2020 წლის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში - ონლაინ მედია
29.10.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გაეროს განვითარების პროექტის “საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა” ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით აკვირდება ტელემედიის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაშუქებას.

დაკვირვება მიმდინარეობს შემდეგ 13 ონლაინ მედიასაშუალებაზე: ambebi.ge, interpressnews.ge, kvira.ge, mpn.ge, netgazeti.ge, news.on.ge, primetime.ge, publika.ge, radiotavisupleba.ge, reginfo. ge, sknews.ge, sputnik-georgia.com, tabula.ge.

ძირითადი ტენდენციები:

  • მონიტორინგის პირველ პერიოდთან შედარებით, საგრძნობლად შემცირდაჟურნალისტური სტანდარტების დარღვევის შემთხვევები ისეთ ვებგვერდებზე,რომლებიც ჩვეულებრივ ცდილობენ მაღალი ჟურნალისტური სტანდარტებით მუშაობას;
  • მონიტორინგის მეორე პერიოდში, ასევე, საგრძნობლად შემცირდა გენდერული სტერეოტიპებისა და სექსისტური განცხადებების უცვლელად და უკომენტაროდ გამოქვეყნების შემთხვევები;
  • შეინიშნება მცირედი გაუმჯობესება პოლიტიკური სპექტრის პლურალისტული გაშუქების კუთხით. წინასაარჩევნო პერიოდში მონიტორინგისთვის შერჩეულ ვებგვერდთა დიდი ნაწილი სათანადო ყურადღებას უთმობდა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წინასაარჩევნო საქმიანობისა და საარჩევნო პროგრამების გაშუქებას;
  • მონიტორინგისთვის შერჩეული 13 ვებგვერდიდან 4-ის შემთხვევაში, კვლავ ცალსახად შეინიშნება, ერთი მხრივ, ხელისუფლების მუდმივად დადებითად წარმოჩენის, მეორე მხრივ კი, ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა დისკრედიტაციის მცდელობა;
  • წინასაარჩევნო პერიოდში მონიტორინგისთვის შერჩეულ არც ერთ ონლაინ საშუალებაში არ შეინიშნება განსაკუთრებულად დადებითი განწყობა რომელიმე ოპოზიციური პარტიის მიმართ;
  • შერჩეული ონლაინ მედიასაშუალებების ნაწილისთვის კვლავ უმწვავეს გამოწვევას წარმოადგენს კომერციული ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებული სტატიების არასათანადო გამიჯვნა სარედაქციო მასალებისგან. ვებგვერდების ნაწილის მკითხველსარ ეძლევა შესაძლებლობა, რომ გაარჩიოს გამოქვეყნებული სტატიებიდან რომელია ფასიანი და რომელი რედაქციის მიერ მომზადებული ჟურნალისტური ნამუშევარი;
  • რიგ შემთხვევებში გამოწვევად რჩება კრიტიკული და სიღრმისეული ანალიზის ნაკლებობა. მონიტორინგისთვის შერჩეული ვებგვერდების უმეტესობა საკითხებს აშუქებს ზედაპირულად, შემოიფარგლება სახელმწიფო უწყებათა წარმომადგენლებისა და პოლიტიკოსთა ყოველდღიური საქმიანობისა და განცხადებების გაშუქებით.ვებგვერდების მხოლოდ მცირე ნაწილი ცდილობს, რომ საკითხები გააშუქოს სიღრმისეულად და მკითხველს შესთავაზოს მიმდინარე მოვლენების კრიტიკული და მრავალმხრივი ანალიზი;
  • მონიტორინგის მეორე პერიოდში კვლავ ნაკლებად გვხვდებოდა ჟურნალისტთა ტექსტებში სიძულვილის ენისა და დისკიმინაციული ტერმინოლოგიის გამოყენების შემთხვევები. თუმცა, პრობლემურია ის, რომ ონლაინ მედიასაშუალებების ნაწილი უცვლელად და უკომენტაროდ აშუქებს პოლიტიკოსთა თუ საზოგადოებისთვის ცნობილ სხვა პირთა განცხადებებს, რომლებიც შეიცავს ასეთი სახის ტერმინოლოგიასა და შინაარსს;
  • ყველაზე ხშირად ონლაინ მედიაში ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევის ისეთი შემთხვევები გვხვდება, როგორიცაა ფაქტებისა და მძიმე ბრალდებების ცალმხრივი გაშუქება. მონიტორინგისთვის შერჩეულ ვებგვერდთა ნაწილში არ ჩანდა მცდელობები, რომ ჟურნალისტებს გადაემოწმებინათ მასალებში წარმოდგენილი კონკრეტული ბრალდებები კონკრეტულ პირთა მიმართ ან მოეძიებინათ ბრალდებულ მხარეთა კომენტარები

იხილეთ სრული ანგარიში