ქარტია მთავრობის ადმინისტრაციას მედიისთვის დამატებითი სპეციალური საშვების გაცემისკენ მოუწოდებს
22.04.2020
2020 წლის 30 მარტის დღის მეორე ნახევარში ცნობილი გახდა, რომ ამავე წლის 31 მარტიდან 21 აპრილის ჩათვლით კომენდანტის საათი დაწესდა და 21:00 საათიდან 06:00 საათამდე აიკრძალა როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება. შეზღუდვა შეეხო მედიასაც. სპეციალური საშვების მისაღებად მედიას წერილობით უნდა მიემართა მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურისთვის, 30 მარტის 23:30 საათამდე, ოფიციალურ მეილზე.

მედიასაშუალებების უმრავლესობამ მხოლოდ იმ თანამშრომელთა მონაცემები გააგზავნა, ვისაც კომენდანტის საათის განმავლობაში უწევდა გადაადგილება.

2020 წლის 14 აპრილს ცნობილი გახდა, რომ 15 აპრილის 21:00 საათის შემდეგ აიკრძალა ქ. თბილისის, ქ. რუსთავის, ქ. ქუთაისისა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტებში შესვლა და გასვლა. მთავრობის დადგენილებაში ხაზგასმული იყო, რომ შეზღუდვა არ ეხებოდა მედიასაშუალებების წარმომადგენლების ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას. თუმცა მათ სჭირდებათ სპეციალური საშვი, რომელიც 31 მარტიდან აღარ გაიცემა.

2020 წლის 17 აპრილის 12:00 საათიდან აიკრძალა გადაადგილება ყველა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით, გარდა მოტოციკლისა. აღნიშნული შეზღუდვა შეეხო მედიასაშუალებების წარმომადგენლებსაც, თუ მათ 30 მარტის 23:30 საათამდე ვერ მოასწრეს სპეციალური საშვების მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციისთვის მიმართვა.

2020 წლის 21 აპრილს დაწესებული შეზღუდვები გახანგრძლივდა. შესაბამისად, მედია ორგანიზაციები პრობლემის წინაშე აღმოჩდნენ, რადგან მთავრობის ადმინისტრაცია ვადის გასვლის გამო უარს აცხადებს სპეციალური საშვების გაცემაზე, ისევე როგორც კონკრეტული პირების ჩანაცვლებაზე. არაერთი მედიასაშუალების წარმომადგენელი აცხადებს, რომ მათ ხელი ეშლებათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში.

ქარტია ყოველთვის მოუწოდებდა ჟურნალისტებს დაეცვათ დაწესებული შეზღუდვები, თუმცა ამ შეზღუდვების პირობებში მუშაობა შეუძლებელი ხდება. წარმოუდგენლად მიგვაჩნია მედიას ეფიქრა, რომ ახალი შეზღუდვების დაწესების შემთხვევაში ვეღარ მიიღებდა სპეციალურ საშვებს.

ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, ქარტია მოუწოდებს მთავრობის ადმინისტრაციას:

გაითვალისწინოს გამკაცრებული შეზღუდვების პირობებში მედიასაშუალებების წინაშე წარმოშობილი პრობლემები და დამატებით გასცეს სპეციალური საშვები ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების მიზნით. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიჩნევთ, რომ ეს არის მედიისთვის საქმიანობაში გამიზნულად ხელის შეშლა.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.