სიახლეები

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, “მთავარი არხის” ეთერში გასულ სიუჟეტში ირაკლი ბახტაძემ დაარღვია ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები. 

 

მის წინააღმდეგ ქარტიას ბექა ოდიშარიამ მომართა.

 

სადავო სიუჟეტი ეთერში 2024 წლის 6 აპრილს გავიდა.

 

განმცხადებლის პოზიციით, სადავო სიუჟეტი მრავალ უზუსტობას შეიცავს და ჟურნალისტმა არასწორად, სათანადო გადამოწმების გარეშე გააშუქა მის მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებში ასახული ინფორმაცია. 

 

მოპასუხე მხარის ზოგადი პოზიციით, ჟურნალისტს არ დაურღვევია არც კანონი და არც ეთიკის ნორმები. ამასთან, ბექა ოდიშარიას, როგორც საჯარო პირს, აქვს თმენის ვალდებულება.

13.06.2024

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, POSTV-ის ეთერში გასულ გადაცემაში „სამნი & CO”  შალვა რამიშვილმა და ბაჩო ოდიშარიამ დაარღვიეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი (სიზუსტე), მე-5 (შესწორება) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები.

 

მათ წინააღმდეგ ქარტიას პაატა ბურჭულაძემ მომართა.

 

სადავო მასალა ეთერში 2024 წლის 19 მარტს გავიდა. 

 

მოპასუხე ჟურნალისტებმა თავიანთი შეპასუხება საბჭოს წერილობითი სახით წარმოუდგინეს.

13.06.2024

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტებმა ქარტიის პირველი (სიზუსტე),  მე-7 (დისკრიმინაცია) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები დაარღვიეს.

 

მათ წინააღმდეგ ქარტიას ა(ა)იპ “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა “ (WISG) და ა(ა)იპ “ქვიარ ასოციაცია, - “თემიდამ”; და ანონიმურმა განმცხადებლებმა ორი დამოუკიდებელი განცხადებით მომართეს. მხარეთა თანხმობით საქმეები გაერთიანდა და განხილულ იქნა ერთობლივად.

 

სადავო მასალა რამდენიმე იყო:



  1. 2024 წლის 03 მარტს ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, გადაცემაში “იმედის კვირა” გასული სიუჟეტში, სახელწოდებით “სახიფათო პროპაგანდა” (წამყვანი - ირაკლი ჩიხლაძე, ჟურნალისტი - საბა ხვიჩია);
  2. გადაცემა “იმედის კვირაში” 2024 წლის 17 მარტს გასული რეპორტაჟი სახელწოდებით: “რა საფრთხეებს შეიცავს სქესის შეცვლის ოპერაციები ადრეულ ასაკში - სკანდალური ფაილები”;
  3. “იმედის დღეში” 2024 წლის 28 მარტს გასული სიუჟეტი “ექსკლუზიური ინტერვიუ დეტრანს რიჩი ჰერისონთან” ან/და “მეცნიერები ქირურგიული კასტრაციის წინააღმდეგ”.

 

მოპასუხეს არ წარმოუდგენია პოზიცია საქმესთან დაკავშირებით.


13.06.2024

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 9 ივნისს, კვირას, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2 განცხადებას განიხილავს:

11:00 სთ - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია TV პირველის ჟურნალისტების (ნოდარ მელაძე, მაკა ჩიხლაძე) წინააღმდეგ.

სადავო მასალა ეთერში 2024 წლის 2 მარტს გავიდა.

განცმხადებლის პოზიციით ეთერში გასულ გადაცემაში ნოდარ მელაძის შაბათი ჟურნალისტებმა არასწორი, გადაუმოწმებელი და მანიპულაციური ინფორმაცია გაავრცელეს

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეხუთე (შესწორება), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მერვე (ბავშვის უფლებების დაცვა) პრინციპის დარღვევაზე. მოპასუხის მხრიდან საქმეზე წარმოდგენილია ნოდარ მელაძის შაბათის გუნდის პოზიცია.

14:00 სთ - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია მთავარი არხის ჟურნალისტის (ეკა კვესიტაძე) წინააღმდეგ.

სადავო მასალა ეთერში 2024 წლის 2 აპრილს გავიდა.

განმხადებელი მიუთითებს, რომ გადაცემაში განსხვავებული აქცენტები ჟურნალისტმა ცესკოს თავმჯდომარის შესახებ ინფორმაცია მანიპულაციურად და არასწორად, გადამოწმების გარეშე გააშუქა, ასევე უგულებელყო ბავშვის უფლებების დაცვის პრინციპი.

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეხუთე (შესწორება და მერვე (ბავშვის უფლებების დაცვა) პრინციპის დარღვევაზე.

ქარტიის საბჭო განცხადებებს  განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრინციპები.

სხდომა წარიმართება ჰიბრიდულად. საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება: თბილისი, ბაქოს . #4.
07.06.2024

პარლამენტი განაგრძობს მისი თავმჯდომარის მიერ გასული წლის თებერვალში დამტკიცებული  „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის“ გამოყენებას სადამსჯელო ინსტრუმენტად, კრიტიკული მედიის წინააღმდეგ.

რუსული კანონის დამტკიცების შემდგომ პარლამენტმა რეპრესიული მექანიზმი ახალი შემართებით აამოქმედა.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საკანონმდებლო ორგანომ აკრედიტაცია შეუჩერა კრიტიკული ტელემედიების - "მთავარი არხის", "ფორმულასა" და "ტვ პირველის" - სამ ჟურნალისტს.

„ტვ პირველის“ ჟურნალისტს, ნატა ქაჯაიას, აკრედიტაცია ერთი თვით „ხალხის“ ძალის დეპუტატის, სოზარ სუბარის, მიმართვის საფუძველზე, 3 ივნისს, შეუჩერდა. 

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ნინო წილოსანის მოთხოვნით, 3 ივნისსავე, პარლამენტში მუშაობა ერთი თვით აეკრძალა ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტს ნინი ბალანჩივაძეს. ამავე დეპუტატის მოთხოვნით, 4 ივნისს აკრედიტაცია 6 თვით შეუჩერდა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს სოფო გოზალიშვილს, რომელსაც სანქცია განმეორებით დაეკისრა.

21 მაისს აკრედიტაცია ერთი თვით შეუჩერდა "ტვ პირველის" ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძეს, „ხალხის ძალის" დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის მოთხოვნით, რომელიც ჟურნალისტს ინტერვიუზე ჯერ დასთანხმდა, ხოლო მოგვიანებით, მხოლოდ იმის გამო, რომ კითხვა არ მოეწონა, მისი შეწყვეტა მოითხოვა.

საგულისხმოა, რომ ოთხივე ჟურნალისტისთვის პარლამენტის აპარატიდან გაგზავნილ წერილში სანქციის მიზეზად სტანდარტულად მითითებულია შემდეგი: „პარლამენტის წევრის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმისა, თქვენ კვლავ აგრძელებდით ინტერვიუს ჩაწერის მცდელობას და არ შეწყვიტეთ ვიდეოჩაწერა“. 

მედიასაშუალებები ეჭვობენ, რომ პარლამენტის აპარატი გადაწყვეტილებას ჟურნალისტების დასანქცირების თაობაზე მხოლოდ დეპუტატების დასმენის საფუძველზე, საქმის არსებითად განხილვის გარეშე იღებს. ჟურნალისტებს არ აქვთ შესაძლებლობა, აპარატის გადაწყვეტილება სააპელაციო ორგანოში გაასაჩივრონ.

მედიამ და სამოქალაქო საზოგადოებამ დადგენილების მიღებისთანავე გამოთქვა ეჭვი მისი დეკლარირებული მიზნის მიმართ, მოეწესრიგებინა ურთიერთობა პარლამენტის წევრებსა და ჟურნალისტებს შორის. პრაქტიკამ ეს ეჭვი დაადასტურა. პარლამენტი დადგენილებას იყენებს ბოროტად - თვითცენზურის დასანერგად, ჟურნალისტების დასაშინებლად და საპარლამენტო პროცესებისაგან მათი იზოლირებისთვის.

იმის გამო, რომ აკრედიტაცია ჟურნალისტებს სახელობითად ეძლევათ, მედიასაშუალებები ვერ ახერხებენ სანქცირებული ჟურნალისტების ჩანაცვლებას სხვა თანამშრომლებით. შედეგად, მათ ერთიდან ექვს თვემდე პერიოდის განმავლობაში არ ეძლევათ საშუალება, ინფორმაცია საკანონმდებლო ორგანოში საკანონმდებლო პროცესებში ჩართული პირველწყაროსგან მიიღონ.

ქარტიასთან ჟურნალისტები ამბობენ, რომ დადგენილების მიღების შემდეგ პარლამენტში მათ  მიმართ დამოკიდებულება და მათი სამუშაო პირობები მნიშვნელოვნად გაუარესდა.

პარლამენტი იმის ნაცვლად, რომ სხვა უწყებებს ღიაობისა და გამჭვირვალობის მაგალითს აძლევდეს, ყველა გზას მიმართავს დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიასაშუალებებისთვის კრიტიკული შეკითხვების დასმის შესაძლებლობის წასართმევად.

პარლამენტის წევრებს მმართველი პარტიიდან და მათთან აფილირებული პოლიტიკური ძალებიდან არ ესმით თავიანთი მანდატის არსი. მათი მთელი ძალისხმევა მიმართულია კრიტიკულ მედიასთან კონტაქტის შემცირებაზე.

დადგენილება, რომლის აღსრულებაში განსაკუთრებული  მონდომებითა და ხალისით არიან ჩართული მმართველი პარტიის ცალკეული, ოდიოზური ქცევით გამორჩეული დეპუტატები, საზოგადოებას აკარგვინებს წვდომას პარლამენტში მიმდინარე საკანონმდებლო პროცესებზე, რის მიმართაც მოქალაქეებს აქვთ ლეგიტიმური ინტერესი.

ქარტია მოუწოდებს პარლამენტის თავმჯდომარეს, უარი თქვა დადგენილების  ჟურნალისტებზე შურისძიების ინსტრუმენტად გამოყენებაზე. ქარტია მოუწოდებს პარლამენტის ეთიკის საბჭოს, იმსჯელოს პარლამენტის იმ წევრების ქცევაზე, რომლებიც რეგულარულად ავლენენ აგრესიას ჟურნალისტების მიმართ. ქარტია მოუწოდებს სახალხო დამცველს, რეაგირება მოახდინოს ამ მავნე პრაქტიკაზე, რომელიც ზღუდავს კრიტიკული მედიასაშუალებების თავისუფლებას და მათ მრავალათასიან აუდიტორიას ტოვებს ინფორმაციის გარეშე საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის შესახებ.

06.06.2024

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ საინფორმაციო საიტ ,,bpn“-ის ჟურნალისტის, ნინი ქეთელაურის წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო. სადავო მასალა ასევე გაავრცელეს სხვა მედიებმა: ,,ამბები.ge” ,,კვირის პალიტრა“, ,,M2B” და ჟურნალი ,,გზა“. სადავო მასალა 2024 წლის 26 აპრილს გამოქვეყნდა.

განმცხადებლები არიან: შორენა ლობჟანიძე, ნანა ხომასურიძე და ააიპ ,,ადამიანები ცხოველებისთვის თავმჯდომარე, მარინა ბერსენაძე-კაციტაძე.

 

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტმა მასალა სათაურით „აღარ აჩენენ ბავშვებს, როცა ჰყავთ ძაღლი არარელევანტურ არაზუსტ ინფორმაციზე დაყრდნობით მოამზადა და გამოაქვეყნა. ხოლო სხვა მედიასაშუალებებმა ეს ინფორმაცია გადაუმოწმებლად გამოაქვეყნეს.

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეხუთე (შესწორება და მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპის დარღვევაზე

ქარტიის საბჭო განცხადებებს ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრინციპებ.

03.06.2024

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ ტელეკომპანია მთავარი არხის ჟურნალისტის ეკა კვესიტაძის წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო. განმცხადებელია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია". 

სადავო მასალა 2024 წლის 2 აპრილს გავიდა ეთერში

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ გადაცემაში განსხვავებული აქცენტები ცესკოს თავმჯდომარის შესახებ ინფორმაცია მანიპულაციურად და არასწორად, გადამოწმების გარეშე გააშუქა, ასევე უგულებელყო ბავშვის უფლებების დაცვის პრინციპი.

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეხუთე (შესწორება და მერვე (ბავშვის უფლებების დაცვა) პრინციპის დარღვევაზე

ქარტიის საბჭო განცხადებებს ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრინციპები.

03.06.2024

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს გენერალურ პროკურატურას და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, სწრაფად და ეფექტურად გამოიძიონ ონლაინგამოცემა „ტაბულას“ რედაქტორზე, გიორგი ბადრიძეზე განხორციელებული თავდასხმის, მისთვის პროფესიული საქმიანობის შესრულებაში უკანონოდ ხელის შეშლის და დაშინების ფაქტები.

„ტაბულას“ რედაქტორის და მისი ადვოკატის ინფორმაციით, 16 აპრილს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის გაშუქებისას, გიორგი ბადრიძეს თავს დაესხა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმის რამდენიმე წევრი. მათ ჟურნალისტს სცემეს და დაუზიანეს ჯანმრთელობა, რასაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს.

3 მაისს, კვლავ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის გაშუქებისას, როცა გიორგი ბადრიძე აქციის მონაწილეთა დაკავებისა და დარბევის პროცესს იღებდა, ჟურნალისტი პოლიციამ დააკავა. 3-4 საათის განმავლობაში მას თავისუფლება შეზღუდული ჰქონდა, რის შემდეგაც ხელწერილით გაათავისუფლეს. 13 დღის განმავლობაში, სასამართლოში საქმის წარდგენამდე, მისთვის არავის განუმარტავს თუ რა გახდა ადმინისტრაციული წესით დაკავების მიზეზი. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი მას მხოლოდ 16 მაისს გააცნეს. შსს „ტაბულას“ რედაქტორს წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.

16 მაისს, 23:40 საათზე სახლისკენ მიმავალ გიორგი ბადრიძე მისთვის უცნობი პირი დახვდა და ფიზიკური დაზიანება მიაყენა.

ჟურნალისტები, რომლებიც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებს აშუქებენ და ძალის გადამეტების, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს აფიქსირებენ, თავიანთი პროფესიული საქმიანობის გამო სისტემატურად ხდებიან საპოლიციო ძალების და ხელისუფლების მიერ წახალისებული ძალადობრივი ჯუფების სამიზნე.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს ჟურნალისტების დევნა და მათ მიმართ ანგარიშსწორება.
17.05.2024

ამ განცხადების გამოქვეყნების დროისათვის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება საბა სორდია, გამოცემა „ინდიგოს“ ჟურნალისტი, რომელსაც გუშინ, 14 მაისს, საქართველოს პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგი აქციის გაშუქებისას, შსს-ს წარმომადგენელმა მცირე ზომის კამერა წაართვა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეუშალა. 

ჟურნალისტის ინფორმაციით, აქციის დარბევამდე ის პარლამენტის შიდა  ტერიტორიაზე სპეცრაზმელების გადაადგილებას გარე სივრციდან იღებდა. ამ დროს მას საკანონმდებლო ორგანოს ეზოში მყოფი შსს-ის ერთ-ერთი თანამშრომელი მიუახლოვდა და კამერა წაართვა. საბა სორდიამ შსს-ს თანამშრომელს აუხსნა, რომ ის ჟურნალისტი იყო და პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, თუმცა უშედეგოდ. კამერის წართმევის მომენტი ჩაწერილია, თუმცა ჟურნალისტი შიშობს, რომ ამ ჩანაწერს შსს-ს თანამშრომლები წაშლიან. 

საბა სორდიას თქმით, ის მაშინვე დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს, გენერალურ ინსპექციას და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრს, თუმცა „ინდიგოსთვის“ კამერა ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ. 

“ინტერპრესნიუსის” ფოტოჟურნალისტს გიორგი ჟამერაშვილს შსს-ს წარმომადგენელმა ფეხის არეში ხელკეტი მაშინ ჩაარტყა, როცა ის იღებდა, თუ როგორ ატოვებინებდა პოლიცია აქციის მონაწილეებს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას იძულებით. 

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების გაშუქება ჟურნალისტებს ძალადობრივ გარემოში უწევთ. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს ჟურნალისტებზე ძალადობის შემთხვევებს, პროკურატურას და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სწრაფი და ეფექტიანი რეაგირებისკენ მოუწოდებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს კი შეახსენებს, რომ ჟურნალისტებისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელშეშლა დანაშაულია. 

ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების გაშუქებისას პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს 22 ჟურნალისტს. მათ ნაწილზე ფიზიკურად იძალადეს, ნაწილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ხოლო დანარჩენები სპეციალური საშუალებების გამოყენებით დააზიანეს. 

15.05.2024

9 მაისს ღამით და 10 მაისს გამთენიისას უცნობი ნიღბიანი პირები ჟურნალისტებსა და მათ რესპონდენტებს ჩაუსაფრდნენ „ტვ პირველის“ შენობასთან. „ტვ პირველის“ მენეჯმენტის აზრით, იყო იმის საფრთხეც, რომ ნიღბიანი პირები შენობაში შეიჭრებოდნენ. საპატრულო პოლიცია, რამდენიმე გამოძახების მიუხედავად, ადგილზე არ გამოცხადდა. ამ პირებმა საბოლოოდ, მას შემდეგ, რაც კამერების ობიექტივში მოხვდნენ, ტერიტორია დატოვეს. 

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება სრული გულგრილობით,  ხოლო გასამოძიებო ორგანოები სრული უმოქმედობით პასუხობენ  ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გახშირებულ თავდასხმებს ჟურნალისტებსა და მედიასაშუალებებზე. 

ჟურნალისტებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ სატელეფონო ზარით განხორციელებულ შეურაცხმყოფელ მიმართვებსა და მუქარას დაემატა შეურაცხმყოფელი შინაარსის პლაკატები იმ შენობებზე, სადაც მედიასაშუალებების ოფისებია განთავსებული და სადაც ჟურნალისტები ცხოვრობენ. მოძალადეებმა დააზიანეს ასევე ჟურნალიტების პირადი  ქონება. მანამდე ჟურნალისტებსა და მათ რესპონდენტს მოძალადე თავს დაესხა დიპლომატიური წარმომადგენლობის სიახლოვეს. 

თავდასხმების ორგანიზებული და სისტემური ხასიათი, დამნაშავეთა დაუსჯელობა, ასევე ის, რომ თავდამსხმელებს აქვთ წვდომა მოქალაქეების პირად ინფორმაციაზე, მიუთითებს, რომ ამ ყველაფრის უკან ხელისუფლება დგას. 

ამ თავდასხმების მიზანი ჟურნალისტების და მედიასაშუალებების სტიგმატიზაცია და დეჰუმანიზაციაა ბოლშევიზმისა და ფაშიზმის საუკეთესო ტრადიციებში. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მთლიანად და მათი მაღალი რანგის წარმომადგენლები ცალ-ცალკე უკვე დაუფარავად და საჯაროდ ახალისებენ ძალადობას პოლიტიკურ ოპონენტებზე, ჟურნალისტებზე და უბრალოდ განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეებზე. 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს კონსტიტუციურ ჩარჩოებს და უპირობოდ შეწყვიტოს საკუთარი მოქალაქეების დევნა და მოძალადე ჯგუფების მფარველობა. ქარტია საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდებს, სასწრაფოდ და ეფექტიანად გამოიძიონ ჟურნალისტებზე თავდასხმის ყოველი შემთხვევა. ქარტია ძალოვან უწყებებს მოუწოდებს, შეასრულონ კანონით მათზე დაკისრებული ვალდებულება და დაიცვან მოქალაქეები ძალადობისა და თავდასხმებისაგან.
10.05.2024

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 11 მაისს 4 საქმეს განიხილავს

 

11:30-ზე პაატა ბურჭულაძე POSTV- წამყვანების წინააღმდეგ. სადავო მასალა ეთერში 19 მარტს გავიდა, განმცხადებელი დავობს, რომ გადაცემის წამყვანებმა დაარღვიეს ქარტიის 1-ლი, მე-5 და მე-11 პრინციპები.

13:30-ზე დეპუტატი ბექა ოდიშარია მთავარი არხის ჟურნალისტების წინააღმდეგ. სადავო სიუჟეტი ეთერში 6 აპრილს გავიდა, განმცხადებელი დავობს, რომ სიუჟეტში დარღვეულია ქარტიის 1-ლი და მე-11 პრინციპები.

15:30-ზე ააიპ საქართველოს კინოინსტიტუტი ტელეკომპანიების რუსთავი 2”-ის და იმედის ჟურნალისტების წინააღმდეგ. განმცხადებელი ორივე მედიის შემთხვევაში დავობს, რომ დაირღვა ქარტიის მე-7 პრინციპი

საბჭოს სხდომა ქარტიის ოფისში გაიმართება, მის: თბილისი, ბაქოს . #4. 

საბჭო საქმეებს ღია სხდომაზე განიხილავს და დასწრება თავისუფალია.

09.05.2024

ტელეკომპანია იმედი“, For.ge-ზე დაყრდნობით, თავის ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს უკანონოდ მოპოვებულ ფარულ ჩანაწერებს, რომელთა ავთენტურობაც დადასტურებული არ არის და საზოგადოებას ამ ინფორმაციას როგორც უტყუარ ფაქტს ისე აწვდის. ჩანაწერები რუსული კანონის მოწინააღმდეგე პოლიტიკოსების და აქტივისტების სავარაუდო საუბარს ასახავს

ამგვარი ქმედებით ტელეკომპანია იმედი არღვევს ინფორმაციის სიზუსტის პროფესიულ სტანდარტს, უპატივცემულობას იჩენს აუდიტორიის მიმართ და გამიზნულად შეჰყავს ის შეცდომაში.

ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში პერსონალური მონაცემების დაცვა ყოველთვის პრობლემური იყო. სიტუაცია განსაკუთრებით ბოლო წლებში დამძიმდა, როდესაც მმართველმა პარტიამ უკანონოდ მოპოვებული ფარული ჩანაწერები არაერთხელ გამოიყენა პოლიტიკური ოპონენტებისა და მისთვის სხვადასხვა მიზეზით მიუღებელი მოქალაქეების წინააღმდეგ

აღსანიშნავია, რომ ორი დღეა, მოქალაქეებს, რომლებმაც რუსული კანონის მიმართ უარყოფითი პოზიცია გამოხატეს, მათ  შორის, ჟურნალისტებსა და აქტივისტებს, უცხო ნომრებიდან უკავშირდებიან, ისეთი დეტალებით, რაც, გარეშე პირებისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი, ემუქრებიან და სიტყვიერ  შეურაცხყოფას აყენებენ. კამპანიურობა და საუბრების შინაარსი აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ პერსონალური ინფორმაცია ამ პირებმა სახელმწიფოს ხელშეწყობით მიიღეს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ტელეკომპანია იმედს“, რომელსაც დიდი აუდიტორია ჰყავს და, შესაბამისად, დიდი პასუხისმგებლობაც აკისრია, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოს ფარულ ჩანაწერებს, არ გამოიყენოს ისინი საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციისთვის და  „ქართული ოცნების პოლიტიკური ოპონენტების და აქტიური მოქალაქეების დისკრედიტაციისთვის

ქარტია მოუწოდებს პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს, დაინტერესდეს როგორც მედია საშუალებებების მიერ პირადი მონაცემების გასაჯაროების ფაქტებით, ასევე, იმით, თუ როგორ აღმოჩნდა აგრესიული ჯგუფების ხელში მოქალაქეების პერსონალური ინფორმაცია, რაც მათ ამ მოქალაქეების შესავიწროებლად გამოიყენეს

08.05.2024

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.