ბავშვთა საკითხების გაშუქების მედიამონიტორინგის ანგარიში- 2016
22.12.2016

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით ახორციელებს პროექტს "ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქება", რომლის ერთ-ერთი კომპონენტია  ბავშვთა საკითხების გაშუქების მედიამონიტორინგი.

მედიამონიტორინგის მიზანი ელექტრონულ, ონლაინ და ბეჭდურ მედიაში ბავშვთა საკითხებზე გამოქვეყნებული მასალების შესწავლა, ბავშვთა  უფლებებთან, ეთიკურ ნორმებსა და სიღრმისეულად გაშუქების პროფესიულ სტანდარტებთან შესაბამისობის ანალიზია.

წინამდებარე დოკუმენტში მოცემულია 2016 წლის 1 აპრილიდან 1 დეკემბრამდე პერიოდში ჩატარებული მონიტორინგის შემაჯამებელი შედეგები. პროექტის ფარგლებში გამოქვეყნდა ერთი შუალედური ანგარიშიც.

დოკუმენტში გაანალიზებულია ბავშვთა საკითხების გაშუქებისას გამოკვეთილი ხარვეზები, ტენდენციები. ანგარიშს თან ერთვის რეკომენდაციებიც.  აგრეთვე მიმოხილულია საბავშვო არხების მიერ მომზადებული მასალები და ცენტრალურ არხებზე გასული საბავშვო გადაცემების ანალიზი.

ანგარიშში ცალკე ქვეთავი ეთმობა ბავშვთა საკითხების გაშუქების შეფასებას, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს .

ძირითადი ტენდენციები:

  • 2015 წელთან შედარებით გაიზარდა ბავშვთა საკითხების გაშუქება ონლაინ მედიასა და პრესაში. ტელეეთერში კი თითქმის არ შეცვლილა მასალების რაოდენობა.
  • ბავშვები ყველაზე ხშირად განათლებასა და კრიმინალთან დაკავშირებულ თემებში ჩანდნენ.
  • ბავშვების შესახებ მომზადებული მასალების მხოლოდ 1% პროცენტს შეადგენს ისეთი ჟურნალისტური პროდუქტი, სადაც საკითხი სიღრმისეულადაა განხილული. ბავშვთა საკითხებთან დაკავშირებული მასალების უმრავლესობა ზედაპირული და ფრაგმენტულია.
  • 2015 წლის მარტი - ოქტომბრის მონიტორინგის შედეგებთან შედარებით 12-დან 35 პროცენტამდე გაიზარდა იმ მასალების რიცხვი, სადაც ბავშვები თავად საუბრობენ.
  • ბავშვების ხმა ყველაზე მეტად სპორტთან დაკავშირებულ მასალებში ისმოდა.
  • არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც ჟურნალისტებმა ბავშვი იმ შემთხვევაშიც დაფარეს, როდესაც საჭირო არ იყო ან სხვა დეტალები იმდენად იდენტიფიცირებული იყო, რომ მხოლოდ ბავშვის სახის დაფარვა აზრს კარგავდა.
  • ბავშვებთან დაკავშირებული კანონპროექტები ძირითადად პოლიტიკოსების დაპირისპირების ჭრილში განიხილება. აუდიტორიისთვის უცნობია რა გავლენას იქონიებს ცვლილები ბავშვის ცხოვრებაზე.
  • პრობლემად რჩება ბავშვების გამოყენება რეკლამისა და ქველმოქმედების ობიექტებად. ხშირად ასეთ შემთხვევაში ერთი და იგივე ტექსტი სხვადასხვა ონლაინ მედიასაშუალებებში ქვეყნდება, მაგრამ მითითებული არ არის, რომ ტექსტი დაფინანსებულია და არ მომზადებულა სარედაქციო პასუხისმგებლობის ქვეშ.
  • პოლიტიკოსები/სახელმწიფო უწყებები ბავშვების მძიმე სოციალურ მდგომარეობას აქტიურად იყენებენ საკუთარი პოპულარიზაციისთვის რაშიც ხელს უწყობს მედია.
  • სოციალურ პრობლემებზე მომზადებულ მასალებში ხშირ შემთხვევაში ბავშვი ემოციის გასამძაფრებლად გამოიყენება.
  • ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ბავშვების საკითხი უმთავრესად ქველმოქმედების ჭრილში შუქდება, მედია ცდილობს თავად მოიძიოს სახსრები მათ დასახმარებლად და აქცენტს არ აკეთებს სისტემურ პრობლემაზე, რის გამოც ბავშვებს რიგითი მოქალაქეების დახმარება სჭირდებათ.
  • ბავშვებთან დაკავშირებით მომზადებულ მასალებში ეთიკური სტანდარტების დარღვევა რამდენიმე შემთხვევაში გამოიხატა ძალადობის მსხვერპლი ანდა სავარაუდო არასრულწლოვანი დამნაშავის იდენტიფიცირებაში.
  • კვლავაც არაერთი მასალა გამოქვეყნდა, რითიც ბავშვების სხვდასხვა ნიშნით სტიგმატიზება მოხდა.
  • იშვიათია საერთო მაუწყებელი, რომელსაც ერთი გადაცემა მაინც აქვს ბავშვებისთვის განკუთვნილი.
  • საბავშვო არხების ეთერში გასული გადაცემები ვერ სთავაზობს საინტერესო და მრავალფეროვან შინაარსს სხვადასხვა ასაკის არასრულწლოვნებს.
  • საბავშვო არხების მიერ მომზადებული მასალა ვიზუალურად დაბალი ხარისხისაა, არ არის გამოყენებული ამბის გადმოცემის სხვდასხვა ფორმები, ინოვაციური ხერხები აუდიტორიის მოსაზიდად.
  • საბავშვო არხების ეთერში გასული გადაცემების უმეტესობა სავსეა გენდერული სტერეოტიპებით. გადაცემებში ბიჭებს ვხვდებით სათამაშო ავტომატებით შეიარაღებულ, გოგოებს - სამზარეულოში ანდა სილამაზის სალონში.
ჩამოტვირთეთ ანგარიში სრულად