კატეგორია : განცხადებები;
12 იანვარს, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დააკავეს „ბათუმელების“ ოპერატორი და ფოტოგრაფი, გურამ მურვანიძე.
გურამ მურვანიძე დაკავებისას ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას - იღებდა ვიდეო მასალას გამოცემა "ბათუმელებისათვის".
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს გურამ მურვანიძე და ასევე, 12 იანვარს დაკავებული “ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი, რომელიც ამ დრომდე პატიმრობაში რჩება.
მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს: პირველად - კედელზე პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“. მას სამართალდამცველისადმი დაუმორჩილებლობას (მუხლი 173) ედავებოდნენ. დაახლოებით ორი საათის შემდეგ მზია ამაღლობელი გამოუშვეს, თუმცა მალევე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, ხელახლა დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მზია ამაღლობელმა სახალხო დამცველის წარმომადგენელს განუცხადა, რომ დაკავების შემდგომ არასათანადოდ მოეპყრნენ.
შპს „გაზეთი ბათუმელები“ ორ მედიაგამოცემას - „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთს” აერთიანებს. „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ გამორჩეულად მაღალპროფესიული გამოცემებია, რომლებიც დაარსების დღიდან უშიშრად აკრიტიკებენ ხელისუფლებას კორუფციისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო და თანმიმდევრულად აშუქებენ ყველა პრობლემას, რომელიც საზოგადოებას აწუხებს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ "ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის და დირექტორის და ოპერატორის დაკავება გამოხატვის თავისუფლების და მედიაზე ზეწოლის მოტივით მოხდა.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს მშვიდობიანი აქციის მონაწილეებისა და მედიის წარმომადგენლის დაკავებას და შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტს მზია ამაღლობელის, გურამ მურვანიძის და სხვა დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისაკენ მოუწოდებს.