სიახლეები

 

11 ოქტომბერს ბათუმის ახალი შემოვლითი გზის 14 კმ.-იანი მონაკვეთი საზეიმოდ გახსნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აჭარის მთავრობამ. საღამოს გაირკვა, რომ სინამდვილეში მშენებლობა დასრულებული არ არის - მძღოლებმა, რომელთაც სასიხარულო ახალი ამბავი მედიით შეიტყვეს, გზით სარგებლობა იმ საღამოსვე გადაწყვიტეს, თუმცა მათ ის ბეტონის ფილებით გადაკეტილი დახვდათ და უკან გაბრუნება მოუწიათ. ეს ამბავი ონლაინ მედიასაშუალების „აჭარა თაიმსის“ დამფუძნებელმა, სულხან მესხიძემ, ლაივით გააშუქა, რის შემდეგაც მას უცნობმა პირმა შეურაცხმყოფელი შეტყობინებები გაუგზავნა ტელეფონზე. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სულხან მესხიძე მსგავსი შეურაცხყოფის ობიექტი გახდა კრიტიკული გაშუქების გამო. ის არც ერთადერთი ჟურნალისტია, რომელიც ბოლო თვეებში იმავე მიზეზით მსგავსი თავდასხმის ობიექტი გახდა. 

საქართველოს ხელისუფლება უკვე წლებია, მიზანმიმართულად და სისტემურად ეწევა ჟურნალისტიკის, როგორც პროფესიის, დისკრედიტაციას. მაღალი თანამდებობის პირთა გახშირებულ თავდასხმებს ცალკეულ ჟურნალისტებზე, ზიზღისა და სიძულვილის ენის გამოყენებით, წახალისებულ და ზოგ შემთხვევაში, ორგანიზებულ ძალადობას და და დაუსჯელობას ჟურნალისტთა მიმართ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, შედეგად მოსდევს ის, რომ ჟურნალისტები საქართველოში, პროფესიული მოვალეობის განხორციელებისას, თავს დაცულად ვეღარ გრძნობენ. დამძიმებული ვითარების  მსუსხავი ეფექტი საქართველოს მოსახლეობას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციის გარეშე ტოვებს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკისქარტია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, აიღოს პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე, შეცვალოს დამაზიანებელი რიტორიკა და უზრუნველყოს ჟურნალისტთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების დროული და ეფექტური გამოძიება. 

 

 

 

12.10.2024

საქართველოს ჟურნალისტურ ეთიკის ქარტიას ნინო შველიძემ “იმედისა” და “POSTV”-ის წინააღმდეგ მომართა.


“იმედის” სადავო მასალა მათ საიტზე 2024 წლის 6 სექტემბერს გამოქვეყნდა, ხოლო “POSTV”-ის შემთხვევაში სადავო მასალა მათ ეთერში 6 სექტემბერს 13:02 საათზე გავიდა.


ორივე შემთხვევაში განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მე-11 (ფაქტის გაზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე.


მოპასუხე მედია საშუალებებმა არ მიაწოდეს ქარტიას ინფორმაცია სადავო მასალებზე პასუხისმგებელი ჟურნალისტების ვინაობის შესახებ, ამდენად, პასუხისმგებელ ჟურნალისტად/რედაქტორად “იმედის” შემთხვევაში განისაზღვრა “იმედის” არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი, ხოლო “POSTV”-ის შემთხვევაში გადაცემა “ახალი ამბების” წამყვანი - ქეთი მამრიკიშვილი. 



ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტებში ქარტიის პრინციპები.

 
09.10.2024

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მხარს უჭერს ტელეკომპანიების „ფორმულა“, „მთავარი არხი“ და „ტვ პირველი“ გადაწყვეტილებას, შეეწინააღმდეგონ “ქართული ოცნების” არაეთიკურ წინასაარჩევნო კამპანიას და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მოუწოდებს, არ დაავალდებულოს ისინი ეთერში განათავსონ მმართველი პარტიის საარჩევნო ვიდეორგოლი, რომელიც კრემლის გზავნილებს იმეორებს, შეურაცხყოფს როგორც უკრაინელი, ისე ქართველი ხალხის ღირსებას და ძირს უთხრის ამ ორ ერს შორის ისტორიულად ჩამოყალიბებულ მეგობრობას. ქუჩაში გამოფენილმა მსგავსი შინაარსის საარჩევნო ბანერებმა ტკივილი მიაყენა უკრაინელ ხალხს და ქართული საზოგადოების სრულიად სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია.

06.10.2024

ქარტიის საბჭომ 27 ივლისს განიხილა შორენა ლობჟანიძის, ნანა ხომასურიძისა და ააიპ ,,ადამიანები ცხოველებისთვის“ თავმჯდომარის, მარინა ბერსენაძე-კაციტაძის განცხადება bpn.ge-ის ჟურნალისტის ნინი ქეთელაურის და  ambebi.ge-ს, "კვირის პალიტრას", ,,M2B”-ისა და ჟურნალის ,,გზა" არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტების წინააღმდეგ და დაადგინა, რომ მათ დაარღვიეს ქარტიის პირველი, მე-5 და მე-7 პრინციპები.


სადავო მასალა სახელწოდებით: „აღარ აჩენენ ბავშვებს, როცა ჰყავთ ძაღლი“, ეხებოდა საქართველოში დემოგრაფიულ პრობლემებს, რომელშიც შობადობის კლების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად შინაური ცხოველების ყოლა იყო დასახელებული.


განმცხადებლის პოზიციით, სტატიაში რელევანტურ კვლევაზე დაყრდნობის გარეშე და სათანადო წყაროების მიუთითებლად გამოქვეყნდა დემოგრაფ ანზორ თოთაძის მოსაზრებები, რაც ემსახურება  საქართველოში შინაური ცხოველების მიმართ ისედაც ცუდი დამოკიდებულების გაუარესებას.

განმცხადებელი დაობდა ქარტიის მე-3 პრინციპის დარღვევაზეც, თუმცა საბჭოს გადაწყვეტილებით, მე-3 პრინციპი არ დარღვეულა.


გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი გამოქვეყნდება მოგვიანებით.

30.09.2024

ქარტიის საბჭომ 22 სექტემბერს განიხილა სოფელ აცანაში ლანჩხუთის მერის წარმომადგენელის, რწმუნებულის იზა მათითაიშვილის, განცხადება“მთავარი არხის” ჟურნალისტების წინააღმდეგ.

საბჭომ სამი სადავო მასალა შეისწავლა:

1. ”სოციალური სტატუსი იძულებითი შრომის სანაცვლოდ” 27 ივლისი 18:00 სთ.-იანი “მთავარი”

2. ”სოციალური სტატუსი იძულებითი შრომის სანაცვლოდ”  28 ივლისი 12:00 სთ.-იანი “მთავარი”

3.  ”სამსახური იძულებითი შრომის სანაცვლოდ” 6 აგვისტო 21:00 სთ.-იანი “მთავარი”



განმცხადებლის განმარტებით, ჟურნალისტებმა მომზადებულ მასალებში სათანადოდ არ გადაამოწმეს ფაქტები და მის შესახებ არაზუსტი ინფორმაცია განზრახ გაავრცელეს.


ქარტიის საბჭომ პირველ სიუჟეტში დაადგინა პირველი და მე-5 პრინციპების დარღვევა, ხოლო დანარჩენ ორში პირველი, მე-5 და მე-11 პრინციპების.


განმცხადებელი დავობდა ქარტიის მე-3 პრინციპზეც, თუმცა საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო სიუჟეტებში მე-3 პრინციპი არ დარღვეულა. 


მოპასუხე ჟურნალისტებს განხილვაში მონაწილეობა არ მიუღიათ და  საქმეზე პოზიციაც არ წარმოუდგენიათ.

გადაწყვეტილების სამოტივაციო, დასაბუთებული ნაწილი გამოქვეყნდება მოგვიანებით.

 
25.09.2024

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მომართა მამუკა ყუფარაძემ საკუთარი თავის წინააღმდეგ. 


მას სურს მისივე გადაცემის: “სადავო კანონი - საუბარი ზაალ ანჯაფარიძესთან - ტელედისკუსია - სტუდია რე” - ეთიკის ნორმებთან შესაბამისობის შემოწმება.


სადავო მასალა “სტუდია რე”-ს იუთუბ არხზე 14 ივნისს გამოქვეყნდა. გადაცემაში ნაჩვენებია ერთ-ერთი  პირის ფოტოსურათი.


განმცხადებელი უთითებს ქარტიის მე-4; მე-5, მე-7 და მე-10 პრინციპების სავარაუდო დარღვევაზე.


 განცხადებას ქარტიის  საბჭო განიხილავს და გადაწყვეტს სადავო მასალაში ქარტიის პრინციპების დარღვევის საკითხს.

 
23.09.2024
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ქართულად თარგმნა ერთი თავი ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი უსაფრთხოების სახელმძღვანელოდან, რომლის ავტორია დევიდ ბივენი (David Bevan) ორგანიზაციიდან Cadre Consultants. სახელმძღვანელო ევროპის ჟურნალისტთა ევროპულმა ფედერაციამ (The European Federation of Journalists) გამოაქვეყნა. ტექსტი თარგმნა მარიამ დევიძემ. თავში, რომელიც ინგლისურ ენაზე ხელმოსაწვდომია შემდეგი ბმულზე https://europeanjournalists.org/safety4journalists/ebook/conflicts-and-demonstrations/riots-and-demonstration-awareness/ გადმოცემულია რჩევები იმ ჟურნალისტებისთვის, ვისაც სამოქალაქო  არეულობებისა და დემონსტრაციების გაშუქება უწევთ.

სახელმძღვანელო სრულად ინგლისურ ენაზე ხელმისაწვდომია შემდეგი ბმულიდან: https://europeanjournalists.org/safety4journalists/ebook/
    
23.09.2024

22 სექტემბერს ქარტიის საბჭომ განიხილა მზია კობერიძის განცხადება “ტვ მონიტორინგის” არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ და დაადგინა, რომ სადავო მასალაში დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.


სადავო მასალა “ტვ მონიტორინგის” ფეისბუქ და იუთუბ გვერდებზე 13 და 14 აგვისტოს გამოქვეყნდა. ის ეხებოდა “გორმედის” სამშობიაროში 30 წლამდე მშობიარე ქალის გარდაცვალების ფაქტს.


განმცხადებელი დავობდა ქარტიის პირველი (სიზუსტე) პრინციპის დარღვევაზე.

მისი განმარტებით, აღნიშნული მედია პროდუქტი მხოლოდ "გორმედის" პოზიციას ასახავდა, ჟურნალისტმა კომენტარი არ სთხოვა 30 წლის გარდაცვლილის მშობლებსა და ახლობლებს  და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა.


მოპასუხე მხარეს საქმეზე პოზიცია არ წარმოუდგენია.



გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

 
 
23.09.2024

22 სექტემბერს ქარტიის საბჭომ განიხილა ნენე (ნესტან) დალაქიშვილის განცხადება ტელეკომპანია “იმედის” არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ და დაადგინა, რომ სადავო მედიაპროდუქტში დაირღვა ქარტიის პირველი, მე-5 და მე-11 პრინციპები.

სადავო მედიაპროდუქტი 24 აგვისტოს “იმედის” ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა “ქარდის” სახით. მასში განმცხადებელი მოხსენიებული იყო “ნაცმოძრაობის” აქტივისტად.


განმცხადებელი დავობდა ქარტიის პირველი (სიზუსტე), მე-5 (შესწორება), მე-7 (დისკრიმინაცია) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე. 

ქარტიის საბჭოს მსჯელობის შედეგად დადგინდა ქარტიის პირველი, მე-5 და მე-11 პრინციპების დარღვევა, თუმცა საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო მასალაში მე-7 პრინციპი არ დარღვეულა.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

 
23.09.2024

ქარტიის საბჭომ 22 სექტემბერს განიხილა საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირის განცხადება “ინდიგოს” რედაქტორის თამარ ბაბუაძის წინააღმდეგ.


სადავო მასალა “ინდიგოს” ფეისბუქ გვერდზე 5 აგვისტოს გავრცელდა და ეხებოდა ღია კარიერული წესით მანგანუმის მოპოვების მოწინააღმდეგე სოფელი ზოდის მაცხოვრებლების მხარდამჭერ მუსიკალურ ფესტივალს.  


განმცხადებელი დავობდა  ქარტიის პირველი (სიზუსტე) პრინციპის დარღვევაზე. მისი განმარტებით, სადავო მასალაში არ იყო ნახსენები ფესტივალის სათაური და ორგანიზატორი, რითაც მაყურებელს არ მიეწოდა ზუსტი ინფორმაცია.


დაირღვა თუ არა ქარტიის პირველი პრინციპი, ამის შესახებ გადაწყვეტილება საბჭომ ვერ მიიღო, ვინაიდან, ქარტიის წესდებით, გადაწყვეტილების მიღებისთვის აუცილებელია სულ მცირე საბჭოს 5 წევრი შეთანხმდეს ერთ პოზიციაზე, განსახილველ შემთხვევაში კი წევრთა ხმები გაიყო, ოთხი ხმა ორის წინააღმდეგ. შესაბამისად, საბჭომ გადაწყვეტილება ვერ მიიღო.



გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი და საბჭოს წევრთა პოზიციები მოგვიანებით გამოქვეყნდება.


23.09.2024

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ლელა გელხვიძემ განცხადებით მომართა ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტების წინააღმდეგ. 

 

სადავო მასალა “იმედის დღის” ეთერში და მათ ფეისბუქ გვერდზე 2024 წლის 18 სექტემბერს გამოქვეყნდა. სიუჟეტში ნაჩვენებია არასრულწლოვნების გამოკითხვა.

 

განმცხადებელი დავობს ქარტიის მე-8 (ბავშვის უფლებები) პრინციპის დარღვევაზე.

 

მისი განმარტებით, სიუჟეტში არასრულწლოვანის მონაწილეობისათვის საჭიროა მშობლის ინფორმირება და აღნიშნულზე მისი თანხმობა. ამასთან, მისთვის პრობლემურია გადაცემის ერთ-ერთი წამყვანის კრიტიკა, კონკრეტული მოზარდის მიმართ.

 

სადავო მასალაზე პასუხისმგებელ ჟურნალისტებად განისაზღვრნენ: სიუჟეტის ავტორი ნუცა მამულაშვილი და გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი მარიკა ბაკურაძე. 

 

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრიცნიპები.

 

 
23.09.2024

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 22 სექტემბერს, კვირას, 4 განცხადებას განიხილავს:


12:00 სთ - საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირი თამარ ბაბუაძის წინააღმდეგ.


სადავო მასალა “ინდიგოს” ფეისბუქ გვერდზე 5 აგვისტოს გავრცელდა. 



განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (სიზუსტე) პრინციპის დარღვევაზე. 



განმცხადებლის განმარტებით, სადავო მასალაში არ იყო ნახსენები ფესტივალის სათაური და ორგანიზატორი, რითაც მაყურებელს არ მიეწოდა ზუსტი ინფორმაცია.



13:00 სთ - ნენე დალაქიშვილი “იმედის” არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ.



სადავო მედიაპროდუქტი 24 აგვისტოს “იმედის” ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა “ქარდის” სახით. 


განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (სიზუსტე), მე-5 (შესწორება), მე-7 (დისკრიმინაცია) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე. 


განმცხადებლის განმარტებით, მცდარია მისი “ნაციონალების აქტივისტად” მოხსენიება, აგრეთვე დამახინჯებულია მისი ფეისბუქ სტატუსის კონტექსტი, რამაც მის მიმართ ნეგატიური კომენტარები გამოიწვია და რაც მკითხველის შეცდომაში შეყვანას ემსახურება.


14:00 სთ - მზია კობერიძე “ტვ მონიტორინგის” არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ.

სადავო მასალა “ტვ მონიტორინგის” ფეისბუქ და იუთუბ გვერდებზე 13 და 14 აგვისტოს გამოქვეყნდა. ის ეხებოდა “გორმედის” სამშობიაროში 30 წლამდე მშობიარე ქალის გარდაცვალების ფაქტს.

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (სიზუსტე) პრინციპის დარღვევაზე.

მისი განმარტებით, აღნიშნული გადაცემა ემსახურებოდა მხოლოდ "გორმედის" პოზიციის დაფიქსირებას, 30 წლის გარდაცვლილის მშობლების და ახლობლების გაღიზიანებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და მოტყუებას.


15:30 სთ -ლანჩხუთის მერის წარმომადგენელი იზა მათითაიშვილი “მთავარი არხის” ჟურნალისტების:  ირაკლი ბახტაძის; თეა ვაშალომიძის; რისმაგ ხოზრევანიძეის; მიშა იაშვილისა და “მთავარი არხის” არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტების წინააღმდეგ.


სადავო მასალა 3 მედიაპროდუქტისაგან შედგება, შესაბამისად, აღნიშნული განცხადება 3 საქმედ დაიყო:

1. ”სოციალური სტატუსი იძულებითი შრომის სანაცვლოდ” 27 ივლისი 18:00 სთ.-იანი “მთავარი”

2. ”სოციალური სტატუსი იძულებითი შრომის სანაცვლოდ”  28 ივლისი 12:00 სთ.-იანი “მთავარი”

3.  ”სამსახური იძულებითი შრომის სანაცვლოდ” 6 აგვისტო 21:00 სთ.-იანი “მთავარი”

ეს მედია პროპროდუქტები ეთერში 27 და 28 ივლისსა და 6 აგვისტოს გავიდა და ეხებოდა განმცხადებლის მხრიდან სამსახურებრივი მდგომარეობის შესაძლო ბოროტად, პირადი ინტერესებისთვის, გამოყენებას.

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (სიზუსტე), მე-3 (დადასტურებული წყარო), მე-5 (შესწორება) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე. 

განმცხადებლის განმარტებით, ჟურნალისტებს არცერთ მათ მიერ გაშუქებულ ფაქტზე არ უცდიათ ინფორმაციის გადამოწმება და აღნიშნული სიუჟეტები ემსახურებოდა მხოლოდ იზა მათითაიშვილის პატივის, ღირსებისა და რეპუტაციის შელახვას. 


ქარტიის საბჭო განცხადებებს განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტებში ქარტიის პრინციპები.

სხდომა წარიმართება ჰიბრიდულად. საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება: თბილისი, ბაქოს ქ. #4.  ელექტორნულად დასასწრები ბმულის მისაღებად, მოგვწერეთ ქარტიის ოფიციალურ მეილზე: ethicscharter@gmail.com 


19.09.2024

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.