საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აჭარის ადგილობრივი ხელისუფლებისა და შსს-სგან ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო სამუშაო პირობების უზრუნველყოფას მოითხოვს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებს, ჟურნალისტებზე თავდასხმის შემთხვევებით დაინტერესდეს
16.02.2025

კატეგორია : განცხადებები;

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში 15 თებერვალს დატრიალებული ტრაგედიის გამო და დაღუპული ბავშვების ოჯახებს თანაუგრძნობს. 

 

გუშინ, ბათუმში, ე.წ. „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე, იმ ადგილთან ახლოს, სადაც უნდა აშენდეს კორპუსი აქ მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების დასაბინავებლად, ორი მცირეწლოვანი ბავშვი წყლით სავსე თხრილში ჩავარდა და დაიხრჩო. მშენებლობა საზეიმოდ გახსნა ირაკლი კობახიძემ 8 თებერვალს. მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიაზე შეყვანილი იყო ტექნიკა და მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა, საფრთხის შემცველი ადგილები სათანადოდ შემოსაზღვრული არ იყო. 

 

შემთხვევის გასაშუქებლად ადგილზე მივიდნენ „აჭარა თაიმსის“ ჟურნალისტი სულხან მესხიძე, „ბათუმელების“ ჟურნალისტი ჯაბა ანანიძე, „ტვ პირველის“ ჟურნალისტი ნატო გოგელია და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის გადამღები ჯგუფი. მოგვიანებით მივიდა ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის აჭარის კორესპონდენტი მერაბ წულიკიძე ოპერატორთან ერთად. ჟურნალისტები ინფორმაციას აგროვებდნენ ადგილზე შეკრებილი მოქალაქეებისგან. მათ კითხვებით მიმართეს ადგილზე მყოფ ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს. ამ დროს ჟურნალისტებს თავს დაესხნენ  აგრესიულად განწყობილი მოქალაქეები. ისინი ითხოვდნენ, ჟურნალისტებს არ დაესვათ კითხვები ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის და სასწრაფოდ გაცლოდნენ ტერიტორიას. ეს აგრესიული მოქალაქეები სხვებსაც არ აძლევდნენ ჟურნალისტებთან დალაპარაკების საშუალებას, ჟურნალისტებს კი ემუქრებოდნენ და სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. სცადეს მათი ტექნიკის დაზიანებაც. 

„აჭარა თაიმსის“ ჟურნალისტი, სულხან მესხიძე, 16 თებერვალსაც გახდა აგრესიული კაცის სამიზნე, რომელმაც თავი ადგილობრივ მცხოვრებად წარადგინა. ჟურნალისტი ამ დროს დღის შუქზე იღებდა შემთხვევის ადგილს და ადგილზე არსებულ ანტისანიტარიასა და სიცოცხლისთვის საშიშ პირობებს პირდაპირ ეთერში აჩვენებდა. აგრესიულმა კაცმა მისკენ გაიწია და დარტყმით მიკროფონი გააგდებინა. ადგილზე მყოფმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომლებიც შეესწრენენ მოქალაქის ძალადობას ჟურნალისტზე, ინციდენტი რეაგირების გარეშე დატოვეს. 

ქარტია მომხდარს უკიდურესად შემაშფოთებლად მიიჩნევს. „ქართული ოცნების“ მხრიდან ჟურნალისტების მიმართ წახალისებული აგრესია და ძალადობა სხვადასხვა დროს და ადგილას სხვადასხვა ფორმით ვლინდება. ჟურნალისტები მუშაობისას არ გრძნობენ თავს უსაფრთხოდ და დაცულად. 

 

15 და 16 თებერვალს „ოცნების ქალაქში“ შემთხვევის ადგილას მისული ჟურნალისტები პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ - ისინი ცდილობდნენ დროულად მიეწოდებინათ საზოგადოებისთვის ზუსტი და მიუკერძოებელი ინფორმაცია იმ გარემოებების შესახებ, რასაც ორი მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. 

 

მსგავს შემთხვევებში კვალიფიციური მედიაგაშუქება ხელს უწყობს გამოძიების სწრაფად და ეფექტურად განხორციელებას, ტრაგედიაზე პასუხისმგებელი პირების გამოვლენას და ტრაგედიების პრევენციას. 

 

„ქართული ოცნება“ იმის ნაცვლად რომ მოსახლეობას მედიაგაშუქების მნიშვნელობას განუმარტავდეს და ჟურნალისტებს პირობებს უქმნიდეს თავიანთი მოვალეობების ეფექტურად განსახორციელებლად, უკვე წლებია, ჟურნალისტების დისკრედიტაციით და მათგან მტრის ხატის შექმნითაა დაკავებული. ძალოვანი სტრუქტურები და მათგან ხელშეწყობილი მოძალადეობრივი ჯგუფები თავს ესხმიან ჟურნალისტებს და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას უქმნიან საფრთხეს.
მხოლოდ ბოლო სამი თვის განმავლობაში ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტიამ ჟურნალისტებისათვის ხელის შეშლის 120-მდე შემთხვევა აღრიცხა.  

 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აჭარის ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებისა და შსს-სგან მოითხოვს, მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ თავიანთი პროფესიული და თანამდებობრივი მოვალეობების მიმართ და ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო სამუშაო პირობები უზრუნველყონ როგორც ეს კანონით ევალებათ.  ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებს, ჟურნალისტებზე თავდასხმის შემთხვევებით დაინტერესდეს.

 

 

 

 

 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.