ბავშვთა საკითხების გაშუქების მედიამონიტორინგის ანგარიში - 2017
26.12.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 2013 წლიდან გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით მუშაობს ქართულ მედიაში ბავშვთა საკითხების გაშუქების გაუმჯობესების ხელშეწყობაზე. მედიაზე დაკვირვება კი ერთ-ერთი კომპონენტია ერთობლივი პროექტისა „ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქება“ . მედიამონიტორინგის მიზანი ელექტრონულ, ონლაინ და ბეჭდურ მედიაში ბავშვთა საკითხებზე გამოქვეყნებული მასალების შესწავლა, ბავშვთა უფლებებთან, ეთიკურ ნორმებსა და სიღრმისეულად გაშუქების პროფესიულ სტანდარტებთან შესაბამისობის ანალიზია.

წინამდებარე ანგარიშში მოცემულია 2017 წლის 1 აპრილიდან 1 დეკემბრამდე პერიოდში ჩატარებული მონიტორინგის შეჯამება. შეფასებულია სხვადასხვა ტიპის მედიის თავისებურებები, ასევე წარმოდგენილია ძირითადი ტენდენციები და შესწავლილი მასალების დეტალური ანალიზი, გამოკვეთილი ხარვეზები და რეკომენდაციები.

იხილეთ ანგარიშის სრული ვერსია

ძირითადი ტენდენციები:

  • 2017 წელს გამოჩნდა, რომ ბავშვთა საკითხების გაშუქება ონლაინ მედიაში სულ უფრო იზრდება, თუმცა უმრავლესობა მათგანი მხოლოდ მოკლე ინფორმაცია ანდა პრესრელიზის ფორმის ამბავია, რომელიც ხშირად შორს არის ჟურნალისტური ნამუშევრისგან.
  • სიღრმისეული მასალების მაჩვენებელი ისევ 1 პროცენტია, დანარჩენი მასალები მხოლოდ ზედაპირულად, ფრაგმენტულად, ახალი ამბების ფორმატში აშუქებს იმ თემებს, სადაც ბავშვები ჩანან ან პირდაპირ თუ ირიბად ეხება მათ.
  • შემცირდა ბავშვების, როგორც რესპონდენტების მონაწილეობით მომზადებული საერთო მაჩვენებელიც. თუ 2016 წელს ეს რიცხვი იყო 35%, წელს მაჩვენებელმა 8%-მდე დაიწია.
  • გასულ წლებთან შედარებით, გაუმჯობესებული მაჩვენებელი აქვთ ტელევიზიებს. ისინი ყველაზე ხშირად ამზადებენ ბავშვების შესახებ ვრცელ სიუჟეტებს, ასევე სიღრმისეულ მასალებს. თუკი ონლაინ მედიის შემთხვევაში ძირთადად ახალი ამბების ფორმატში ზედაპირულად შუქდება ბავშებთან დაკავშირებული მასალების 99%, ტელევიზიის შემთხვევაში სიუჟეტებს, გადაცემებს და სიღრმისეულ მასალებს 35% უკავიათ.
  • ყველაზე ხშირად (24%) ასევე ტელევიზიების მიერ მომზადებულ მასალებში ჩანან არასრულწლოვნები რესპონდენტის როლში.
  • დილისა და შუა დღის გადაცემებში გაიზარდა ბავშვებთან დაკავშირებული საკითხების გაშუქება.
  • ბავშვების შესახებ მედია ყველაზე ხშირად (23%) განათლების თემასთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა გაშუქებული მასალების უმრავლესობა განათლების მინისტრის ან სხვა პირთა განცხადებებია და არა განათლებაში არსებული პრობლემების ანალიზი.
  • გასულ წელთან შედარებით, შეიცვალა იმ თემების პირველი სამეული, რასთან დაკავშირებითაც მედია ყველაზე ხშირად აშუქებდა ბავშვებს. გასულ წელს ეს იყო განათლება, კრიმინალი და ქველმოქმედება, 2017 წელს დარჩა განათლება პირველ ადგილზე, თუმცა შემდეგ მოდის უბედური შემთხვევები და ჯანდაცვა.
  • თითქმის განახევრდა იმ მასალების რაოდენობა, რომელიც ბავშვის დასახმარებლად კონკრეტული თანხის შეგროვებას ისახავდა მიზნად.
  • შედარებით გაუმჯობესდა მდგომარეობა იმ თვალსაზრისით, რომ მედია უფრო ხშირად იყენებს სხვადასხვა ორგანიზაციის ანგარიშებს, კვლევებს იქ წარმოჩენილ პრობლემებზე შედარებით ვრცელი მასალის მოსამზადებლად. თუმცა უდიდესი ნაწილი მაინც ამჯობინებს აქცენტის გაკეთებას იმაზე, რომ კვლევა გამოქვეყნდა და არ ცდილობს იქ მოყვანილ მძიმე პრობლემებზე ფოკუსირებას.
  • პოლიტიკოსები თუ კერძო და საჯარო ორგანიზაციები ხშირად იყენებენ ბავშვებს საკუთარი პიარ მიზნებისთვის. ასეთ დროს მედია მიყვება პრესსამსახურების მიერ შემოთავაზებულ ფოკუსს და აქცენტს აკეთებს კომპანიაზე, უწყებაზე და არა თავად აქტივობის შინაარსსა და ბავშვებზე. თუმცა, გასულ წელთან შედარებით, მცირე იყო წინასაარჩევნო პიარკამპანიისთვის ბავშვის გამოყენების შემთხვევები. ➢ კვლავაც არის არაერთი შემთხვევაა, როდესაც ბავშვებთან დაკავშირებული ტრაგედიები, უბედური შემთხვევები სენსაციურ ჭრილში სენტიმენტალურად შუქდება.
  • ტელევიზიაში შემცირდა ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვების შესახებ სენტიმენტალური მასალების მომზადება.
  • ჯანდაცვის საკითხებზე მუშაობისას მედია სეზონურ დაავადებებსა თუ სხვა ტიპის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ექიმებისგან რჩევის მიღებას ვერ სცდება. არ გვხვდება ჯანდაცვის პოლიტიკის ანალიზი, ბავშვებისთვის არსებული პროგრამების მიმოხილვა ან კრიტიკა. არ ხსნიან, რა პრობლემებია, რა საჭიროებები აქვთ ბავშვებს.
  • ზოგიერთ მასალაში ბავშვების თემა გამოყენებული იყო ანტიდასავლური განწყობების გასაძლიერებლად.
  • მკვეთრად შემცირდა ძალადობის მსხვერპლების ან კრიმინალის ჩადენაში ბრალდებული არასრულწლოვნების იდენტიფიცირების შემთხვევები. ამგვარი მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.
  • მსხვერპლების ან დამნაშავეების იდენტიფიცირების დამატებით საფრთხეს ქმნის ონლაინ მედიის კომენტარების ველზე მომხმარებლის წვდომა, რედაქციას უწევს მეტი რესურსის დახარჯვა ამ კომენტარების კონტროლისთვის ან საერთოდ არ აკონტროლებს მას.
  • ზედმეტი სიფრთხილის გამო რიგ შემთხვევაში მედია მაშინაც ფარავს ბავშვს, როდესაც ამისი საჭიროება არ არის.
  • წინა წლისგან განსხვავებით, ამ საანგარიშო პერიოდში არ დაფიქსირებულა ბავშვების რეტრავმირების შემთხვევები, როდესაც მედია გადატანილი სტრესის გახსენებას და მძიმე მოვლენების შესახებ ამბის მოყოლას სთხოვს არასრულწლოვანს.
  • მედია ბავშვებთან დაკავშირებით იშვიათად იყენებს არასწორ ტერმინოლოგიას. მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული სიტუაცია ამ თვალსაზრისით.