2020 წლის სოციალური მედიის წინასაარჩევნო მონიტორინგის საბოლოო ანგარიში
18.12.2020
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში განხორციელებული სოციალური მედიის მონიტორინგი მიზნად ისახავს, შეისწავლოს, თუ რა სახის ინფორმაციას იღებს ყოველდღიურად ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ სოციალური მედიიდან მომხმარებელი. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ყველაზე პოპულარული სოციალური მედია ფეისბუკია, მონიტორინგი განხორციელდა სწორედ იმაზე, თუ როგორ იყენებენ ამ პლატფორმას ტრადიციული მედია, საარჩევნო სუბიექტები და რა ტიპის ინფორმაცია იღებს ფეისბუკის საშუალებით მომხმარებელი.

მონიტორინგის პერიოდში ყოველდღიური დაკვირვება განხორციელდა შემდეგ წყაროებზე: 13 ონლაინ მედიასაშუალების Facebook გვერდი; 6 სატელევიზიო არხის Facebook გვერდი; 60 ღია ჯგუფი; 137 პოპულარულ გვერდი; პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის, თბილისის მერის, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის, აჭარის მთავრობის, 11 სამინისტროსა და 4 მინისტრის Facebook გვერდი; 12 პოლიტიკური პარტიისა და 25 პოლიტიკოსის Facebook გვერდი; სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებული 20, Facebook-ზე ყველაზე ფართოდ გავრცელებული (ინტერაქციების რაოდენობის მიხედვით) მედიაპროდუქტი.

ძირითადი ტენდენციები:

● Facebook-ის მეშვეობით, ინტერაქციების რაოდენობის მიხედვით, ყველაზე ფართოდ სატელევიზიო არხებისა და მათი ვებგვერდების მიერ მომზადებული მედიაპროდუქტები ვრცელდებოდა;

● საეთერო მაუწყებლობის მსგავსად, სატელევიზიო არხების Facebook გვერდების მეშვეობით გავრცელებულ ინფორმაციაშიც შეინიშნებოდა პოლიტიკური პოლარიზაცია;

● Facebook-ზე არსებულ პოპულარულ გვერდებზე იშვიათად ზიარდებოდა ისეთი მედიაპროდუქტები, რომლებიც ეხება მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გაშუქებას;

● პოპულარულ გვერდებზე ძალიან იშვიათად გვხვდებოდა განსაკუთრებულად პროლემური მედიაპროდუქტები და ასეთ მასალებს ინტერაქციების ძალიან დაბალი რაოდენობა უგროვდებოდა;

● მონიტორინგის პერიოდში გამოვლინდა სულ ორი პრობლემური გვერდი, „ალტ-ინფო“ და „ალტ-კლუბი“, რომლებიც 23 ოქტომბერს Facebook-მა გააუქმა და ეს გვერდები სოციალურ ქსელში აღარ იძებნება;

● Facebook-ზე არსებულ ღია ჯგუფებში საკმაოდ დიდი სიხშირით ზიარდებოდა მომხმარებელთა მიერ ისეთი მედიაპროდუქტები, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად შეეხება პოლიტიკურ საკითხებს;

● ღია ჯგუფებში შეინიშნებოდა პრობლემური ვებგვერდების მიერ მომზადებული მასალების გაზიარების შემთხვევები, თუმცა ამ მასალებს მომხმარებელთა ინტერაქციების ძალიან დაბალი რაოდენობა უგროვდებოდა;

● სახელმწიფოს მეთაურები და სახელმწიფო უწყებები მონიტორინგის პერიოდში მათ Facebook გვერდებს იყენებდნენ საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად და არა პოლიტიკურ ოპონენტთა დისკრედიტაციის მიზნით;

● პოლიტიკური პარტიებისა და ცალკეული პოლიტიკოსების Facebook გვერდებზე ხდებოდა პოლიტიკურ ოპონენტთა მიმართ შეურაცხმყოფელი და დამცინავი მასალების გამოქვეყნება, თუმცა იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენდა ისეთი განსაკუთრებულად პრობლემური მასალების გამოქვეყნების შემთხვევები, რომლებიც შეიცავს სიძულვილის ენას, ძალადობისკენ მოწოდებას ან მიზანმიმართულ დეზინფორმაციას;

● წინასაარჩევნო პერიოდში COVID 19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის აღმოფხვრის სამთავრობო გეგმის მედიაში გაშუქება აისახა იმაში, რომ სოციალურ ქსელში ფართოდ გავრცელებულ მედიაპროდუქტებს შორის ჭარბობდა ისეთი მასალები, რომლებშიც დადებითად იყო გაშუქებული პრემიერ-მინისტრი. ეს გარემოება განაპირობა იმან, რომ მონიტორინგის პერიოდში სამთავრობო ფინანსური დახმარებების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მიეწოდებოდა პრემიერ-მინისტრის მხრიდან, რაც შესაბამისად აისახა სოციალურ ქსელში მის მიმართ დადებითი მასალების ფართო გავრცელებაში.

● Facebook-ზე უმეტესად ვრცელდებოდა საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ, რეიტინგულ მედიასაშუალებათა მიერ მომზადებული მედიაპროდუქტები და განსაკუთრებულად პრობლემურ მასალებს ნაკლები ინტერაქცია უგროვდება მომხმარებელთა მხრიდან.

ანგარიშის სრულის ვერსია იხილეთ აქ.