საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტს
03.05.2024

კატეგორია : განცხადებები;

ჟურნალისტების მიმართ დამამცირებელი მოპყრობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან ბოლო წლებია, ტრადიციად იქცა. ღირსების შემლახველი, შეურაცხმყოფელი ეპითეტებით გაჯერებული სიძულვილის ენა, რომელსაც ისინი რეგულარულად იყენებენ, საზოგადოების თვალში ჟურნალისტიკის როლის დაკნინებასა და ჟურნალისტების დისკრედიტაციას ემსახურება. გარდა იმისა, რომ ამგვარი დამოკიდებულება ხელს უშლის მედიას, ეფექტურად იფუნქციონიროს, ის ასევე ახალისებს ჟურნალისტების მიმართ ძალადობას. შედეგად, უკვე გვაქვს ჩინოვნიკებისა და საჯარო მოხელეების მხრიდან ჟურნალისტებზე სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის არაერთი მაგალითი. გახშირდა შემთხვევები, როდესაც ჟურნალისტებს ძალადობრივი ჯგუფების დაუსჯელობით გულმიცემული წევრები ესხმიან თავს. 

ამ კონტექსტის გათვალისწინებით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია თბილისის მერისა და პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის, საქციელი 2 მაისს ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხისას, რა დროსაც მან  შეურაცხყოფა მიაყენა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს ნუცა ბახუტაშვილს. კახა კალაძემ თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო სახელწოდებით „რადიკალების ჟურნალისტი“. აღსანიშნავია, რომ ამ ვიდეოში არ მოხვდა ის, თუ როგორ იყენებს ქალაქის მერი არანორმატიულ ლექსიკას ჟურნალისტის მიმართ შეკითხვების ამოწურვის შემდგომ. აგრესია მოჰყვა ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც დაინტერესდა იმით, თუ რატომ მალავენ შსს სამინისტრო და ქალაქის მერი იმ ფაქტს, რომ შსს-მ აქციის დასაშლელად რეზინის ტყვიები გამოიყენა (“არ გერიდებათ, ასე უტიფრად რომ იტყუებით შინაგან საქმეთა სამინისტრო და თქვენ?”). 

საქართველოს ჟურნალისტური ქარტია გმობს ჟურნალისტებთან ურთიერთობის ამგვარ სტილს და  შეახსენებს თბილისის მერს, რომ მას როგორც მაღალი თანამდებობის პირს, აქვს თმენის ვალდებულება. 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.