2020 წლის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში - სოციალური მედია
29.10.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გაეროს განვითარების პროექტის “საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა” ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით აკვირდება ტელემედიის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაშუქებას.

მონიტორინგის პერიოდში ყოველდღიური დაკვირვება განხორციელდა შემდეგ წყაროებზე: 13 ონლაინ მედიასაშუალების Facebook გვერდი; 6 სატელევიზიო არხის Facebook გვერდი; 60 ღია ჯგუფი; 137 პოპულარულ გვერდი; პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის, თბილისის მერის, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის, აჭარის მთავრობის, 11 სამინისტროსა და 4 მინისტრის Facebook გვერდი; 12 პოლიტიკური პარტიისა და 25 პოლიტიკოსის Facebook გვერდი; სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებული 20, Facebook-ზე ყველაზე ფართოდ გავრცელებული (ინტერაქციების რაოდენობის მიხედვით) მედიაპროდუქტი.

ძირითადი ტენდენციები:

  • მონიტორინგის მეორე პერიოდშიც Facebook-ის მეშვეობით ინტერაქციების მიხედვით ყველაზე ფართოდ სატელევიზიო არხებისა და მათი ვებგვერდების მიერ მომზადებული მედიაპროდუქტები ვრცელდებოდა;
  • საეთერო მაუწყებლობის მსგავსად, სატელევიზიო არხების Facebook გვერდების მეშვეობით გავრცელებულ ინფორმაციაშიც შეინიშნება პოლიტიკური პოლარიზაცია;
  • Facebook-ზე არსებულ პოპულარულ გვერდებზე იშვიათად ზიარდება ისეთი მედიაპროდუქტები, რომლებიც ეხება მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გაშუქებას;
  • პოპულარულ გვერდებზე ძალიან იშვიათად გვხვდება განსაკუთრებულად პროლემური მედიაპროდუქტები და ასეთ მასალებს ინტერაქციების ძალიან დაბალი რაოდენობა უგროვდება;
  • მონიტორინგის პირველ პერიოდში გამოვლენილი ორი პრობლემური გვერდი, „ალტ-ინფო“ და „ალტ-კლუბი“, 23 ოქტომბერს Facebook-მა გააუქმა და ეს გვერდები სოციალურ ქსელში აღარ იძებნება;
  • Facebook-ზე არსებულ ღია ჯგუფებში საკმაოდ დიდი სიხშირით ზიარდება მომხმარებელთა მიერ ისეთი მედიაპროდუქტები, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად შეეხება პოლიტიკურ საკითხებს;
  • ღია ჯგუფებში შეინიშნება პრობლემური ვებგვერდების მიერ მომზადებული მასალების გაზიარების შემთხვევები, თუმცა ამ მასალებს მომხმარებელთა ინტერაქციების ძალიან დაბალი რაოდენობა უგროვდება;
  • სახელმწიფოს მეთაურები და სახელმწიფო უწყებები მონიტორინგის მეორე პერიოდშიც მათ Facebook გვერდებს იყენებდნენ საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად და არა პოლიტიკურ ოპონენტთა დისკრედიტაციის მიზნით;
  • მონიტორინგის მეორე პერიოდშიც პოლიტიკური პარტიებისა და ცალკეული პოლიტიკოსების Facebook გვერდებზე ხდებოდა პოლიტიკურ ოპონენტთა მიმართ შეურაცხმყოფელი და დამცინავი მასალების გამოქვეყნება, თუმცა იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენდა ისეთი განსაკუთრებულად პრობლემური მასალების გამოქვეყნების შემთხვევები, რომლებიც შეიცავს სიძულვილის ენას, ძალადობისკენ მოწოდებას ან მიზანმიმართულ დეზინფორმაციას;
  • Facebook-ზე უმეტესად ვრცელდება საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ, რეიტინგულ მედიასაშუალებათა მიერ მომზადებული მედიაპროდუქტები და განსაკუთრებულად პრობლემურ მასალებს ნაკლები ინტერაქცია უგროვდება მომხმარებელთა მხრიდან.

იხილეთ სრული ანგარიში