საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შემაჯამებელი განცხადება: არჩევნების დღეს მედიის წარმომადგენელთა უფლებები უხეშად და სისტემურად დაირღვა
30.10.2024

კატეგორია : განცხადებები;

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შემაჯამებელი განცხადება: 

 

არჩევნების დღეს მედიის წარმომადგენელთა უფლებები უხეშად და სისტემურად დაირღვა

 

ქარტია განაგრძობს არჩევნების დღეს მედიის წარმომადგენელთა უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაციის მოგროვებას. 

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ხელთ ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების გაშუქებისას, მედიის 72 წარმომადგენლის უფლებები დაირღვა 48 შემთხვევაში. იურისტთა შეფასებით, ამ შემთხვევათა დიდ ნაწილში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება. 

 

ქარტიის შეფასებით, არჩევნების დღეს ჟურნალისტებს და ოპერატორებს მაღალი საფრთხის შემცველ, ძალადობრივ გარემოში უწევდათ მუშაობა. მათ მიმართ აგრესიას ავლენდნენ როგორც უშუალოდ უბანზე მყოფი პირები, მათ შორის, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები და, ზოგ შემთხვევაში, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები, „ქართული ოცნების“ პარტიული წარმომადგენლები, და დამკვირვებლები, ისე უბნის მიმდებარედ მობილიზებული, სავარაუდოდ, „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული არაუფლებამოსილი პირები. 

 

ჟურნალისტებსა და ოპერატორებს არაერთხელ მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, დაუზიანეს აპარატურა. მათ აძევებდნენ საარჩევნო უბნებიდან, ზოგ შემთხვევაში, ძალის გამოყენებითაც, და არ აძლევდნენ უბნებსა თუ უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე გადაღების საშუალებას. 

 

ზოგიერთ შემთხვევაში, ჟურნალისტებს არ  აძლევდნენ კომენტარს და მათ შეკითხვებს არ პასუხობდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები. 

 

ჟურნალისტები და ოპერატორები ხდებოდნენ სამიზნე მაშინ, როცა ისეთი დარღვევების დოკუმენტირებას ცდილობდნენ, რაც ამომრჩევლის ნებაზე სხვადასხვა გზით ზემოქმედებას ასახავდა. 

 

საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელები მედიის წარმომადგენელთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე სათანადოდ არ რეაგირებდნენ. პოლიცია 112-ზე შესულ შეტყობინებებზე ხშირად ან საერთოდ არ რეაგირებდა, ან დროულად არ რეაგირებდა. 

 

ჟურნალისტებს და ოპერატორებს არ ჰქონდათ განცდა, რომ პოლიცია მათ ძალადობისგან დაიცავდა. ზოგიერთ შემთხვევაში, მათ, მომეტებული საფრთხის გამო, უბნებზე მუშაობის შეწყვეტაც მოუხდათ.     

 

მედიის წარმომადგენელთა უფლებების დარღვევის სიხშირე და შემთხვევათა მსგავსება, ქარტიას აძლევს საფუძველს რომ დაასკვნას, რომ დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიასაშუალებების ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ ძალადობას ჰქონდა სისტემური ხასიათი და ის იყო წახალისებული. 

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ყველა ამ შემთხვევით დაინტერესებისა და მათი სწრაფად და ეფექტურად გამოიძიებისკენ მოუწოდებს.   




“მედიაჩეკერის” ინფორმაციით, 26 ოქტომბერს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს „ბათუმელების“ 7 ჟურნალისტს. ეს შემთხვევები აღწერილი აქვს “მედიაომბუდსმენსაც”:

  • ევა ართმელაძეს გადაღების საშუალება არ მისცეს დაბა ხულოს ერთ-ერთ უბანზე. გამოცემის რედაქტორის, ეთერ თურაძის თქმით, ჟურნალისტს ადამიანიც კი მიუჩინეს, რომელიც ნებისმიერი გადაადგილებისას მას წინ უდგებოდა, რომ არაფერი გადაეღო. 

  • ბათუმის ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან ფოტოზე გამოსახული პირი გადაღების საშუალებას არ აძლევდა ჟურნალისტ ცაგო კახაბერიძეს. მან ჟურნალისტისთვის ტელეფონის წართმევაც სცადა. 

  • ეთერ თურაძის თქმით, მას პროფესიულ საქმიანობაში ხელი ბათუმის 72-ე უბანთან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა არაუფლებამოსილმა პირებმა შეუშალეს. ისინი „ბათუმელების“ რედაქტორს სიტყვიერ შურაცხყოფას აყენებდნენ და პირდაპირი ეთერის შეწყვეტას თხოვდნენ. ეთერ თურაძეს პოლიციის გამოძახებაც დასჭირდა. 

  • “ბათუმელების” რედაქტორს პროფესიული საქმიანობის დროს პრობლემა შეექმნა ბათუმის 52-ე და 81-ე უბნებთანაც (ორივე უბანი ერთ სკოლაში იყო განთავსებული). იქ მყოფი პირები ეთერ თურაძეს აგრესიულად თხოვდნენ, კამერა გამოერთო. როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, უბნის კართან, დაახლოებით 10 მეტრის დაშორებით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები სკანდირებდნენ ფრაზას: “„ქართულ ოცნებას“ გაუმარჯოს“. 

  • ქუთაისში პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს „ბათუმელების“ ჟურნალისტს მანანა ქველიაშვილს, როგორც საარჩევნო უბანში, ისე საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრზე მუშაობისას.

  • პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეუშალეს “ბათუმელების” ჟურნალისტს ლელა დუმბაძეს. ამ დროს ის ბათუმის 33-ე უბანთან ახლოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ რესპონდენტს წერდა.

  • ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს “ბათუმელების” წარმომადგენელს არჩილ კახაძეს.

  • პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეუშალეს “ბათუმელების” ჟურნალისტს თედო ჯორბენაძეს - მას ბათუმის მე-11 საარჩევნო საარჩევნო უბანზე მუშაობის შესაძლებლობას არ აძლევდნენ და უბნიდან გაძევებით ემუქრებიდნენ.

 

მარნეულში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე უცნობმა პირმა „სტუდია მონიტორის“ ჟურნალისტებისთვის თეო ქავთარაძისა და ქეთი თუთბერიძისთვის ტელეფონის წართმევა სცადა. ჟურნალისტებმა დააფიქსირეს, თუ როგორ ცდილობდა ამომრჩეველი, სავარაუდოდ პასპორტში ჩადებულ ფურცელზე მიწერილი სხვისი პირადი ნომრით, ხმის მიცემას. 

 

სოფლების ხოჯორნისა და გულიკამის საარჩევნო უბნებზე პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეეშალა „ალიქ მედიის“ 4 წარმომადგენელს. როგორც რედაქციამ “მედიაჩეკერს” უთხრა”, „ალიქ მედიას“ რეპუტაციის შელახვის მიზნით, ადგილზე მობილიზებული პირები იქვე მყოფ ამომრჩევლებს, ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებს ეუბნებოდნენ, რომ „ალიქ მედია“ დეზინფორმაციის გამავრცელებელი მედია იყო და „კანონს არღვევდა“. მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა საარჩევნო უბნებთან აღმოჩენილი დარღვევების შესახებ Facebook-ის გვერდზე დაწერეს, უცნობმა პირებმა ერთ-ერთ ჟურნალისტს რამდენჯერმე დაურეკეს და, მუქარანარევი ტონით, აღნიშნული მასალების წაშლა მოსთხოვეს. „ალიქ მედია“ ჟურნალისტების უსაფრთხოების მიზნით, მათ სახელებსა და გვარებს არ ასაჯაროებს. 

 

გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების საარჩევნო უბნებზე მუშაობაში ხელი შეუშალეს qartli.ge-ს რედაქტორს საბა წიწიკაშვილს. სოფელ პატარა გარეჯვარში, დამკვირვებლებმა საარჩევნო უბანთან შენიშნეს რუსულნომრიანი მანქანა, საიდანაც ფულს არიგებდნენ. ამის შესახებ qartli.ge-ს მიერ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში საბა წიწიკაშვილს კომისიის ერთ-ერთმა წევრმა აცნობა, რომ გარეთ ეძახდნენ. საარჩევნო უბნიდან გასულ ჟურნალისტს სოფლის გამგებელი, ზურაბ მურადაშვილი, და მისი მეუღლე დახვდნენ. გამგებელმა ყვირილით გამოთქვა უკმაყოფილება და ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. საბა წიწიკაშვილმა პოლიცია გამოიძახა, რომელსაც საერთაშორისო დამკვირვებლებიც მოჰყვნენ. 

 

მეორე შემთხვევა სოფელ ზემო ხვედურეთის საარჩევნო უბანზე მოხდა, სადაც საბა წიწიკაშვილის საარჩევნო უბნიდან გაძევება სცადეს. „კომისიის თავმჯდომარე მემუქრებოდა, რომ თუ აქეთ-იქით სიარულს არ მოვრჩებოდი, უბნიდან გამაძევებდა. სამჯერ დავარეკინე საოლქო კომისიაში, [რათა მისთვის აეხსნათ] თუ რის უფლება მქონდა“, - უთხრა ჟურნალისტმა მედიაჩეკერს. 

როგორც “ნეტგაზეთმა” “მედიაჩეკერს” უთხრა, თბილისში, ერთ-ერთ უბანზე, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებულმა პირებმა ტელეფონი წაართვეს „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს, რაფო მესხიძეს. 

 

“ბათუმელების” ცნობით, ბათუმში, თამარის დასახლებაში მდებარე საარჩევნო უბნებთან დიდი რაოდენობით მობილიზებულმა არაუფლებამისილმა პირებმა მუშაობის საშუალება არ მისცეს “ფორმულას” და “მთავარი არხის” ჟურნალისტებს. 

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროში, პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეუშალეს “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფს - ჟურნალისტ თენგო გოგოტიშვილს და ოპერატორ იაგო გოგელაშვილს. “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა და “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებულმა პირებმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ამ დროს ჟურნალისტი იმის გარკვევას ცდილობდა, თუ რატომ იმყოფებოდნენ ისინი უბნის მიმდებარედ კანონის დარღვევით. ბაჩუკი კოჭლამაზაშვილმა, რომელიც ტელეკომპანიის ინფორმაციით, სოფელ ბოდბეში მერის წარმომადგენელია, კამერას ხელი ააფარა, რათა ოპერატორისთვის გადაღების საშუალება არ მიეცა.

 

შიდა ქართლის საინფორმაციო სააგენტო „მოზაიკას“ ინფორმაციით, ჟურნალისტებს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში, პროფესიული საქმიანობის განხორციელების საშუალება არ მისცეს. „ტვ პირველის“ ჟურნალისტს, გიორგი დვალიშვილს, აგრესიული პირი, რომელიც ამ მედიასაშუალების ინფორმაციით, ტინისხიდის ყოფილი გამგებელი ბესო ბერიანიძეა, საჯარო ტერიტორიიდან აგდებდა და გადაღებას უშლიდა. „მოზაიკის“ მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ ეს პირი ჟურნალისტისკენ საცემად იწევდა და, ცდილობდა, მისთვის მიკროფონი გაეგდებინებინა. ჟურნალისტს სურდა, კითხვები დაესვა ადგილობრივი ბიზნესმენისთვის, რომელმაც, მისი ინფორმაციით, საარჩევნო უბნის მიმდინარედ „ქართული ოცნების“ აგიტატორებს სუფრა გაუშალა. ადგილზე გიორგი დვალიშვილთან ერთად მუშაობდა „ტვ პირველის“ ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი. 

 

09:30 საათისთვის, ქუთაისში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, „ტვ პირველის“ ჟურნალისტს, გვანცა ჩხიკვაძეს, პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა მარიამ გრძელიძემ, რომელიც ჟურნალისტის თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია. მარიამ გრძელიძემ მის წინააღმდეგ დაწერილი საჩივარი პირდაპირ ეთერში დახია და ჟურნალისტს ჯიბეში ჩაუდო, ხოლო შემდეგ მას „პროვოკატორები“, „ქვეყნის მტრები“ და „მკვლელები“ უწოდა. ჟურნალისტის ინფორმაციით, საჩივარში საუბარი იყო მარიამ გრძელიძის მიერ მოქალაქეებისათვის პასპორტების და პირადობის მოწმობების ჩამორთმევაზე. ადგილზე გვანცა ჩხიკვაძესთან ერთად მუშაობდა “ტვ პირველის” ოპერატორი გიორგი კიკვაძე.

 

“ტვ პირველის” ჟურნალისტს გვანცა ჩხიკვაძეს და ოპერატორს გიორგი კიკვაძეს საარჩევნო დღის ბოლოს, უბნის დახურვამდე, მუშაობაში ხელი შეუშალეს ქუთაისში სხვა საარჩევნო უბანზეც. ორმა პირმა კამერის გაწევა სცადა და მათ გადაღების შეწყვეტა მოსთხოვა. ერთ-ერთი მათგანი ოპერატორს კამერის თავზე დამტვრევითაც დაემუქრა. მანვე აუკრა ხელი მიკროფონზე ჟურნალისტსაც. ვიდეოში ასევე ისმის სიტყვები “თორემ დაგალეწავ”. პირის გაღიზიანება გამოიწვია ჟურნალისტის შეკითხვამ, რომელიც ცდილობდა, გაერკვია, თუ რატომ იმყოფებოდნენ არაუფლებამოსილი პირები უბანთან მთელი დღის განმავლობაში და ახდენდნენ თუ არა ისინი ზეწოლას ამომრჩევლებზე.

 

„ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს ხელი შეუშალეს ზუგდიდის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე. ჟურნალისტ სოფო ნიაურის თქმით, მას და ოპერატორ დავით ბერაძეს კომისიის თავმჯდომარე გადაღების უფლებას არ აძლევდა და  შენობაში არ უშვებდა.   

 

16:00 საათისთვის, ისანში, საარჩევნო უბანზე დაუპირისპირდნენ „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს. ჟურნალისტის ნუცა ბახუტაშვილის თქმით, მას და ოპერატორს გიგა აღდგომელაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და პოლიციელების მხრიდან დროული რეაგირება რომ არა, ფიზიკურ შეურაცხყოფასაც მიაყენებდნენ.

 

15:15-ისთვის, „ფორმულას“ ჟურნალისტს თიკო ერაძეს სადახლოს საარჩევნო უბანზე, სავარაუდოდ, კომისიის წევრებმა პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. უბანზე კენჭისყრა შეწყდა ინციდენტის გამო. ჟურნალისტი საქმის ვითარებაში გარკვევას ცდილობდა, როცა უბნიდან მისი ძალით გამოყვანა სცადეს. თიკო ერაძესთან ერთად ადგილზე მუშაობდა ოპერატორი შალვა ჯოხაძე.

 

გლდანში საარჩევნო უბანზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტს ნინა მაჩაბელსა და ოპერატორს გიორგი ჩანტლაძეს.

 

ამავე უბანზე, უბნიდან გაძევებით დაემუქრნენ „ტვ  პირველის“ გადამღებ ჯგუფს - ჟურნალისტ მაკა ანდრონიკაშვილსა და ოპერატორ გიორგი შეწირულს. მათ მუშაობაში ხელს უშლიდნენ, მაკა ანდრონიკაშვილის თქმით, საოლქო კომისიის წარმომადგენლები და „ქართული ოცნების“ დამკვირვებლები.

 

14:30-ისთვის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯგალში სამოქალაქო ჟურნალისტიკის პლატფორმის „მრავალკუთხედი“ ჟურნალისტს, დიტო ბელქანიას, დაუპირისპირდა „ქართული ოცნების“ პარტიული წარმომადგენელი ლირა ღურწკაია, რომელიც იმავდროულად წალენჯიხის რესურსცენტრის უფროსია. ჟურნალისტის თქმით, მას ლირა ღურწკაიამ, უბნის თავმჯდომარემ და კომისიის წევრებმა მუშაობაში ხელი შეუშალეს, კანონის დარღვევით, კონკრეტული ადგილიდან გადაღების უფლება არ მისცეს და კამერისთვის განკუთვნილ ადგილას გადასვლა მოსთხოვეს. ჟურნალისტი ამ დროს ცდილობდა, გადაეღო დაპირისპირება ერთ-ერთ დამკვირვებელსა და უბნის თავმჯდომარეს შორის. 

 

მარნეულში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან მობილიზებულმა, ტელეკომპანიის ცნობით, „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულმა, პირებმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტ ნინო ელიკაშვილს და ოპერატორ ირაკლი მურმანიშვილს, ხოლო შემდეგ ოპერატორს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ და კამერის დაზიანება სცადეს. „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსი ამირან გიორგაძემ გადამღებ ჯგუფს მოსთხოვა, ტერიტორია დაეტოვებინა. „ტვ პირველი“ ადგილზე იღებდა დაპირისპირებას „ქართული ოცნებისა“ და „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლებს შორის. უბანზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც იქ მყოფმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს საია-ს დამკვირვებელს გიორგი გოცირიძეს. „ტვ პირველის“ ჟურნალისტი ნინო ელიკაშვილი შეეცადა ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებთან გაერკვია, დაიწყებოდა თუ არა გამოძიება ოპერატორის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტზე, თუმცა უშედეგოდ.  

 

„ფორმულას“ ჟურნალისტს მარი წაქაძეს და ოპერატორს ბექა ქორჩილავას ქუთაისის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე პროფესიული საქმიანობა შეუზღუდეს. მარი წაქაძეს ქუთაისის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე საარჩევნო კომისიის წევრებმა ხმის დათვლის პროცესზე დასწრების შესაძლებლობა არ მისცეს, ოქმი შეუდგინეს და უბნიდან გააძევეს. მანამდე, უბანზე დამკვირვებლის სტატუსით მყოფი პირი ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში საუბარში ხელს უშლიდა. მარი წაქაძემ 112-ს მიმართა. ეკიპაჟი მალევე მივიდა უბანზე, თუმცა ჟურნალისტს ვერაფრით დაეხმარა, მხოლოდ შეახსენა, რომ მას გაძევების ოქმის გასაჩივრება შეეძლო.

 

მარნეულში, სოფელ სადახლოს საარჩევნო უბანზე, 14:00 საათზე, რადიო “მარნეულის” ჟურნალისტი ვლადიმერ ჩხიტუნიძე მანამდე არ შეუშვეს, სანამ საქმეში საოლქო საარჩევნო კომისია არ ჩაერია. ჟურნალისტის თქმით, უბნის თავმჯდომარე მას რამდენიმე წუთის განმავლობაში არ აძლევდა უბანზე შესვლის შესაძლებლობას და ეუბნებოდა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუშვებდა, თუ არაფერს გადაიღებდა. ჟურნალისტმა დახმარებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართა. საგულისხმოა, რომ სოფელ სადახლოში ხმის მიცემის პროცედურა ძველი სისტემით მიმდინარეობს და უბანზე ჟურნალისტის და კამერის ყოფნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო.

 

15:00 საათისთვის, კახეთში, “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტ ია გულიაშვილს და ოპერატორ ლევან დვალს, თავს დაესხა ტელეკომპანიის ვარაუდით “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული პირი. ჟურნალისტი ამ დროს იმის გარკვევას ცდილობდა, თუ ვინ და რატომ უმასპინძლდებოდა უბანზე ხმის მისაცემად მისულ ამომრჩევნებს. აგრესიულად განწყობილი პირი ჟურნალისტს უბნის დატოვებას თხოვდა და ოპერატორისკენ იწევდა. მან “მთავარი არხის” კამერის გატაცებაც სცადა.  

 

15:00 საათისთვის, ბათუმში, “მთავარი არხისა” გადამღებ ჯგუფს -  ჟურნალისტ თეა ვაშალომიძეს და ოპერატორ ბაჩანა ოქროპირიძეს, და „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს - ჟურნალისტ თამარ თედიაშვილს და ოპერატორ ლერი როგავას, “მთავარი არხის” ინფორმაციით, “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული აგრესიულად განწყობილი პირები, საარჩევნო უბანზე შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. ჟურნალისტები უბანთან მობილიზებულ პირებს სიების თაობაზე უსვამდნენ კითხვებს.

 

16:30 საათისთვის, თბილისში, გლდანში, საარჩევნო უბანთან შეკრებილმა, გამორჩეულად აგრესიულმა პირებმა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ონლაინ გამოცემა “პუბლიკას” ჟურნალისტებს მინდია გაბაძესა და შაკო ბრეგაძეს და "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტს თამუნა ჩქარეულს. ერთ-ერთმა პირმა "პუბლიკას" უთხრა, რომ “ქართული ოცნების” მხარდამჭერია. 

 

17:30-ისთვის, თბილისში, ვაზისუბანში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მობილიზებული პირები თავს დაესხნენ “ტვ პირველის” ოპერატორს პაპუნა ხაჩიძეს და კამერა დაუზიანეს. ის და ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი ამ დროს უბნის მიმდებარედ შეკრებილებს იღებდნენ.

 

10:00 საათისთვის, “ფორმულას” ჟურნალისტს დავით ჭაბაშვილს და ოპერატორს აგილ რუსტამოვს, და ლაგოდეხის ტელევიზიის ჟურნალისტს ნიკა ბურჭულაძეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სპოფელ ჭიაურში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მობილიზებულმა პირებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და გადაღებაში ხელი შეუშალეს.

 

10:30 საათისთვის, ბათუმის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს “ტვ პირველის” ჟურნალისტს თეონა დოლენჯაშვილს და ოპერატორს ნიკო კოკაიას. “ქართული ოცნების” კოორდინატორები თეონა დოლენჯაშვილს, რომელიც მათთვის კითხვების დასასმელად მიკროავტობუსში ავიდა, სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, კარი ჩაუკეტეს და გადაადგილება შეუზღუდეს, ხოლო მათგან ერთ-ერთი, ედუარდ შარაძე, ჟურნალისტს სისხლის სამართლებრივი დევნით დაემუქრა.

 

14:00 საათისთვის, რადიო თავისუფლების ცნობით, რუსთავში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, რადიოს ჟურნალისტს, დავით მჭედლიძეს, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. დავით მჭედლიძე უბნის მიმდებარედ მყოფ პირებს აფიქსირებდა, რომლებიც, სავარაუდოდ, უბანზე მისული ამომრჩევლების აღრიცხვით იყვნენ დაკავებული, რა დროსაც ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და მისთვის ტელეფონის წართმევა სცადეს. 

 

შუადღისას, 14:00 საათისთვის, სოფელ ქვემო ხოდაშენში, საარჩევნო უბანზე თავს დაესხნენ “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტ მარიამ მაკასარაშვილს და ოპერატორ ნუკრი ქაფიაშვილს. მარიამ მაკასარაშვილის თქმით, მათ გადაიღეს სპეციალური სიები, რომლებშიც  უბანზე მყოფი უცნობი პირები უბანზე მისულ ამომრჩევლებს აღრიცხავდნენ. ისინი ასევე არიგებდნენ ფულს. ამ ფაქტით გაღიზიანებული უცნობი პირები მათ ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ერთ-ერთმა მამაკაცმა ოპერატორს რამდენჯერმე ჩაარტყა სახის არეში და კამერა დაუმტვრია. ნუკრი ქაფიაშვილს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ადგილზე მივიდნენ სასწრაფო დახმარების ბრიგადა და შსს-ს წარმომადგენლები.

 

თბილისში, ისნის ერთ-ერთი საარჩევნო უბანზე, 11:00 საათისთვის, უცნობი პირი „მთავარი არხის“ და „ტვ პირველის“ ჟურნალისტებს დაუპირისპირდა და დარბევით დაემუქრა. უბანზე მთავარი არხის“ ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი და ოპერატორი დავით ბადაგაძე და „ტვ პირველი ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი და ოპერატორი პაპუნა ხაჩიძე იღებდნენ აგრესიულად განწყობილ პირებს, რომლებიც ხმის მისაცემად მისულ ამომრჩევლებს და ჟურნალისტებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

ახმეტის რაიონის სოფელ მატანში, 11:30 საათისთვის,“ქართული ოცნების” წარმომადგენლები 
თავს დაესხნენ „საქართველოს ამბების“ ჟურნალისტებს გელა მთივლიშვილს და ლადო ქუთათელაძეს, რომლებიც უბანზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდნენ, მას შემდეგ, რაც გელა მთივლიშვილმა არაუფლებამოსილ პირებს უბნის შესასვლელის და მიმდებარე ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. აგრესიულმა პირებმა, რომელთა შორის იყო ილია მამუჩარაშვილი, გელა მთივლიშვილს ტელეფონი წაართვეს, გადაღებაში ხელი შეუშალეს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. გელა მთივლიშვილმა საქმის კურსში ჩააყენა 112. მოგვიანებით ის შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს.

 

ქუთაისში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, CNews-ის ჟურნალისტს გიგა გელხვიიძეს, სამი პირი, რომლებიც CNews-ის ინფორმაციით „ქართული ოცნების“ აქტივისტები არიან, ფიზიკურად გაუსწორდა. ჟურნალისტმა გიგა გელხვიიძემ აღმოაჩინა სიები, სადაც მოქალაქეების პირადი მონაცემები იყო დაფიქსირებული. აქტივისტების გაღიზიანება ამ ფაქტმა გამოიწვია.

 

მარნეულში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, რადიო “მარნეულის” ჟურნალისტებს ვლადიმერ ჩხიტუნიძესა და თიკო დავაძეს, დამკვირვებელმა რამაზ კარასმაზლიმ, რომელიც მათი ინფორმაციით, “ქართული ოცნების” წარმომადგენელია, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, “აგენტები” და “ქვეყნის გამყიდველები” უწოდა და ანგარიშსწორებით დაემუქრა. დამატებით, უბნის თავმჯდომარემ აქსანა კრბანოვამ ჟურნალისტებს ვიდეოგადაღება შეუზღუდა.

 

„მედიაობუდსმენის“ ინფორმაციით, მარნეულის 74-ე უბანზე, მუშაობაში ხელი შეუშალეს რადიო „მარნეულის“ ჟურნალისტს თიკო დავაძეს. თიკო დავაძე იღებდა გამარჯვების ზეიმს უბნის დახურვის შემდგომ, რა დროსაც მას აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. აღსანიშნავია, რომ იმავე უბანზე მას აგრესიულად ეპყრობოდნენ დღის განმავლობაშიც.

 

„მედიაობუდსმენის“ ინფორმაციით, ჩხოროწყუში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, მუშაობაში ხელი შეუშალეს “ფორმულას” ჟურნალისტს დავით მანიას და ოპერატორს ირაკლი შენგელის. უბანზე მყოფმა პირებმა მათი უბნიდან გაძევება სცადეს, ხოლო კომისიის თავმჯდომარემ მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. უბნის შესასვლელთან გადამღებ ჯგუფს სიტყვიერად დაუპირისპირდა კონსერვატიული მოძრაობის ალტ-ინფოს წევრი ლევან მამფორია. დავით მანია და ირაკლი შენგელია უბანზე დარღვევების შესახებ ინფორმაციიის გადასამოწმებლად და საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელთან კითხვების დასასმელად მივიდნენ.

 

„მედიაობუდსმენის“ ინფორმაციით, არჩევნების გაშუქებაში ხელი შეუშალეს “OC მედიას” რამდენიმე ჟურნალისტს:   

       თბილისში, ჟურნალისტ ჰერმინე ვირაბიანს ხმების დათვლის პროცესის გადაღების უფლება არ მისცეს.

       ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში, უბანზე არ დაუშვეს ჟურნალისტი რაფიგ შაბაზოვი.

       თელავში, ერთ-ერთ უბანზე, ჟურნალისტ თეკლა ჩხაიძეს არ მისცეს ნება, რომ ფოტოები და ვიდეო გადაეღო. მიუხედავად იმისა, რომ თეკლა ჩხაიძეს ჰქონდა ცესკოს მიერ გაცემული მაიდენტიფიცირებელი ბეიჯი, უბნის წარმომადგენლებმა მას დამატებითი დოკუმენტის წარდგენა მოსთხოვეს.

       მცხეთაში, ერთ-ერთ უბანზე, ჟურნალისტ ზეინაბ ისგანდაროვას ნება არ მისცეს, 10 წუთზე მეტ ხანს ეწარმოებინა გადაღება. ის სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე შტატივის გარეშე არ დაუშვეს.

       სოფელ იორმუღანლოში, ერთ-ერთ უბანზე ჟურნალისტ აითან ფარადოვას ტელეფონი წაართვეს, მისი დამტვრევით დაემუქრნენ და ფოტოს წაშლა მოსთხოვეს. ჟურნალისტმა ტელეფონი მხოლოდ იმ ფოტოს წაშლის შემდეგ დაიბრუნა, რომელიც ამომრჩევლების მობილიზებას ასახავდა.

       ჟურნალისტის ქრისტინა კვაჭანტირაძის მშობლებს დაურეკა პირმა, გიორგი მგელაძემ, რომელიც, ჟურნალისტის თქმით, უსაფრთხოების სამსახურიდანაა, და მოსთხოვა, რომ ქრისტინას გადაღებულ ვიდეოებში ადამიანების სახეები დაეფარა. ქრისტინას მამა ერთ-ერთ უბანზე უბნის თავმჯდომარე იყო.

 

 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.