მედიაგარემოს უწყვეტი და სისტემური გაუარესების შედეგად როგორც მედიასაშუალებებს, ისე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს საქართველოში ეგზისტენციალური საფრთხე ემუქრებათ, რაც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის უკიდურესი შეშფოთების საგანს წარმოადგენს.
ქარტია ქვემოთ აჯამებს ყველა იმ საკითხს და ბოლოდროინდელ შემთხვევას, რაც ამ უკუსვლას ადასტურებს და საერთაშორისო საზოგადოებას მედიისა და ჟურნალისტების უფლებების დასაცავად „ქართული ოცნების“ მიმართ წნეხის გაძლიერებისკენ მოუწოდებს.
ბოლო თვეების განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ ერთიმეორის მიყოლებით განახორციელა შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები. დამოუკიდებელი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმატიზაციის კამპანია „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის” მიღებით დაგვირგვინდა. მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილმა ცვლილებებმა თვითრეგულირების მექანიზმები დაასუსტა და საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიას შინაარსობრივი საკითხების გამო ტელე და რადიო კომპანიების დასანქცირების მანდატი მიანიჭა. მაუწყებლებმა დასავლურ ფინანსებსა და ექსპერტიზაზე წვდომაც დაკარგეს. ცვლილებებით კანონში გრანტების შესახებ „ქართულმა ოცნებამ“ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისთვის განკუთვნილ საგრანტო რესურსებზე სრული კონტროლი მიიღო.
უკანონო პატიმრობაში რჩება „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დირექტორი, მზია ამაღლობელი, რომელსაც პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მედიამენეჯერს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. ამჟამად ბათუმის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. პოლიციელები სასამართლოს ცრუ და ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს აძლევენ, ხოლო მტკიცებულებების დიდი ნაწილი, რომლითაც მზია ამაღლობლის უდანაშაულობა დასტურდება, მოსამართლის გადაწყვეტილებით, საქმიდან ამორიცხულია. მანამდე, 18 მარტს, გაყალბებული ადმინისტრაციული დაკავებისა და სამართალდარღვევის ოქმების საფუძველზე, მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 2,000 ლარით დააჯარიმეს.
ღია ეთერის მოთხოვნით საზოგადოებრივ მაუწყებელთან კვლავინდებურად იკრიბებიან მოქალაქეები და სხვადასხვა პროფესიული ჯგუფები. საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამ თავიდან პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მათ ეთერი ყოველდღიურად, 40 წუთამდე დროით, დაუთმო, თუმცა გადაცემა შეცვლილი ფორმატით დაახლოებით ერთ თვის თავზე შეწყდა და ის აღარ განახლებულა. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ და მენეჯმენტმა მთელი ძალისხმევა არხის კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების პროტესტის დათრგუნვისკენ მიმართეს. მათ გაუმჭვირვალე შიდა მოკვლევა იმ ჟურნალისტებზე თავდასასხმელად და მათი დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს, ვინც დღემდე არხის ხელმძღვანელობისგან პოლიტიკურ მიუკერძოებლობას, დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის გატარებასა და საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულებას ითხოვს. პროცესის კულმინაცია აღმოჩნდა 11 აპრილს ორი მაღალი სანდოობის ჟურნალისტის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანისა და ნინო ზაუტაშვილის, სამსახურიდან გათავისუფლება. დისციპლინური სასჯელი დაუწესეს კიდევ ოთხ ჟურნალისტს - თამარ მშვენიერაძეს, სოსო კაციტაძეს, კახაბერ მელიქიძეს და ირმა ჩუბინიძეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის მიკერძოება „ქართულ ოცნების“ მიმართ დაადასტურა როგორც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის, ისე ეუთო-ოდირის მიერ ჩატარებულმა წინასაარჩევნო მონიტორინგმა. სწორედ არხის ხელმძღვანელობის მიერ მათთვის გაზიარებული კრიტიკული შენიშვნების უგულვებელყოფის გამო დატოვა საზოგადოებრივი მაუწყებელი მონიტორინგის სამსახურის უფროსმა თეა კახიანმა.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტად ჩამოყალიბდა და დეზინფორმაციისა და პროპაგანდისტული ნარატივების გავრცელებას განაგრძობს, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ, მეორედ, ახლა უკვე 6-წლიანი ვადით, აირჩია ვასილ მაღლაფერიძე, რომლის მჭიდრო კავშირები „ქართულ ოცნებასთან“ დადასტურებულია და რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები, უკვე დიდი ხანია, სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას ედავებიან. მაღლაფერიძე, რომელიც სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეობის ერთადერთი კანდიდატი იყო, 2017-2020 წლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოზიციას იკავებდა, ხოლო სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ პირველი ვადით დანიშვნამდე, 2021 წლის იანვარ-მარტში, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე იყო.
ჟურნალისტების დასაშინებლად პოლიცია ფინანსურ ბერკეტებსაც იყენებს.
პოლიციამ 5,000-ლარიანი ჯარიმა „გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის“ 20-ზე მეტ ჟურნალისტს გამოუწერა მაშინ, როცა ისინი რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ. მართალია, ცალკეულ შემთხვევებში პოლიციელებმა საჩივარი უკან გაიხმეს მას შემდეგ, რაც მათ ჟურნალისტებმა შესაბამისი მტკიცებულებები წარუდგინეს, ყველა საქმე მარტივად არ დასრულებულა. ზოგიერთი ჟურნალისტი ახლაც სასამართლო პროცესის მოლოდინშია. იმ ჟურნალისტებს შორის, რომელთაც პოლიცია „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავება, არიან „მაუწყებლის“ ჟურნალისტი თოზუ გულმამედოვა, ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანი ელისო ჯარიაშვილი, ამავე ტელეკომპანიის ჟურნალისტი ნინო ჩაკვეტაძე და OC Media-ს თანადამფუძნებელი და ჟურნალისტი მარიამ ნიკურაძე, რომელიც უკვე მეორედ დააჯარიმეს.
„ქართული ოცნება“ საქართველოში შემოსვლის საშუალებას ისევ არ აძლევს იმ უცხოელ ჟურნალისტებს, რომლებიც პროევროპულ აქციებს აშუქებდნენ. მათ შორის არიან ფრანგი ჟურნალისტები კლემენტ ჟირარდო და ჟერომ შობო. 12 თებერვალს საზღვრიდან უკან გააბრუნეს კლემენტ ჟირარდო, რომელიც Le Monde, Society და Al Jazeera-სთვის მუშაობს, ხოლო 30 მარტს - ჟერომ შობო, რომელიც იტალიური სააგანტოს NurPhoto-ს ფოტოგრაფია.
ძალადობრივი გარემო ჟურნალისტებისთვის საფრთხის შემცველია იმ დროსაც, როცა ისინი პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ და მაშინაც, როცა სხვა საქმით არიან დაკავებული.
6 აპრილს, პოლიციამ, მეტრო მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპოლიციო ეჭვის საფუძველზე ჯერ გააჩერა, ხოლო შემდეგ „პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით“ დააკავა „ინდიგოს“ ფოტოჟურნალისტი საბა სორდია. პოლიციელებმა საბა სორდიას მიმართ ჰომოფობიური ლექსიკა გამოიყენეს და მას კამერის დამტვრევით დაემუქრნენ. სასამართლოში გადაყვანამდე საბა სორდია იზოლატორში 48 საათით დააყოვნეს. მის საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას 17 აპრილს გამოაცხადებს.
8 აპრილს „ტვ პირველის“ ოპერატორს ლაშა ჯიოშვილს პოლიციამ ფეისბუქ პოსტის გამო და მის საფუძველზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. პოლიცია ჯიოშვილს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟისა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავება.
22 მარტს „ქართული ოცნების“ აქტივისტები თავს დაესხნენ „აჭარა თაიმსის“ დირექტორს, სულხან მესხიძეს, და საზოგადოებრივი არხის ჟურნალისტს, ლია ტოკლიკიშვილს, რომლებიც ბათუმში, „ოცნების ქალაქში“ მივიდნენ, რათა სამშენებლო უსაფრთხოების საკითხები გაეშუქებინათ. მათ ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ტერიტორიის დაუყოვნებლივ დატოვება მოსთხოვეს. ჟურნალისტებმა პოლიცია გამოიძახეს, თუმცა ადგილზე მისულმა პოლიციელებმა მათი უფლებების დასაცავად არაფერი იღონეს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ჟურნალისტებს უკანონოდ უზღუდავენ წვდომას ადგილობრივი მთავრობის, საკრებულოსა და კომისიების სხდომებზე. ასე, მაგალითად, 4 აპრილს ჭიათურის საკრებულოს სხდომაზე არ შეუშვეს ტელეკომპანია „ფორმულას“ რეგიონული კორესპონდენტი ეკა ფხაკაძე და „ტვ პირველისა“ და „მთის ამბების“ გადამღები ჯგუფები. მანამდე, 26 მარტს, ახალციხის მერის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე არ შეუშვეს „სამხრეთის კარიბჭისა“ და TOK TV-ს გადამღები ჯგუფები. ჟურნალისტების თემო ინასარიძე და ინგა ირიციანის თქმით, ეს არის პირველი შემთხვევაა, როცა მათ მერის მრჩეველთა საბჭოს სხდომის გაშუქების საშუალება არ მისცეს. 7 აპრილს მედიის წარმომადგენლები არ შეუშვეს აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, სადაც აჭარის მთავრობის ახალ თავმჯდომარეს ამტკიცებდნენ.
ჟურნალისტების მიმართ რეპრესიულ ზომებს იღებს პარლამენტიც. 26 მარტს პარლამენტმა 6 თვით შეუჩერა აკრედიტაცია „ტვ პირველის“ ჟურნალისტს ნატა ქაჯაიას იმის გამო, რომ ჟურნალისტმა არ შეწყვიტა ვიდეოგადაღება მას შემდეგ, რაც პარლამენტის სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა მას ინტერვიუზე უარი უთხრა.
20 მარტს მოსამართლემ, საჯაროდ შენიშვნის მიცემის შემდეგ, სხდომათა დარბაზიდან გააძევა „ტვ პირველის“ ჟურნალისტები მარიამ გაფრინდაშვილი და ნანუკა ქაჯაია, რომელთაც მანამდე არ მისცა ფოტოგადაღების უფლება, რის თაობაზეც მოთხოვნა მათ წინასწარ, კანონით გათვალისწინებული პროცედურით ჰქონდათ გაგზავნილი.
„ქართული ოცნების“ სასამართლომ სამართალდამრღვევებად ცნო ის ჟურნალისტები, რომლებიც ნოემბრის ბოლოს, პროევროპული აქციების გაშუქებისას, პოლიციამ დააკავა და სასტიკად სცემა. ეს იმ ფონზე, როცა დამნაშავე პოლიციელებს, რომელთაც ჟურნალისტებს მუშაობაში ხელი შეუშალეს და უფლებამოსილებას გადაამეტეს, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, რომელსაც ბევრმა ჟურნალისტმა მისცა ჩვენება, ვერ მიაგნო.
გამოცემა „პუბლიკას“ ფოტორეპორტიორს, ალექსანდრე ქეშელაშვილს, პოლიციელებმა 28-29 ნოემბრის ღამეს სხეულის მძიმე დაზიანებები მიაყენეს, მათ შორის, თავისა და სახის არეში. ჟურნალისტს, რომელსაც ჰოსპიტალიზაცია და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, ჯანმრთელობის პრობლემები დღემდე აწუხებს. იმ დღეს ალექსანდრე ქეშელაშვილს პოლიციელებმა სამუშაო აპარატურაც წაართვეს. შსს ჟურნალისტს, რომელსაც დაზარალებულის სტატუსი აქვს მინიჭებული, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა) მუხლების დარღვევას ედავებოდა. მოსამართლემ 17 მარტს ალექსანდრე ქეშელაშვილი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ნაწილში სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა.
შსს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა) მუხლების დარღვევას ედავებოდა „რადიო თავისუფლების“ პროდიუსერს, ბექა ბერაძესაც, რომელმაც 12 მარტს მოსამართლისგან სიტყვიერი შენიშვნა მიიღო. ჟურნალისტი პოლიციელებმა 1 დეკემბრის ღამეს პროევროპული აქციის დროს ინგოროყვას ქუჩის მიმდებარედ დააკავეს და სცემეს.
10 თებერვალს სასამართლომ სამართალდამცავი ორგანოს კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის სამართალდამრღვევად ცნო „მთავარი არხის“ ოპერატორი სერგი ბარამიძე და მას სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა. წვრილმანი ხულიგნობის ნაწილში სამართალწარმოება შეწყდა. სერგი ბარამიძე პოლიციამ 19 ნოემბერს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, მელიქიშვილის გამზირზე აქციიის გაშუქებისას, ძალის გამოყენებით დააკავა. მიყენებული დაზიანებების გამო ოპერატორს სამედიცინო ჩარევა დასჭირდა. 333-ე (უფლებამოსილების გადამეტება) და 154-ე (პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა) მუხლებით საქმის გამოძიება დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, რომელსაც სერგი ბარამიძემ ჩვენება 20 ნოემბერს მისცა, თუმცა უშედეგოდ.
შექმნილი მძიმე პირობების გამო რეგიონული მედიასაშუალებები ფუნქციონირებას ვეღარ ახერხებენ. აჭარაში მოქმედმა ერთადერთმა კომერციულმა ტელემაუწყებელმა, ტვ 25-მა, საინფორმაციო გამოშვებები და პოლიტიკური თოქ-შოუები იანვრიდან შეაჩერა. 16 აპრილს ტელეკომპანიის პარტნიორთა კრებამ მისი 100%-იანი წილი გასაყიდად გაიტანა.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას სს “სადაზღვევო კომპანია ალდაგის” წარმომადგენლმა ბექა ჭყონიამ მედია-კავშირი “ობიექტივის” ჟურნალისტის ნათია მაზანაშვილის წინააღმდეგ განცხადებით მომართა.
სადავო გადაცემა “სოციალური თემატიკა” ეთერში 2025 წლის 13 მარტს გავიდა. გადაცემაში წამყვანი სს “სადაზღვევო კომპანია ალდაგის” შესახებ საუბრობს.
განმცხადებელი მიიჩნევს, რომ წამყვანმა თავის საავტორო გადაცემაში დაარღვია ქარტიის პირველი (სიზუსტე); მესამე (დადასტურებული წყარო); მეხუთე (შესწორება) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები.
განმცხადებლის მხრიდან მოპასუხე რედაქტორად/ჟურნალისტად განისაზღვრა გადაცემის წამყვანი ნათია მაზანაშვილი.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრინციპები.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორთა საბჭოს მიერ მთავარი საინფორმაციო გამოშვების, „მოამბის“, წამყვანის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის და გადაცემა „რეალური სივრცის“ წამყვანის, ნინო ზაუტაშვილის, საზოგადობრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებასა და საზოგადობრივი მაუწყებლის ოთხი თანამშრომლის - გადაცემა „რეალური სივრცის“ კორესპონდენტის, თამარ მშვენიერაძის, ამავე გადაცემის წამყვანის, იოსებ კაციტაძის, პულტის რეჟისორისა და შეთავსებით სპორტული გადაცემების რეჟისორის, კახაბერ მელიქიძის, ბრენდინგისა და პრომოციის რეჟისორის, ირმა ჩუბინიძის - მიმართ დისციპლინარული სანქციების გამოყენებას. ქარტია საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორთა საბჭოს ამ გადაწყვეტილებას კრიტიკული აზრისთვის დევნად და კრიტიკულად განწყობილ თანამშრომლებზე შურისძიებად აფასებს, უმკაცრესად გმობს მას და ექვსივე კოლეგას სოლიდარობას უცხადებს.
ნინო ზაუტაშვილის თქმით, 11 აპრილს დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ ისე აცნობეს, რომ მისთვის დისციპლინური მოკვლევის შედეგები არ გაუცნიათ. ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს უთხრეს, რომ მას დასაბუთებული გადაწყვეტილება მოგვიანებით ჩაბარდება.
გაუმჭვირვალე დისციპლინური მოკვლევა საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა კრიტიკული აზრის ჩასახშობად და თანამშრომლების დასაშინებლად გამოიყენა.
მანამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლები ტელევიზიის ხელში ჩაგდების მიზნით კოორდინირებულად მოქმედებაში ყოველგვარი დასაბუთების გარეშე დაადანაშაულა და პროკურატურას მათი ქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ერთი ნაწილი უკვე თვეებია, პროტესტს გამოთქვამს ტელევიზიის მიერ „ქართული ოცნების“ მიმართ აშკარად მიკერძოებული პოლიტიკის გატარებისა და სარედაქციო პოლიტიკაში უხეში ჩარევის გამო, მათ შორის, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძის, მხრიდან. თანამშრომლები წუხდნენ იმის გამო, რომ პრო-ევროპულ აქციებს საზოგადოებრივი მაუწყებელი საკმარის ყურადღებას არ უთმობდა და ფაქტებს ჩქმალავდა და რომ ტელევიზიამ დროულად და სათანადოდ არ გააშუქა პოლიციის მიერ ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტები, მათ შორის, მათივე თანამშრომელზე ძალადობის ფაქტი და ჟურნალისტსა და არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” თანამშრომელზე, ზვიად ქორიძეზე, თავდასხმა.
ნინო ზაუტაშვილი 40 წელია პირველი არხის თანამშრომელია. მას წლების განმავლობაში მიჰყავდა გადაცემა „რეალური სივრცე“, რომელიც პრაქტიკულად ბოლო გადაცემა იყო საზოგადოებრივ მაუწყებელზე, სადაც მწვავე სოციალურ პრობლემებზე მსჯელობდნენ, სადაც ისმოდა განსხვავებული აზრი, და სადაც იწვევდნენ იმ ექსპერტებს, რომლებთანაც პრო-სამთავრობო მედია არ თანამშრომლობდა. ბოლო თვეებში გადაცემა მხოლოდ რადიოს ეთერში გადიოდა.
ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის შეფასებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკი თავისი სარედაქციო პოლიტიკით არ პასუხობს საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებს. ის მზია ამაღლობელს ყოველი საინფორმაციო გამოშვების დაწყებისას, პირდაპირი ეთერით უცხადებდა სოლიდარობას. ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი ეთერს 4 თებერვლიდან ჩამოაშორეს, რის მიზეზადაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თანამშრომლებთან დაძაბულობის პრევენცია დაასახელა.
პროევროპული აქციების პარალელურად, საზოგადოებრივ მაუწყებელთან პრაქტიკულად ყოველდღიურად იკრიბებიან მოქალაქეები, სხვადასხვა პროფესიული ჯგუფის წარმომადგენლები, და საზოგადოებრივ მაუწყებელს თავისი მოვალეობის შესრულებისკენ მოუწოდებენ. საზოგადოების მოთხოვნას ხმას უერთებდნენ ვასილ-ივანოვ ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი.
ქარტია საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებულ არაჯანსაღ ვითარებაზე სრულ პასუხიმგებლობას აკისრებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს, ვასილ მაღლაფერიძეს, და საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს, თინათინ ბერძენიშვილს. მათ მიერ გატარებულმა რეპრესიულმა პოლიტიკამ დააპირისპირა თანამშრომლები, ტელევიზიაში შექმნა მტრული გარემო, სადაც ჟურნალისტებს და ტექნიკურ პერსონალს არ აქვთ საკუთარი აზრის გამოთქმისა და პროფესიული სტანდარტების დაცვით მუშაობის შესაძლებლობა.
საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა ემსახურებოდეს ხალხს და ასახავდეს საზოგადოებაში არსებულ მრავალფეროვნებას. ამის საპირისპიროდ, სამეურვეო საბჭომ და მენეჯმენტმა ტელევიზია გადააქცია პარტიულ ორგანოდ და დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული ნარატივების წყაროდ.
ქარტიის მეორე პრინციპის თანახმად, „დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება, პროფესიული საქმიანობისას მოიქცეს ან აზრი გამოხატოს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ.“
„რადიო თავისუფლება“ 75 წელზე მეტია, მილიონობით ადამიანისთვის ევროპის, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის იმ ქვეყნებში, სადაც მათ მთავრობები ინფორმაციაზე წვდომას უზღუდავენ, მიუკერძოებელი ახალი ამბებისა და სანდო ანალიზის მთავარი წყაროა.
საქართველოში „რადიო თავისუფლების“ როლი სრულიად განსაკუთრებულია. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ შესაძლებელი გახდა თბილისში ადგილობრივი ბიუროს გახსნა, რომელიც მალევე იქცა ადგილობრივი მედიალანდშაფტის ორგანულ და მნიშვნელოვან ნაწილად. „რადიო თავისუფლების“ ქართული რედაქცია ადგილობრივი მედიასაშუალებების მხარდამხარ წერს თანამედროვე ქართული მედიის ისტორიას.
საქართველოში მედიას წლებია, უკიდურესად პოლარიზებულ, ღიად მტრულ და დამთრგუნველ გარემოში უწევს მუშაობა. „რადიო თავისუფლებამ“ ამ რთულ პირობებშიც კი შეძლო მაღალი პროფესიული სტანდარტის დამკვიდრება, ჩამოყალიბდა პროფესიის მეტრად, რომელზეც ჟურნალისტთა თაობები იზრდებიან და რომელზეც სხვა ქართულ მედიასაშუალებებს აქვთ სწორება.
„რადიო თავისუფლება“ ქმნის სივრცეს თავისუფალი აზრისა და შინაარსიანი დებატებისათვის. ჟურნალისტები „რადიო თავისუფლებიდან“ რეგულარულად იღებენ პროფესიულ ჯილდოებს საუკეთესო ნამუშევრებისთვის. „რადიო თავისუფლება“ იზიდავს ახალგაზრდებს სოციალურ მედიაში განთავსებული მრავალფეროვანი ჟურნალისტური ნამუშევრებით.
ქართული მედიასაშუალებები „ქართული ოცნების“ დამაზიანებელი ქმედებების შედეგად დახურვის, ხოლო ქართული საზოგადოება “ქართული ოცნების” მიერ შექმნილი პროპაგანდისტული საინფორმაციო ინფრასტრუქტურის პირისპირ დარჩენის საფრთხის წინაშე არიან. ამ ფონზე კიდევ უფრო იზრდება “რადიო თავისუფლების” როლი და მისია.
„რადიო თავისუფლების“ გარეშე მედია საქართველოში უკიდურესად გაღარიბდება, დაიკარგება საზოგადოების მრავალფეროვანი ხმები.
ქარტია თხოვნით მიმართავს ევროპული ქვეყნების მთავრობებს და კერძო ფონდებს, გამონახონ რესურსები „რადიო თავისუფლების“ შესანარჩუნებლად იმ საზოგადოებებისათვის მრავალ ქვეყანაში, რომელთათვისაც ის იმედი და საყრდენია და რომელთა ისედაც რთული ყოველდღიურობა „რადიო თავისუფლების“ გარეშე კიდევ უფრო დამძიმდება.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას იაკობ ლეჟავამ გაზეთების “ასავალ-დასავალი” და “საქართველოს რესპუბლიკა” წინააღმდეგ მომართა.
სადავო სტატია (გვ. 8-9) თავდაპირველად გაზეთმა “ასავალ-დასავალი” 2025 წლის 10 თებერვალს გამოაქვეყნა თავის ყოველკვირეულ გაზეთში, ხოლო შემდეგ 2025 წლის 14 თებერვალს “საქართველოს რესპუბლიკამ” გადაბეჭდა (გვ. 6).
განმცხადებელი ორივე შემთხვევაში ქარტიის პირველი (სიზუსტე); მეხუთე (შესწორება); მე-10 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე დავობს.
განმცხადებლის მხრიდან მოპასუხე რედაქტორებად/ჟურნალისტებად გაზეთ “ასავალ-დასავალის” შემთხვევაში განისაზღვრნენ მთავარი რედაქტორი ლაშა ნადარეიშვილი და ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, ხოლო გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკის” შემთხვევაში, მთავარი რედაქტორი სპარტაკ ქობულია.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრინციპები.
15 მარტს „მთის ამბების“ რედაქტორს, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს ავტობანზე, წეროვანთან, შსს-ს შეიარაღებული თანამშრომელი თავს დაესხა. ჟურნალისტი თბილისში ბრუნდებოდა, რა დროსაც მას თეთრი ფერის პიკაპი აედევნა, რომელიც საავარიო სიტუაციას ქმნიდა. მთივლიშვილმა მანქანა გააჩერა. პიკაპიდან შსს-ს შეიარაღებული თანამშრომელი და მისი თანმხლები პირი გადმოხტნენ. შსს-ს თანამშრომელი ჟურნალისტს აგინებდა და ემუქრებოდა. მთივლიშვილმა გადაღება დაიწყო, რა დროსაც მას შსს-ს თანამშრომელმა სამჯერ დაარტყა და მისთვის ტელეფონის წართმევას შეეცადა. ეს პირი თვითმხილველებსაც დაუპირისპირდა და მათ ვიდეოს წაშლა მოთხოვა.
ბოლო თვეების განმავლობაში გახშირებული თავდასხმები ჟურნალისტებზე „ქართული ოცნების“ მიერ დამოუკიდებელი მედიის მიმართ გაღვივებული სიძულვილის პირდაპირი შედეგია. არავინ დასჯილა ჟურნალისტების ცემისა და შეურაცხყოფის გამო, რაც მოძალადეებს ფართო ასპარეზს აძლევს.
ეს არ არის გელა მთივლიშვილზე თავდასხმის პირველი შემთხვევა. ის თავისი პროფესიული საქმიანობის გამო მანამდეც გამხდარა ძალოვანი უწყებების წარმომადგენელთა თუ სხვადასხვა ძალადობრივი ჯგუფის აგრესიის სამიზნე.
თავდამსხმელის იდენტიფიცირება მარტივია - თვითმხილველების მიერ გადაღებულ ვიდეოში ის კარგად ჩანს, ისევე როგორც გარკვევით ჩანს მისი ავტომობილის სახელმწიფო ნომრები.
ქარტია სოლიდარობას უცხადებს გელა მთივლიშვილს, შსს-ს კი მოუწოდებს, ამჯერად მაინც გამოიჩინოს პროფესიონალიზმი და დროულად დააყენოს მისი მოძალადე თანამშრომლის პასუხისმგებლობის საკითხი.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ანა კომლაძემ ტელეკომპანია “იმედის” არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ განცხადებით მომართა.
სადავო ქარდი ტელეკომპანია “იმედის” ფეისბუქ გვერდზე 2025 წლის 5 მარტს გამოქვეყნდა. ის ანა კომლაძის თბილისის მერიიდან გათავისუფლებას ეხება.
განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (სიზუსტე), მეხუთე (შესწორება), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე.
მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა “იმედის” არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრინციპები.
ქარტიის საბჭომ 6 მარტის სხდომაზე 24news.ge-ს ხელმძღვანელის აზერ მამედოვის წინააღმდეგ შემოსული მარიამ სამხარაძის განცხადება განიხილა.
სადავო ვიდეო 24news.ge-ს ფეისბუქ გვერდზე 2025 წლის 4 იანვარს გამოქვეყნდა.
განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ მასალაში გაჟღერდა მცდარი ინფორმაცია, რომ “თითქოს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ მარნეულის ოფისი რაიმე ფორმით ჩართულია მარნეულში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელების საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვასა და მათ ფინანსურ წახალისებაში”.
განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ დაირღვა ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები.
საბჭომ მასალაში დარღვეულად მიიჩნია ორივე სადავო პრინციპი (1;5).
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი გამოქვეყნდება მოგვიანებით.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ხუთშაბათს, 6 მარტს, ონლაინ გამოცემა 24news.ge-ს ხელმძღვანელის აზერ მამედოვის წინააღმდეგ შემოსულ განცხადებას განიხილავს.
19:00 საათზე - მარიამ სამხარაძე აზერ მამედოვის წინააღმდეგ.
სადავო სიუჟეტი 24news.ge-ს ფეისბუქ გვერდზე 2025 წლის 4 იანვარს გამოქვეყნდა.
განმცხადებელი მიუთითებს, რომ მცდარია სიუჟეტში გაჟღერებული ინფორმაცია, “თითქოს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ მარნეულის ოფისი (სიუჟეტში არასწორად მოხსენიებული, როგორც USAID-ის მარნეულის ოფისი) რაიმე ფორმით ჩართულია მარნეულში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელების საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვასა და მათ ფინანსურ წახალისებაში.”
განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სადავო სიუჟეტში ჟურნალისტმა ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები დაარღვია.
ქარტიის საბჭო განცხადებას განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრინციპები.
სხდომა წარიმართება ონლაინ რეჟიმში, პლატფორმა ZOOM-ის მეშვეობით. საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება. სხდომაზე დასწრებისთვის საჭირო მონაცემების მისაღებად, მოგვწერეთ მეილზე: ethicscharter@gmail.com.
„ქართული ოცნების“ ლიდერები მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების აუცილებლობას მედიის თვითრეგულირების არსებული მექანიზმების სისუსტითა და არაეფექტურობით ასაბუთებენ. დაინიცირებული ცვლილებების მიღების შემთხვევაში პროფესიულ სტანდარტებთან დაკავშირებულ მთელ რიგ საკვანძო საკითხებს მაუწყებელთა ქცევის კოდექსის ნაცვლად მაუწყებლობის შესახებ კანონი დაარეგულირებს.
საქართველოში ქარტიის სახით გვაქვს ეფექტურად მოქმედი თვითრეგულირების მექანიზმი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია არ იზიარებს მოსაზრებას, რომ საქართველოში მედიის მომხმარებლებს ამჟამად არ აქვთ შესაძლებლობა, თავიანთი ინტერესი თვითრეგულირების ორგანოში დაიცვან. ქარტიამ არსებობის 15 წლის განმავლობაში ამა თუ იმ მედია საშუალების თუ ცალკეული ჟურნალისტის მხრიდან პროფესიული სტანდარტის დარღვევის დასადგენად 800-მდე განცხადება განიხილა ობიექტურად და მიუკერძოებლად, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. ქარტია ამაყობს წლების განმავლობაში გაწეული შრომით და მის მიერ დადგენილი პრაქტიკით.
ცვლილებების წარმოდგენის დრო და კონტექსტი გვარწმუნებს, რომ შემოთავაზებული ცვლილებების მიზანი მედიის შეზღუდვაა
„ქართული ოცნების“ მიერ დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ფართო ფრონტით წარმოებული შეტევის ფონზე, ქარტიას ეჭვი ეპარება „ქართული ოცნების“ ლიდერების განზრახვის კეთილსინდისიერებაში და მიიჩნევს, რომ ამ ცვლილებებს „ქართული ოცნება“ აინიცირებს დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიისთვის სამოქმედო არეალის კიდევ უფრო შესაზღუდად, სამუშაო პირობების გასაუარესებლად, კრიტიკული ხმების ჩასახშობად და მედიის დასამორჩილებლად.
შინაარსობრივი საკითხების რეგულირება აჩენს თვითცენზურისა და ცენზურის საფრთხეს
საკითხები, რომელიც „ქართულ ოცნებას“ თვითრეგულირებიდან რეგულირებაში გადმოაქვს, ყველა განვითარებულ დემოკრატიაში მედიის თვითრეგულირების ორგანოებისა და სარედაქციო განსჯის საგანია. ქარტიისთვის მიუღებელია ამ საკითხებთან დაკავშირებულ დავებში არბიტრად საქართველოს კომუნიკაციის კომისიის შემოყვანა, რომლის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით წლებია, დიდი კითხვის ნიშნები არსებობს, და რომლის მიმართ სრულიად სამართლიანად, ბევრი პრეტენზია აქვთ მედიებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს.
ჟურნალისტებს შეცდომებზე კოლეგებმა უნდა მიუთითონ და არა ჩინოვნიკებმა, რომელთაც სანქციების დაწესებისთვის ფართო მანდატი ეძლევათ.
განვითარებას ხელს უწყობს თვითრეფლექსია და არა სადამსჯელო ღონისძიებები.
შემოთავაზებული ცვლილებების შინაარსი სცდება თვითრეგულირების საკითხებს და შემზღუდავ ნორმებს პროფესიული სტანდარტად წარმოადგენს
მიუღებელია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სტანდარტის იმგვარად ინტერპრეტაცია, როგორც ეს არის მოცემული შემოთავაზებულ ცვლილებებში. წარმოდგენილი წესები ერთადერთ მიზანს ემსახურება - არ მისცეს ჟურნალისტებს საჯარო სივრცეებში, საჯარო პირებისთვის, საჯარო ინტერესით ნაკარნახები კითხვების დასმის შესაძლებლობა, რათა მათ ვერ შეძლონ კორუფციის, ადამიანის უფლებების დარღვევის, სოციალური პრობლემების და სხვა საკითხების გაშუქება და დისკომფორტი არ შეუქმნან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსა და მხარდამჭერებს.
შემოთავაზებული ცვლილებების ერთი ნაწილი უხეშად ერევა სარედაქციო გადაწყვეტილებებში და სარედაქციო გემოვნების საკითხებსაც არეგულირებს.
შემოთავაზებული ცვლილებები იმგვარად შემბოჭავია, რომ ჟურნალისტებს ართმევს პროფესიული სტანდარტების დაცვით მუშაობის შესაძლებლობას
შემოთავაზებული ცვლილებები კიდევ უფრო მიუწვდომელს ხდის ჟურნალისტებისთვის თანამდებობის პირებსა და საჯარო მოხელეებს და ართულებს მათგან კომენტარის მოპოვებას. საჯარო ინფორმაციაზე წვდომისა და საჯარო პირებთან კომუნიკაციის ნაკლებობა ზრდის ჟურნალისტების მხრიდან შეცდომების დაშვების საფრთხეს, რომლებსაც ინფორმაციის მოსაპოვებლად ალტერნატიული წყაროების გამოყენება მოუწევთ.
ყოველივე ზემოთქმული ქარტიისთვის ნათელს ხდის, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ამოძრავებს მედიაგარემოს გაჯანსაღებისა და საზოგადოებისათვის უფრო ხარისხიანი მედიაპროდუქტის მიწოდების ინტერესი.
შესაბამისად, ქარტია „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, შემოთავაზებული ცვლილებები გაიწვიოს და რეპრესიული მექანიზმების შემოღების ნაცვლად, თვითრეგულირების მექანიზმების გაძლიერებასა და ხელშეწყობაზე იზრუნოს.
განმარტებისთვის:
ქარტიის საბჭო არჩევითი კოლეგიური ორგანოა, რომლის შემადგენლობა ყოველწლიურად ახლდება. კოლეგა ჟურნალისტების მიერ საერთო კრებაზე ფარული კენჭისყრით არჩეული საბჭოს წევრები მოხალისეობრივ საწყისებზე, მხარეთა ჩართულობით, იხილავენ პროფესიული სტანდარტის დარღვევასთან დაკავშირებულ განცხადებებს. ყოველი გადაწყვეტილება პროფესიონალთა ხანგრძლივი მსჯელობის შედეგია.
ქარტიაში გაწევრება ნებისმიერ მოქმედ ჟურნალისტს შეუძლია. შესაბამისად, ყველა მოქმედ ჟურნალისტს, ქარტიაში გაწევრებით, ეძლევა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, და კოლეგებისგან სათანადო მხარდაჭერის მოპოვების შემთხვევაში, ჩაერთოს ქარტიის საბჭოს საქმიანობასა და განცხადებების განხილვაში. ბოლო 15 წლის განმავლობაში ამ შესაძლებლობით ათეულობით ჟურნალისტმა ისარგებლა.
ქარტია მრავალგვარი აქტივობით უწყობდა ხელს თვითრეგულირების იდეის პოპულარიზაციას როგორც ჟურნალისტურ წრეებში, ისე მედიის მომხმარებლებს შორის. ქარტია ამისთვის იყენებდა სატელევიზიო ეთერს, ატარებდა შეხვედრებს მოქალაქეებთან და საზოგადოებრივ ჯგუფებთან, ჟურნალისტებთან და ჟურნალისტური სკოლების სტუდენტებთან.
პროფესიული სტანდარტების დანერგვაში ჟურნალისტების ხელშესაწყობად ქარტიას მომზადებული აქვს 30-მდე მეგზური და ჩატარებული აქვს ათობით ტრენინგი. მან ასევე უმასპინძლა არაერთ შეხვედრას ეთიკურ დილემებზე სამსჯელოდ. ქარტია 2012 წლიდან ატარებს მედია კონტენტის მონიტორინგს მედიაგაშუქების პროფესიულ სტანდარტებთან შესაბამისობის დასადგენად და 2013 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად გასცემს პრიზს პროფესიული სტანდარტების დაცვით მომუშავე ჟურნალისტების წასახალისებლად. 2014 წლიდან ქარტია მასალებს პროფესიული სტანდარტებისა და სხვა დაკავშირებული საკითხების შესახებ აქვეყნებს ქარტიის მედია პლატფორმა “მედიაჩეკერზეც”.
მოკლედ კონტექსტის შესახებ
„ქართული ოცნების“ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება კრიტიკული მედიების მიმართ და მათი დისკრედიტაციის ორგანიზებული მცდელობები 2024 წლის ბოლოს და 2025 წლის დასაწყისში ჟურნალისტების მასობრივი დევნასა და მათზე ფიზიკური თავდასხმებში გამოიხატა. ბოლო სამი თვის განმავლობაში ძალოვნებმა და მათთან დაახლოებულმა ძალადობრივმა ჯგუფებმა პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს 100-ზე მეტ ჟურნალისტს, რომელთაგანაც ბევრს მიაყენეს ფიზიკური დაზიანება, მათ შორის, სერიოზული, და გაუნადგურეს და გასტაცეს ტექნიკა. საუკეთესო ონლაინ გამოცემების დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი, 12 იანვრიდან უკანონო პატიმრობაში იმყოფება და 39- დღიანი შიმშილობის შემდეგაც კი რეჟიმის ტყვედ რჩება. ჟურნალისტებს, რომლებიც პროევროპულ პროტესტს აშუქებენ, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე აკისრებენ 5 000 ლარიან ჯარიმებს „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ საბაბით. გამოძიებამ დღემდე ვერ გამოავლინა ვერცერთი დამნაშავე. ჟურნალისტები ვერც სასამართლოში ახერხებენ თავიანთი სიმართლის დამტკიცებას, სადაც ცრუმოწმეებად თავად პოლიციელები გვევლინებიან. საჯარო უწყებები პრაქტიკულად არ გასცემენ საჯარო ინფორმაციას. ინსტიტუციაში, რომელიც წესით ყველაზე გამჭვირვალე და ღია უნდა იყოს, საქართველოს პარლამენტში, ჟურნალისტების ერთ ნაწილს შიდა რეგულაციებით საერთოდ უკრძალავენ შესვლას, ხოლო სხვებს - კითხვის დასმას პარლამენტის წევრებისა და სტუმრებისთვის მათი ნებართვის გარეშე. „ქართული ოცნება“ 2023 წლიდან ცდილობს ფინანსური საფუძვლის გამოცლას და განვითარების შესაძლებლობების შეზღუდვას დამოუკიდებელი მედიისთვის, რომელიც დასავლური ფონდების მხარდაჭერით სარგებლობს ხარისხიანი მედიაპროდუქტის შესაქმნელად. მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პარალელურად „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო მუშაობა აგენტების შესახებ კანონის ახალ ვარიანტზე, რომლის გამოყენებაც მას სურს, კანონის ორიგინალის კონცეფციის საწინააღმდეგოდ, დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წინააღმდეგ.
27 თებერვალს ახალციხის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა TOK TV-ს ჟურნალისტებს მიშო დარბაიძესა და ინგა ირიციანს „მხარე“ უწოდა და მიშო დარბაიძის მიერ დასმული კითხვები გამარტივებული შესყიდვების და ამ მიმართულებით კორუფციული რისკების შესახებ „მავნებლურად“ და „ჭორაობად“ შეაფასა. მერმა „მხარედ“ მოიხსენია „სამხრეთის კარიბჭის“ ჟურნალისტი ნუკა სტეფნაძეც, რომელიც კოლეგებს გამოექომაგა და ირაკლი ლაზარიშვილს კორექტულობისკენ მოუწოდა.
ირაკლი ლაზარაშვილს ქარტია შეახსენებს, რომ მუნიციპალიტეტის მერს თანამდებობა ავალდებულებს, ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდეს ადგილობრივ მედიასთან და უპასუხოს მათ საზოგადოებრივი ინტერესით ნაკარნახებ კითხვებს.
ახალციხის მერის რიტორიკა ჟურნალისტების მიმართ იმ უარყოფითი დამოკიდებულების მანიფესტაციაა, რომლის კულტივირებასაც „ქართული ოცნების“ ლიდერები უკვე წლებია, ეწევიან. კრიტიკული მედიის მონიშვნა „პრობლემად“ მწვანე შუქს უნთებს საჯარო სამსახურის მოხელეებს ჟურნალისტებთან ურთიერთობაში გამოიჩინონ უპატივცემულობა და ეუხეშონ მათ.
„ქართული ოცნების“ მხრიდან ჟურნალისტების დამცირებისა და მათი როლის დაკნინების მცდელობები ძალადობას ახალისებს და ჟურნალისტების სამუშაო გარემოს საფრთხის შემცველად აქცევს.
27 თებერვალს, უცნობი პირი შეეცადა, მუშაობაში ხელი შეეშალა „აჭარა თაიმსის“ რედაქტორის სულხან მესხიძისთვის, რომელიც პირდაპირ ეთერში გადასცემდა ინფორმაციას ბათუმში, დასახლება „ოცნების ქალაქში“, კორპუსის სახურავის ჩამონგრევის შესახებ. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა სულხან მესხიძის მიმართ აგრესია გამოიჩინეს „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებმა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისთვის ცნობილი გახდა 13 შემთხვევის შესახებ, როდესაც პოლიცია ჟურნალისტებს, რომლებიც იმ დროს პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ, “გზის ხელოვნურად გადაკეტვას” ედავება (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლი, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევა). ამგვარი ქმედებისთვის თებერვალში შეცვლილი კანონმდებლობით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით. ეს შემთხვევები უმეტესად თბილისში მოხდა, თუმცა არის ერთი შემთხვევა რეგიონშიც, კერძოდ, ზუგდიდში.
პოლიცია გზის გადაკეტვას ედავება:
● „სტუდია მონიტორის“ ჟურნალისტს ნინო შუბითიძეს, 17 თებერვალს;
● „სტუდია მონიტორის“ ჟურნალისტს ნინო წვერავას, 17 თებერვალს;
● „ტვ პირველის“ ფოტოგრაფს და ოპერატორს გიორგი მოსიაშვილს (შეატყობინეს 21 თებერვალს);
● „პუბლიკას“ ჟურნალისტს ბასტი მგალობლიშვილს, 14 თებერვალს;
● „ტაბულას“ ჟურნალისტს ბექა ჯიქურაშვილს, 14 თებერვალს;
● „ტაბულას“ ჟურნალისტს ნიკოლოზ ჭირაქაძეს, 17 იანვარს;
● „მთავარი არხის“ ჟურნალისტს ნათია გოგსაძეს, 2 თებერვალს;
● „მთავარი არხის“ ჟურნალისტს ალექსანდრე საჯაიას, 4 იანვარს;
● „მედია აპრილის“ ფოტორეპორტიორს ვახო ქარელს, 26 იანვარს;
● „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტს ეკა ქევანიშვილს, 22 იანვარს;
● “ევრონიუსის” ჟურნალისტს დავით კეკენაძეს, 3 იანვარს;
● „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტს სალომე ჩადუნელს, 10 ნოემბერს;
● ტელეკომპანია
„მეცხრე ტალღის“ ხელმძღვანელს გერმანე სალიას, 13 დეკემბერს.
სია განახლებადია. ქარტია ახალი ინფორმაციის მიღების კვალდაკვალ შეავსებს მას.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი 13 ჟურნალისტისა, პოლიცია გზის გადაკეტვას ედავება:
მე-14 შემთხვევა: „რადიო თავისუფლების“
ჟურნალისტს გიორგი
დიასამიძეს, 17 თებერვალს.
მე-15
შემთხვევა: “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტს გელა
ბოჩიკაშვილს,
21 თებერვალს.
მე-16
შემთხვევა: დამოუკიდებელ ფოტოგრაფს პაატა ვარდანაშვილს, 31
იანვარს.
ყველა ჟურნალისტმა შეატყობინა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ სადავო დროის მონაკვეთში ისინი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებებიც აქვთ. მათ პრესის მაიდენტიფიცირებელი ბარათები ეკეთათ და ნაწილი დიდი ზომის პროფესიული აპარატურის გამოყენებით მუშაობდა. პოლიციას მათი ჟურნალისტად იდენტიფიცირება თავიდანვე არ უნდა გასჭირვებოდა.
ჯარიმის შესახებ ინფორმაციის მიღების ყველა შემთხვევაში პროცესი განსხვავებულად წარიმართა. ზოგიერთ ჟურნალისტს პოლიციამ შესაბამისი ცნობის წარდგენა მოსთხოვა, ზოგიერთს პოლიციასთან მხოლოდ ცალმხრივი კომუნიკაცია გამოუვიდა, უკუკავშირის გარეშე, ნაწილს სასამართლო პროცესი ჩაუნიშნეს, ხოლო ზოგიერთის სასამართლო პროცესი გაიმართა კიდეც. ზოგიერთი აპირებს, რომ საჯარიმო ოქმი ჩაიბაროს და შემდგომ გაასაჩივროს.
თუმცა, რაც ამ შემთხვევებს აერთიანებს, არის ის, რომ საბოლოო შედეგი შემთხვევათა უმეტესობაში არ არის დამდგარი, ეს კი ჟურნალისტებს მოლოდინის რეჟიმში ტოვებს და გაურკვევლობაში ამყოფებს.
კანონის რეპრესიული ნორმების დაუსაბუთებლად გამოყენება ჟურნალისტებს საქმიანობაში ხელს უშლის. პოლიციის ქმედებები მათ და, ზოგ შემთხვევაში, მათი ოჯახის წევრებს, უქმნის ფსიქოლოგიურ წნეხს, აკარგვინებს მათ დროსა და სხვა სახის რესურსს.
გზის გადაკეტვის გამო დასაჯარიმებელ ჟურნალისტთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, რაც ტენდენციაზე მიუთითებს. ეს ყოველივე ან მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგია, რომლის ამოცანა ჟურნალისტთა სამუშაო გარემოს კიდევ უფრო დამძიმება და მათი სამოქმედო არეალის კიდევ უფრო შეზღუდვაა, ან, უკეთეს შემთხვევაში, სერიოზულ სისტემურ პრობლემას წარმოადგენს, რომელზეც შსს-ს და სასამართლო სისტემას სასწრაფოდ უნდა ჰქონდეს რეაგირება.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შსს-ს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ჟურნალისტების მიმართ გზის ხელოვნურად გადაკეტვასთან დაკავშირებით მიმდინარე ყველა ადმინისტრაციული სამართალწარმოება და მსგავსი საქმეები მომავალშიც არ აღძრას.