საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტოს, აღკვეთოს საარჩევნო უბნებთან მობილიზებული პირების ძალადობრივი ქმედებები ჟურნალისტების მიმართ
26.10.2024

კატეგორია : განცხადებები;

უბანზე მობილიზებული აგრესიულად განწყობილი, ზოგ შემთხვევაში არაფხიზელი, პირების მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობა დღის განმავლობაში მყარ ტენდენციად ჩამოყალიბდა. შსს არ იცავს ჟურნალისტებს მათი თავდასხმებისგან. უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში გახსნილ საარჩევნო უბნებზე ზოგიერთი საუბნო კომისიის თავმჯდომარე, კანონის დარღვევით, თვითნებურ გადაწყვეტილებებს იღებს და ჟურნალისტების მუშაობას აფერხებს.

14:30-ისთვის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯგალში სამოქალაქო ჟურნალისტიკის პლატფორმის „მრავალკუთხედი“ ჟურნალისტს, დიტო ბელქანიას, დაუპირისპირდა „ქართული ოცნების“ პარტიული წარმომადგენელი ლირა ღურწკაია, რომელიც იმავდროულად წალენჯიხის რესურსცენტრის უფროსია. ჟურნალისტის თქმით, მას ლირა ღურწკაიამ, უბნის თავმჯდომარემ და კომისიის წევრებმა მუშაობაში ხელი შეუშალეს, კანონის დარღვევით, კონკრეტული ადგილიდან გადაღების უფლება არ მისცეს და კამერისთვის განკუთვნილ ადგილას გადასვლა მოსთხოვეს. ჟურნალისტი ამ დროს ცდილობდა გადაეღო დაპირისპირება ერთ-ერთ დამკვირვებელსა და უბნის თავმჯდომარეს შორის. 

მარნეულში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან მობილიზებულმა, ტელეკომპანიის ცნობით, „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულმა, პირებმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს, ხოლო შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ ოპერატორს, და კამერის დაზიანება სცადეს. მათ გადამღებ ჯგუფს მოსთხოვეს, ტერიტორია დაეტოვებინა. „ტვ პირველი“ ადგილზე იღებდა დაპირისპირებას „ქართული ოცნებისა“ და „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლებს შორის. უბანზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც იქ მყოფმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს საია-ს დამკვირვებელს გიორგი გოცირიძეს. „ტვ პირველის“ ჟურნალისტი ნინო ელიკაშვილი შეეცადა ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებთან გაერკვია, დაიწყებოდა თუ არა გამოძიება ოპერატორის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტზე, თუმცა უშედეგოდ. 

„ფორმულას“ ჟურნალისტს მარი წაქაძეს ქუთაისის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე საარჩევნო კომისიის წევრებმა ხმის დათვლის პროცესზე დასწრების შესაძლებლობა არ მისცეს, ოქმი შეუდგინეს და უბნიდან გააძევეს. მანამდე, უბანზე დამკვირვებლის სტატუსით მყოფი პირი ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში საუბარში ხელს უშლიდა. მარი წაქაძემ 112-ს მიმართა. ეკიპაჟი მალევე მივიდა უბანზე, თუმცა ჟურნალისტს ვერაფრით დაეხმარა, მხოლოდ შეახსენა, რომ მას გაძევების ოქმის გასაჩივრება შეეძლო.

მარნეულში, სოფელ სადახლოს საარჩევნო უბანზე, 14:00 საათზე, რადიო “მარნეულის” ჟურნალისტი ვლადიმერ ჩხიტუნიძე მანამდე არ შეუშვეს, სანამ საქმეში საოლქო საარჩევნო კომისია არ ჩაერია. ჟურნალისტის თქმით, უბნის თავმჯდომარე მას რამდენიმე წუთის განმავლობაში არ აძლევდა უბანზე შესვლის შესაძლებლობას და ეუბნებოდა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუშვებდა, თუ არაფერს გადაიღებდა. ჟურნალისტმა დახმარებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართა. საგულისხმოა, რომ სოფელ სადახლოში ხმის მიცემის პროცედურა ძველი სისტემით მიმდინარეობს და უბანზე ჟურნალისტის და კამერის ყოფნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო.

15:00 საათისთვის, კახეთში, “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტ ია გულიაშვილს და ოპერატორ ლევან დვალს, თავს დაესხა ტელეკომპანიის ვარაუდით “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული პირი. ჟურნალისტი ამ დროს იმის გარკვევას ცდილობდა, თუ ვინ და რატომ უმასპინძლდებოდა უბანზე ხმის მისაცემად მისულ ამომრჩევნებს. აგრესიულად განწყობილი პირი ჟურნალისტს უბნის დატოვებას თხოვდა და ოპერატორისკენ იწევდა. მან “მთავარი არხის” კამერის გატაცებაც სცადა.  

15:00 საათისთვის, ბათუმში, “მთავარი არხისა” და “ფორმულას” გადამღებ ჯგუფებს, “მთავარი არხის” ინფორმაციით “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული აგრესიულად განწყობილი პირები, საარჩევნო უბანზე შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. ჟურნალისტები უბანთან მობილიზებულ პირებს სიების თაობაზე უსვამდნენ კითხვებს.

16:30 საათისთვის, თბილისში, გლდანში, საარჩევნო უბანთან შეკრებილმა, გამორჩეულად აგრესიულმა პირებმა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ონლაინ გამოცემა “პუბლიკას” ჟურნალისტებს მინდია გაბოძესა და შაკო ბრეგაძეს და "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტს თამუნა ჩქარეულს. ერთ-ერთმა პირმა "პუბლიკას" უთხრა, რომ “ქართული ოცნების” მხარდამჭერია. 

17:30-ისთვის, თბილისში, ვაზისუბანში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მობილიზებული პირები თავს დაესხნენ “ტვ პირველის” ოპერატორს და კამერა დაუზიანეს. ოპერატორი პაპუნა ხაჩიძე და ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი ამ დროს უბნის მიმდებარედ შეკრებილებს იღებდნენ.

10:00 საათისთვის, “ფორმულას” ჟურნალისტს დავით ჭაბაშვილს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სპოფელ ჭიაურში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მობილიზებულმა პირებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და გადაღებაში ხელი შეუშალეს.

10:30 საათისთვის, ბათუმის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე “ქართული ოცნების” კოორდინატორები “ტვ პირველის” ჟურნალისტს თეონა დოლენჯაშვილს, რომელიც მათთვის კითხვების დასასმელად მიკროავტობუსში ავიდა, სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, კარი ჩაუკეტეს და გადაადგილება შეუზღუდეს, ხოლო მათგან ერთ-ერთი, ედუარდ შარაძე, ჟურნალისტს სისხლის სამართლებრივი დევნით დაემუქრა. 

14:00 საათისთვის, რადიო თავისუფლების ცნობით, რუსთავში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, რადიოს ჟურნალისტს, დავით მჭედლიძეს, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. დავით მჭედლიძე უბნის მიმდებარედ მყოფ პირებს აფიქსირებდა, რომლებიც, სავარაუდოდ, უბანზე მისული ამომრჩევლების აღრიცხვით იყვნენ დაკავებული, რა დროსაც ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და მისთვის ტელეფონის წართმევა სცადეს. 

შუადღისას, 14:00 საათისთვის, სოფელ ქვემო ხოდაშენში, საარჩევნო უბანზე თავს დაესხნენ “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტ მარიამ მაკასარაშვილს და ოპერატორ ნუკრი ქაფიაშვილს. მარიამ მაკასარაშვილის თქმით, მათ გადაიღეს სპეციალური სიები, რომლებშიც  უბანზე მყოფი უცნობი პირები უბანზე მისულ ამომრჩევლებს აღრიცხავდნენ. ისინი ასევე არიგებდნენ ფულს. ამ ფაქტით გაღიზიანებული უცნობი პირები მათ ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ერთ-ერთმა მამაკაცმა ოპერატორს რამდენჯერმე ჩაარტყა სახის არეში და კამერა დაუმტვრია. ნუკრი ქაფიაშვილს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ადგილზე მივიდნენ სასწრაფო დახმარების ბრიგადა და შსს-ს წარმომადგენლები.

OC Media-ს ცნობით, საქართველოში არ შემოუშვეს შვეიცარიელი ჟურნალისტი სტეფან გოსი. დოკუმენტში, რომელიც გამოცემამ გაავრცელა, უარის საფუძვლად მითითებულია: “არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს”. არჩევნებამდე სამი დღით ადრე, ანალოგიური საფუძვლით საზღვრის კვეთაზე უარი უთხრეს ჩეხ/ბრიტანელ ჟურნალისტს რეი ბეისლის, რომელსაც არჩევნები უკრაინული გამოცემის, Kiyv Independent-ის, აუდიტორიისთვის უნდა გაეშუქებინა.

ისნის ერთ-ერთი საარჩევნო უბანზე, 11:00 საათისთვის, უცნობი პირი „მთავარი არხის“ და „ტვ პირველის“ ჟურნალისტებს დაუპირისპირდა და დარბევით დაემუქრა. უბანზე ჟურნალისტები ქეთა ციცქიშვილი და მარიამ გაფრინდაშვილი იღებდნენ აგრესიულად განწყობილ პირებს, რომლებიც ხმის მისაცემად მისულ ამომრჩევლებს და ჟურნალისტებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

ახმეტის რაიონის სოფელ მატანში, 11:30 საათისთვის, სავარაუდოდ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები თავს დაესხნენ ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს, რომელიც უბანზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა. გელა მთივლიშვილმა არაუფლებამოსილ პირებს უბნის შესასვლელის და მიმდებარე ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. აგრესიულმა პირებმა, რომელთა შორის იყო ილია მამუჩარაშვილი, მას ტელეფონი წაართვეს, გადაღებაში ხელი შეუშალეს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მთივლიშვილმა საქმის კურსში ჩააყენა 112. მოგვიანებით ის შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს.

ქუთაისში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, CNews-ის ჟურნალისტს გიგა გელხვიიძეს, სამი პირი, რომლებიც CNews-ის ინფორმაციით „ქართული ოცნების“ აქტივისტები არიან, ფიზიკურად გაუსწორდა. ჟურნალისტმა გიგა გელხვიიძემ აღმოაჩინა სიები, სადაც მოქალაქეების პირადი მონაცემები იყო დაფიქსირებული. აქტივისტების გაღიზიანება ამ ფაქტმა გამოიწვია.

მარნეულში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, რადიო “მარნეულის” ჟურნალისტებს ვლადიმერ ჩხიტუნიძესა და თიკო დავაძეს, დამკვირვებელმა, რომელიც მათი ინფორმაციით, “ქართული ოცნების” მხარდამჭერია, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, “აგენტები” და “ქვეყნის გამყიდველები” უწოდა და ანგარიშსწორებით დაემუქრა. დამატებით, უბნის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს ვიდეოგადაღება შეუზღუდა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს.

მსგავსი სიახლეები

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.