ონლაინ მედიის მონიტორინგის ანგარიში
26.04.2021
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის „საქართველოს 2020 წლის არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა“ ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, დააკვირდა ონლაინ მედიის მიერ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გაშუქებას 2021 წლის 1 თებრვლიდან 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით.

მონიტორინგის ფარგლებში დაკვირვება ხდებოდა 12 ონლაინ მედიასაშუალებაზე: ambebi.ge, interpressnews. ge, kvira.ge, mpn.ge, netgazeti.ge, news.on.ge, publika.ge, radiotavisupleba.ge, reginfo. ge, sknews.ge, sputnik-georgia.com, tabula.ge.

ძირითადი მიგნებები:

● პოსტსაარჩევნო პერიოდში ონლაინ მედიაში ყველაზე აქტიურად ევროკავშირის წარმომადგენელთა მედიაციით გამართულ პოლიტიკურ მოლაპარაკებებთან და ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებული საკითხები შუქდებოდა;

● მონიტორინგისთვის შერჩეული ვებგვერდების აბსოლუტური უმრავლესობა პოლიტიკურ პარტიებს შორის ძირითადად „ქართულ ოცნებასა“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აშუქებდა. ამ პარტიებიდან თითოეულს ეთმობოდა მეტი გაშუქება, ვიდრე ყველა სხვა პარტიას ერთად;

● ონლაინ მედიაში პოლარიზაცია ნაკლებად შეინიშნება. მონიტორინგისთვის შერჩეული 12 ვებგვერდიდან 2-ის შემთხვევაში ცალსახად გამოიკვეთა, ერთი მხრივ, ხელისუფლების მუდმივად დადებითად წარმოჩენის, მეორე მხრივ კი, ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა დისკრედიტაციის მცდელობა. ამასთან, მონიტორინგისთვის შერჩეულ არც ერთ ონლაინ მედიასაშუალებაში არ შეინიშნებოდა განსაკუთრებულად დადებითი განწყობა რომელიმე ოპოზიციური პარტიის მიმართ;

● თითქმის არ გვხვდებოდა ჟურნალისტთა ტექსტებში სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციული ტერმინოლოგიის გამოყენების შემთხვევები. თუმცა დაკვირვების დროს გამოვლინდა ორი ონლაინ მედიასაშუალება, სადაც ხდებოდა პოლიტიკოსთა თუ საზოგადოებისთვის ცნობილ სხვა პირთა მიერ დისკრიმინაციის წამახალისებელი განცხადებების ტირაჟირება;

● სარეკლამო და სარედაქციო მასალების გამიჯვნა მწვავე გამოწვევად რჩება ონლაინ მედიასაშუალებების ნაწილისთვის. ხშირ შემთხვევებში მკითხველს არ ეძლევა საშუალება, რომ ნათლად გაარჩიოს გამოქვეყნებული სტატიებიდან რომელია სარეკლამო და რომელი რედაქციის მიერ მომზადებული ჟურნალისტური ნამუშევარი;

● წინასაარჩევნო პერიოდში განხორციელებული მედიამონიტორინგის შედეგებთან შედარებით, პოსტსაარჩევნო პერიოდში, შერჩეული ვებგვერდების დიდ უმრავლესობაში შეინიშნებოდა საკითხების მეტად დაბალანსებულად გაშუქება, განსაკუთრებით ევროკავშირის წარმომადგენელთა მედიაციით გამართული პოლიტიკური მოლაპარაკებების პერიოდში.

ანგარიშის სრული ვერსია იხილეთ აქ.