ქარტია მოუწოდებს შსს-ს დროულად გამოიძიოს “იმედის” გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტი
21.11.2019

კატეგორია : განცხადებები;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისთვის ცნობილი გახდა, რომ 21 ნოემბერს თბილისში, ზემო ფონიჭალაში, სიუჟეტის მოსამზადებლად მისულ ტელეკომპანია “იმედის” გადამღებ ჯგუფს ეკლესიიდან განკვეთილი ნარიმან მაქარაშვილის (ბერი ნიკოლოზი) მიმდევრების ნაწილი ფიზიკურად გაუსწორდა. “იმედის” ინფორმაციით, დაშავებულ ჟურნალისტსა და ოპერატორს სამედიცინო დახმარება დასჭირდათ.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მკაცრად გმობს ჟურნალისტებზე ფიზიკურ ძალადობას. ქარტიის საბჭო შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, დროულად გამოიძიოს მომხდარი და გამოავლინოს დამნაშავე პირები. ეს ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ძალადობის პირველი შემთხვევა არ არის. ქარტია შიშობს, რომ სამართალდამცავი უწყების მხრიდან მსგავსი ფაქტების მკაცრი რეაგირების გარეშე დატოვება, ამგვარ ძალადობასა და ჟურნალისტების მუშაობაში ხელისშეშლის შემთხვევებს წაახალისებს, რაც მედიაგარემოსთვის ძალიან დამაზიანებელი იქნება.

ქარტია ასევე შეახსენებს საზოგადოებას, რომ ჟურნალისტებისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში უკანონოდ ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია. სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით, ჟურნალისტთა პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა ისჯება.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.