28.06.2018
ჩამოტვირთეთ PDF ვერსიაჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.
მცდარი ინფორმაციის შესწორებისას რედაქციის მთავარი მიზანი და გამოწვევაა, შეძლოს დაზუსტებული დეტალების იმავე აუდიტორისთვის მოწოდება, რომელმაც თავდაპირველად არასწორი ინფორმაცია მიიღო. შესწორების ფორმა სხვადასხვა შეიძლება იყოს იმის მიხედვით თუ რა ტექნოლოგიით, ფორმით გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რა მასშტაბის აუდიტორიისთვის და რამდენი ხნით იყო ხელმისაწვდომი.
1. ძირითადი პრინციპები
- ჟურნალისტებმა და რედაქტორებმა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ დაშვებულ შეცდომებზე და დროულად გაასწორონ უზუსტობები.
- აუდიტორიამ უნდა იცოდეს რა გასწორდა, შესაბამისად ცხადად და მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული რა იყო არასწორი და რა არის სწორი.
- თუკი ამბავი ვითარდება და მოსალოდნელია, რომ ახალი დეტალები გამოიკვეთება, აუცილებელია მიუთითოთ, რომ ამბავი ახლდება.
- სასურველია შეცდომაზე ერთ რედაქტორთან ანდა ჟურნალისტთან ერთად პასუხისმგებლობას რედაქციამაც აიღოს. თუ შესაძლებელია, ახსენით შეცდომის გამომწვევი მიზეზიც.
- მასალა უნდა შესწორდეს გონივრულ ვადაში, გონივრული ვადა განისაზღვრება მედიის ტიპის, აუდიტორიის მოცულობის, შესაბამისად ინდივიდუალურად, კონტექსტის გათვალისწინებით.
- რედაქციამ ყურადღება უნდა მიაქციოს აუდიტორიის მიერ სხვადასხვა პლატფორმაზე დატოვებულ შეტყობინებებს, რომლებიც შეცდომაზე მიუთითებს.
- ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრაქტიკის თანახმად, შეცდომის შესახებ შეტყობინების მიღებად ითვლება ნებისმიერი ფორმით ჟურნალისტისთვის პერსონალურად თუ რედაქციისთვის მიმართვა. შესწორების სტანდარტის დარღვევად ჩაითვლება შემთხვევა, როდესაც დასტურდება, რომ მასალის გამოქვეყნების შემდეგ რედაქციამ მიიღო სწორი ინფორმაცია, თუმცა, არ შეასწორა.
- მკითხველთა მიერ შეცდომაზე მითითების შემდეგ როგორ რეაგირებს გამოცემა, როდის ასწორებს/არასწორებს მასალას, ვინ იღებს გადაწყვეტილებას და ასე შემდეგ, თავად რედაქციამ უნდა გადაწყვიტოს. უმჯობესია თუ კი მედია ორგანიზაციებს ექნებათ საკუთარი სახელმძღვანელო წესები, სადაც ძირითად პრინციპებთან ერთად ამგვარი პროცედურებიც იქნება აღწერილი.
- სასურველია რედაქციას ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ჰქონდეს სპეციალური განყოფილება, სადაც აუდიტორიას შეცდომის შესახებ ინფორმაციის გაგზავნა შეეძლება.
2. ონლაინ მედია
2.1. შესწორება
- გამოქვეყნებული მასალა უნდა შესწორდეს ისე, რომ აუდიტორიისთვის ცნობილი გახდეს თუ რა გასწორდა. ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია და არ უწყობს ხელს ვინმესთვის საზიანო ინფორმაციის გავრცელებას, მასალის ბოლოს შენიშვნის სახით უნდა მიეთითოს რა ეწერა მცდარ ვერსიაში.
- სათაურის შეცვლის შემთხვევაში მედია უნდა დარწმუნდეს, რომ მასალის სათაური შესწორდა ყველა პლატფორმაზე, სადაც კი გაზიარებული იყო ინფორმაცია. ყურადღება მიაქციეთ ბმულის ფრაგმენტსაც (URL), რომელიც ხშირად სათაურის ანალოგია. ფაქტობრივი უზუსტობა იქაც ჩაასწორეთ.
- ფოტოს ჩასწორების შემთხვევაშიც სათაურის მსგავსად დარწმუნდით, რომ არასწორი ფოტო აღარ იძებნება მედიასაშუალების მიერ გამოყენებულ არცერთ პლატფორმაზე.
- გამოიყენეთ ფესბუკის ხელსაწყოები ბმულის გასასწორებლად, რათა შესწორების შემდეგ ძველი ვერსია აღარ ზიარდებოდეს.
ასევე შეგიძლიათ განაახლოთ გაზიარებული მასალა ფეისბუკზე ისე, რომ არ წაშლა არ მოგიწიოთ.
2.2. წაშლა
- მასალა სრულად მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება წაიშალოს. მაგალითად მაშინ, როდესაც საჯარო ინტერესის არარსებობის შემთხვევაში ის ზიანს აყენებს, ლახავს სხვათა უფლებებს და განსაკუთრებით უხეშად არღვევს ეთიკურ სტანდარტებს.
- მასალა შესწორების ნაცვლად როგორც წესი, მაშინ შეიძლება წაიშალოს, როდესაც მხოლოდ თქვენ ხართ ინფორმაციის გამავრცელებელი ერთადერთი ღია წყარო. თუკი ინფორმაცია სხვების მიერაც არის გავრცელებული, მაშინ ჩამოხსნის ნაცვლად იმავე ბმულზე შესწორება სჯობს.
- მასალის წაშლის შემთხვევაში სასურველია რედაქციამ ახსნას ამ გადაწყვეტილების მიზეზი.
- თუკი მომდევნო დღეებში გამოიკვეთა მნიშვნელოვანი დეტალები, რაც არსობრივად ცვლის წინა დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს აუდიტორია, უმჯობესია ცალკე მომზადდეს ახალი მასალა, უკვე გამოქვეყნებულ სტატიაში კი ცხადად მიეთითოს ბმული და გაუკეთდეს შესაბამისი წარწერა ახლად გამოვლენილი გარემოების შესახებ.
3. სამაუწყებლო მედია
- მაუწყებელმა ღიად და დაუყოვნებლივ უნდა განაცხადოს დაშვებული შეცდომის შესახებ და თანაზომადი ფორმით შეასწოროს ის. მაგალითად, თუკი შეცდომა დაუშვეს პრაიმ ტაიმში, მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში, ინფორმაცია ამავე გადაცემაში მეორე დღეს უნდა გავიდეს. თუმცა, რა არის თანაზომადი შესწორება, ეს კონკრეტულ შემთხვევაზეა დამოკიდებული. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე შესაძლებელია, დაზუსტება უმჯობესი იყოს არა შემდეგ დღეს იმავე გადაცემაში, არამედ უახლოეს მომდევნო გადაცემაში.
- მასალის დროულად გასასწორებლად შესაძლებელია, გამოიყენოთ მაუწყებლის ოფიციალური გვერდი
- ინტერნეტში.ეთერში გასული შესწორებული ვიდეო-მასალა ახალი რედაქციით უნდა აიტვირთოს ოფიციალური ვებსაიტზე და ასევე, შესწორდეს ყველა პლატფორმაზე იმავე წესით, როგორც ეს ონლაინ მედიის შემთხვევაშია გაწერილი.
- მაუწყებელთა ქცევის კოდექსის თანახმად, პირს, რომლის შესახებაც არასწორი ინფორმაცია გადაიცა ეთერში, შეუძლია მიმართოს მაუწყებელს მასალის ეთერში გასვლიდან 10 დღის ვადაში და მოითხოვოს მოცემული მცდარი ფაქტის თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით შესწორება ან უარყოფა საწყისი განცხადების ხანგრძლივობით და დაახლოებით იმ დროს, როდესაც გაკეთდა საწყისი განცხადება.
4. ბეჭდური მედია
- პრესის შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია თანაზომადობა. თუ არასწორი ინფორმაცია გაზეთის პირველ გვერდზე დაიბეჭდა, სასურველია, რომ მომდევნო ნომერში ისევ პირველ გვერდზე გამოქვეყნდეს შესწორებული ინფორმაცია. აქაც, აუდიტორიისთვის გასაგებად და ცალსახად უნდა იყოს მითითებული, რომ წინა ნომერში შეცდომაში შემყვანი მასალა გამოქვეყნდა.
- ბეჭდური გამოცემების ვებსაიტებზეც შესწორების ისეთივე სტანდარტი ვრცელდება, როგორც ონლაინ მედიის შემთხვევაში.
- როგორც კი რედაქციისთვის ცნობილი გახდება დაშვებული შეცდომის შესახებ, მისი სიმძიმიდან გამომდინარე შესაძლებელია გამოცემა არ დაელოდოს შემდეგი ნომერის გამოსვლას და შეცდომის შესახებ განაცხადოს მყისიერად საკუთარ ვებსაიტსა თუ ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელში.