ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ცესკოს თავმჯდომარის მხრიდან მედიაზე განხორციელებულ ზეწოლასა და ჟურნალისტურ საქმიანობაზე ცენზურის დაწესების მცდელობას ეხმაურება
12.09.2024

კატეგორია : განცხადებები;

ქარტია ეხმაურება 12 სექტემბერს ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის მიერ ბრიფინგზე მედიის საყურადღებოდ გაკეთებულ  განცხადებას. კალანდარიშვილმა მედიასაშუალებებს, კონკრეტულად კი „ტვ პირველს“, ადმინისტრაციის თანამშრომლების პერსონალური მონაცემების სავარადოდ კანონის საწინააღმდეგოდ დამუშავებაში დასდო ბრალი. ცესკოს თავმჯდომარე მათ, და მედიას საზოგადოდ, „ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან კომუნიკაციისას, კანონისა და ეთიკის ნორმების მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში“, თანამშრომლობის საკითხის გადახედვით დაემუქრა.

„ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახური ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის განმარტებით, ცესკოს თავმჯდომარის გაღიზიანება ცესკოში დასაქმებული მაღალი თანამდებობის პირების ნათესაური კავშირების დასადგენად ტელეკომპანიის მიერ წამოწყებულმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ გამოიწვია. მელაძემ კალანდარიშვილის განცხადება შეაფასა როგორც ზეწოლა, შანტაჟი და მუქარა მათი იძულების მიზნით, შეწყვიტონ გამოძიება, და სამართლებრივი დევნის დაანონსება იმ პირობებში, როცა სასამართლო თავის გადაწყვეტილებებში არ არის თავისუფალი.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ცესკოს თავმჯდომარეს შეახსენებს, რომ მედიას აქვს უფლება, თანამდებობის პირებს დაუსვას ნებისმიერი შეკითხვა, რომელიც საჯარო ინტერესს ემსახურება, ხოლო თანამდებობის პირების ვალდებულებაა, ამ შეკითხვას დროულად და ამომწურავად უპასუხონ. საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და მმართველი პარტიის აქტიურ წევრებსა და მხარდამჭერებს შორის ნათესაური კავშირის დადგენა სწორედ ასეთ საჯარო ინტერესის საგანს წარმოადგენს, რამდენადაც მას არჩევნების ხარისხსა და შედეგებზე პირდაპირი გავლენის მოხდენა შეუძლია. ცესკოს ადმინისტრაციის თანამშრომელთა ნეიტრალურობა ცენტრალური საკითხია საარჩევნო პროცესის სანდოობის შესაფასებლად.

უკვე წლებია, საჯარო სტრუქტურები და საჯარო ინფორმაცია პრაქტიკულად დახურულია დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიისთვის. ეს გარემოება განსაკუთრებით შემაშფოთებელია წინასაარჩევნო ფაზაში, როცა არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების მიმართ საჯარო ინტერესი გამორჩეულად მაღალია. ცესკოს თავმჯდომარემ და სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირებმა კარგად უნდა გააცნობიერონ თავიანთი პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ, რომლის ინფორმირებისთვისაც მუშაობს დამოუკიდებელი და კრიტიკული მედია, და მედიასთან ურთიერთობისას ამ პასუხისმგებლობის და კანონის მოთხოვნების შესაბამისად და საზოგადოების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.