TV პირველის ჟურნალისტის ანა წერეთელის წინააღმდეგ ქარტიას მიმართეს
23.04.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო ა(ა)იპ”ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფისა” და ა(ა)იპ“თანასწორობის მოძრაობას” განცხადება TV პირველის ჟურნალისტის - ანა წერეთელის წინააღმდეგ.

ორივე მხარემ ქარტიას იდენტურ გადაცემაზე -“ანა წერეთელის დღის ამბები” მომართა. სადავო მასალა ტელეკომპანიის ეთერში 2020 წლის 16 აპრილს გავიდა და საერთო კოვზით ზიარების თემას ეხებოდა.

როგორც “თანასწორობის მოძრაობა”, ასევე “ქალთა ინიციაციტივების მხარდამჭერი ჯგუფი” აცხადებს, რომ გადაცემის პირდაპირ ეთერში, რესპონდენტმა, გიორგი ანდრიაძემ ფრაზით „C ჰეპატიტით უამრავი დაავადებული ადამიანი ეზიარება, შიდსით დაავადებული ადამიანიც ეზიარება. რატომ არ გადადის ეს დაავადებები?“ მცდარი და დისკრიმინაციული შინაარსის შემცველი ინფორმაცია გააჟღერა.

განმცხადებლები აღნიშნავენ, რომ ჟურნალისტმა გადაცემაშივე არ უზრუნველყო აეხსნა მაყურებლისთის, რომ აივ ინფექცია და C ჰეპატიტი არ გადადის ნერწყვით. ამით კი ხელი შეუწყო დეზინფორმაციის გავრცელებას და სტიგმის გაძლიერებას აივ დადებითი და C ჰეპატიტით დაავადებული ადამიანების მიმართ. აქედან გამომდინარე, განმცხადებლებს მიაჩნიათ, რომ დაირღვა ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეშვიდე (დისკრიმინაციის წახალისება) პრინციპი.

“თანასწორობის მოძრაობა” დამატებით დავობს მეხუთე (შესწორების) პრინციპზეც.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და დაადგენს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.