ქარტიის საბჭო ზუგდიდში მომხდარი ინცინდენტის გამოძიებას ითხოვს
14.05.2019

კატეგორია : განცხადებები;
ტელეკომპანია ოდიშის ინფორმაციით, 14 მაისს ზუგდიდის ისტორიული მუზეუმის ეზოში გადაცემა „ლუსტრაციის“ ჩაწერისას “ქართული ოცნების” წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ მათ რესპონდენტს, ზუგდიდის მერობის კანდიდატს გაერთიანებული ოპოზიციიდან სანდრა რულოვს. სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გადამღებ ჯგუფს. ტელევიზიამ ინცინდენტის ამსახველი ვიდეომასალაც გაავრცელა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს სამართალდამცავ უწყებებს დროულად გამოიძიოს მომხდარი შემთხვევა და დადგეს კონკრეტულ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი. ჟურნალისტების ფუნქციაა წინასაარჩევნო პერიოდში მიმდინარე მოვლენების, კანდიდატების სამართლიანად, მიუკერძოებლად გაშუქება. სწორედ მედიის საშუალებით იღებენ ამომრჩევლები იმ ინფორმაციას, რაც მათ კენჭისყრის დღეს გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარებათ. ამიტომაც უმნიშვნელოვანესია თითოეულ ჟურნალისტს ჰქონდეს პროფესიული საქმიანობის თავისუფლად განხორციელების საშუალება. მათ უნდა იცოდნენ, რომ ყველა შესაბამისი ინცინდენტი იქნება ადეკვატურად და გამჭვირვალედ გამოძიებული, დამნაშავე პირებს კი დაეკისრებათ პასუხისმგებლობა. ყოველი გამოუძიებელი ინცინდენტი ხელს უწყობს ჟურნალისტების წინააღმდეგ აგრესიის წახალისებას.

ქარტია მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, კანდიდატებს თუ აქტივისტებს თავი შეიკავონ ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის რაიმე ფორმეს გამოყენებისგან და შეახსენებს როგორც მათ, ასევე მთელ საზოგადოებას, რომ არამხოლოდ ფიზიკური ძალადობა, არამედ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლაც დასჯადია სისხლის სამართლის კოდექსით.

ქარტია ასევე მიმართავს ხელისუფლებას და მოუწოდებს უზურნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა წინასაარჩევნო პერიოდში.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.