2021 წლის 05 აგვისტო
საბჭოს წევრები: კამილა მამედოვა [თავმჯდომარე], ნინა ხელაძე, ნანა ბიგანიშვილი, ზვიად ქორიძე, ირმა ზოიძე, გულო კოხოძე.
ქარტიის საბჭოს საკუთარი ინიციატივით მომართა ჟურნალისტმა ლალი მოროშკინამ, რათა საბჭოს შეეფასებინა რამდენად იყო შესაბამისობაში ქარტიის პირველ პრინციპთან 2021 წლის 27 იანვარს, რადიო „Georgian Time“, ეთერში გასული გადაცემა „განსაკუთრებული აზრი“.
ქარტიის პირველი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.
განსახილველ გადაცემაში წამყვანმა, ლალი მოროშკინამ სტუმრად მოიწვია იანა ბიკოვა და ლადო აფხაზავა. გადაცემის ძირითადი თემა იყო იანა ბიკოვას პრეტენზიები „თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის“ მიმართ, კერძოდ, ბიკოვას განცხადებით, მისი შვილი, ნიკოლოზ ღუღუნიშვილი უკვე რამდენიმე წელია, სწავლობს ამ სკოლაში და მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ ბავშვი არ არის რეგისტრირებული საქართველოს განათლების სამინისტროს ერთიან ბაზაში/სასწავლო სისტემაში.
გადაცემის მიმართ სამართლებრივი შინაარსის პრეტენზია გამოთქვა თბილისის გერმანულმა საერთაშორისო სკოლამ და ლალი მოროშკინას წინააღმდეგ მიმართა სასამართლოს. თავის მხრივ, ლალი მოროშკინამ, თვითინიციირების საფუძველზე წარმოადგინა განცხადება ქარტიის საბჭოში, რათა საბჭოს ემსჯელა ქარტიის პრინციპების [კერძოდ, პირველი პრინციპის] შესაძლო დარღვევაზე.
მხარეთა თანასწორუფლებიანობის დაცვის მიზნით, საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღების უფლება მიეცა თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის წარმომადგენლებს, რომელთაც წარმოადგინეს წერილობით თავიანთი პოზიცია, ასევე მონაწილება მიიღეს საბჭოს სხდომაში.
როგორც უკვე აღინიშნა, გადაცემის თემა იყო ნიკოლოზ ღუღუნიშვილის მოსწავლის სტატუსი, რომლის მშობელი, იანა ბიკოვა სკოლას ადანაშაულებდა კანონდარღვევაში. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი რამდენიმე წელი სწავლობდა სკოლაში და იხდიდა სწავლის საფასურს, იგი არ იყო რეგისტრირებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, და მასზე საქართველოს განათლების სამინისტრო ვერ გასცემდა ცნობას, რომ ნიკოლოზი განათლებას იღებდა საქართველოს ზოგადი განათლების სისტემის შესაბამისად.
ამ ფაქტს არაერთხელ გამოეხმაურა თავად ჟურნალისტიც, რომელმაც ისაუბრა არა მხოლოდ ამ კონკრეტული ფაქტის, არამედ ზოგადად სკოლის შესახებაც:
- „აღმოჩნდა, რომ პატარა ნიკუშა ღუღუნიშვილი... აღმოჩნდა კანონგარეშე, აღმოჩნდა საერთოდ უსაბუთოდ, ანუ არსად არ არის აღრიცხული, თქვენ გესმით ხო, როდესაც მშობელი იხდის ამდენ ფულს სკოლაში ეს ნიშნავს, რომ სკოლა იხდის გადასახადებს სახელმწიფო ბიუჯეტში ხო, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტში ღუღუნიშვილების ოჯახიდან არ მომხვდარა არც ერთი კაპიკი“.
- ვინაიდან განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ სკოლაში მყოფი კიდევ 29 ბავშვი არ იყო რეგისტრირებული ერთიან სისტემაში, ეს ფაქტი ჟურნალისტმა გადასახადების დამალვად შეაფასა: „ეხლა ლადო უყურე, ჩვენ მინიმუმ მივიღეთ რა 88 000 ლარი, ეს არის ერთი ნიკუშა ღუღუნიშვილის ოჯახიდან რაც არის გადახდილი ეს ციფრი უნდა გავამრავლოთ 29-ჯერ, აი ამდენი ათასი ლარი არ შესულა საქართველოს ბიუჯეტში“.
- ლალი მოროშკინა გადაცემაში მტკიცებით ფორმაში უთითებდა, რომ სკოლა სისხლის სამართლის დანაშაულს ჩადის და სახეზეა „საოცარი დარღვევები“.
საქმის განხილვის დროს ასევე წარმოდგენილი იქნა:
- თბილისის გერმანული სკოლის დირექტორის [შტეფანი დროლლი] წერილი განათლების მინისტრის მიმართ, სადაც ის აღნიშნავს, რომ „[სკოლამ] 2015 წლის ზაფხულში, მოსწავლეთა რეგისტრაციის ვადების დასრულების შემდეგ, მშობლების დაჟინებული თხოვნის საფუძვეზე, პირველ კლასში მიიღო ნიკოლას ღუღუნიშივილი. მიუხედავად იმისა, რომ იგი 2015/2016 სასწავლო წლის დასაწყისში არ იყო 6 წლის. მშობლების არგუმენტი იყო ის, რომ ნიკოლასი იყო რუსეთის მოქალაქე და ისინი დროებით იმყოფებოდნენ საქართველოში. სკოლის დირექცია ძალიან წუხს ამ ფაქტის გამო, მოგმართავთ თხოვნით, მოსწავლის ინტერესებიდან გამომდინარე საშუალება მოგვცეთ ნიკოლას ღუღუნიშვილი ჩარიცხოთ მოსწავლეთა ელექტრონულ ბაზაში. გარანტიას გაძლევთ, რომ მომავალში მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდება“.
- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული სააგენტოს მიერ, თბილისის გერმანული სკოლაში, 09.09.2020 – 11.09.2020 პერიოდში განხორციელებული მონიტორინგის დასკვნა, რომლის თანახმად: 2020 წლის 9-11 სექტემბრის მონაცემებით, 29 მოსწავლე, რომელიც დარეგისტრირებულია სკოლის შიდა ბაზაში, არ არიან რეგისტრირებულნი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში. იქვე აღნიშნულია რომ სკოლას ამის საშუალება მიეცა ქართულ და გერმანულ სამინისტროებს შორის 2010 წელს გაფორმებული შეთანხმების და სამინისტროს 2011 წლის 06 ივნისით დათარიღებული წერილის საფუძველზე, რაც მონიტორინგის ჯგუფის შეფასებით ქმნის სამართლებრივ კაზუსს.
თავის მხრივ, თბილისის გერმანული სკოლის წარმომადგენლებმა საბჭოს სხდომაზე აღნიშნეს: ნიკოლოზ ღუღუნიშვილს თავდაპირველად უარი ეთქვა სკოლაში ჩარიცხვაზე, ვინაიდან მოქმედებდა საქართველოს კანონმდებლობა, რომლის თანახმად, თუ ბავშვს სწავლის დაწყების მომენტში არ ჰქონდა შესრულებული ექვსი წელი, ის არ დაიშვებოდა საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში [ე.წ. „ქართულ პროგრამაზე“]. ამასთან, საქართველოს და გერმანიის სამინისტროებს შორის 2010 წელს გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, სკოლას ჰქონდა ორი პროგრამა ქართული, რომელსაც აღიარებს [აკრედიტირებულია] საქართველოს განათლების სისტემა და გერმანული, რომელსაც აღიარებს [აკრედიტირებულია] გერმანული განათლების სისტემა. თავის მხრივ, გერმანული განათლების სისტემა არ აწესებს ასაკობრივ ზღვარს. შესაბამისად, ბავშვის მშობლების მოთხოვნით ნიკოლოზ ღუღუნიშვილი მიიღეს მხოლოდ გერმანულ განათლების პროგრამაზე და იგი არ აისახა ქართული განათლების სისტემაში.
განსახილველ შემთხვევაში საბჭოს არც კომპეტენცია და არც უფლებამოსილება არ გააჩნია, იმსჯელოს სამართლებრივად სწორად მოხდა თუ არა ნიკოლოზ ღუღუნიშვილის სკოლაში ჩარიცხვა, ან/და დაირღვა თუ არა მისი უფლებები. საბჭო განსახილველ გადაცემას აფასებს მხოლოდ ეთიკური პრინციპის ჭრილში: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“. თავად ეს პრინციპი გულისხიობს იმას, რომ ჟურნალისტმა ყველა ღონე უნდა იხმაროს იმისათვის, რომ აუდიტორიას მიაწოდოს დაბალანსებული ინფორმაცია, რომელიც შეიცავს ყველა შესაძლო მხარის პოზიციას, განმარტებას, კომენტარს, რათა საზოგადოებამ შეძლოს, რაც შეიძლება მაქსიმალურად ობიექტური ინფორმაციის მიღება.
გადაცემაში წარმოდგენილი იყო მხოლოდ ერთი მხარე - იანა ბიკოვა და ისმოდა მხოლოდ მისი ბრალდებები და პრეტენზიები სკოლის მიმართ. აღსანიშნავია, რომ თავად ჟურნალისტიც ავრცელებდა დაუდასტურებელ ინფორმაციას სკოლის შესახებ [სკოლა გადასახადებს მალავს და ა.შ]. ერთადერთი, რაც სკოლის პოზიციის წარმოჩინებად შეიძლება ჩაითვალოს, არის წინამდებარე გადაწყვეტილებაში მითითებული, თბილისის გერმანული სკოლის დირექტორის, შტეფანი დროლლის წერილი, რომელიც მაყურებელს გააცნო ჟურნალისტმა. მეორე მხრივ, დაუზუსტებელი იყო ინფორმაცია, თუ რის საფუძველზე ედებოდა ბრალი სკოლას გადასახადების დამალვაში და თან დიდი ოდენობით [88 000X29]. განათლების სისტემაში ბავშვის ასახვა/არ ასახვა არავითარ კავშირში არ არის საგადასახადო ანგარიშგებასთან. რატომ აფასებდა ჟურნალისტი სკოლის ქმედებას დანაშაულად, როცა თავად განათლების სამინისტროს დასკვნაში ეს პრობლემა იურიდიულ კაზუსად არის განმარტებული. არც ჟურნალისტის მცდელობა არ ჩანს, რომ დაკავშირდებოდა მეორე მხარეს [სკოლას] და მისი პოზიცია მოესმინა, ან მოეწვია გადაცემაში. ჟურნალისტის განცხადებით, მისმა რესპოდენტმა, იანა ბიკოვამ სთხოვა სკოლას გადაცემაში მონაწილეობა. გარდა იმისა, რომ ეს მიმართვა არ დასტურდება, ასევე, ერთი რესპონდენტის მიერ მეორე რესპონდენტის გადაცემაში მოწვევა ვერ ჩაითვლება ჟურნალისტის მცდელობად, რომ გადაამოწმოს ინფორმაცია, ყველა მხარეს მისცეს პოზიციის და კომენტარის დაფიქსირების საშუალება.
ყოველი ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია: ვინაიდან ჟურნალისტმა არ უზრუნველყო ბალანსის დაცვა და გადამოწმებული ინფორმაციის საზოგადოებისათვის მიწოდება, განსახილველი გადაცემა არ არის შესაბამისი ქარტიის პირველ პრინციპთან.