტით - ნათია ამირანაშვილი („პუბლიკა“)

რეგიონების ქვოტით - ლელა დუმბაძე („ბათუმელები“, ბათუმი) და თემო ინასარიძე (ფრილანსერი, ახალციხე).

ქარტიის საბჭოში სულ 9 წევრია, 6 წევრი რეგიონულ მედიას წარმოადგენს, 3 კი თბილისს. საბჭოს წევრად ყოფნის ვადა ამოეწურათ თბილისის ქვოტით ნინო რამიშვილს, ხოლო რეგიონის ქვოტით საბა წიწიკაშვილს და ვლადიმერ  ჩხიტუნიძეს. 

საბჭოს თავმჯდომარედ ყოფნის ვადა ამოეწურა ნანა ბიგანიშვილს. საბჭოს ახალმა შემადგენლობამ თავმჯდომარედ თიკო ზაზაძე აირჩია, ერთწლიანი ვადით. 

საბჭოს ახალი შემადგენლობა ასეთია: 

თიკო ზაზაძე (თავმჯდომარე)

ნათია ამირანაშვილი 

ნანა ბიგანიშვილი 

ნინო გელაშვილი

თიკო დავაძე

ლელა დუმბაძე

თემო ინასარიძე

ნინო კაპანაძე

ირაკლი მსხილაძე

კრებაზე საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრებმა სარევიზიო კომისიის სამი ახალი წევრი აირჩიეს, თითოეული სამწლიანი ვადით. სარევიზიო კომისიის წევრები გახდნენ თამარ რუხაძე, ცქრიალა შერმადინი და თინათინ დვალიშვილი. სარევიზიო კომისიის წევრად ყოფნის ვადა ამოეწურათ კამილა მამედოვას, ნინო შუბითიძეს და მალხაზ რეხვიაშვილს. სარევიზიო კომისიის ახალმა შემადგენლობამ თავმჯდომარედ თინათინ დვალიშვილი აირჩია. 



15.12.2025

1  დეკემბერს საბჭომ განიხილა ია როდამი ფარულავას განცხადება ტელეკომპანია “იმედის”, ინტერნეტმედიების - “კვირას”, “ლიდერის”, “ნიუსჰაბის”, “ექსკლუზივნიუსის”, “დაიჯესტის”, “რეზონანს დეილის”, “ინფოფოსტალიონის”, “ენესპი ჯის” და “ექსკლუზივტივის” წინააღმდეგ. 


სადავო მასალები, რომლებშიც ია ფარულავა ძალადობრივი აქციების ორგანიზებასა და მსგავსი აქციების ჩასატარებლად უცხო ქვეყნებიდან დავალებების მიღებაშია დადანაშაულებული, 21 აგვისტოს მოპასუხე მედიებმა თითქმის ერთდროულად გაავრცელეს. 


განმცხადებელი დავობდა ქარტიის პირველი (სიზუსტე), მე-7 (დისკრიმინაცია) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე.


განხილვის პროცესში განმცხადებელმა სრულად მოხსნა პრეტენზია “რეზონანსი დეილის” მიმართ. 


მოპასუხე მხარეებს სხდომაში მონაწილეობა არ მიუღიათ. 


საქმეზე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება. 
11.12.2025

1 მაისს ქარტიის საბჭომ განიხილა გიგა გელხვიიძის განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტის, ქეთევან ბოლქვაძის, წინააღმდეგ. 


სადავო მასალა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გადაცემის “მთავარი” პირდაპირ ეთერში 2025 წლის 14 იანვარს გავიდა. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ის გადაცემის წამყვანმა ჰომოფობიური და შეურაცხმყოფელი ტერმინებით მოიხსენია.


განმცხადებლი დავობდა ქარტიის პირველი (სიზუსტე), მეხუთე (შესწორება), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მე-10 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპების დარღვევაზე.


მოპასუხე მხარეს სხდომაში მონაწილეობა არ მიუღია. განცხადებასთან დაკავშირებით ჟურნალისტს საკუთარი პოზიცია არც წერილობით წარმოუდგენია. 


საქმეზე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება. 
11.12.2025

„ტვ პირველის“ ინფორმაციით 22 ნოემბერს, საღამოს, პოლიციამ, აქციაზე დააკავა მისი ჟურნალისტი გიორგი მამნიაშვილი. “ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის თქმით, ამ დროს გიორგი მამნიაშვილი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და ადგილზე პირდაპირ ჩართვაზე  მყოფი ჯგუფის პარალელურად მუშაობდა. 


გიორგი მამნიაშვილთან კავშირი რედაქციამ 22:30 წუთზე დაკარგა. დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე ჟურნალისტმა რედაქციას აქტივისტების დაკავების კადრები გაუგზავნა. 


გიორგი მამნიაშვილს ეძებდნენ, ხოლო შსს-ს პრესსამსახური „ტვ პირველს“ მის დაკავებას არ უდასტურებდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ დაკავებული ჟურნალისტი პოლიციამ დიღმის იზოლატორში გადაიყვანა. 


ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შსს-ს მოუწოდებს, პასუხისმგებლობა აიღოს საპოლიციო თავნებობაზე, გამოავლინოს და შესაბამისად დასაჯოს პოლიციელები, რომლებიც ჟურნალისტებს აქციების გაშუქებაში ხელს უშლიან და, ზოგიერთ შემთხვევაში, აკავებენ კიდეც მათ. პოლიციის მხრიდან ჟურნალისტების მიმართ ამგვარი დამოკიდებულება სრულიად მიუღებელია და ის მედიაზე ზეწოლის იმ კოორდინირებული სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს, რომლის საბოლოო მიზანი საზოგადოების სანდო და მიუკერძოებელი, ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციისა და ანალიზის გარეშე დატოვებაა.  


ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს გიორგი მამნიაშვილს და ყველა ჟურნალისტს, რომელთა პროფესიული უფლებები პოლიციამ ბოლო წლის განმავლობაში პროევროპული აქციების გაშუქებისას შელახა.  

 
28.11.2025


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას განცხადებით მომართა ია როდამი ფარულავამ ტელეკომპანია “იმედის”, ინტერნეტმედიების - “კვირას”, “ლიდერის”, “ნიუსჰაბის”, “ექსკლუზივნიუსის”, “დაიჯესტის”, “რეზონანს დეილის”, “ინფოფოსტალიონის”, “ენესპი ჯის” და “ექსკლუზივტივის” წინააღმდეგ.

 

სადავო მასალები, რომლებშიც ია ფარულავა ძალადობრივი აქციების ორგანიზებასა და მსგავსი აქციების ჩასატარებლად უცხო ქვეყნებიდან დავალებების მიღებაშია დადანაშაულებული, 21 აგვისტოს მოპასუხე მედიებმა თითქმის ერთდროულად გაავრცელეს. 


განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (სიზუსტე), მე-7 (დისკრიმინაცია) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე.


მოპასუხედ განმცხადებლის მხრიდან განისაზღვრა ზემოთ ჩამოთვლილი მასალების გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი ჟურნალისტები. 


ქარტიის საბჭო განცხადებას განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტებში ქარტიის პრინციპები.

სხდომა წარიმართება ონლაინ რეჟიმში, პლატფორმა ZOOM-ის მეშვეობით. საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება. სხდომაზე დასწრებისთვის საჭირო მონაცემების მისაღებად, მოგვწერეთ მეილზე: ethicscharter@gmail.com

 
28.11.2025

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას განცხადებით მომართა გიგა გელხვიიძემ “რუსთავი2”-ის არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ.


2025 წლის 26 სექტემბერს სამაუწყებლო  კომპანია “რუსთავი2”-მა თავის ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოაქვეყნა ქარდი, სადაც საუბარი იყო იარაღის უკანონო ტარების გამო არასრულწლოვნის დაკავების შესახებ. 


განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (სიზუსტე), მე-3 (დადასტურებული წყარო), მე-4 (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები), მე-5 (შესწორება), მე-8 (ბავშვის უფლებები) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე.


მოპასუხე ჟურნალისტად განმცხადებლების მხრიდან განისაზღვრა “რუსთავი2”-ის არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი. 


ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრინციპები.

 
21.11.2025

19 ნოემბერს, ქარტიის საბჭომ განიხილა დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადება ჟურნალისტ ელისო კილაძის წინააღმდეგ.

სადავო მასალა გაზეთ “ქრონიკა +-ში” 11 აგვისტოს გამოქვეყნდა სათაურით “ექსკლუზიური ინტერვიუ თეკლა კუბლაშვილთან”.  განსახილველი საკითხი უკავშირდება მონაზონ თეკლა კუბლაშვილის კონფლიქტს სასულიერო პირებთან, და ამ კონფლიქტში დიმიტრი ლორთქიფანიძის შესაძლო მონაწილეობას.

განმცხადებელი დავობდა ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე. საბჭომ ორივე  დარღვეულად მიიჩნია. 

მოპასუხე მხარეს სხდომაში მონაწილეობა არ მიუღია. განცხადებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტს საკუთარი პოზიცია არც წერილობით წარმოუდგენია.

საქმეზე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
20.11.2025

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ოთხშაბათს, 19  ნოემბერს, 19:00 საათზე, განიხილავს დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებას გაზეთ “ქრონიკა პლიუსის“ ჟურნალისტის და რედაქტორის ელისო კილაძის წინააღმდეგ.

 

სადავო სტატია დაიბეჭდა გაზეთ “ქრონიკა პლიუსის” 2025 წლის 11 აგვისტოს ნომერში სათაურით: “ექსკლუზიური ინტერვიუ თეკლა კუბლაშვილთან”.


განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე.


მოპასუხედ განმცხადებლის მხრიდან განისაზღვრა ელისო კილაძე.


ქარტიის საბჭო განცხადებას განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრინციპები.

სხდომა წარიმართება ონლაინ რეჟიმში, პლატფორმა ZOOM-ის მეშვეობით. საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება. სხდომაზე დასწრებისთვის საჭირო მონაცემების მისაღებად, მოგვწერეთ მეილზე: ethicscharter@gmail.com
17.11.2025

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.