2020 წლის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში - ონლაინ მედია
24.09.2020
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ გაეროს განვითარების პროექტის „საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა“ ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით აკვირდება ქართული ონლაინ მედიის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაშუქებას.

დაკვირვება მიმდინარეობს შემდეგ 13 ონლაინ მედიასაშუალებაზე: ambebi.ge, interpressnews.ge, kvira.ge, mpn.ge, netgazeti.ge, news.on.ge, primetime.ge, publika.ge, radiotavisupleba.ge, reginfo. ge, sknews.ge, sputnik-georgia.com, tabula.ge.



ძირითადი მიგნებები:

  • ონლაინ მედიის უმწვავეს გამოწვევას წარმოადგენს კომერციული ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებული სტატიების არასათანადო გამიჯვნა სარედაქციო მასალებისგან. ასეთ მასალებს მონიტორინგისთვის შერჩეული ვებგვერდების ნაწილი საერთოდ არ ურთავს რაიმე სახის შესაბამის მითითებას; ზოგი ურთავს, მაგრამ ისე, რომ ეს მინიშნებები არ შეესაბამება სტანდარტს. შესაბამისად, ვებგვერდების დიდი ნაწილის მკითხველს არ ეძლევა შესაძლებლობა, რომ გაარჩიოს გამოქვეყნებული სტატიებიდან რომელია ფასიანი და რომელი რედაქციის მიერ მომზადებული ჟურნალისტური ნამუშევარი;
  • გამოწვევად რჩება კრიტიკული და სიღრმისეული ანალიზის ნაკლებობა. მონიტორინგისთვის შერჩეული ვებგვერდების უმეტესობა საკითხებს აშუქებს ზედაპირულად, შემოიფარგლება სახელმწიფო უწყებათა წარმომადგენლებისა და პოლიტიკოსთა ყოველდღიური საქმიანობისა და განცხადებების გაშუქებით. ვებგვერდების მხოლოდ მცირე ნაწილი ცდილობს, რომ საკითხები გააშუქოს სიღრმისეულად და მკითხველს შესთავაზოს მიმდინარე მოვლენების კრიტიკული ანალიზი;
  • მონიტორინგისთვის შერჩეული 13 ვებგვერდიდან 4-ის შემთხვევაში ცალსახად შეინიშნებოდა, ერთი მხრივ, ხელისუფლების მუდმივად დადებითად წარმოჩენის, მეორე მხრივ კი, ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა დისკრედიტაციის მცდელობა;
  • მონიტორინგისთვის შერჩეულ არც ერთ ონლაინ მედიასაშუალებაში არ შეინიშნებოდა განსაკუთრებულად დადებითი განწყობა რომელიმე ოპოზიციური პარტიის მიმართ;
  • გასულ წლებში განხორციელებულ მონიტორინგთან შედარებით, შეინიშნება მცირე გაუმჯობესება პოლიტიკური სპექტრის პლურალისტული გაშუქების კუთხით. მართალია, ვებგვერდებზე ჭარბობდა მმართველი პარტიის გაშუქება, თუმცა ყურადღება ეთმობოდა ასევე სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელთა საქმიანობისა და განცხადებების გაშუქებასაც;
  • თითქმის არ გვხვდებოდა ჟურნალისტთა ტექსტებში სიძულვილის ენისა და დისკიმინაციული ტერმინოლოგიის გამოყენების შემთხვევები. თუმცა, პრობლემურია ის, რომ ონლაინ მედიასაშუალებების ნაწილი უცვლელად და უკომენტაროდ აშუქებს პოლიტიკოსთა თუ საზოგადოებისთვის ცნობილ სხვა პირთა განცხადებებს, რომლებიც შეიცავს ასეთი სახის ტერმინოლოგიასა და შინაარსს;
  • ყველაზე ხშირად ონლაინ მედიაში ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევის ისეთი შემთხვევები გვხვდება, როგორიცაა ფაქტებისა და მძიმე ბრალდებების ცალმხრივი გაშუქება. მონიტორინგისთვის შერჩეულ ვებგვერდთა დიდ ნაწილში არ ჩანდა მცდელობები, რომ ჟურნალისტებს გადაემოწმებინათ მასალებში წარმოდგენილი კონკრეტული ბრალდებები კონკრეტულ პირთა მიმართ ან მოეძიებინათ ბრალდებულ მხარეთა კომენტარები;
  • მონიტორინგის პერიოდში ონლაინ მედიაში გამოვლინდა არაერთი შემთხვევა, როდესაც უცვლელად და უკომენტაროდ შუქდებოდა გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შემცველი განხადებები, რომლებიც მიზანმიმართულად აკნინებდა ქალის როლს პოლიტიკაში;
  • წინასაარჩევნო პერიოდში COVID 19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის აღმოფხვრის სამთავრობო გეგმის გაშუქება აისახა იმაში, რომ მონიტორინგისთვის შერჩეულ ყველა ვებგვერდზე ჭარბობდა დადებითი ტონის პროცენტული მაჩვენებლები პრემიერ-მინისტრის გაშუქებისას; ისეთ ვებგვერდებზეც კი, რომლებიც გამოირჩეოდნენ განსაკუთრებულად კრიტიკული დამოკიდებულებით სახელისუფლებო გუნდის მიმართ. ეს გარემოება განაპირობა იმან, რომ სამთავრობო ფინანსური დახმარებების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია ეწოდებოდა პრემიერ-მინისტრის მხრიდან, რაც შესაბამისად აისახა მედიაში მის დადებით გაშუქებაზე.

იხილეთ სრული ანგარიში