კატეგორია : განცხადებები;
გუშინ, 14 მარტს, ბათუმში, ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ოცნების ქალაქში" ახლად აშენებული საცხოვრებელი კორპუსის გადასაღებად მისულ TV25-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს მშენებლობაზე დასაქმებულმა პირმა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამასთან ერთად, დაცვის თანამშრომელი ოპერატორისთვის კამერის წართმევასაც შეეცადა.
TV25-ის ჟურნალისტი თეო ფუტკარაძე და ოპერატორი გერა კილაძე „ოცნების ქალაქში“ სწორედ იმ კორპუსის გადასაღებად იმყოფებოდნენ, რომლის მშენებლობაც დასრულებულია, მაგრამ მოსახლეებს, თვეებია, საცხოვრებელ ბინებს არ აძლევენ.
TV25-ის მიერ გავრცელებული ვიდეომასალის მიხედვით, გადამღები ჯგუფი კორპუსის გადაღებას საჯარო სივრციდან ცდილობდა, საიდანაც გადაღების უფლება ნებისმიერ ადამიანს აქვს.
მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დროულად დაიწყოს აღნიშნული ინციდენტის გამოძიება, რომ მედიის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო იქნეს უზრუნველყოფილი.