ბავშვთა საკითხების გაშუქების მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიში - 2017
20.07.2017

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით 1 აპრილიდან აკვირდებოდა ბავშვებთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებას.

შუალედურ ანგარიშში მოცემულია 2017 წლის 1 აპრილიდან 1 ივლისამდე პერიოდში ჩატარებული მონიტორინგის შეჯამება. შეფასებულია სხვადასხვა ტიპის მედიის თავისებურებები, ასევე წარმოდგენილია ძირითადი ტენდენციები და შესწავლილი მასალების  დეტალური ანალიზი, გამოკვეთილი ხარვეზები და რეკომენდაციები.

 

ანგარიშში ცალკე ქვეთავი ეთმობა 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ბავშვთა საკითხების გაშუქების შეფასებას.

მონიტორებმა გააანალიზეს როგორც პრესაში, ისე ონლაინ და სამაუწყებლო მედიაში გამოქვეყნებული ყველა მასალა, რომელიც პირდაპირ ან ირიბად ეხებოდა ბავშვს. მონიტორები აკვირდებოდნენ ცალკეულ თემებთან დაკავშირებით ბავშვების გაშუქებას, ასევე მათ შესახებ მომზადებული მასალების ეთიკურ სტანდარტებთან შესაბამისობას. ყურადღებას აქცევდნენ თუ რა ჭრილში, რა კონტექსტში შუქდებოდა ბავშვებთან დაკავშირებული საკითხები. როგორ ჩანდნენ ბავშვები ჟურნალისტურ მასალებში და რა თემებთან დაკავშირებით საუბრობდნენ ისინი.

ძირითადი ტენდენციები
  • 2016 წელთან შედარებით გაიზარდა ბავშვთა საკითხების გაშუქება განსაკუთრებით ონლაინ მედიაში, თუმცა გაშუქების ხარისხი კვლავ გაუმჯობესებას საჭიროებს
  • ბავშვების შესახებ მედია ყველაზე ხშირად (22%) განათლების თემასთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა გაშუქებული მასალების უმრავლესობა განათლების მინისტრის ან სხვა პირთა განცხადებებია და არა განათლებაში არსებული პრობლემების ანალიზი
  • მხოლოდ 1%-ია ბავშვთან დაკავშირებული ისეთი მასალები, რომელიც სიღრმისეულად წარმოაჩენს პრობლემას. ჟურნალისტური პროდუქტების აბსოლუტური უმრავლესობა მხოლოდ ფაქტის ზედაპირული გაშუქებაა მოკლე ახალი ამბების ფორმატში.
  • მედია აშუქებს სხვადასხვა ორგანიზაციის განცხადებებს, ანგარიშებს, სადაც არაერთი სერიოზული პრობლემაა წამოწეული, თუმცა ასეთი ანგარიშები და განცხადებები კვლავაც ვერ ხდება მედიისთვის ინსპირაციის წყარო, რომ  უფრო ფართოდ გაშალოს იქ წამოწეული სერიოზული პრობლემები. ნაცვლად ამისა აქცენტს აკეთებს მხოლოდ იმაზე, რომ პრეზენტაცია ან პრესკონფერენცია გაიმართა.
  • ბავშვების, როგორც რესპონდენტების გამოჩენა კვლავ პრობლემად რჩება. 2016 წლის აპრილი – ივნისის მონიტორინგის შედეგებთან შედარებით 34-დან 9 პროცენტამდე შემცირებულია იმ მასალების რიცხვი, სადაც ბავშვები თავად საუბრობენ. ბავშვები რესპონდენტებად ძირითადად ტელეეთერში ჩანან.
  • პოლიტიკოსები თუ კერძო და საჯარო ორგანიზაციები ხშირად იყენებენ ბავშვებს საკუთარი პიარ მიზნებისთვის. ასეთ დროს მედია მიყვება პრესსამსახურების მიერ შემოთავაზებულ ფოკუსს და აქცენტს აკეთებს კომპანიაზე, უწყებაზე და არა თავად აქტივობის შინაარსსა და ბავშვებზე.
  • კვლავაც არის არაერთი შემთხვევა, როდესაც ბავშვებთან დაკავშირებული ტრაგედიები, უბედური შემთხვევები სენსაციურ ჭრილში სენტიმენტალურად შუქდება.
  • გამოწვევად რჩება ჯანმრთელობის პრობლემების და მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრები არასრულწლოვნების გაშუქება, როდესაც მედია ცდილობს დაეხმაროს მათ თანხის მიღებაში, თუმცა, დადებით ტენდენციად შეიძლება ჩაითვალოს, რომ ტელევიზიაში შემცირდა ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვების შესახებ სენტიმენტალური მასალების მომზადება.
  • ჯანდაცვის საკითხებზე მუშაობისას მედია ფაქტობრივად ექიმების ან ექიმბაშებისგან რჩევის მიღებას ვერ ცდება, არ გვხვდება ჯანდაცვის პოლიტიკის ანალიზი, ბავშვებისთვის არსებული პროგრამების მიმოხილვა ან კრიტიკა არ იწერება, რა პრობლემებია, რა საჭიროებები აქვთ ბავშვებს.
  • ბავშვების თემა გამოყენებული იყო ანტიდასავლური განწყობების გასაძლიერებლად.
  • მკვეთრად შემცირდა ძალადობის მსხვერპლების ან კრიმინალის ჩადენაში ბრალდებული არასრულწლოვნების იდენტიფიცირების შემთხვევები. ამგვარი მხოლოდ ორი შემთხვევა დაფიქსირდა.
  • წინა წლისგან განსხვავებით, ამ საანგარიშო პერიოდში არ დაფიქსირებულა ბავშვების რეტრავმირების შემთხვევები, როდესაც მედია გადატანილი სტრესის გახსენებას და მძიმე მოვლენების შესახებ ამბის მოყოლას სთხოვს არასრულწლოვანს.
  • არასრულწლოვანთა სუიციდის არაეთიკურად გაშუქება მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაფიქსირდა.
  • მხოლოდ სამჯერ იყო გამოყენებული ბავშვებთან დაკავშირებით არასწორი ტერმინოლოგია. მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული სიტუაცია ამ თვალსაზრისით.
  • დილისა და შუა დღის გადაცემებში გაიზარდა ბავშვებთან დაკავშირებული საკითხების გაშუქება.
  • საანგარიშო პერიოდში ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებს სიღრმისეულად აშუქებდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „რეალური სივრცე“ და ნეტგაზეთი/ბათუმელები.

ჩამოტვირთეთ ანგარიში სრულად