ქარტიის საბჭოს თავმჯდომარედ ხატია ღოღობერიძე აირჩიეს
24.12.2022

ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე ხატია ღოღობერიძე გახდა, მან ამ პოზიციაზე თამარ რუხაძე შეცვალა. ხატია ღოღობერიძე ქარტიის საბჭოს ერთი წლის ვადით უხელმძღვანელებს.

ხატია ღოღობერიძე მედიაში 2009 წლიდან მუშაობს. სხვადასხვა დროს იყო გამოცემა ბათუმელების, News.ge-ისა და ტაბულას ჟურნალისტი. ასევე, ტაბულას სატელევიზიო კორესპონდენტი. 2020 წლიდან, 2 წლის განმავლობაში იყო News.On.ge-ის მთავარი რედაქტორი. 2022 წლიდან არის ონლაინ გამოცემა Queer.ge-ს მთავარი რედაქტორი, ასევე, dev.ge-ის რედაქტორი.

ხატია ღოღობერიძე რამდენიმე მედიაკონკურსის გამარჯვებულია. მათ შორის, 2018 წელს დაჯილდოვდა GIPA/Friedman-ის პრიზით საუკეთესო სიღრმისეული ნამუშევრისათვის სექსუალური შევიწროების თემაზე. 2019 წელს კი ქალთა ფონდმა კატო მიქელაძის პრემია გადასცა ქალების წინაშე არსებული გამოწვევების, სექსუალური შევიწროების, ძალადობისა და დისკრიმინაციული ფაქტების სისტემატიურად და ეთიკურად გაშუქებისათვის. 2022 წელს კი მიიღო ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში ბლოგისთვის "პანდემია და დედობა".

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრად აირჩიეს 2021 წლის 18 დეკემბერს, ქარტიის წევრთა საერთო კრებაზე.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.