კატეგორია : ანონსი;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო შაბათს, 25 იანვარს, ოთხი მედიაპროდუქტის ქარტიის პრინციპებთან შესაბამისობის საკითხს განიხილავს.
11:00 საათზე - ლელა გელხვიძე ნუცა მამულაშვილისა და მარიკა ბაკურაძის წინააღმდეგ.
სადავო მასალა “იმედის დღის” ეთერში და მათ ფეისბუქ გვერდზე 2024 წლის 18 სექტემბერს გამოქვეყნდა. სიუჟეტში ნაჩვენებია არასრულწლოვნების გამოკითხვა.
განმცხადებელი დავობს ქარტიის მე-8 (ბავშვის უფლებები) პრინციპის დარღვევაზე.
12:00 საათზე - ქრისტინე ზამთარაძე თამარ ჩიკვატიას წინააღმდეგ.
სადავო მასალა “იმედის” ფეისბუქ გვერდზე 2024 წლის 16 ნოემბერს განთავსდა და ეხებოდა ცესკოს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის საცხოვრებელ სახლთან გამართულ პროტესტს.
განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (სიზუსტე); მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე.
13:30 საათზე - კახა კუკავა თათია არაბიძის წინააღმდეგ.
სადავო მასალა “Sfero TV”-ის ფეისბუქ გვერდზე 2024 წლის 25 ოქტომბერს გამოქვეყნდა და უკავშირდება მევახშეობის საკითხებს.
განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე.
16:00 საათზე - თინა ცომაია და ნინო ივანიშვილი მაკა ცინცაძის წინააღმდეგ.
სადავო გადაცემა - “მოამბის საგანგებო ეთერი” “პირველ არხზე” 2024 წლის 15 დეკემბერს გავიდა.
განმცხადებლის მითითებით, ჟურნალისტმა რესპოდენტ ირაკლი ფიფიასთან დიალოგისას დაარღვია ქარტიის პირველი (სიზუსტე); მეშვიდე (დისკრიმინაცია); მეცხრე (მასალების გამიჯვნა) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები.
ქარტიის საბჭო განცხადებებს განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ
არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტებში ქარტიის პრინციპები.
სხდომა გაიმართება ქარტიის ოფისში: ბაქოს ქ. #4. საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.