2018 წლის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში - ტოქშოუები
25.10.2018
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ ატარებს მედიამონიტორინგს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის „2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა“ ფარგლებში. მონიტორები აკვირდებიან 8 სატელევიზიო არხის საუკეთესო საეთერო დროს (პრაიმ ტაიმში) გასულ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოქშოუებს და საინფორმაციო გამოშვების იმ ნაწილს, სადაც რესპონდენტებთან ათ წუთზე მეტი ქრონომეტრაჟის ინტერვიუს სთავაზობენ მაყურებელს.

მონიტორინგი ხორციელდება შემდეგ სატელევიზიო არხებზე: საზოგადოებრივი მაუწყებელი, რუსთავი 2, იმედი, ტვ პირველი, იბერია, მაესტრო, ობიექტივი, აჭარის ტელევიზია. მონიტორინგი მიმდინარე წლის 1 აგვისტოს დაიწყო. ტოქშოუების ნაწილი ეთერში სექტემბრის დასაწყისში, ნაწილი კი უფრო მოგვიანებით გავიდა. წინამდებარე ანგარიში ასახავს 1 აგვისტოდან - 15 ოქტომბრამდე პერიოდში გასული გადაცემების ანალიზს.

ძირითადი ტენდენციები:

  • მიმდინარე საანგარიშო პერიოდში უფრო თვალსაჩინო გახდა, თუ როგორი პოლარიზებულია სამაუწყებლო მედია. კანდიდატთა მიმართ მიკერძოება და ტენდენციური გაშუქება გამოიხატა არა რომელიმე კანდიდატის პოზიტიურად წარმოჩენაში, არამედ არასასურველი კანდიდატის ნეგატიურ გაშუქებაში. არხების ნაწილის წამყვანები პირდაპირ მოუწოდებდნენ ამომრჩეველს, თუ რომელი კანდიდატი არ უნდა აირჩიონ. „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ ტოქშუები კი პრაქტიკულად ალტერნატიულ რეალობებს აჩვენებდნენ აუდიტორიას.
  • კანონით დაკისრებული ვალდებულების მიუხედავად , არხების უმეტესობაზე არ გამართულა საპრეზიდენტო კანდიდატთა დებატები. გამონაკლისია მხოლოდ პირველი არხი და აჭარის ტელევიზია, რომლებმაც მონიტორინგის პერიოდში არაკვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების დებატები შესთავაზეს აუდიტორიას.
  • კანდიდატების პრეზენტაცია შესთავაზა აუდიტორიას „ტვ პირველმა“, თუმცა, აქცენტი არ გაკეთებულა კონკრეტულ საარჩევნო პროგრამებზე. საზოგადოებას არ მოუსმენია კანდიდატების დაპირებების ანალიზი და შეფასება, თუ რამდენად შესრულებადია ეს დაპირებები პრეზიდენტის შეზღუდული უფლებამოსილების ფარგლებში.
  • გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მხოლოდ ერთხელ მონაწილეობდა ტოქშოუში. ის „არჩევანს” ჩაერთო, თუმცა, ამ შემთხვევაშიც არ უსაუბრია საკუთარ პროგრამაზე.
  • ტოქშოუების ძირითადი სადისკუსიო თემა არ ყოფილა არჩევნები. დღის წესრიგი შეცვალა გავრცელებულმა ფარულმა ჩანაწერებმა. ჯერ ტელეკომპანია „იბერიის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის, შემდეგ კი პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის, მირზა სუბელიანის ფარული ჩანაწერები გახდა წინასაარჩევნოდ განხილვის მთავარი თემა.
  • ტოქშოუებში საკითხს უმეტესად დაპირისპირების ჭრილში განიხილავდნენ. წამყვანები ნაკლებად იკვლევენ გადაცემამდე თემასთან დაკავშირებულ საკითხებს და არ ცდილობენ დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას აუდიტორიისთვის. ეს კარგად გამოჩნდა კანაფის კულტივირების ინიციატივის გაშუქებისას – თითქმის არსად ეს თემა საფუძვლიანად არ განხილულა ეკონომიკურ და სოციალურ ჭრილში. მთავარი აქცენტი გაკეთდა ეკლესიისა და მმართველი გუნდის დაპირისპირებაზე.
  • არჩევნებამდე ორი კვირით ადრე გადაცემები შეწყვიტა „იბერიამ“. მთელი სამონიტორინგო პერიოდის განმავლობაში არხზე მხოლოდ „იბერიის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე მსჯელობდნენ. შედეგად, არხმა ამომრჩევლის ინფორმირების ვალდებულება ვერ შეასრულა.

იხილეთ ანგარიში სრულად