სიახლეები

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სხვა ძალოვან უწყებებს, საარჩევნო პროცესის მონაწილე ყველა მხარეს, მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციას, პოლიტიკურ პარტიებს და მოქალაქეებს, არჩევნების დღეს, 26 ოქტომბერს, გამოიჩინონ მაღალი პროფესიონალიზმი და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, საზოგადოების ინფორმირების საქმეში ჟურნალისტიკის განსაკუთრებული  როლის გათვალისწინებით და 2024 წლის არჩევნების თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარების მნიშვნელობიდან გამომდინარე, კანონმდებლობის სრული დაცვით იმოქმედონ, ქართველ და უცხოელ ჟურნალისტებს პროფესიული საქმიანობის სრულყოფილად განხორციელების საშუალება მისცენ.

ჟურნალისტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა სახელმწიფო ორგანოების პირდაპირი მოვალეობაა, ხოლო ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი დანაშაულია. 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია არჩევნების დღეს ჟურნალისტთა უფლებების სადარაჯოზე იდგება და დაუყოვნებლივ გამოეხმაურება ჟურნალისტების მიმართ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების ან მოქალაქეების მხრიდან განხორციელებულ ნებისმიერ ზეწოლას. 

ამგვარი შემთხვევების თაობაზე მოგვმართეთ ქარტიასა და ქარტიის ონლაინ გამოცემას - მედიაჩეკერს, ცხელი ხაზის ნომერზე: 557 992 490, ან მოგვწერეთ ჩვენს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდებზე

25.10.2024

ქარტიის საბჭომ 22 ოქტომბერს განიხილა საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს” განცხადება POSTV-ის ჟურნალისტის გურანდა ბილიხოძის წინააღმდეგ.


სადავო მედია პროდუქტი  "POSTV - ანალიტიკას" ფეისბუქ გვერდზე 11 და 13 ოქტომბერს გამოქვეყნდა და ეხებოდა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, მამუკა ხაზარაძეს. POSTV-ს მასალების მიხედვით, მამუკა ხაზარაძე მალავდა მის არაქართულ წარმომავლობას.


განმცხადებელი დავობდა ქარტიის პირველი (სიზუსტე), მეშვიდე (დისკრიმინაცია)  და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე.


მოპასუხე მხარემ საქმეზე წარმოადგინა შეპასუხება და არ დაეთანხმა განმცხადებლის პრეტენზიებს.


ქარტიის საბჭომ მიიჩნია, რომ სადავო მასალებში სამივე სადავო პრინციპი დაირღვა.



გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი გამოქვეყნდება მოგვიანებით.

 
23.10.2024

22  ოქტომბერს, საღამოს, ყოველგვარი ახნა-განმარტების გარეშე, საქართველოში არ შემოუშვეს ჩეხი/ბრიტანელი ჟურნალისტი რეი ბეისლი. ამის შესახებ ჟურნალისტმა პლატფორმა X-ზე თავად დაწერა და დახმარება ითხოვა. ბოლო შეტყობინებაში ბეისლიმ „სტუდია მონიტორს“ მისწერა, რომ ტელეფონის ჩამორთმევას უპირებდნენ, რის შემდეგაც მასთან კონტაქტი გაწყდა. „სტუდია მონიტორი“ ინფორმაციის მიღებისთანავე შეეცადა ვითარებაში გარკვევას, თუმცა უშედეგოდ. დოკუმენტში, რომელიც რეი ბეისლიმ „სტუდია მონიტორს“ გაუგზავნა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვეყანაში შემოსვლაზე უარის საფუძვლად მითითებული აქვს შემდეგი: „არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს“.

„მედიაჩეკერმა“ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. უწყების პრეს-სამსახურმა „მედიაჩეკერს“ განუმარტა, რომ ინფორმაციას  ელოდება და მისი მიღებისთანავე თავად დაუკავშირდება.

განცხადების გამოქვეყნების მომენტისთვის, ჩვენი ინფორმაციით, ჩეხი ჟურნალისტი სასაზღვრო ზონაში იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა უცხოელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვეს. მხოლოდ სექტემბერში მსგავსი საფუძვლით საზღვრის კვეთაზე უარი მიიღო ორმა უცხოელმა ჟურნალისტმა.

რეი ბეისლი საქართველოში ბოლოს გაზაფხულზე იმყოფებოდა, რა დროსაც აქტიურად აშუქებდა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებს.

რუსული კანონის შემობრუნების შემდგომ ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის სწრაფი ტემპით გაუარესებამ საქართველო მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოაქცია. ინტერესი გამორჩეულად მაღალია 26 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების მიმართაც, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს რეფერენდუმს საქართველოს გეოპოლიტიკურ ორიენტაციის თაობაზე.

საქართველოს ხელისუფლების პირდაპირი მოვალეობაა, კანონის ფარგლებში უზრუნველყოს ყველა ადგილობრივი და უცხოელი ჟურნალისტის წვდომა იმ ტერიტორიებსა და ინფორმაციაზე, რაც მათ საქართველოში მიმდინარე არჩევნების გასაშუქებლად სჭირდებათ. ის, თუ როგორ მოექცევა საქართველოს ხელისუფლება უცხოელ ჟურნალისტებს, აუცილებლად მოახდენს გავლენას არჩევნების ხარისხზე და საერთაშორისო ორგანზაციების შეფასებებშიც აირეკლება.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ შემოუშვას ჩეხი/ბრიტანელი ჟურნალისტი რეი ბეისლი საქართველოში, რათა მან პროფესიული მოვალეობის განხორციელება შეძლოს.

23.10.2024

ქარტიის საბჭომ 27 ივლისს განიხილა ნინა გადელიას განცხადება “ტვ პირველის” ჟურნალისტების ნოდარ მელაძისა და თამარ დოლენჯაშვილის წინააღმდეგ და დაადგინა, რომ სადავო სიუჟეტში დაირღვა ქარტიის პირველი და მე-5 პრინციპები.

სადავო მასალა ეთერში 2024 წლის 30 მარტს გავიდა სათაურით: “სავარაუდო თაღლითობის მსხვერპლი მოხუცი”.

განმცხადებლის პოზიციით, სიუჟეტში გაჟღერებული ინფორმაცია იყო არაზუსტი და არ იყო სათანადო წესით გადამოწმებული.

თავდაპირველად განმცხადებელი დავობდა ქარტიის პირველი, მე-3, მე-5 და მე-11 პრინციპების დარღვევაზე, თუმცა, განხილვისას განმცხადებელმა მე-3 პრინციპი მოხსნა.  სადავო პრინციპებად განისაზღვრა პირველი, მე-5 და მე-11.

საბჭომ პირველი და მე-5 პრინციპები დარღვეულად მიიჩნია, მე-11 პრინციპის დარღვევა არ დაადგინა.

მოპასუხე ჟურნალისტებს საქმეზე პოზიცია არ წარმოუდგენიათ.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი გამოქვეყნდება მოგვიანებით.

 
23.10.2024

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა უხეშობა და უდიერი დამოკიდებულება ადგილობრივი ჟურნალისტების მიმართ უკვე სამწუხარო ტენდენციად ჩამოყალიბდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლთა მსგავსად, ძალას არ იშურებენ ჟურნალისტების უარყოფით ჭრილში წარმოსაჩენად და მოსახლეობაში მედიის, როგორც ინსტიტუციის, მიმართ ნდობის შესარყევად. ისინი ჟურნალისტებს საჯაროდ მიმართავენ შეურაცხმყოფელი და მასტიგმატიზირებელი ეპითეტებით, აკნინებენ მათ როლს საზოგადოებრივ ცხოვრებაში და დაუსაბუთებლად და უსამართლოდ სდებენ მათ ბრალს მიკერძოებულობასა და ანგარებაში. ამ დროს ისინი ინსტრუმენტად იყენებენ რუსულ კანონს, რომელმაც ნოყიერი ნიადაგი შექმნა მედიის შესავიწროებლად და საზოგადოებრივი პროცესებიდან გასარიყად მათი „უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლად“ მონიშვნით. 

ბოლო მსგავი შემთხვევა 16 ოქტომბერს მოხდა ხარაგაულში, სადაც ხარაგაულის მერმა კობა ლუსმანაშვილმა გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ რედაქტორი ლაურა გოგოლაძე „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეკრებაზე არ დაუშვა. მერმა დიდი ტრადიციების მქონე გაზეთს, რომელიც ქართული მედიალანდშაფტის მნიშვნელოვანი ნაწილია და დამსახურებული ავტორიტეტითა და პატივისცემით სარგებლობს როგორც ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ისე მის მიღმა, „სხვადასხვა პარტიების მიერ ნაყიდი და დაქირავებული“ და „პროვოკატორობით ცნობილი“ უწოდა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს ლაურა გოგოლაძეს და „ჩემი ხარაგაულის“ გუნდს, კობა ლურსმანაშვილს კი შეახსენებს, რომ ჟურნალისტებისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლით ის არღვევეს კანონს და სასიცოცხლოდ აუცილებელი ინფორმაციის გარეშე ტოვებს იმ ქალაქის მაცხოვრებლებს, რომლებზე ზრუნვაც მისი პირდაპირი და მთავარი მოვალეობაა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხარაგაულის მერს, შეცვალოს რიტორიკა ადგილობრივი მედიის მიმართ და დაუშვას ადგილობრივი ჟურნალისტები ყველა იმ ღონისძიებასა და ყველა იმ საჯარო სივრცეში, სადაც მათ კანონით ყოფნის უფლება აქვთ.

18.10.2024

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას “განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრმა” “მთავარი არხის” წინააღმდეგ მომართა.


სადავო მასალა  მთავარი არხის ეთერში 2024 წლის 4 ოქტომბერს, 21:00 საათიან გამოშვებაში გავიდა.


განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მესამე (დადასტურებული წყარო) პრინციპების დარღევაზე.


განმცხადებელი არ ეთანხმება მათი ორგანიზაციის სამთავრობო ორგანიზაციად ე.წ. GONGO გამოცხადებას.


მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა ნატალი ჯახუტაშვილი.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტებში ქარტიის პრინციპები.

 
17.10.2024

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 17 ოქტომბერს,  საერთო-სამოქალაქო მოძრაობის „მრავალეროვანი საქართველოს“ განცხადებას, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, დაჩქარებული წესით, რიგგარეშე განიხილავს.


19:00 სთ -  საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო” “POSTV”-ის ჟურნალისტის გურანდა ბილიხოძის წინააღმდეგ.


განცხადება ეხება POSTV-ის ორ მედია პროდუქტს, რომელიც  ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მამუკა ხაზარაძის წარმომავლობის შესახებ მომზადდა და "POSTV - ანალიტიკას" ფეისბუქ გვერზე 11 და 13 ოქტომბერს განთავსდა. 


განმცხადებელი დავობს ქარტიის მე-7 (დისკრიმინაცია) პრინციპის დარღვევაზე. 


მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა “POSTV”-ის ჟურნალისტი გურანდა ბილიხოძე.

ქარტიის საბჭო განცხადებას  განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრინციპები.

სხდომა წარიმართება ონლაინ რეჟიმში, პლატფორმა “ZOOM”-ის მეშვეობით. საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩართვა. მონაცემების მისაღებად, მოგვწერეთ მეილზე: ethicscharter@gmail.com.

 
16.10.2024

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას საერთო სამოქალაქო მოძრაობამ “მრავალეროვანი საქართველო” “POSTV”-ის წინააღმდეგ  განცხადებით მომართა.


სადავო მასალები „POSTV - ანალიტიკას“  ფეისბუქ გვერდზე 2024 წლის 11 და 13 ოქტომბერს განთავსდა და ისინი ერთი და იმავე შინაარსის სიუჟეტებს ეხება.


განმცხადებელი დავობს ქარტიის მე-7 (დისკრიმინაცია) პრინციპის დარღვევაზე. მისი პოზიციით, ადგილი აქვს ჟურნალისტის მხრიდან ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას.


მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა გურანდა ბილიხოძე.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტებში ქარტიის პრინციპები.

 
16.10.2024

 

11 ოქტომბერს ბათუმის ახალი შემოვლითი გზის 14 კმ.-იანი მონაკვეთი საზეიმოდ გახსნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აჭარის მთავრობამ. საღამოს გაირკვა, რომ სინამდვილეში მშენებლობა დასრულებული არ არის - მძღოლებმა, რომელთაც სასიხარულო ახალი ამბავი მედიით შეიტყვეს, გზით სარგებლობა იმ საღამოსვე გადაწყვიტეს, თუმცა მათ ის ბეტონის ფილებით გადაკეტილი დახვდათ და უკან გაბრუნება მოუწიათ. ეს ამბავი ონლაინ მედიასაშუალების „აჭარა თაიმსის“ დამფუძნებელმა, სულხან მესხიძემ, ლაივით გააშუქა, რის შემდეგაც მას უცნობმა პირმა შეურაცხმყოფელი შეტყობინებები გაუგზავნა ტელეფონზე. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სულხან მესხიძე მსგავსი შეურაცხყოფის ობიექტი გახდა კრიტიკული გაშუქების გამო. ის არც ერთადერთი ჟურნალისტია, რომელიც ბოლო თვეებში იმავე მიზეზით მსგავსი თავდასხმის ობიექტი გახდა. 

საქართველოს ხელისუფლება უკვე წლებია, მიზანმიმართულად და სისტემურად ეწევა ჟურნალისტიკის, როგორც პროფესიის, დისკრედიტაციას. მაღალი თანამდებობის პირთა გახშირებულ თავდასხმებს ცალკეულ ჟურნალისტებზე, ზიზღისა და სიძულვილის ენის გამოყენებით, წახალისებულ და ზოგ შემთხვევაში, ორგანიზებულ ძალადობას და და დაუსჯელობას ჟურნალისტთა მიმართ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, შედეგად მოსდევს ის, რომ ჟურნალისტები საქართველოში, პროფესიული მოვალეობის განხორციელებისას, თავს დაცულად ვეღარ გრძნობენ. დამძიმებული ვითარების  მსუსხავი ეფექტი საქართველოს მოსახლეობას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციის გარეშე ტოვებს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკისქარტია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, აიღოს პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე, შეცვალოს დამაზიანებელი რიტორიკა და უზრუნველყოს ჟურნალისტთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების დროული და ეფექტური გამოძიება. 

 

 

 

12.10.2024

საქართველოს ჟურნალისტურ ეთიკის ქარტიას ნინო შველიძემ “იმედისა” და “POSTV”-ის წინააღმდეგ მომართა.


“იმედის” სადავო მასალა მათ საიტზე 2024 წლის 6 სექტემბერს გამოქვეყნდა, ხოლო “POSTV”-ის შემთხვევაში სადავო მასალა მათ ეთერში 6 სექტემბერს 13:02 საათზე გავიდა.


ორივე შემთხვევაში განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მე-11 (ფაქტის გაზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე.


მოპასუხე მედია საშუალებებმა არ მიაწოდეს ქარტიას ინფორმაცია სადავო მასალებზე პასუხისმგებელი ჟურნალისტების ვინაობის შესახებ, ამდენად, პასუხისმგებელ ჟურნალისტად/რედაქტორად “იმედის” შემთხვევაში განისაზღვრა “იმედის” არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი, ხოლო “POSTV”-ის შემთხვევაში გადაცემა “ახალი ამბების” წამყვანი - ქეთი მამრიკიშვილი. 



ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტებში ქარტიის პრინციპები.

 
09.10.2024

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მხარს უჭერს ტელეკომპანიების „ფორმულა“, „მთავარი არხი“ და „ტვ პირველი“ გადაწყვეტილებას, შეეწინააღმდეგონ “ქართული ოცნების” არაეთიკურ წინასაარჩევნო კამპანიას და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მოუწოდებს, არ დაავალდებულოს ისინი ეთერში განათავსონ მმართველი პარტიის საარჩევნო ვიდეორგოლი, რომელიც კრემლის გზავნილებს იმეორებს, შეურაცხყოფს როგორც უკრაინელი, ისე ქართველი ხალხის ღირსებას და ძირს უთხრის ამ ორ ერს შორის ისტორიულად ჩამოყალიბებულ მეგობრობას. ქუჩაში გამოფენილმა მსგავსი შინაარსის საარჩევნო ბანერებმა ტკივილი მიაყენა უკრაინელ ხალხს და ქართული საზოგადოების სრულიად სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია.

06.10.2024

ქარტიის საბჭომ 27 ივლისს განიხილა შორენა ლობჟანიძის, ნანა ხომასურიძისა და ააიპ ,,ადამიანები ცხოველებისთვის“ თავმჯდომარის, მარინა ბერსენაძე-კაციტაძის განცხადება bpn.ge-ის ჟურნალისტის ნინი ქეთელაურის და  ambebi.ge-ს, "კვირის პალიტრას", ,,M2B”-ისა და ჟურნალის ,,გზა" არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტების წინააღმდეგ და დაადგინა, რომ მათ დაარღვიეს ქარტიის პირველი, მე-5 და მე-7 პრინციპები.


სადავო მასალა სახელწოდებით: „აღარ აჩენენ ბავშვებს, როცა ჰყავთ ძაღლი“, ეხებოდა საქართველოში დემოგრაფიულ პრობლემებს, რომელშიც შობადობის კლების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად შინაური ცხოველების ყოლა იყო დასახელებული.


განმცხადებლის პოზიციით, სტატიაში რელევანტურ კვლევაზე დაყრდნობის გარეშე და სათანადო წყაროების მიუთითებლად გამოქვეყნდა დემოგრაფ ანზორ თოთაძის მოსაზრებები, რაც ემსახურება  საქართველოში შინაური ცხოველების მიმართ ისედაც ცუდი დამოკიდებულების გაუარესებას.

განმცხადებელი დაობდა ქარტიის მე-3 პრინციპის დარღვევაზეც, თუმცა საბჭოს გადაწყვეტილებით, მე-3 პრინციპი არ დარღვეულა.


გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი გამოქვეყნდება მოგვიანებით.

30.09.2024

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.