"უხამსობა ქართულ მედიაში" – ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დისკუსია
28.03.2013

კატეგორია : ღონისძიებები;
რა არის უხამსობა, როგორ უნდა მოიქცეს ჟურნალისტი, როდესაც რესპონდენტი უცენზურო სიტყვებს იყენებს და რა ხდება ქართულ მედიაში ამ თვალსაზრისით, ამ თემებზე "ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში" 2013 წლის 27 მარტს გამართული დისკუსიისას იმსჯელეს. დისკუსიას უძღვებოდნენ ქარტიის წევრი და ინტერნეტგამოცემა netgazeti.ge-ის რედაქტორი მაია მეცხვარიშვილი და  "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის"დირექტორი  ვახუშტი მენაბდე. მაია მეცხვარიშვილმა შეკრებილ საზოგადოებას სხვადასხვა მაგალითები გააცნო, როდესაც უხამსობა, უცენზურო ან სიძულვილის ენის შემცველი გამონათქვამები დაიბეჭდა ან ეთერში გავიდა. დისკუსიის განმავლობაში განიხილეს თითოეული ასეთი შემთხვევა და იმსჯელეს, რამდენად შეიძლება უცენზურო გამონათქვამები უხამსობად ჩაითვალოს. აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია კითხვამ, უნდა გაავრცელოს თუ არა მედიამ უცენზურო სიტყვები ან სიძულვილის შემცველი ფრაზები, როდესაც ამას საჯარო პირი ინტერვიუში იყენებს თუ უნდა გააკორექტიროს და დამალოს. "ასეთ დროს ჟურნალისტი სრულიად უნდა გაემიჯნოს რესპონდენტის ფრაზეოლოგიას. მნიშვნელოვანია კონტექსტი, რა მიზანს ისახავს ესა თუ ის მასალა. აქცენტი იმაზეა გაკეთებული, როგორ საუბრობს, ვთქვათ, დეპუტატი თუ ჩანს, რომ სტატიის ავტორიც იზიარებს მის ტერმინოლოგიას", - აღნიშნა მაია მეცხვარიშვილმა.

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენელმა ვახუშტი მენაბდემ, დისკუსიის მონაწილეებს უხამსობის შესახებ სამართლებრივი კუთხით ესაუბრა. მან უხამსობის დეფინიციაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ უხამსობაა განცხადება, რომელიც არ შეიცავს რაიმე კულტურულ, პოლიტიკურ, მხატვრულ ან სამეცნიერო ღირებულებას, უხეშად ლახავს საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს და მიზნად ისახავს პირის პატივისა და ღირსების შელახვას.
„თუ ორივე კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს, ანუ არ შეიცავს ღირებულებას და არღვევს ეთიკურ ნორმებს, მაშინ უხამსობა არ არის. მთვარი კითხვა სწორედ აქაა – რა არის ღირებულება და რა ეთიკური ნორმა“, – აღნიშნა ვახუშტი მენაბმდემ.

მისი თქმით, სასამართლოში განსჯადია უხამსობა და ცილისწამება, ზოგიერთ ქვეყნებში ამას ემატება სიძულვილის ენაც, ეს უკანასკნელი საქართველოში მედიის თვითრეგულაციის ნაწილია.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.