ქარტია ეხმაურება 12 სექტემბერს ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის მიერ ბრიფინგზე მედიის საყურადღებოდ გაკეთებულ განცხადებას. კალანდარიშვილმა მედიასაშუალებებს, კონკრეტულად კი „ტვ პირველს“, ადმინისტრაციის თანამშრომლების პერსონალური მონაცემების სავარადოდ კანონის საწინააღმდეგოდ დამუშავებაში დასდო ბრალი. ცესკოს თავმჯდომარე მათ, და მედიას საზოგადოდ, „ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან კომუნიკაციისას, კანონისა და ეთიკის ნორმების მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში“, თანამშრომლობის საკითხის გადახედვით დაემუქრა.
„ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახური ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის განმარტებით, ცესკოს თავმჯდომარის გაღიზიანება ცესკოში დასაქმებული მაღალი თანამდებობის პირების ნათესაური კავშირების დასადგენად ტელეკომპანიის მიერ წამოწყებულმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ გამოიწვია. მელაძემ კალანდარიშვილის განცხადება შეაფასა როგორც ზეწოლა, შანტაჟი და მუქარა მათი იძულების მიზნით, შეწყვიტონ გამოძიება, და სამართლებრივი დევნის დაანონსება იმ პირობებში, როცა სასამართლო თავის გადაწყვეტილებებში არ არის თავისუფალი.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ცესკოს თავმჯდომარეს შეახსენებს, რომ მედიას აქვს უფლება, თანამდებობის პირებს დაუსვას ნებისმიერი შეკითხვა, რომელიც საჯარო ინტერესს ემსახურება, ხოლო თანამდებობის პირების ვალდებულებაა, ამ შეკითხვას დროულად და ამომწურავად უპასუხონ. საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და მმართველი პარტიის აქტიურ წევრებსა და მხარდამჭერებს შორის ნათესაური კავშირის დადგენა სწორედ ასეთ საჯარო ინტერესის საგანს წარმოადგენს, რამდენადაც მას არჩევნების ხარისხსა და შედეგებზე პირდაპირი გავლენის მოხდენა შეუძლია. ცესკოს ადმინისტრაციის თანამშრომელთა ნეიტრალურობა ცენტრალური საკითხია საარჩევნო პროცესის სანდოობის შესაფასებლად.
უკვე წლებია, საჯარო სტრუქტურები და საჯარო ინფორმაცია პრაქტიკულად დახურულია დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიისთვის. ეს გარემოება განსაკუთრებით შემაშფოთებელია წინასაარჩევნო ფაზაში, როცა არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების მიმართ საჯარო ინტერესი გამორჩეულად მაღალია. ცესკოს თავმჯდომარემ და სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირებმა კარგად უნდა გააცნობიერონ თავიანთი პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ, რომლის ინფორმირებისთვისაც მუშაობს დამოუკიდებელი და კრიტიკული მედია, და მედიასთან ურთიერთობისას ამ პასუხისმგებლობის და კანონის მოთხოვნების შესაბამისად და საზოგადოების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ნენე დალაქიშვილმა განცხადებით მომართა “იმედის” ჟურნალისტის წინააღმდეგ.
სადავო მედიაპროდუქტი 24 აგვისტოს “იმედის” ფეიბუქ გვერდზე გამოქვეყნდა “ქარდის” სახით, რომელშიც განმცხადებელი - “ფორმულას” პოლიტიკური გადაცემების პროდიუსერი, მოხსენიებულია “ნაცმოძრაობის აქტივისტად”.
განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (სიზუსტე), მე-5 (შესწორება), მე-7 (დისკრიმინაცია) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე.
განმცხადებლის განმარტებით, მცდარია მისი “ნაციონალების აქტივისტად” მოხსენიება, აგრეთვე დამახინჯებულია მისი ფეისბუქ სტატუსის კონტექსტი, რამაც მის მიმართ ნეგატიური კომენტარები გამოიწვია და რაც მკითხველის შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
მოპასუხე მედია საშუალებამ ქარტიის სამდივნოს არ აცნობა სადავო მასალებზე პასუხისმგებელი ჟურნალისტების/რედაქტორების ვინაობა. შესაბამისად, სადავო მასალაზე პასუხისმგებელ ჟურნალისტად განისაზღვრა “იმედის” არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრინციპები.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას სოფელ აცანაში ლანჩხუთის მერის წარმომადგენელმა, რწმუნებულმა იზა მათითაიშვილმა, განცხადებით მომართა “მთავარი არხის” ჟურნალისტების წინააღმდეგ.
სადავო მედიაპროდუქტი რამდენიმეა:
1. ”სოციალური
სტატუსი იძულებითი შრომის სანაცვლოდ” 27 ივლისი 18:00
სთ.-იანი “მთავარი”
2. ”სოციალური
სტატუსი იძულებითი შრომის სანაცვლოდ” 28 ივლისი
12:00 სთ.-იანი “მთავარი”
3.
”სამსახური იძულებითი შრომის სანაცვლოდ” 6 აგვისტო 21:00
სთ.-იანი “მთავარი”
ისინი ეთერში 27 და 28 ივლისსა და 6 აგვისტოს გავიდა და ეხებოდა განმცხადებლის მხრიდან სამსახურებრივი მდგომარეობის შესაძლო ბოროტად, პირადი ინტერესებისთვის, გამოყენებას.
განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (სიზუსტე), მე-3 (დადასტურებული წყარო), მე-5 (შესწორება) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე.
განმცხადებლის განმარტებით, ჟურნალისტებს არცერთ მათ მიერ გაშუქებულ ფაქტზე არ უცდიათ ინფორმაციის გადამოწმება და აღნიშნული სიუჟეტები ემსახურებოდა მხოლოდ იზა მათითაიშვილის პატივის, ღირსებისა და რეპუტაციის შელახვას.
მოპასუხე მედია საშუალებამ ქარტიის სამდივნოს არ აცნობა სადავო მასალებზე პასუხისმგებელი ჟურნალისტების/რედაქტორების ვინაობა. შესაბამისად, სადავო მასალაზე პასუხისმგებელ ჟურნალისტებად განისაზღვრნენ სიუჟეტის ავტორებად მითითებული პირები: ირაკლი ბახტაძე; თეა ვაშალომიძე; რისმაგ ხოზრევანიძე; მიშა იაშვილი და “მთავარი არხის” არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტები.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტებში ქარტიის პრინციპები.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) მხარდაჭერით, ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, იწყებს წინა და პოსტ საარჩევნო თემატურ მედიამონიტორინგს, თვისებრივი კვლევის მეთოდით.
მედიამონიტორინგისთვის შეირჩა შემდეგი 10 ტელევიზია: საზოგადოებრივი მაუწყებელი, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, იმედი, მთავარი არხი, რუსთავი2, პოსტვ. ფორმულა, ტვ პირველი, პალიტრა ნიუსი და კავკასია, და შემდეგი 8 ონლაინ მედიასაშუალება: interpressnews.ge, radiotavisupleba.ge, primetime.ge, tabula.ge, netgazeti.ge, sputnik-georgia.com, publika.ge და news.on.ge.
სამთვიანი მონიტორინგი მოიცავს, ტელევიზიების შემთხვევაში, 2024 წლის 27 აგვიტოდან 26 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში პრაიმთაიმში გადაცემულ ახალ ამბებსა და ტოკშოუს ფორმატის გადაცემებს, ხოლო ონლაინ მედიასაშუალების შემთხვევაში ამავე პერიოდში მათ ვებ-საიტებზე გამოქვეყნებულ იმ სარედაქციო მასალებს, რომლებშიც ფიგურირებენ მონიტორინგის სუბიექტები - პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, თანამდებობის პირები, პარლამენტის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
მონიტორინგის ინტერესის საგანი იქნება ის, თუ რამდენად იცავენ მედიასაშუალებები ეთიკურ და პროფესიულ სტანდარტებს საარჩევნო თემატიკის გაშუქების დროს და რამდენად ხარისხიანია ის მედიაპროდუქტი, რომელსაც ისინი აწვდიან აუდიტორიას. მედიაპროდუქტები შეფასდება ისეთი კრიტერიუმების მიხედვით, როგორიცაა ბალანსი, მიუკერძოებლობა, ჟურნალისტის/გადაცემის წამყვანის მიერ გამოყენებული ენა, სიზუსტე, ფაქტებზე დაფუძნებული გაშუქება და ფაქტების დროული გაშუქება. ქარტია დააკვირდება, ხომ არ ტოვებს რომელიმე მედიასაშუალება მნიშვნელოვან ახალ ამბავს ან ინფორმაციას, და ხომ არ ცდილობს ის აუდიტორიის მანიპულირებას სხვადასხვა ხერხის გამოყენებით. ქარტია ყურადღებას მივაქცევს იმასაც, თუ როგორ მგრძნობელობას იჩენს ესა თუ ის მედიასაშუალება გენდერული საკითხების გაშუქებისას.
ქარტია მიგნებებს როგორც წინასაარჩევნო, ისე პოსტსაარჩევნო გაშუქებასთან დაკავშირებით საზოგადოებას გააცნობს საჯარო პრეზენტაციებზე და გამოაქვეყნებს ანგარიშის სახით, ქართულ და ინგლისურ ენებზე.
ინფორმაცია ქარტიის მიერ წინა წლებში განხორციელებული მედიამონიტორინგის პროექტების შესახებ და ანგარიშები ხელმისაწვდომია ორგანიზაციის ვებგვერდიდან: მედიამონიტორინგი (qartia.ge)
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას საქართველოს მუსიკოსთა პროფესიულმა კავშირმა განცხადებით მომართა “ინდიგოს” ჟურნალისტის წინააღმდეგ.
სადავო მასალა “ინდიგოს” ფეისბუკ გვერდზე 5 აგვისტოს გავრცელდა. ის ეხებოდა ღია კარიერული წესით მანგანუმის მოპოვების მოწინააღმდეგე სოფელი ზოდის მაცხოვრებლების მხარდამჭერ მუსიკალურ ფესტივალს.
განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (სიზუსტე) პრინციპის დარღვევაზე.
განმცხადებლის განმარტებით, სადავო მასალაში არ იყო ნახსენები ფესტივალის სათაური და ორგანიზატორი, რითაც მაყურებელს არ მიეწოდა ზუსტი ინფორმაცია.
სადავო მასალაზე პასუხისმგებელ ჟურნალისტად/რედაქტორად განისაზღვრა “ინდიგოს” რედაქტორი თამარ ბაბუაძე.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრიცნიპები.
2024 წლის 14 აგვისტოს ჩატარდა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა რიგგარეშე კრება. კრებამ ერთხმად გაიზიარა ქარტიის საბჭოს მიერ 8 აგვისტოს სხდომაზე ერთხმად მიღებული გადაწყვეტილება, ორგანიზაცია არ დაემორჩილოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნას „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“ რეგისტრაციის შესახებ და თავისი უფლებების დასაცავად სამართლებრივი ბრძოლა განაგრძოს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიაჩნია, რომ საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ შეუთავსებელია დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური კეთილდღეობის სახელმწიფოს პრინციპებთან, რომლის აშენებასაც ცდილობს საქართველო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, და ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლებას, გაერთიანების თავისუფლებას, თანასწორი მოპყრობის უფლებას და სხვა ფუნდამენტურ უფლებებს, გარანტირებულს საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციით.
ეს კანონი შეუძლებელს ხდის საქართველოს ინტეგრაციას ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში, ანადგურებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციასა და ევროპულ მომავალს, ანგრევს საქართველოს ეკონომიკას და საფრთხეს უქმნის ქვეყანაში სამოქალაქო წესრიგსა და მშვიდობას.
საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ უცხოური ძალის ინტერესების გატარებად აცხადებს იმ საქმიანობას, რასაც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ახორციელებს დაარსების დღიდან, პროფესიული და ეთიკური სტანდარტების დაცვისა და თვითრეგულირების მექანიზმების შექმნის გზით მედიის საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ასამაღლებლად, და ახდენს ორგანიზაციის სტიგმატიზებასა და დისკრიმინაციას.
რეგისტრაცია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“ დამაზიანებელი და შეუთავსებელია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მისიასთან, მიზნებთან და პრინციპებთან.
შაბათს, 3 აგვისტოს, თბილისში პოლიციამ დააკავა აფგან სადიგოვი, დამოუკიდებელი აზერბაიჯანული მედიაპორტალის Azel.Tv-ს მთავარ რედაქტორი, აზერბაიჯანში მისი შემდგომი ექსტრადირების მიზნით. შსს-ს განცხადების თანახმად, ჟურნალისტი მუქარისა და გამოძალვის ფაქტებთან დაკავშირებით იძებნებოდა.
აფგან სადიგოვი საქართველოში ცოლთან და ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად 2023 წლის ბოლოდან ცხოვრობს. ის, წლების განმავლობაში, აზერბაიჯანში მაღალჩინოსნების კორუფციულ საქმიანობას აშუქებდა, რის გამოც დევნის ობიექტი არაერთხელ გახდა.
ჟურნალისტი აზერბაიჯანში პროფესიული საქმიანობის გამო ორჯერ დააპატიმრეს. პირველად 2016 წელს, ხოლო შემდგომ 2020 წელს, როდესაც შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მოგვიანებით, უზენაესმა სასამართლომ სადიგოვს პატიმრობის ვადა 4 წლამდე შეუმცირა. თითქმის ორწლიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტი ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლდა.
აფგან სადოგოვი საპატიმროში ყოფნისას თვეების განმავლობაში შიმშილობდა, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გააუარესა. გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტი საქართველოში მკურნალობდა.
23 ივლისს, რადიო თავისუფლება, აფგან სადიგოვის მონათხრობზე დაყრდნობით წერდა, რომ 18 ივლისს, ჟურნალისტს, რომელიც თურქეთის გავლით მესამე ქვეყანაში მიემგზავრებოდა, საქართველოს დატოვების უფლება არ მისცეს. აფგან სადიგოვს სიტყვიერად განუმარტეს, რომ მას მხოლოდ აზერბაიჯანის მიმართულებით შეეძლო გამგზავრება.
აფგან სადიგოვი თავს ყოფილ პოლიტპატიმრად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ პროფესიული საქმიანობის გამო ახლაც იდევნება. ბოლო პერიოდში ჟურნალისტი და მისი ოჯახი საქართველოში თავს უსაფრთხოდ აღარ გრძნობდნენ. სადიგოვი შიშობდა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებას მის გადაცემას მოსთხოვდა.
აზერბაიჯანში იდევნებიან ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტები და აქტივისტები. ბევრ მათგანს ქვეყნის დატოვება მოუწია. ზოგიერთმა თავი საქართველოს შეაფარა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საქართველოს ხელისუფლებას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, ჟურნალისტი აზერბაიჯანს არ გადასცეს და ამით მისთვის პროფესიული საქმიანობის შეზღუდვას ხელი არ შეუწყოს.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საქართველოში პროფესიული თემის წარმომადგენლებს მოუწოდებს, სოლიდარობა გამოიჩინონ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მიმართ, ინტენსიურად გააშუქონ მომხდარი შემთხვევა და ხელისუფლებას მოსთხოვონ პასუხი ყველა იმ კითხვაზე, რაც ამ დაკავების ირგვლივ არსებობს.
აღსანიშნავია, რომ ეს, თბილისში, აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტის დაკავების პირველი შემთხვევა არ არის. 2017 წლის 29 მაისს, თბილისიდან გაუჩინარდა და მეორე დღეს ბაქოს ციხეში აღმოჩნდა აფგან მუხთარლი. საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, Aminesty International-მა, მაშინ თქვა, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი წამებისა და არასათანადო მოპყრობის რისკის ქვეშ იმყოფებოდა. მუხთარლის 2018 წლის იანვარში საზღვრის უკანონო კვეთისა და დიდი რაოდენობით უცხოული ვალუტის გადატანისთვის ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. იგი აზერბაიჯანის ციხიდან 2020 წლის მარტში გაათავისუფლეს. 2021 წელს მუხთარლიმ განაცხადა, რომ მისი გატაცების შესახებ ბიძინა ივანიშვილმა და საქართველის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა იცოდნენ.
საქართველოს ჟურნალისტურ ეთიკის ქარტიას შპს “ევოლუშენ ჯორჯიამ” ორი განცხადებით მომართა “მაუწყებლის” წინააღმდეგ.
სადავო მასალები (სადავო მასალა1,
სადავო
მასალა2)
“მაუწყებლის” ფეისბუკ გვერდზე
1 და 2 ივლისს გავრცელდა .
პირველი სადავო მასალის შემთხვევაში განმცხადებელი დავობს ქარტიის 1 (სიზუსტე), 5 (შესწორება) და 11 (ფაქტის გაზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე, ხოლო მეორე სადავო მასალის შემთხვევაში 1 (სიზუსტე), 10 (პირადი ცხოვრების პატივისცემა) და 11 (ფაქტის გაზრახ დამახინჯება) პრინციპებზე.
რამდენადაც “მაუწყებლის” წარმომადგენელმა ქარტიის სამდივნოსთან უარი თქვა სადავო მასალებზე პასუხისმგებელი კონკრეტული ჟურნალისტის/რედაქტორის დასახელებაზე, მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა “მაუწყებლის” არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი.
“მაუწყებლის” წარმომადგენლის განმარტებით, მათ არ სურთ განხილვის პროცესში ჩართვა და არ ითანამშრომლობენ ქარტიასთან.
ქარტიის საბჭო განცხადებებს ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტებში ქარტიის პრინციპები.
27 ივლისს ქარტიის საბჭომ განიხილა საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის ქსელის განცხადება “ტვ იმედის” ჟურნალისტის თამარ შარიქაძის წინააღმდეგ.
Სადავო მასალა ეთერში 2024 წლის 5 აპრილს გავიდა, რომელშიც წარმოჩენილი იყო, რომ თითქმოს შშმ პირების ნაწილი განზრახ შეცდომაში იყო შეყვანილი ე.წ. აგენტების კანონთან დაკავშირებით. განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტმა ინფორმაცია მანიპულაციურად და არასწორად გააშუქა.
მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც თავისი შეპასუხება წარმოუდგენია წერილობით.
ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო მასალაში ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის პირველი, მე-5 და მე-7 პრინციპები.
ტვ მონიტორინგის ცნობით, დღეს, 25 ივლისს, ამ რეგიონული ტელეკომპანიის ჟურნალისტებს ბექა პირველსა და შოთა სადაღაშვილს დიდუბის ავტოსადგურში თავს დაესხნენ პირები, რომელთაც მგზავრებში ტვ მონიტორინგის ეთერში 23 ივლისს გასული კრიტიკული რეპორტაჟის ავტორები ამოიცნეს. რეპორტაჟში გორი თბილისისა და თბილისი-გორის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსებში არსებული მძიმე ვითარება იყო აღწერილი. თავდამსხმელებმა ჟურნალისტებს მგზავრობის საშუალება არ მისცეს და თავიდან სიტყვიერად, ხოლო შემდგომ ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ. ბექა პირველს მიღებული აქვს მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის თავის არეში, ხოლო შოთა სადაღაშვილს ხელი აქვს ნაღრძობი. ბექა პირველს ჰოსპიტალიზაციაც დასჭირდა. ის „მთავარი არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ თავს ცუდად გრძნობს და ფეხზე დამოუკიდებლად ვერ დგება. ბექა პირველმა დაპირისპირების ამსახველი მოკლე ვიდეოს გადაღება შეძლო, სანამ მასზე ფიზიკურად იძალადებდნენ. ამ ვიდეოს დახმარებით საგამოძიებო სამსახურებს მოძალადეთა იდენტიფიცირება არ უნდა გაუჭირდეთ.
შოთა სადაღაშვილი იმყოფებოდა გასაუბრებაზე დიდუბის რაიონის პოლიციაში, საიდანაც ის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გადაამისამართეს. „მთავარი არხის“ ცნობით, ამ უწყებას დაწყებული აქვს გამოძიება რამდენიმე დღის წინ, გორში მომხდარ ინციდენტზე, რომლის დროსაც ამავე რეპორტაჟზე მომუშავე ბექა პირველსა და შოთიკო სადაღაშვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
„მედიაჩეკერს“ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაუდასტურა, რომ მათ ინციდენტის მონაწილე ორივე მხარე უწყებაში გასასაუბრებლად დაიბარეს.
ქარტია საზოგადოებას და თანამდებობის პირებს შეახსენებს, რომ ჟურნალისტიკის დანიშნულება მოვლენების კრიტიკული თვალით შეფასება და მანკიერებების დღის სინათლეზე გამოტანაა. დემოკრატიულ საზოგადოებაში დაუშვებელია ჟურნალისტების დევნა და მათზე ანგარიშსწორება ჟურნალისტურ ნამუშევრებში გამოთქმული კრიტიკული შეფასებების გამო. ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა საქართველოს კანონმდებლობით სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებას წარმოადგენს.
ქარტია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ინცინდენტის სასწრაფოდ გამოძიებისაკენ მოუწოდებს.
დღეს, 25 ივლისს, მათთვის უცნობი ოთხამდე პირი თავს დაესხა სოფელ სუფსაში მყოფ “მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს - ჟურნალისტ ლადო მენაბდეს და ოპერატორ მანუჩარ მჟავანაძეს. ლადო მენაბდის თქმით, თავდასხმას წინ უძღოდა სიტყვიერი შეურაცხყოფა ჯერ „მთავარი არხის“, ხოლო შემდეგ უკვე გადამღები ჯგუფის მისამართით. თავდამსხმელებმა დააზიანეს ტელეკომპანიის კუთვნილი ტექნიკა. დაზარალებულებმა ადგილზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი გამოიძახეს. ლადო მენაბდეს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
ჟურნალისტებს საქართველოში ისეთ გარემოში უწევთ მუშაობა, სადაც მათ მიმართ ძალადობა წახალისებულია თვით ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ. ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი ათეულობით დანაშაული დღემდე გამოუძიებელია და არც მოძალადეები და ძალადობის ორგანიზატორები დასჯილან სათანადოდ.
„მედიაჩეკერის“ ინფორმაციით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უკვე დაიწყო გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლი) და ინცინდენტში მონაწილე ორივე მხარე უწყების ბათუმის ოფისში დაიბარა.
ლადო მენაბდის ინფორმაციით, ის პოლიციაშიც იმყოფებოდა გასაუბრებაზე.
ქარტია გმობს გახშირებულ ძალადობრივ ქმედებებს ჟურნალისტთა მიმართ და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ამ კონკრეტული ინცინდენტის სწრაფად და ეფექტურად გამოძიებისკენ მოუწოდებს.