2018 წლის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში - ახალი ამბები
25.10.2018
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის ,,საქართველოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მედიამონიტორინგი“ ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით აკვირდება ტელემედიის მიერ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაშუქებას 8 სატელევიზიო არხის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებსში. მონიტორინგი ხორციელდება შემდეგ სატელევიზიო არხებზე: საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, რუსთავი 2, იმედი, ტვ პირველი, მაესტრო, ობიექტივი, იბერია, აჭარის ტელევიზია. წინამდებარე ანგარიში ასახავს 18 ივნისი - 15 ოქტომბრის პერიოდში გასული გადაცემების ანალიზს.

ძირითადი ტენდენციები
  • პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ყველაზე მეტად სალომე ზურაბიშვილი გაშუქდა. ზოგიერთ არხზე მისთვის დათმობილი დრო რამდენჯერმე აღემატებოდა კონკურენტებისთვის დათმობილ დროს.
  • სალომე ზურაბიშვილი ყველაზე დადებითად „ობიექტივის“ ეთერში გაშუქდა 9%-ით, ყველაზე უარყოფითად კი „რუსთავი 2“-ის ეთერში 56%-ით.
  • რუსთავი 2 ერთგვარ ნეგატიურ კამპანიას აწარმოებდა სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ, ანალოგიურად აშუქებდა იმედი გრიგოლ ვაშაძე
  • ჯამში დათმობილი დროის მიხედვით, ყველა არხის მონაცემებით, ყველაზე მეტად საქართველოს მთავრობა გაშუქდა. მთავრობა ყველაზე დადებითად აჭარის ტელევიზიის ეთერში წარმოჩინდა. მისთვის დათმობილი დროის 14% პოზიტიური იყო. ყველაზე უარყოფითად მთავრობა „რუსთავი 2“-ის ეთერში გაშუქდა. დათმობილი დროის 41% მას ნეგატიურად წარმოაჩენდა.
  • პარტიებს შორის ყველაზე მეტი დრო „ქართულ ოცნებას“ დაეთმო. მას მოსდევს „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო.“
  • „ქართული ოცნება“ ყველაზე დადებითად აჭარის ტელევიზიის ეთერში გაშუქდა (9%), ყველაზე უარყოფითად კი „რუსთავი 2“-ის ეთერში (46%).
  • „რუსთავი 2-ის“ ეთერში „ნაციონალურ მოძრაობის“ დადებითმა გაშუქებამ დათმობილი დროის 1%-ზე ოდნავ მეტი შეადგინა. ამაზე მეტი პოზიტიური გაშუქება პარტიას არც ერთ სხვა არხზე არ ჰქონია. ეს პარტია ყველაზე უარყოფითად (77%) „ობიექტივის“ ეთერში გაშუქდა.
  • 2018 წლის მონიტორინგმა აჩვენა, რომ გაზრდილია „ევროპული საქართველოს“ გაშუქება და, დათმობილი დროით, ის ზოგიერთ არხზე უსწრებს კიდეც „ნაციონალურ მოძრაობას.“ ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საპარლამენტო კომისიის აქტიური გაშუქებით. ამ კომისიის ხელმძღვანელი და წევრების უმრავლესობა სწორედ „ევროპული საქართველოს“ წევრები იყვნენ. ეს თემა კი საინფორმაციო გამოშვებების ყურადღების ქვეშ იყო.
  • წინა წლების მსგავსად ობიექტივი ერთადერთი არხია, რომელიც კვლავ დიდ დროს უთმობს „პატრიოტთა ალიანსის“ გაშუქებას.
  • ხელისუფლებისადმი ყველაზე მეტი კრიტიკული ტონი „რუსთავი 2“-ს აქვს. კრიტიკული სიუჟეტები ხელისუფლების მიმართ ყველაზე ხშირად ამ არხის ეთერში გადის.
  • „რუსთავი 2“ აშკარა სიმპათიას ამჟღავნებს „ნაციონალური მოძრაობის“ და ამ პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის მიმართ.
  • წინა წლების მსგავსად ხელისუფლების მიმართ კვლავ რბილი, არა მოდარაჯე პოზიციით ხასიათდება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი და ტელეკომპანია „იმედი.“ ხელისუფლების გაშუქებისას მათი პრიორიტეტები და გზავნილები ხშირად იდენტურია.
  • 2017 წელთან შედარებით, სიძულვილის ენის და შეუსაბამო ტერმინოლოგიის საინფორმაციო გამოშვებებში ტირაჟირება კიდევ უფრო ნაკლებია.
  • მხოლოდ „ობიექტივისა“ და „მაესტროს“ ეთერში დაფიქსირდა ქსენოფობიური შინაარსის შემცველი მასალა. ორივე შემთხვევაში წყარო პოლიტიკოსები იყვნენ.
  • 2017 წლის მსგავსად თითქმის ყველა არხზე პრობლემად რჩება სიღრმისეული, მოკვლევითი სიუჟეტების სიმცირე, რომლებიც დაკავშირებული იქნება საარჩევნო თემატიკასთან და ამომრჩეველს მეტად დაეხმარება ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში.
  • წინა წელთან შედარებით შემცირებულია გონივრული ბალანსის დარღვევის ფაქტები, თუმცა ზოგჯერ მაინც გვხვდება ბალანსის დაცვის პრობლემა.
  • მთელი პერიოდის განმავლობაში დაფიქსირდა სექსისტური განცხადებების ტირაჟირების რამდენიმე შემთხვევა. წყარო ყველა შემთხვევაში პოლიტიკოსი იყო.

იხილეთ სრული ანგარიში