კატეგორია : განცხადებები;
„ექსპრესნიუსის“ დამფუძნებლისა და რედაქტორის ირაკლი მანაგაძის განცხადებით, მას პარტია „ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურის უფროსმა გიორგი გრძელიშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და „ამოძირკვით“ დაემუქრა. ირაკლი მანაგაძე შიშობს, რომ, გიორგი გრძელიშვილს, ძალოვან უწყებებში მისი კონტაქტებისა და გავლენების გათვალისწინებით, ამ მუქარის სისრულეში მოყვანა შეუძლია. ჟურნალისტი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მისი თანამშრომლის შეკავებისკენ მოუწოდებს.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გამოთქვამს შეშფოთებას იმით, რომ პარტია „ქართული ოცნება“ და მასთან აფილირებული პირები კრიტიკულ მედიაში მომუშავე ჟურნალისტების პროფესიულ დისკრედიტაციას და საზოგადოების ცალკეულ ჯგუფებში მათდამი სიძულვილის გაღვივებას ცდილობენ. ამგვარი ქმედებები ჟურნალისტების უსაფრთხოების რისკებს ზრდის.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პარტია „ქართული ოცნებას“ მოუწოდებს, ამ ინციდენტის გამოსაძიებლად შიდა მოკვლევა ჩაატაროს და შედეგები გაასაჯაროვოს. ასევე უზრუნველყოს, რომ მისი თანამშრომლები დამოუკიდებელი მედიასაშუალებების საქმიანობაში არ ერეოდნენ, ჟურნალისტებს პატივისცემით ექცეოდნენ და კანონის დაცვით მოქმედებდნენ.