21.10.2013
27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების მედიამონიტორინგის მეორე
შუალედური ანგარიში2013 წლის 21 ოქტომბერი
თბილისი, 2013 წლის 21 ოქტომბერი, – საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ, პროფესიონალ ჟურნალისტთა არაკომერციულმა, დამოუკიდებელმა გაერთიანებამ, რომელიც ხელს უწყობს თავისუფლებისა და დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრებას, დაიწყო 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების მედია მონიტორინგი. ეს პროექტი ხორციელდება სლოვაკურ მედია მონიტორინგის ორგანიზაცია MEMO 98 -თან ერთად ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” (OSFG) ფინანსური მხარდაჭერით.
ქვემოთ მოცემულია მონიტორინგის შედეგი, რომელიც მოიცავს ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდის სამ კვირას (16 სექტემბერი – 10 ოქტომბერი):
რეზიუმე
ჩვენი მონიტორინგის ქვეშ მყოფი მედია აგრძელებს არჩევნების ზოგადად დაბალანსებულად გაშუქებას.
მედიის უმეტესმა ნაწილმა შეამცირა ხელისუფლების/ მთავრობის გაშუქება და გაზარდა პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების გაშუქება, სადაც ძირითადი ყურადღება ქართულ ოცნებასა და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ეთმობა.
დავით ბაქრაძე უფრო მეტად იყო წარმოდგენილი საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რუსთავი 2-სა და იმედზე, ხოლო გიორგი მარგველაშვილი – მაესტროსა და აჭარის ტელევიზიაში.
საინფორმაციო პროგრამებში საარჩევნო კამპანიის გაშუქება გრძელდება, თუმცა ყურადღების მეტი წილი კანდიდატებისა და პარტიების ღონისძიებებს უფრო ეთმობა, ვიდრე პრობლემატურ საკითხებს. ამ დრომდე მედია საშუალებებს არ წარმოუდგენიათ სიღრმისეული და ანალიტიკური მასალები, რომელიც ამომრჩევლებს დაეხმარებოდა კანდიდატების თვისებებისა და პროგრამების უკეთ გაანალიზებასა და შეფასებაში.
მიუხედავად იმისა, რომ მედია საშუალებები ზოგადად იცავენ საარჩევნო ქცევის კოდექსში მოცემულ პრინციპებს, მაინც იყო ამ პრინციპებიდან გადახვევის რამდენიმე შემთხვევა.
მედიის მონიტორინგის შუალედური ანგარიშის შედეგები 16 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის პერიოდში მონიტორინგის პირველი შუალედური შედეგების (2-15 სექტემბრის) მსგავსია. მედია საშუალებების დიდი ნაწილი აგრძელებს პრაიმ-თაიმში თავის პოლიტიკურ და არჩევნებთან დაკავშირებულ საინფორმაციო პროგრამებში პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების ზოგადად დაბალანსებულად წარდგენას. მონიტორინგის მეორე პერიოდი ხასიათდება იმით, რომ მთავრობის გაშუქების დრო მცირდება და უფრო მეტი დრო ეთმობა პოლიტიკურ პარტიებსა და კანდიდატებს (ეს განსაკუთრებით იგრძნობა აჭარის ტელევიზიის მაგალითზე. აჭარის ტელევიზიამ მთავრობის გაშუქების დრო 70 პროცენტიდან 30 პროცენტამდე შეამცირა). ეს ალბათ იმით აიხსნება, რომ საარჩევნო კამპანია ბოლო კვირების განმავლობაში ნელ-ნელა ძალას იკრებს. თუმცა, ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ საარჩევნო კამპანიის გაშუქებისას ისევ ძირითად ყურადღებას აქცევენ საარჩევნო კამპანიის აქციების გაშუქებას და ძალიან მცირედ ან საერთოდ არ აშუქებენ თავად კანდიდატებსა და მათ პროგრამებს შორის განსხვავებას. ამ დრომდე ჩვენი მონიტორინგის ქვეშ მყოფმა მედიამ ვერ წარმოადგინა სიღრმისეული და ანალიტიკური მასალები, რომელიც ამომრჩევლებს დაეხმარებოდა არჩევნებში მონაწილე კანდიდატების თვისებებისა და პროგრამების უკეთესად შეფასებასა და გაანალიზებაში.
სექტემბრის დასაწყისში საქართველოს ჟურნალისტურმა ქარტიამ და მემო 98 წარადგინეს მედიის წინასაარჩევნო ქცევის კოდექსი, რომელიც ზოგადად განსაზღვრავს იმ სტანდარტებსა და პრინციპებს, რომლითაც მედიამ უნდა იხელმძღვანელოს არჩევნების პერიოდში. კოდექსი შექმნილია საერთაშორისო დოკუმენტებისა და მითითებების საფუძველზე და მასში ძირითადი ყურადღება ექცევა ევროპის საბჭოს, ეუთოსა და იმ საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს, რომლის წევრიც გახლავთ საქართველო. პროექტის ძირითადი მიზანია დაეხმაროს ჟურნალისტებს არჩევნების პერიოდში პროფესიული სტანდარტების გაუმჯობესებაში. დღემდე ამ კოდექსს ხელი ხუთმა სატელევიზიო არხმა მოაწერა (საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რუსთავი 2, იმედი, მაესტრო და აჭარის ტელევიზია). ისინი ნებაყოფლობით შეთანხმდნენ კოდექსით განსაზღვრული დებულებების დაცვაზე. უნდა აღინიშნოს, რომ ისევე როგორც პირველი შუალედური მონიტორინგის პერიოდში, მედია ამჟამადაც იცავს ქცევის კოდექსის ძირითად პრინციპებს. არსებობს მხოლოდ მცირედი გამონაკლისი, როდესაც სრულად არ იხელმძღვანელეს ამ პრინციპებით. მედიის წინასაარჩევნო ქცევის კოდექსი, ზოგადად ხელს უწყობს მედიის მიერ საარჩევნო კამპანიის გაუმჯობესების საკითხს (2012 წლის არჩევნებთან შედარებით) და ასახულია OSCE/ODHIR -ის ანგარიშებში.[1]
მონიტორინგის შედეგები
საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა (პირველმა არხმა) თავისი პოლიტიკური და არჩევნებთან დაკავშირებული მასალების უდიდესი ნაწილი მთავრობის გაშუქებას დაუთმო -34 პროცენტი, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პირველი მონიტორინგის შედეგებთან შედარებით (50 პროცენტი), მთავრობას ამჯერად უფრო ნაკლები დრო დაეთმო. ამავე დროს, გაიზარდა პოლიტიკური პარტიების გაშუქების წილი. ორივე პარტია, როგორც ქართული ოცნება, ასევე ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ნეიტრალურად გაშუქდა თითქმის თანაბარი პროპორციით (18.5 პროცენტი და 18,8 პროცენტი შესაბამისად). ოდნავ გაზრდილი იყო პრეზიდენტის გაშუქება (7,4-დან 9,4 პროცენტამდე). რაც განპირობებული იყო მონიტორინგის პერიოდში პრეზიდენტის აქტივობით (მაგ.: პრეზიდენტის გამოსვლა გაეროსა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე).
რაც შეეხება პრეზიდენტობის კანდიდატების გაშუქებას, ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებს თითქმის თანაბარი დაეთმო (12.7 პროცენტი და 17 პროცენტი შესაბამისად) და საინფორმაციო პროგრამის პრაიმ-თაიმში ორივე კანდიდატი ნეიტრალურად ან პოზიტიურად გაშუქდა.[2] გაშუქების დროის სიდიდის თვალსაზრისით პრეზიდენტობის შემდეგ კანდიდატებს, გიორგი თარგამაძესა და ნინო ბურჯანაძეს შესაბამისად დროის 14 პროცენტი და 15 პროცენტი დაეთმო. უნდა აღინიშნოს, რომ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებს პირდაპირი დროის ყველაზე დიდი რაოდენობა აქვთ.[3]
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის (პირველი არხის) მსგავსად, რუსთავი 2-მაც შეამცირა საინფორმაციო პროგრამის პრაიმ-თაიმში მინისტრთა კაბინეტის ღონისძიებების გაშუქების წილი (29,4 პროცენტი, ნაცვლად მონიტორინგის პირველ პერიოდში არსებული 38,5 პროცენტისა). თუმცა, ამავდროულად, არხმა ორჯერ მეტი დრო დაუთმო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გაშუქებას (რომლის 27 პროცენტი დადებითი იყო, ხოლო 6 პროცენტი უარყოფითი). რაც შეეხება ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას, არხმა შედარებით მეტი დრო დაუთმო ერთიან ნაციონალურ მოძრაობას (23,3 პროცენტი), ვიდრე ქართული ოცნებას (18,4 პროცენტი). ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გაშუქების 18 პროცენტი დადებითი იყო და 4 პროცენტი უაყოფითი, მაშინ, როდესაც ქართული ოცნების გაშუქების მხოლოდ 3 პროცენტი იყო დადებითი, ხოლო 7 პროცენტი უარყოფითი.
რუსთავი 2-ზე ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები თითქმის თანაბარად გაშუქდა (29 პროცენტით, შესაბამისად), თუმცა დავით ბაქრაძის გაშუქების ტონი უფრო პოზიტიური იყო, ვიდრე მისი ოპონენტის. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა ასევე მიიღო პირდაპირი დროის უდიდესი ნაწილი. შემდეგი ყველაზე მეტად გაშუქებული კანდიდატები იყვნენ გიორგი თარგამაძე (12 პროცენტი) და ნინო ბურჯანაძე (11,2 პროცენტით).
კიდევ ერთმა კერძო არხმა, იმედმა დაუთმო გაშუქების უდიდესი ნაწილი მთავრობას (33,3 პროცენტი), თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მონიტორინგის წინა პერიოდთან შედარებით ეს დრო მნიშვნელოვნად შემცირდა (62,3 პროცენტი). გაშუქების ტონი ძირითადად ნეიტრალური იყო. სხვა არხების მსგავსად იმედმაც მეტი დრო დაუთმო პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების გაშუქებას. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება თითქმის თანაბრად გაშუქდა და გაშუქების ტონი მეტწილად ნეიტრალური იყო (23,1 პროცენტი და 19,6 პროცენტი, შესაბამისად). პრეზიდენტის აქტივობას დაეთმო ნეიტრალური გაშუქების 10 პროცენტი (რაც ზრდის მაჩვენებელს მონიტორინგის პირველ პერიოდთან შედარებით, როცა პრეზიდენტი 5,9 პროცენტით გაშუქდა).
რაც შეეხება კანდიდატების გაშუქებას, იმედმა დროის უფრო მეტი ნაწილი (30) პროცენტი დავით ბაქრაძეს დაუთმო, ვიდრე გიორგი მარგველაშვილს (18,9 პროცენტი) მათი გაშუქების ტონი მეტწილად ნეიტრალური ან დადებითი იყო. შემდეგი ყველაზე მეტად გაშუქებული კანდიდატები იყვნენ ნინო ბურჯანაძე (14,3 პროცენტი) და გიორგი თარგამაძე (13 პროცენტი). ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებს პირდაპირი დროის ყველაზე დიდი რაოდენობა დაეთმოთ.
ჩვენი მონიტორინგის ქვეშ მყოფ სატელევიზიო არხებთან შედარებით მაესტრომ თავისი საინფორმაციო პროგრამის პრაიმ-თაიმში მთავრობის აქტივობებს დაუთმო 46. 1 პროცენტი, რაც მხოლოდ ოდნავ არის შემცირებული მონიტორინგის პირველი პერიოდის 49, 1 პროცენტთან შედარებით. ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ არხი უფრო კრიტიკულად იყო განწყობილი ივანიშვილის მინისტრთა კაბინეტის მიმართ, ვიდრე მონიტორინგის პირველ პერიოდში (მთავრობის გაშუქების ტონის 26 პროცენტი უარყოფითი იყო და მხოლოდ 9 პროცენტი იყო დადებითი). ხელისუფლების კრიტიკულად გაშუქებას შესაძლოა ხელი შეუწყო ისეთმა თემებმაც, როგორიც იყო მავთულხლართები დვანსა და დიცში და პრემიერ-მინისტრის ხანგრძლივი შეხვედრა-დისკუსიები (25 სექტემბერსა და 2 ოქტომბერს პრემიერ მინისტრმა ოთხსაათიანი შეხვედრები გამართა ექსპერთებთან და ჟურნალისტებთან). რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების გაშუქებას, აქაც გაიზარდა პოლიტიკური პარტიების გაშუქების დრო, მაგრამ არც ისე მნიშვნელოვნად, როგორც ეს მოხდა მონიტორინგის ქვეშ მყოფ სხვა არხებზე. არხმა თითქმის თანაბარი დრო დაუთმო ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების გაშუქებას (19, 2 პროცენტი და 16,6 პროცენტი შესაბამისად). პრეზიდენტი სააკაშვილი გაშუქდა 10,9 პროცენტით და გაშუქების ტონი ძირითადად ნეიტრალური იყო.
საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ყველაზე მეტი დრო დაეთმო გიორგი მარგველაშვილისა და დავით ბაქრაძის გაშუქებას მაესტროზე – 30,5 პროცენტი და 26 პროცენტი, შესაბამისად. შემდეგი ყველაზე ხშირად გაშუქებული კანდიდატები იყვნენ ნინო ბურჯანაძე და გიორგი თარგამაძე, რომლებმაც მიიღეს გაშუქების ათ-ათი პროცენტი. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა მიიღო პირდაპირი დროის უდიდესი ნაწილი.
მონიტორინგის ქვეშ მყოფი სხვა არხების მსგავსად კავკასიამაც შეამცირა მთავრობის გაშუქების დრო (წინა პერიოდის 46,7 პროცენტიდან ჩამოვიდა 39,4 პროცენტამდე მონიტორინგის მეორე პერიოდში). უნდა აღინიშნოს, რომ ასევე შემცირდა მთავრობის გაშუქების დადებითი ტონის ფაქტიური წილი – თუ მონიტორინგის პირველი პერიოდში მთავრობის გაშუქების 46 პროცენტი დადებითი იყო და მხოლოდ 14 პროცენტი იყო უარყოფითი, მონიტორინგის მეორე პერიოდში მთავრობის გაშუქების მხოლოდ 24 პროცენტი იყო დადებითი და 19 პროცენტი უარყოფითი. რაც შეეხება მთავარი პარტიების წარდგენას, ორმა მთავარმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ და ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღეს თითქმის თანაბარი დრო – 19,1 პროცენტი და 19,5 პროცენტი, შესაბამისად. გაშუქების ტონი ძირითადად ნეიტრალური იყო. პრეზიდენტის გაშუქებას 11,1 პროცენტი დაეთმო და იგი ძირითადად ნეიტრალური იყო (ეს მაჩვენებელი გაიზარდა წინა პერიოდთან შედარებით, როცა პრეზიდენტის გაშუქებას დროის მხოლოდ 3 პროცენტი ჰქონდა დათმობილი).
მონიტორინგის ქვეშ მყოფი სხვა არხებისაგან განსხვავებით, რომლებიც დროის უმეტეს ნაწილს პრეზიდენტობის ორ კანდიდატს უთმობდნენ, კავკასიამ დროის მთავარი ნაწილი (34,8 პროცენტი) ნინო ბურჯანაძეს დაუთმო. ეს გაშუქება თითქმის მთლიანად დადებითი ან ნეიტრალური იყო. ბურჯანაძეს მოჰყვებოდნენ ქართული ოცნებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები, შესაბამისად 21,2 პროცენტი და 19 პროცენტი გაშუქების ძირითადად ნეიტრალური ან დადებითი ტონით. ნინო ბურჯანაძეს ჰქონდა ასევე პირდაპირი დროის უდიდესი ნაწილი.
აჭარის ტელევიზიამ მნიშვნელოვნად შეამცირა მთავრობის გაშუქების დრო და მას მხოლოდ 30 პროცენტი დაუთმო ( განსხვავებით მონიტორინგის პირველი პერიოდის 73,1 პროცენტისა). რაც შეეხება გაშუქების ტონს, ის უაღრესად ნეიტრალური იყო. ამავე დროს არხმა გაზარდა მთავარი პარტიების გაშუქება – ქართულმა ოცნებამ მეტი – 19,3 პროცენტი მიიღო, ვიდრე ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ – 14, 2 პროცენტი შესაბამისად. ეს გაშუქებაც უმთავრესად ნეიტრალური იყო. ასევე გაიზარდა დამოუკიდებელი კანდიდატების გაშუქება (10,2 პროცენტი). აჭარის მთავრობა 9,1 პროცენტით გაშუქდა, რომლის ტონიც ძირითადად ნეიტრალური იყო.
რაც შეეხება საპრეზიდენტო კანდიდატების გაშუქებას, აჭარის ტელევიზიამ ორჯერ მეტი დრო დაუთმო ქართული ოცნების კანდიდატს, გიორგი მარგველაშვილს (21 პროცენტი), ვიდრე მის მთავარ ოპონენტს დავით ბაქრაძეს (9 პროცენტი). აჭარის ტელევიზიამ ასევე მნიშვნელოვანი დრო დაუთმო ზოგიერთი დამოუკიდებელი კანდიდატის გაშუქებას, მათ შორის ჭანიშვილს (11 პროცენტი), ღარიბაშვილს (8 პროცენტი) და სალუაშვილს (7 პროცენტი).
თვისობრივი ანალიზი:
საზოგადოებრივი მაუწყებელი
სამონიტორინგო პერიოდში მოხვდა ანონსი 19 საათზე და მთავარი საინფორმაციო გამოშვება “მოამბე” 20 00 საათზე. 1 ოქტომბრიდან დაიწყო პოლიტიკური თოქ-შოუ “პირველი სტუდია”.
პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებებში სამონიტორინგო პერიოდში არსებული ყველა მნიშვნელოვანი თემა გაშუქდა, სიუჟეტების აბსოლუტური უმრავლესობა დაბალანსებული იყო, არ დაფიქსირებულა რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის მიმართ მიკერძოებული დამოკიდებულება. თუმცა დაფიქსირდა რამდენიმე სახის პრობლემა.
სამონიტორინგო პერიოდის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა კონფლიქტის ზონაში მდებარე სოფლებში განვითარებული მოვლენები იყო. ამ თემას დიდი დრო დაეთმო, განსაკუთრებული ყურადღება გამყოფი ხაზის მეორე მხარეს აღმოჩენილი 3 ოჯახის ბედზე იყო გამახვილებული, მათ პრობლემას რამდენიმე სიუჟეტი, კადრ-სინქრონი და ჟურნალისტების პირდაპირი ჩართვები მიეძღვნა. ამ მასალების მიხედვით 3 ოჯახი იძულებით ტოვებდა სახლ-კარს და საცხოვრებლის გარეშე რჩებოდა. არსად თქმულა, რომ ამ 3 ოჯახს ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს ჰქონდა მიღებული საცხოვრებელი კოტეჯები და ფულადი კომპენსაცია. სხვა მედიასაშუალებების რეპორტაჟებში ეს დეტალები ჩანდა, 1 არხის მაყურებელმა კი ეს ინფორმაცია, მხოლოდ გადაცემა “პირველ სტუდიაში” 7 ოქტომბერს მინისტრ პაატა ზაქარეიშვილისგან შეიტყო.
10 ოქტომბერს 20 საათიან მოამბეში გავიდა სიუჟეტი (20:28 წთ-ზე) რომელიც ქუთაისის საპატიმროში 16 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს ეხებოდა. საზოგადოებისთვის იმ დროისთვის ცნობილი ინფორმაციით პატიმარი სამარტოვო საკანში ზეწრით ჩამომხრჩვალი იპოვეს. “მოამბის” სიუჟეტი დაიწყო გარდაცვლილი პატიმრის ფოტოს ახლო ხედით, რომელზეც ასახული იყო ნაჭდევი ყელზე და სავარაუდოდ ექსპერტიზის დროს გაკვეთილი ჭრილობა მკერდზე, მთელ სიგრძეზე. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 56 -ე მუხლის მიხედვით მსგავსი მასალის “ახლო ხედით ჩვენება თავიდან უნდა იქნეს აცილებული გარდა საზოგადოების ინტერესის არსებობისა”. ამბავი ნამდვილად წარმოადგენდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანს, თუმცა სიუჟეტის შინაარსიდან გამომდინარე გაურკვეველია რა მიზანს ემსახურებოდა მსგავსი ფოტოს ახლო ხედით ჩვენება, მაშინ როდესაც ფოტო რაიმე დამატებით ინფორმაციას ვერ აწვდიდა მაყურებელს. ფოტოთი შეუძლებელი იყო იმის გარკვევა პატიმარმა თავი ჩამოიხრჩო თუ ჩამოახრჩვეს, სიუჟეტში მონაწილე ექსპერტიც არაფერს ამბობდა ამ ფოტოს მნიშვნელოვნების შესახებ, აქედან გამომდინარე, გაუგებარია რატომ გახდა საჭირო ამ ფოტოს ახლო ხედით ჩვენება მაყურებლისთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 47-ე მუხლის მიხედვით ისეთი მასალის ჩვენებისას, რომელმაც შესაძლოა მაყურებლის ნეგატიური ემოციები გამოიწვიოს, მაუწყებელმა წინასწარ უნდა გააფრთხილოს მაყურებელი, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელს არ გაუკეთებია, ეს არც წამყვანს აღუნიშნავს და არც სიუჟეტის ავტორს.
სამონიტორინგო პერიოდის მეორე ეტაპზე 1 ოქტომბრიდან 1 არხის ეთერში გადაცემა “პირველი სტუდია” დაიწყო. თოქ-შოუ ყოველ დღე გადის შაბათ-კვირის გარდა.. გადაცემაში განიხილება დღის მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენები; მთავრობის, ექსპერტების და ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად. გადაცემა რამდენიმე ნაწილისგან შედგება, ბოლო ბლოკი პრეზიდენტობის კანდიდატებს ეთმობა, თითოეულს დაახლოებით 15-20 წუთი.
გადაცემა არის დაბალანსებული, წამყვანი არ არის მიკერძოებული და გადაცემაში არ დაფიქსირებულა სიძულვილის ენის ან ეთერისთვის შეუფერებელი ტერმინოლოგიის გამოყენება.
რუსთავი-2
სამონიტორინგო პერიოდში “რუსთავის 2” -ის ეთერში, “კურიერში” 18.00 და 21.00 გასული სიუჟეტების უმეტესობა დაბალანსებული და მიუკერძოებელი იყო, თუმცა დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მხარეებს შორის ბალანსი არ იყო დაცული, კერძოდ:
5 ოქტომბერს 21 საათიანი კურიერის დასაწყისში დააანონსეს სიუჟეტი რომელიც ლენტეხის რაიონში დარიშხანის საცავს ეხებოდა, ანონსის მიხედვით დასავლეთ საქართველოს გარკვეულ რაიონებს ეკოლოგიური კატასტროფა ემუქრებოდა. აღნიშნული სიუჟეტი 4 წთ 21 წმ-ს ხანგრძლივობის იყო. სიუჟეტით შევიტყვეთ, რომ ლენტეხის რაიონში დარიშხანით დაბინძურების რამდენიმე კერა იყო, რაც აბინძურებდა ნიადაგს, ახმობდა ხეებს და წამლავდა პირუტყვს. ცენტრალური ხელისუფლება კი ამ პრობლემის მოსაგვარებლად არაფერს აკეთებდა.
მიუხედავად თემის და ხელისუფლებისადმი ბრალდებების სიმწვავისა, სიუჟეტში არ იყო არც ადგილობრივი, არც ცენტრალური ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენლის კომენტარი, სიუჟეტში არ ჩანდა, რომ ჟურნალისტმა მათი პოზიციის მოძიება სცადა. სიუჟეტში არ იყო არც ექსპერტი, არც რომელიმე იმ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელიც ეკოლოგიურ საკითხებზე მუშაობს.
მასალაში პრობლემა განსაკუთრებულად დრამატიზირებულად და სიმწვავით მხოლოდ 3 ადგილობრივზე დაყრდნობით იყო ნაჩვენები. აქედან გამომდინარე სიუჟეტი იყო არასრულყოფილი და ერთი მხარის პოზიციებზე იყო აწყობილი. მასში მოტანილი ფაქტები არ იყო გადამოწმებული და არ იყო ელემენტარული ბალანსი დაცული. ვფიქრობთ აუცილებელი იყო თუნდაც გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლის კომენტარი, რომლის პირდაპირი მოვალეობაა ქვეყანაში გარემოს დაცვითი კონტროლი.
25 სექტემბერს “კურიერში” 21 საათზე გავიდა 6 წთ 15 წამის ხანგრძლივობის სიუჟეტი, რომელიც ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესზე განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა. მერაბიშვილმა პროცესზე პოლიტიკური განცხადებებიც გააკეთა. 2 წუთის ხანგრძლივობის სინქრონში ის დღევანდელ ხელისუფლებას აკრიტიკებდა. მაგ: “საქართველოს ერთიან ბიუჯეტში გარღვევა არის 750 მლნ. ლარი, 650 მლნ. ლარი მხოლოდ შემოსავლების ნაწილში, ბიუჯეტი ვერ მიიღებს 500 მლნ-ს და ამას დაადასტურებს ნებისმიერი ეკონომისტი. “ “დღევანდელი ხელისუფლება დგას სერიოზული გამოწვევის წინაშე არამარტო შეუძლებელი ხდება არსებული დაპირებების შესრულება იანვრიდან სერიოზულად დადგება პრობლემები ფიზიკურად ხელფასების და პენსიების გაცემაზე, ამიტომ ხელისუფლებას ისღა დარჩენია გააგრძელოს რეპრესიები, მედია საშუალებების და ოპოზიციის წინააღმდეგ. “ მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო პროცესისთვის მიძღვნილ სიუჟეტში ავტორმა 2 წთ მერაბიშვილის მიერ წამოყენებულ კონკრეტულ ბრალდებებს დაუთმო, სიუჟეტში არც ერთი წამი არ დათმობია მერაბიშვილის ბრალდებებზე ხელისუფლების წარმომადგენლების პასუხს, თუნდაც ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელს, რომელიც მერაბიშვილის მიერ დასახელებულ ციფრებზე განმარტებას გააკეთებდა.
ვფიქრობთ, რომ ვინაიდან პროცესზე გაკეთებული პოლიტიკური განცხადებები “რუსთავი 2” -მა ეთერში გადასცა მასზე მეორე მხარისთვის პასუხის გაცემის საშუალებაც უნდა მიეცა.
ბალანსის დარღვევის კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსირდა 17 სექტემბერს, “კურიერში 18 საათზე”, სადაც უშიშროების საბჭოს მდივანმა მწვავედ გააკრიტიკა მმართველი გუნდი და ხელისუფლება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციონერ დეპუტატებზე ზეწოლასა და მათ დევნაში დაადანაშაულა. არც ამ და არც მომდევნო გამოშვებაში “რუსთავი 2-მა” ხელისუფლების წარმომადგენლებს არ მისცა საშუალება ბოკერიას ბრალდებებზე საპასუხო კომენტარი გაეკეთებინათ.
მონიტორინგის პერიოდში არხზე გადიოდა ორი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოქ-შოუ „არჩევანი“ და „პოზიცია.“ გადაცემები ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებს ეხებოდა, სტუმრები მოწვეული იყო მხარეთა ბალანსის დაცვით, წამყვანები არ ამჟღავნებდნენ მიკერძოებულობას, გადაცემებში არ ჰქონია ადგილი სიძულვილის ენის ან შეუსაბამო ტერმინოლოგიის გამოყენებას.
იმედი
სამონიტროინგო პერიოდში “იმედის” მთავარი საინფორმაციო გამოშვება “ქრონიკა 20 საათზე” მოხვდა. “ქრონიკა” ქვეყანაში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან ამბავს აშუქებდა, სიუჟეტები დაბალანსებული და მიუკერძოებელი იყო. “იმედის” საინფორმაციო გამოშვებაში ბალანსის დარღვევის კონკრეტული მაგალითი არ დაფიქსირებულა, ამ მხრივ სიუჟეტები შეესაბამებოდა საარჩევნო ქცევის კოდექსის პრინციპებს.
საანგარიშო პერიოდში გამოიკვეთა ერთი დეტალი, რასაც ადასტურებს მონიტორინგის რაოდენობრივი ანალიზიც, რომ მთავარ გამოშვებაში ამ პერიოდში სხვა არხებთან შედარებით მეტად ხვდებოდა მასალები, რომელიც ხელისუფლების წარმატებულ მუშაობას ასახავს და მას დადებითად წარმოაჩენს. მაგალითად: მთავარ გამოშვებაში მოხვდა “ფიცის დადების ცერემონიალი”, სადაც მთავრობის წევრები თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე სასიკეთო ცვლილებებზე საუბრობდნენ, ასევე მთავარი გამოშვების 22-ე წუთზე მოხვდა “სამთო წვრთნები”, რომელიც მაყურებელს მოუთხრობს, თუ როგორ წარმატებით გადიან ქართველი სამხედროები უნგრელ და ჩეხ ჯარისკაცებთან ერთად სამხედრო მომზადების კურსს.
სამონიტორინგო პერიოდში “იმედის” ეთერში 2 პოლიტიკური თოქ-შოუ გადიოდა თეა სიჭინავას „პოლიტიკის დრო“ და ვახო სანაიას “ღია ეთერი“;
გადაცემებში სტუმრები სხვა და სხვა პოლიტიკური ძალებიდან იყო წარმოდგენილი, გადაცემის თემატიკაც აქტუალური და მრავალმხრივი იყო. წამყვანები არ ამჟღავნებდნენ განსაკუთრებულ მიკერძოებულებას რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის მიმართ. არ იყო გამოყენებული სიძულვილის ენა და შეუსაბამო ფრაზეოლოგია.
მაესტრო
სამონიტორინგო პერიოდში “მაესტროს” ეთერში 2 საინფორმაციო გამოშვება გადიოდა: „ახალი ამბები 18:00“-ზე და „ახალი ამბები 21:00“-ზე. სიუჟეტები დაბალანსებული და მიუკერძოებელი იყო, თუმცა დაფიქსირდა სამი შემთხვევა, როდესაც ქართული ოცნების კანდიდატი სხვა კანდიდატებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში იყო ჩაყენებული. 20 სექტემბრის 18 საათიან საინფორმაციოში გავიდა თემა “ვითარება კონფლიქტის ზონაში” სიუჟეტს ტიტრად ედო, რომ “პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი კარასინი-აბაშიძის შეხვედრას აფასებს”. ჟურნალისტმა წარადგინა მარგველაშვილის კომენტარი 41-იანებით აჭრელებული ბანერის ფონზე, მასალაში სხვა თუნდაც ძირითადი საპრეზიდენტო კანდიდატების მოსაზრებების არ ჩვენება მარგველაშვილს უპირატეს მდგომარეობაში აყენებს.
მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა 18 და 21 სექტემბრის გამოშვებებშიც, სადაც პრეზიდენტობის კანდიდატებიდან მხოლოდ მარგველაშვილის კომენტარები გავიდა საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე საკითხებზე მომზადებულ მასალებში.
სამონიტორინგო პერიოდში მაესტროს ეთერში გადიოდა თოქ-შოუები: „სუბიექტური აზრი“ კვირაში 5-ჯერ, „არგუმენტები“ კვირაში 2-ჯერ და „პოლიტმეტრი“ კვირაში 2-ჯერ.
გადაცემების უმრავლესობაში მხარეთა ბალანსი დაცული იყო, გადაცემებში წარმოდგენილნი იყვნენ, როგორც ხელისუფლების ასევე ოპოზიციის წევრები. არ იყო გამოყენებული სიძულვილის ენა და შეუსაბამო ტერმინოლოგია. 24 სექტემბრის “არგუმენტებში” სადაც სტუმრად სასჯელთაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი იყო, გავიდა სპეციალური რეპორტაჟი, რომელიც მხოლოდ ამბის ერთ მხარეს წარმოაჩენდა. სიუჟეტში აღწერილი იყო ქუთაისის #2 საპატიმრო დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა. სიუჟეტში პატიმრები ყვებოდნენ რომ საპატიმროში განსაკუთრებით კარგი პირობები იყო, რომ პატიმრებს წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით კარგად ექცეოდნენ და ა.შ.. არც სიუჟეტში და არც სიუჟეტის დასრულების შემდეგ მაესტრომ მაყურებელს არ შესთავაზა, რომელიმე უფლება დამცველის, ომბუდსმენის ან სხვა კომპეტენტური სუბიექტის კომენტარი ციხეებში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით. გადაცემის წამყვანსაც არ ჰქონდა კონკრეტული შემთხვევები ციხეებში არსებულ პრობლემებზე. სიუჟეტის შემდეგ სტუდიაში მყოფმა სუბარმა განაზოგადა ამ საპატიმროში არსებული კარგი მდგომარეობა დანარჩენ საპატიმროებზეც.
აჭარა
მონიტორინგის მოცემულ პერიოდში ტელეკომპანია „აჭარის“ საინფორმაციო გამოშვებებში ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევის შემთხვევები არ დაფიქსირებულა. სიუჟეტები დაბალანსებულია და არ შეიმჩნევა რაიმე სახის მიკერძოება რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ.
მონიტორინგის მოცემულ პერიოდში საინფორმაციო გამოშვება „დროს“ დაემატა სპეციალური რუბრიკა „დროს ობიექტივი“, რომელშიც წარმოდგენილია სხვადასხვა საპრეზიდენტო კანდიდატის პორტრეტები. ამ რუბრიკის სიუჟეტებში საპრეზიდენტო კანდიდატები ძირითადად დადებითი კუთხით შუქდება.
უნდა აღინიშნოს, რომ არხზე ხშირია ტექნიკური ხარვეზები, რაც გამოიხატება რესპონდენტთათვის შესაბამისი ტიტრის არ ქონაში. მაგალითად, 18 სექტემბრის საინფორმაციო გამოშვებაში ტიტრი არ ჰქონდა მითითებული რესპონდენტს, რომელიც პასუხს სცემდა ბრალდებებს მთავრობის მიმართ და შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ ეს რესპონდენტი ადგილობრივი ან ცენტრალური მთავრობის წარმომადგენელია.
მონიტორინგის პერიოდში „აჭარის“ თოქ-შოუებში ორჯერ იყო მიწვეული საპრეზიდენტო კანდიდატი. ორივე შემთხვევაში კანდიდატები სტუდიაში მიწვეულნი იყვნენ მარტო, ოპონენტების გარეშე. თოქ-შოუებში ჟურნალისტური სტანდარტების რაიმე განსაკუთრებული დარღვევები არ დაფიქსირებულა; წამყვანი არ გამოირჩეოდა დადებითი არ უარყოფითი განწყობით რომელიმე სტუმრის მიმართ, გადაცემაში არ დაფიქსირებულა სიძულვილის ენის ან შეუსაბამო ტერმინოლოგიის გამოყენება.
კავკასია
სამონიტორინგო პერიოდში მოხვდა საინფორმაციო გამოშვება „დღეს“, რომელიც სამჯერ გადიოდა ეთერში. მიუხედავად ამისა, ინფორმაციული თვალსაზრისით მწირია, ახალი ამბები ძირითადად ეწ „ლაივ სინქრონის“ სახით გადაიცემა. ხშირ შემთხვევაში მასალები სამივე გამოშვებაში მეორდება და მაყურებელს სიახლის მიღების შესაძლებლობა ნაკლებად აქვს.
„კავკასიის“ საინფორმაციო გამოშვებაში მასალები დაბალანსებულია, გამოვლინდა, მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ბალანსი დაირღვა და მეორე მხარეს საკუთარი პოზიციის წარმოჩენის საშუალება არ მიეცა.
კერძოდ: 24 სექტემბრის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა სიუჟეტი ბათუმის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიშის შესახებ. სიუჟეტი ეყრდნობოდა მხოლოდ საიას 3 წარმომადგენლის კომენტარებს, სადაც ისინი ბათუმის მერიას ბიუჯეტის ხარჯების არამიზნობრივ გამოყენებასა და კანონის დარღვევაში ადანაშაულებდნენ. 3 წუთიან სიუჟეტში არ იყო ბათუმის მერიის წარმომადგენლის კომენტარი, თუნდაც სატელეფონო ინტერვიუს სახით რაც ბალანსის დარღვევად მიგვაჩნია.
ბალანსის დარღვევის კიდევ 1 მაგალითი 5 ოქტომბრის გამოშვებაში დაფიქსირდა, სადაც გავიდა კობა დავითაშვილის კომენტარი, რომელშიც ის უმრავლესობის ლიდერს კონკრეტულ ბრალდებებს უყენებდა. დავითაშვილი საგანელიძეს წინა ხელისუფლებასთან გარიგებაში სდებდა ბრალს, მის ფინანსურ ინტერესებზე საუბრობდა და ქვეყანაში არსებული მაფიის ერთ-ერთ სერიოზულ ლიდერად მოიხსენიებდა. მიუხედავად მძიმე ბრალდებებისა, “კავკასიამ” საგანელიძეს არ მისცა პასუხის გაცემის საშუალება, საინფორმაციო გამოშვებაში მისი კომენტარის მოპოვების მცდელობაც არ ჩანდა.
სამონიტორინგო პერიოდში კავკასიის ეთერში გადიოდა ტოქშოუები „სპექტრი“, „ცხელი ხაზი“ და „ბარიერი“, აგრეთვე გადაცემა „არჩევნები 2013“.
უნდა გამოვყოთ “სპექტრი” რომელიც ეთერში ყოველ სამუშაო დღეს გადის და მისი წამყვანი დავით აქუბარდიაა. უნდა აღინიშნოს რომ ამ გადაცემაში განსაკუთრებით დადებითადაა წარმოჩენილი დღევანდელი ხელისუფლება და უარყოფითად წინა ხელისუფლება, ამას ემატება ისიც, რომ სამონიტორინგო პერიოდში “სპექტრის” არც ერთ გადაცემაში სტუმრად არ ყოფილა ნაციონალური მოძრაობის ან წინა ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი, მაშინ როდესაც წამყვანი მათ ხშირად აკრიტიკებს მწვავედ. მაგ: 1 ოქტომბრის გადაცემაში წამყვანმა შემდეგი რამ თქვა- „გილოცავთ რევოლუციის წლისთავს კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ბოროტი ადამიანები წავიდნენ.””ქორწილებში და დაბადების დღეებში ისე მაპატიეთ და დაგიჯდებიან ნაციონალი კრიმინალები ვითომც არაფერი.. . პირსისხლიანი ხელისუფლება იყო წინა ხელისუფლება. ვერ გრძნობენ, იცი, რომ დიდი ცოდვა აქვთ ნაციის წინაშე ჩადენილი და კიდევ ძალაუფლებაზე რომ პრეტენზიები აქვთ, ამ ვირთხებს ამათ.”
ამ ფონზე კეთილგანწყობას არ მალავს ხელისუფლების მისამართით: „პრინციპში,კაი კაცი შეარჩია ბიძომ შენი სახით. ბევრს კრიტიკობდნენ, მეც ბევრი რამე არ მომწონს შენში, მაგრამ ჯამში რომ ვუკვირდები ყველას შენ ჯობიხარ, რა არი იცი გიო? ვალდებულებები გაქვს ძალიან ბევრი. გიო, უნდა შეასრულო, თორემ შეგჭამს ხალხი“ ასე მიმართა წამყვანმა გიორგი მარგველაშვილს 19 სექტემბრის გადაცემაში.
გადაცემის წამყვანი ხშირად იყენებს წამყვანისთვის შეუფერებელ ფრაზებს, რომლითაც შეურაცხყოფას აყენებს როგორც მაყურებელს ასევე კონკრეტულ ჯგუფებს. მაგ: „თქვენი [თსუ-ს ] ადმინისტრაცია ზოოპარკის ადმინისტრაციას ჰგავს, მენტალობა ერთი და იგივე კრეტინიზმი სჭირს ორივეს“, “სპექტრი”, 16 სექტემბერი.
„გაოცებას კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ რაც ბოლო პერიოდში დაიწერა გაზეთებში ამ კანტორაზე [თეატრალური უნივერსიტეტი] „ნაციონალების“ შაიკა ყოფილა იქა. მართლა კრიმინალური ელფერი გასდევს“ (სპექტრი, 17 სექტემბერი)
დავით აქუბარდიას მხრიდან დაფიქსირდა ანტითურქული რიტორიკა. „შენ ქართველ ბიზნესმენს გჭამენ, არაფერს გაკეთებინებენ და კარტბლანშს აძლევენ თურქ ვიღაცეებს, რომ მაღაზიები და რაღაცეები აიშენოს“(სპექტრი 20 სექტემბერი)აგრეთვე უარყოფითი იყო განწყობა ეთნიკურად ინდოელების მიმართ. „ეს ინდოელები მოსაშორებლები არიან“ (სპექტრი 4 ოქტომბერი).
“ცხელი ხაზის” წამყვანი ალექსანდრე ელისაშვილი გამოირჩევა საკუთარი ემოციური შეფასებებით სხვადასხვა საკითხისადმი, არ მალავს საკუთარ პოზიციებს და ზოგჯერ იყენებს ტელე-წამყვანისთვის შეუფერებელ ფრაზეოლოგიას. „ერთი გამაგებინეთ რა ტაკიმასხარობა ხდება ახალაიას პროცესზე. . . რაღაცა ცირკია ოღონდ ბანძი ცირკი“ (10 ოქტომებრი)
ჟურნალისტების დავით პაიჭაძისა და ეკა კვესიტაძის მიმართ გადაცემის ერთ-ერთმა სტუმარმა თქვა „ეს იყო აშკარად მიკერძოებული დაგეშილი ბულტერიერი, მეორე კიდევ ესეთი ლენჩური ხმით მიმართავდა თავის სტუმრებს.“ (18 სექტემბერი)
შეუფერებელი ლექსიკის გამოყენებისგან თავის შეკავებისკენ სტუმრისთვის წამყვანს არ მოუწოდებია, პირიქით ელისაშვილმა განაცხადა, რომ მათ(ამ ჟურნალისტების) მიმართ არანაირი სოლიდარობის გრძნობა არ გააჩნია.
გადაცემაში არჩევნები 2013 რაიმე სახის ეთიკური გადაცდომა არ დაფიქსირებულა.
დასკვნა
მეორე შუალედური მონიტორინგის მონაცემები მიუთითებენ, რომ მონიტორინგის ქვეშ მყოფი მედიის უმეტესი ნაწილი ზოგადად დაბალანსებულად აშუქებს არჩევნებს. თუმცა მონიტორინგის პირველი პერიოდისაგან განსხვავებით, მედიის ყურადღება გადაერთო მთავრობის გაშუქებიდან პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების გაშუქებაზე. ამ დრომდე ჩვენი მონიტორინგის ქვეშ მყოფმა მედიამ ვერ წარმოადგინა სიღრმისეული და ანალიტიკური მასალები, რომელიც ამომრჩეველს დაეხმარებოდა კანდიდატების თვისებებისა და მათი პროგრამების უკეთ შეფასებასა და გაანალიზებაში.
საქართველოს ჟურნალისტური ქარტია და მემო 98 გააგრძელებენ მედიის მიერ არჩევნების გაშუქების მონიტორინგს არჩევნების დღემდე. შემდეგ ანგარიშში შეფასებული იქნება მონიტორინგის მთელი პერიოდი და წარმოდგენილი იქნება 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების საერთო შეფასება.
მეთოდოლოგია
საქართველოს ჟურნალისტური ქარტიისა და მემო 98 მიზანი იყო შეეფასებინათ, იყო თუ არა ობიექტურად და დაბალანსებულად გაშუქებული მასმედიაში კანდიდატები და მათი პროგრამები, რათა საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ საკმარისი ინფორმაცია ინფორმირებული არჩევანის გასაკეთებლად. პროექტის შედეგები განისაზღვრა მკაფიოდ გამოხატული და ზუსტი მეთოდოლოგიით და მიზნად არ ისახავს რომელიმე კანდიდატის ან პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერას, არამედ მოწოდებულია, რომ მოახდინოს მედია გარემოს გაერთიანება და ინტეგრაცია წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში. 2 სექტემბერს ჟურნალისტურმა ქარტიამ დაიწყო ექვსი სატელევიზიო არხის (საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის, რუსთავი 2-ის, იმედის, მასტროს, კავკასიისა და აჭარის ტელევიზიის) მონიტორინგი.[4]
ჟურნალისტური ქარტია იყენებს მეთოდოლოგიას, რომელიც შემუშავებულია მემო 98 -ის მიერ, რომელმაც ბოლო 15 წლის განმავლობაში მსგავსი პროექტები განახორციელა მსოფლიოს 47 ქვეყანაში. მისი შინაარსზე ორიენტირებული მიდგომა სპეციალურად არის შექმნილი მედიის პლურალიზმისა და მრავალფეროვნების უზრუნველსაყოფად, რაც ნიშნავს, რომ მონიტორინგის შედეგები არ უნდა შეადგენდეს ცარიელი და ზედაპირული მონაცემების ერთობლიობას, არამედ იგი უნდა წარმოადგენდეს სათანადო კონტექსტში შესწავლილი, მედიაში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური მრავალფეროვნების დონის დეტალურ ანალიზსა და შეფასებას.[5] ქარტია და MEMO 98 წარმოადგენს კიდევ ერთ შუალედურ ანგარიშს და ასევე მომავალი თვის განმავლობაში საბოლოო ანგარიშს, რომელშიც შეტანილი იქნება რჩევები და რეკომენდაციები.
იხილეთ სრული მონაცემები და ცხრილების განმარტება:
[1] მეტი ინფორმაციისათვის ნახეთ OSCE/ODIHR ანგარიში: http://www.osce.org/odihr/elections/107052.
[2] საპრეზიდენტო კანდიდატების გაშუქების წილი გამოითვლება მათზე დათმობილი საერთო დროიდან.
[3] პირდაპირი დრო ეწოდება, როდესაც კანდიდატს ან მონიტორინგის სხვა სუბიექტს ეძლევა პირაპირი საუბრის საშუალება.
[4] სატელევიზიო არხების მონიტორინგი ძირითადად პრაიმ-თაიმზე იყო ფოკუსირებული (18.00 – 24.00).
5 მედია მონიტორინგი მოიცავს რაოდენობრივ ანალიზს, რომელიც ეყრდნობა თითოეული „სუბიექტისათვის“ გამოყოფილი დროის რაოდენობასა და შესაბამისი პოლიტიკური სუბიექტების გაშუქების ტონს – დადებითი, ნეიტრალური ან უარყოფითი ტონი. ხარისხობრივი ანალიზი აფასებს შერჩეული მედია საშუალებების საქმიანობას ეთიკისა და პროფესიული სტანდარტების მიხედვით, რომელთა რაოდენობრივი აღწერა ადვილი არ არის. მონიტორები აღნიშნავენ სიცრუის, ფაქტების დამახინჯების, დაუბალანსებელი გაშუქების, უსამართლობის, უზუსტობის, მიუკერძოებლობისა და ნებისმიერი იმ შემთხვევის შესახებ, რომელიც აუცილებელია ინფორმაციის გაშუქების ხარისხის შესაფასებლად. ეს ამოცანები ცალკეა გამოტანილი და ანგარიშში კომენტარებისა და დასკვნების სახით არის გამოტანილი.