კომუნიკაციების კომისია უფლებამოსილების ფარგლებს სცდება
08.12.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, არ გასცდეს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს.
 
კომისიის მიერ 2020 წლის 7 დკემბერს გავრცელებულ   განცხადებაში  ვკითხულობთ, რომ „კომუნიკაციების კომისიას, როგორც ქვეყანაში მედია პოლიტიკის განმსაზღვრელ უწყებას, არა მხოლოდ უფლებამოსილება, არამედ - ვალდებულება აქვს მოახდინოს  რეაგირება ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი უხამსობის შემცველი პროგრამის ან რეკლამის განთავსებაზე.”
 
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ კომისიას მსგავსი არც უფლებამოსილება და არც ვალდებულება არ გააჩნია.
 
„მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლი ადგენს, რომ ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი უხამსობის შემცველი პროგრამის ან რეკლამის განთავსებაზე მსჯელობს მაუწყებლის თვითრგულირების ორგანო. ამავე მუხლით კი აკრძალულია აღნიშნულ საკითხზე კომისიისთვის ან სასამართლოსთვის მიმართვა. 
 
2009 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები – გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,“ არაკონსტიტუციურად ცნო  საკანონმდებლო ნორმა, რომელიც არ იძლეოდა ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი უხამსობის შემცველი პროგრამის ან რეკლამის განთავსებაზე სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობას.
 
აღსანიშნავია, რომ არც მოსარჩელეებს უდავიათ და არც საკონსტიტუციო სასამართლოს უმსჯელია კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის მიმართვის საკითხზე. შესაბამისად, კომუნიკაციების ეროვნული კომისია ვერ იმსჯელებს უხამსობის შემცველი პროგრამის ან რეკლამის განთავსებაზე, რომელიც ლახავს ადამიანის ღირსებასა და სამოქალაქო უფლებებს. ამ საკითხზე შესაძლებელია მხოლოდ მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოსთვის ან/და სასამართლოსთვის მიმართვა.
 
შესაბამისად, ვერ გავიზიარებთ კომისიის მოსაზრებას, რომ რადგან „კომისიის თითოეული გადაწყვეტილება გადის ეფექტურ სასამართლო კონტროლს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სტანდარტი თანაბრად ვრცელდება საკითხის როგორც სასამართლოში, ისე - კომუნიკაციების კომისიაში განხილვაზე.” 
 
მიგვაჩნია, რომ კომუნიკაციების კომისიის 2020 წლის 07 დეკემბრის განცხადება კიდევ ერთი მცდელობაა, ჩაერიოს მაუწყებლის მიერ შექმნილი მედიაპროდუქტის შინაარსში და თვითრეგულირებას მიკუთვნებული საკითხები გადაიტანოს თავისი რეგულირების სფეროში.
 
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს კომუნიკაციების კომისიას, იმოქმედოს კანონმდებლობის ფარგლებში და არ ჩაერიოს მაუწყებლის მიერ შექმნილი პროდუქტის შინაარსში.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.