საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ ტელეკომოანია „იმედის” ჟურნალისტის თამარ შარიქაძის წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია „საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის ქსელი".
სადავო მასალა 2024 წლის 5 აპრილს გავიდა ეთერში.
განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტმა ინფორმაცია მანიპულაციურად და არასწორად გააშუქა.
განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეხუთე (შესწორება) და მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპის დარღვევაზე.
ქარტიის საბჭო განცხადებებს ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპი.
18 აპრილს რადიო „ნორის“ ჟურნალისტი მარტინ აროიანი ქალაქ ნინოწმინდის მერიაში არ შეუშვეს. ჟურნალისტს ჰქონდა კითხვები ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებთან იმ ინფორმაციის მოსაპოვებლად, რაც მას საკითხის ამომწურავად გაშუქებაში დაეხმარებოდა. როდესაც ჟურნალისტმა მიზეზი იკითხა, დაცვამ მას უთხრა, რომ ასეთი ბრძანება აქვს მიღებული.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რადიო „ნორის“ ჟურნალისტები ნინოწმინდის მერიის შენობაში არ შეუშვეს. დღის ბოლომდე შენობაში ვერ შევიდნენ ჟურნალისტები 11 აპრილსაც. მათ სურდათ, შენობაში მიმდინარე სისხლის დონაციის პროცესი გაეშუქებინათ. მოგვიანებით ჟურნალისტებს მერის მოადგილე შეხვდა და განუმარტა, რომ, როცა მათ მერიაში შესვლა სურთ, ამის თაობაზე ისინი წინასწარ PR-ის სამსახურს უნდა შეუთანხმდნენ. 11 აპრილს ჟურნალისტებმა საბოლოოდ შეძლეს სისხლის დონაციის პროცესის გაშუქება.
ქარტია მოუწოდებს ნინოწმინდის მერიას, ჟურნალისტებს საჯარო შენობაზე წვდომა არ შეუზღუდოს, მით უფრო მაშინ, როდესაც ჟურნალისტი აშუქებს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, რაც მათ საცხოვრებელ გარემოს და ყოველდღიურობას ეხება.
2024 წლის 17 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ონლაინგამოცემების „პუბლიკის" ჟურნალისტს ალექსანდრე ქეშელაშვილს, სცემეს “აპრილის” ჟურნალისტი გიორგი ბასხაჯაური, და “ტაბულას” ჟურნალისტი გიორგი ბადრიძე.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეშფოთებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მიერ ონლაინმედიის ჟურნალისტებზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის, ჰომოფობიური შინაარსის შემცველი მუქარებისა და პროფესიული საქმიანობის შესრულებაში უკანონოდ ხელის შეშლის გამო.
ქარტია მოუწოდებს საქართველოს გენერალურ პროკურატურას და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიონ ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები. ქარტია მიიჩნევს, რომ მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ განხორციელებული თითოეული ასეთი ქმედება ახალისებს ძალადობას და საგანგაშოდ სახიფათოს ხდის ჟურნალისტების სამუშაო გარემოს. დამატებით, ონლაინმედიის ჟურნალისტების ისედაც მძიმე უფლებრივ მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუარესებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ ბოლო სამ დღეში მიღებული, სრულიად უკანონო და დისკრიმინაციული გადაწყვეტილებები, რის შედეგადაც ონლაინმედიის რეპორტიორებს რუსული კანონის განხილვაზე პარლამენტის შენობაში არ უშვებენ.
15 აპრილს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში ჩანიშნული რუსული კანონის განხილვის მიმართ საჯარო ინტერესი გამორჩეულად მაღალია. ამ დროს კი, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის, 14 აპრილის გადაწყვეტილებით, სხდომას ვერ ესწრებიან ონლაინ მედიის პარლამენტში აკრედიტირებული ჟურნალისტები, რომელთაც უფლებები პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების დაცვის მოტივით შეეზღუდათ.
პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გამოცხადებული უსაფრთხოების ე.წ „ყვითელი დონის“ პირობებში პარლამენტის შენობაში მიმდინარე ღონისძიებებზე წვდომას მხოლოდ ტელემედიაში მომუშავე აკრედიტებული ჟურნალისტები ინარჩუნებენ.
ქარტია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, პატივი სცეს საზოგადოების უფლებას, იყოს ინფორმირებული მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების თაობზე პარლამენტში მიმდინარე დისკუსიაზე, უარი თქვას დისკრიმინაციულ პრაქტიკაზე ონლაინ ონლაინ მედია საშუალებების მიმართ და მისცეს მათ საშუალება, პარლამენტში 15 აპრილს დაგეგმილ საკომიტეტო განხილვას დაესწრონ, ასევე, პარლამენტის შენობაში შექმნას ჟურნალისტებისთვის ხელშემწყობი სამუშაო პირობები, რათა მათ თავიანთი პროფესიული მოვალეობის სრულფასოვნად განხორციელება შეძლონ.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე ონლაინ პლატფორმისთვის „მედიაჩეკერი.
სამუშაო დატვირთვა: პროექტების მიხედვით.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ჟურნალისტთა თვითრეგულირების ორგანოა. ის პროფესიული და ეთიკური სტანდარტების დანერგვით ხელს უწყობს მედიის საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ამაღლებას. „მედიაჩეკერი“ ქარტიის ონლაინ პლატფორმაა, რომლის გამოყენებითაც ორგანიზაცია ქმნის სადისკუსიო სივრცეს პროფესიული საკითხების განსახილველად, მედიის საქმიანობისა და მედია პროდუქტების კრიტიკული თვალით შესაფასებლად და მიმდინარე ტენდენციების ანალიზისთვის.
ძირითადი მოვალეობები
სოციალური მედიის მენეჯერმა „მედიაჩეკერის“ რედაქტორის უშუალო ხელმძღვანელობით უნდა მართოს „მედიაჩეკერის“ ციფრულ პლატფორმები („მედიაჩეკერის“ ვებსაიტი, გვერდი ფეისბუქზე, ინსტაგრამზე, ტიკ-ტოკზე) და იზრუნოს მათ განვითარებაზე.
კერძოდ, სოციალური მედიის მენეჯერმა:
· სარედაქციო გუნდთან ერთად უნდა დაგეგმოს კონტენტი სოციალური მედიისთვის;
· ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებით, როგორიცაა Google Analytics და სხვა, გააანალიზოს აუდიტორია და მოამზადოს ანგარიშები;
· ციფრულ პლატფორმებზე გამოაქვეყნოს სხვათა ავტორობით შექმნილი მასალები;
· თავადაც მოამზადოს და სარედაქციო გუნდთან შეთანხმებით გამოაქვეყნოს სოციალური მედიისთვის განკუთვნილი მასალები, მათ შორის, ქარდები, პოსტერები და სთორები.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
· უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკაში ან მომიჯნავე სფეროში.
· უნდა ჰქონდეს მედიასაშუალებაში სოციალური მედიის მენეჯერად მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება.
· კარგად უნდა იცნობდეს ციფრულ ინსტრუმენტებს, რაც გამოიყენება სოციალური მედიის აუდიტორიის ანალიზისთვის.
· უნდა ჰქონდეს აუდიო, ფოტო და ვიდეომასალაზე მუშაობის კარგი უნარები (გადაღება, მონტაჟი) და შეეძლოს კონტენტის წარმოება სოციალური მედიის პლატფორმებისთვის.
· უნდა შეეძლოს გუნდურად მუშაობა.
ანაზღაურება შეთანხმებით.
დაინტერესებულმა პირებმა 2024 წლის 20 აპრილამდე გამოგზავნეთ CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე ethicscharter@gmail.com
ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აცხადებს ვაკანსიას ქარტიის საბჭოს მდივნის პოზიციაზე
სამუშაო დატვირთვა: პროექტების მიხედვით
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ჟურნალისტთა თვითრეგულირების ორგანოა. ის პროფესიული და ეთიკური სტანდარტების დანერგვით ხელს უწყობს მედიის საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ამაღლებას. ქარტიის საბჭოს სამდივნო არის საბჭოსთან არსებული ორგანო, რომელიც საბჭოს საქმიანობაში ტექნიკურ დახმარებას უწევს, მათ შორის, არეგისტრირებს განცხადებებს, ორგანიზებას უწევს საქმეების განხილვას, გამოსაქვეყნებლად ამზადებს საბჭოს გადაწყვეტილებებს და ასრულებს საბჭოს თავმჯდომარის სხვა დავალებებს.
ძირითადი მოვალეობები
· დაეხმაროს საბჭოს მთავარ მდივანს საქმეების წარმოებაში.
· საბჭოს მთავარი მდივნის მითითების საფუძველზე:
o დაამყაროს სამუშაო ურთიერთობები განსახილველი საქმის მხარეებს შორის, ასევე განსახილველი საქმის მხარეებსა და ქარტიის საბჭოს შორის;
o მოამზადოს ქარტიის საბჭოს სხდომებისთვის საჭირო დოკუმენტაცია;
o ორგანიზება გაუწიოს საბჭოს სხდომებს;
o მოამზადოს ქარტიის საბჭოს სხდომის ოქმები;
o მოამზადოს ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებები;
· დაეხმაროს საბჭოს მდივანს ქარტიის წევრთა საერთო კრების მომზადებაში;
· მონაწილეობა მიიღოს შეხვედრებში ქარტიის პოპულარიზაციის მიზნით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
· უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება სამართალმცოდნეობაში, ჟურნალისტიკაში ან მომიჯნავე სფეროში.
· უნდა იცოდეს, რა გამოწვევების წინაშე დგას მედია საქართველოში და უნდა ესმოდეს მედიის თვითრეგულირების როლი და მნიშვნელობა.
· უნდა ჰქონდეს კვლევის კარგი უნარი.
· უნდა წერდეს კარგად.
· უნდა ჰქონდეს კომუნიკაციის კარგი უნარი.
· უნდა ჰქონდეს პრეზენტაციის კარგი უნარი.
· უნდა შეეძლოს გუნდურად მუშაობა.
· სასურველია იცოდეს ინგლისური.
ანაზღაურება: 700 ევრო დარიცხული.
დაინტერესებულმა პირებმა 2024 წლის 20 აპრილამდე გამოგზავნეთ CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე ethicscharter@gmail.com
ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აცხადებს ვაკანსიას ქარტიის საბჭოს მთავარი მდივნის პოზიციაზე
სამუშაო დატვირთვა: სრული შტატი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ჟურნალისტთა თვითრეგულირების ორგანოა. ის პროფესიული და ეთიკური სტანდარტების დანერგვით ხელს უწყობს მედიის საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ამაღლებას. ქარტიის საბჭოს სამდივნო არის საბჭოსთან არსებული ორგანო, რომელიც საბჭოს საქმიანობაში ტექნიკურ დახმარებას უწევს, მათ შორის, არეგისტრირებს განცხადებებს, ორგანიზებას უწევს საქმეების განხილვას, გამოსაქვეყნებლად ამზადებს საბჭოს გადაწყვეტილებებს და ასრულებს საბჭოს თავმჯდომარის სხვა დავალებებს.
ძირითადი მოვალეობები
· მიიღოს და დაარეგისტრიროს განცხადებები ქარტიის წევრი და არაწევრი ჟურნალისტების მიმართ პროფესიული სტანდარტის დარღვევის თაობაზე;
· შეამოწმოს განცხადების ფორმალური მხარე და მისი შესაბამისობა საბჭოს მიერ დადგენილ ფორმასთან;
· დაამყაროს სამუშაო ურთიერთობები განსახილველი საქმის მხარეებს შორის, ასევე განსახილველი საქმის მხარეებსა და ქარტიის საბჭოს შორის;
· მოამზადოს ქარტიის საბჭოს სხდომებისთვის საჭირო დოკუმენტაცია;
· ორგანიზება გაუწიოს საბჭოს სხდომებს;
· მოამზადოს ქარტიის საბჭოს სხდომის ოქმები;
· კონსულტაციას გაუწიოს ქარტიის საბჭოს ქარტიის წესდებისა და საქმის წარმოების წესით გათვალისწინებულ საკითხებზე;
· მოამზადოს ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებები;
· გამოაქვეყნოს საბჭოს გადაწყვეტილებები;
· მოამზადოს ქარტიის წევრთა საერთო კრება;
· მოამზადოს ქარტიის წევრთა საერთო კრების ოქმები;
· მართოს საბჭოს სხდომების და ქარტიის წევრთა საერთო კრების ლოჯისტიკა;
· მართოს ქარტიის ვებგვერდი და მასთან დაკავშირებული გვერდი სოციალურ მედიაში;
· მონაწილეობა მიიღოს შეხვედრებში ქარტიის პოპულარიზაციის მიზნით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
· უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება სამართალმცოდნეობაში, ჟურნალისტიკაში ან მომიჯნავე სფეროში.
· უნდა იცოდეს, რა გამოწვევების წინაშე დგას მედია საქართველოში და უნდა ესმოდეს მედიის თვითრეგულირების როლი და მნიშვნელობა.
· უნდა ერკვეოდეს მედიის სამართალში.
· უნდა ჰქონდეს კვლევის კარგი უნარი.
· უნდა წერდეს კარგად.
· უნდა ჰქონდეს კომუნიკაციის კარგი უნარი.
· უნდა ჰქონდეს პრეზენტაციის კარგი უნარი.
· უნდა მუშაობდეს სწრაფად და მოწესრიგებულად.
· უნდა შეეძლოს გუნდურად მუშაობა.
· კარგად უნდა იცოდეს
ინგლისური.
ანაზღაურება: $1,000 დარიცხული.
დაინტერესებულმა პირებმა 2024 წლის 20 აპრილამდე გამოგზავნეთ CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე ethicscharter@gmail.com
ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ ტელეკომოანია „POSTV”-ს ჟურნალისტების წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია პაატა ბურჭულაძე.
სადავო მასალა 2024 წლის 19 მარტს გავიდა ეთერში.
განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტებმა ინფორმაცია არასწორად გააშუქეს, გააჟღერეს ბრალდება, რაც მის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად.
განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეხუთე (შესწორება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე.
ქარტიის საბჭო განცხადებებს ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპი.
ჩვენ, ქართული დამოუკიდებელი მედიასაშუალებები, ვგმობთ და ვეწინააღმდეგებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გეგმას, პარლამენტში რუსული კანონის განხილვა განაახლოს.
რუსული კანონი არის “ქართული ოცნების” ხელისუფლების მორიგი მცდელობა, მოქალაქეებს წაართვას ხმა, გაანადგუროს დამოუკიდებელი მედია, სამოქალაქო საზოგადოება, გააჩუმოს და საჯარო პროცესებიდან გარიყოს საზოგადოების ყველაზე აქტიური ნაწილი. რუსული კანონის დაბრუნებით საქართველოს ხელისუფლებამ თავისი ძალადობრივი ბუნება კიდევ ერთხელ წარმოაჩინა. „ქართული ოცნების“ მასწავლებელი რუსეთის ხელისუფლებაა, რომლის მსგავსადაც სურს, რომ ქვეყანა მართოს დამორჩილებითა და გაკონტროლებით, ჩახშობითა და განდევნით, სიცრუითა და დემოგოგიით.
ამ კანონს ჩვენ სწრაფი ტემპით გადავყავართ მმართველობის შერეული სისტემიდან მყარად ჩამოყალიბებულ ავტორიტარიზმში, რუსული ყაიდის ქვეყანაში, სადაც ადამიანის სიცოცხლეს და ღირსებას ჩალის ფასი აქვს, სადაც გამეფებულია კორუფცია და ნეპოტიზმი, ჩაგვრა და ძარცვა-გლეჯა, სადაც აღარ დარჩა თავისუფალი მედია და სადაც მოძალადე სახელმწიფო მანქანისგან ადამიანებს ვერავინ იცავს, სადაც ადამიანებს არ აქვთ განვითარების საშუალება და ყველაზე დაფასებული თვისება მორჩილებაა.
ასეთ ქვეყანაში ცხოვრება არ გვინდა და არც ვაპირებთ!
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას საშუალებას არ მივცემთ, საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნების რეალური შანსი დაგვაკარგინოს.
წლებია, „ქართული ოცნება“ არ წყვეტს ბრძოლას განსხვავებული და კრიტიკული აზრის წინააღმდეგ, რომელიც ხშირად სწორედ ჩვენი ვებ გვერდებიდან და ეთერიდან ისმის. ამის გამო, დამოუკიდებელი მედიასაშუალებები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ერთად, ხელისუფლების უპირველეს სამიზნედ ვიქეცით.
წლებია, ჟურნალისტების მიმართ სიძულვილი იღვრება ყველაზე მაღალი ტრიბუნებიდან. ყველაზე მაღალი თანამდებობის პირები ეწევიან ჟურნალისტების დემონიზებას, შეთქმულების თეორიებით, დეზინფორმაციით და შეთხზული ისტორიებით. საქართველოს ხელისუფლება, სისტემურად და კამპანიურად ავიწროებს და დევნის ჟურნალისტებს, არ აძლევს მათ მუშაობის საშუალებას, ძალადობს მათზე სიტყვიერად და ფიზიკურად.
ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ არ ვწყვეტთ ბრძოლას ჩვენი იდეალებისთვის, ჩვენი საყვარელი პროფესიისთვის, ჩვენი ძვირფასი მკითხველის, მსმენელისა და მაყურებლისთვის, ჩვენი საყვარელი და ერთადერთი სამშობლოსთვის. ამ ბრძოლაში ჩვენს გვერდით არიან ჩვენი ქვეყნის მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები, რომელთაც ჩვენზე არანაკლებ ახარებთ ჩვენი ყოველი მიღწევა, ყოველი გამარჯვება, ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი.
ქართული დამოუკიდებელი მედია მუდმივად გრძნობდა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას, რომელთა წვლილი საქართველოში განხორციელებული ყველა მნიშვნელოვანი რეფორმის პროცესში შეუფასებელია. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არიან ჩვენი უსაფრთხოების და დამოუკიდებლობის ერთადერთი გარანტი.
საერთაშორისო პარტნიორებმა მკაფიოდ გამოხატეს, უკვე მეორედ, თავიანთი მკვეთრად უარყოფითი აზრი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ამ დამაზიანებელ და მავნებლურ ინიციატივაზე და საქართველოს ხელისუფლებას მისი უკან გაწვევისკენ მოუწოდეს.
არ მივცემთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას რუსული კანონის მიღების საშუალებას, რომ საქართველოსა და მის ნამდვილ მეგობრებს შორის ყრუ კედელი აღმართოს.
გავაძლიერებთ წინააღმდეგობას, დავიცავთ ჩვენს უფლებებს, ჩვენი მოქალაქეების უფლებებს და ჩვენი ქვეყნის უფლებას, თავისი ცივილიზაციური არჩევანის თანახმად იმოქმედოს. საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, გადავაქცევთ საქართველოს ჭეშმარიტად ევროპულ დემოკრატიად.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
სტუდია მონიტორი
რადიო მარნეული
საქართველოს ამბები/მთის ამბები
ქუთაისიპოსტი
ქვემო ქართლის მედია QvemoQartli.ge
პუბლიკა
გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი”
ალიქ მედია ჯორჯია
გურია ნიუსი
ნეტგაზეთი
ბათუმელები
სტუდია რეკ
ufleba.ge
სამხრეთის კარიბჭე - sknews.ge
On.ge
მედია აპრილი
კახეთის ხმა - knews.ge
Psnews.ge
ჩემი ხარაგაული
Newpress.ge
რადიო „ათინათი"
ინდიგო
ჯემნიუსი
TOK TV
აგროგარემო TV
Qartli.ge
მედიაჩეკერი
OC Media
ტელეკომპანია ბორჯომი
პროექტი 64
მეცხრე არხი
ტელეკომპანია კავკასია
SOVA News
მედიაჯგუფი „კონფლიქტის ზონა"
Chaikhana
Speqtri.ge
მეცხრე ტალღა
რადიო ნორი
ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრი
ტვ „ლტვ"
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ ტელეკომოანია „იმედის” ჟურნალისტების წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებლები არიან ორგანიზაციები WISG და თემიდა.
სადავო მასალები 2024 წლის 3, 17 და 28 მარტს გამოქვეყნდა.
განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტებმა ხელი შეუწყვეს ლგბტქი ადამიანების მიმართ დისკრიმინაციის წახალისებას და მანიპულაციური ინფორმაცია არაერთხელ განზრახ გაავრცელეს.
განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე.
ქარტიის საბჭო განცხადებებს ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპი.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, „მთავარი არხის” ჟურნალისტმა ია გულიაშვილმა ქარტიის მერვე (ბავშვთა უფლებები) პრინციპი დაარღვია.
მის წინააღმდეგ ქარტიას თოზუ გულმამედოვამ მომართა.
სადავო მასალა 2024 წლის 2 მარტს გამოქვეყნდა.
განმცხადებლი მიიჩნევდა, რომ მასალის მიხედვით შესაძლებელია ბავშვის იდენტიფიცირება, რაც აზიანებს არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესს. ამასთან, განმცხადებელის თქმით, ჟურნალისტმა წაახალისა დისკრიმინაცია.
განმცხადებელი დავობდა ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპზეც, რომელზეც გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული, რადგან საბჭოს წევრების ხმები გაიყო.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
„ტვ მონიტორინგის“ ცნობით, დღეს მათ ოპერატორს, თორნიკე გელიტაშვილს, რომელიც ტრანსპორტის სააგენტოს მიმდებარე ტერიტორიიდან შენობის კადრებს იღებდა, ამ დაწესებულების თანამშრომლებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალისტის ინფორმაციით, მათ ოპერატორს ჯერ ძაღლი მიუქსიეს, ხოლო შემდეგ ტელეფონი დაუზიანეს და კადრების გადაღების შესაძლებლობა არ მისცეს. “ტვ მონიტორინგის” ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინციდენტს სააგენტოს ხელმძღვანელი შეესწრო, რომელმაც ვითარების განსამუხტად არაფერი იღონა. ადგილზე მისულმა პოლიციამ გამოკითხვის შემდეგ საქმე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან გადაამისამართა.
ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, როდესაც ჟურნალისტზე სახელმწიფო უწყებებში დასაქმებული პირები ძალადობენ. ყოველი ასეთი შემთხვევა ჟურნალისტურ თემში დაუცველობის განცდას აჩენს და ზრდის რისკს, რომ საზოგადოება მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციის გარეშე დარჩება.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებს, სწრაფად და ეფექტურად გამოიძიოს ოპერატორზე თავდასხმის ფაქტი.