მმართველი პარტია გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ქვეყანაში არსებულ საზოგადოებრივი მაუწყებლის მოდელს
29.06.2023

კატეგორია : განცხადებები;
მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმიანება მმართველი პარტიის მიერ შემოთავაზებულ ცვლილებებს “მაუწყებლობის შესახებ” კანონში, რომელიც ბევრ სადაო მუხლთან ერთად აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს გაუქმებას ითვალისწინებს. აღნიშნული კანონპროექტი ცალსახად ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნდამენტურ პრინციპებს, გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ქვეყანაში საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებულ მოდელს და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ვასილ მაღლაფერიძის ძალაუფლების განმტკიცებას ემსახურება. 
 
მმართველი პარტიის მიერ რამდენიმე კვირის წინ საჯარო დისკუსიისა და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ინიცირებული იყო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, მათ შორის, სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა იზრდებოდა 9-დან 11-მდე, უქმდებოდა სამეურვეო საბჭოს წევრად ერთ ვადაზე მეტი ხნით არჩევის აკრძალვა, იზრდებოდა სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის უფლებამოსილების ვადები და ა.შ. აღნიშნული კანონპროექტი კრიტიკულად იყო შეფასებული მედიისა და სამოქალაქო სექტორის მიერ, ვინაიდან ის არ პასუხობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის წინაშე დღეს არსებულ გამოწვევებს და აგრძელებდა ხელისუფლების მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიტაცების პროცესს. ნაცვლად იმისა, რომ არსებული კანონპროექტი გაეწვია, “ქართულმა ოცნებამ” კანონპროექტში დამატებითი ცვლილებები შეიტანა, რომლის მიხედვით აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო უქმდება და მის კომპეტენციებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ითავსებს.  სამეურვეო საბჭოს წევრების რაოდენობა 9 დან 11-მდე იზრდება, და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს ერთის ნაცვლად სამი კანდიდატის დასახელების უფლებამოსილება ენიჭება. 
 
აჭარის ტელევიზიის შექმნა თავის დროზე მნიშვნელოვან პროგრესულ ნაბიჯად იქნა მიჩნეული და დადებითად შეფასდა ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების მიერ. ნათია კაპანაძის ხელმძღვანელობით ტელევიზიამ ცალსახად პროგრესი განიცადა  და ის პოლარიზებულ მედია სივრცეში მიუკერძოებელი და ობიექტური სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩეოდა. “ქართული ოცნებისთვის” მიუღებელი აღმოჩნდა ნეიტრალური ტელევიზიის არსებობა. ჯერ დაუსაბუთებლად გაათავისუფლეს ნათია კაპანაძე, შემდეგ კი, როცა უკვე ტელევიზიას გიორგი კოხრეიძე ხელმძღვანელობდა, დაიწყო კრიტიკული ჟურნალისტების დევნა, შევიწროება და გათავისუფლება. დღეს მმართველი პარტია უპრეცედენტოდ ამცირებს აჭარის ტელევიზიის დამოუკიდებლობის ხარისხს, აუქმებს რა ადგილობრივ მრჩეველთა საბჭოს. 
 
შემოთავაზებული კანონპროექტი ეწინააღმდეგება დემოკრატიის ძირითად ღირებულებებს და იმ პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის ევროპული მოდელი. მმართველი პარტიის მფარველობით განხორციელებულმა ქმედებებმა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების დევნის კუთხით უკვე შეარყია ნდობა მედიაგარემოს მიმართ. ეს უკანასკნელი შემოთავაზებული ცვლილება მხოლოდ ამძაფრებს ამ საკითხს, კიდევ უფრო ზღუდავს მედიის მრავალფეროვნებას და აძლიერებს ხელისუფლების კონტროლს საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე. თავისუფალი და დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებელი აუცილებელია ნებისმიერი დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის. კონსტიტუციური ორგანიზაცია დაცული უნდა იყოს პოლიტიკური ჩარევისგან, რაც მას საშუალებას მისცემს ავტონომიურად იმოქმედოს და ემსახუროს საზოგადოებრივ ინტერესებს. 
 
მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს მმართველ პარტიას გაითვალისწინოს ის პოტენციური მძიმე შედეგები, რაც ამ ცვლილებას შეიძლება მოჰყვეს, როგორც დემოკრატიის პრინციპების, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლებისთვის შესაძლებლობის, სრულფასოვნად შეასრულონ თავიანთი ფუნქცია, შეზღუდვით. “ქართულმა ოცნებამ” სასწრაფოდ უნდა გაიწვიოს აღნიშნული კანონპროექტი და ამგვარი რეგრესული ინიციატივების წამოყენების ნაცვლად, გადადგას ნაბიჯები ევროკავშირის 12 რეკომენდაციის და, კონკრეტულად, მედიასთან დაკავშირებული პუნქტების შესასრულებლად.
 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.