ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება “პოსტ ფაქტუმში” გასულ სიუჟეტზე
22.06.2020

კატეგორია : განცხადებები;
2020 წლის 21 ივნისს, ტელეკომპანია ,,მთავარის" პროგრამა PostFactum-ში გავიდა სიუჟეტი ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე.

სიუჟეტში აჩვენეს კადრები პორნოგრაფიული მასალიდან. მიუხედავად იმისა, რომ შეეცადნენ ბავშვთა სახეების დაფარვას, ვფიქრობთ, გარკვეული პირებისთვის შესაძლებელი გახდა არასრულწლოვანთა იდენტიფიცირება.

ქარტია მიიჩნევს, რომ ბავშვის დაფარვა უპირობოდ აუცილებელია, თუ მასალა რაიმე ფორმით უკავშირდება სექსუალურ ძალადობას. მედიამ განსაკუთრებული ყურადღებით უნდა გააშუქოს ამგვარი შემთხვევები. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ბავშვის სახის დაფარვა არ არის საკმარისი, რადგან ხშირად ამოცნობა შესაძლებელია გარემოს აღწერით, ან სხვა დეტალების იდენტიფიცირებითაც, რასაც ადგილი ჰქონდა ამ შემთხვევაში.

მედიის ვალდებულებაა, თავიდან აიცილოს ბავშვის რეტრავმირება და არ გაახსენოს მას ამბავი, რომელიც ნეგატიურ ემოციებთანაა დაკავშირებული. გამონაკლის შემთხვევად მიიჩნევა რედაქციის დასაბუთება და საჯარო ინტერესი, რასაც “მთავარი არხის” ეთერში გასული სიუჟეტის შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

საქართველოს ჟურანალისტური ეთიკის ქარტიის მერვე პრინციპის თანახმად, ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის.

მიგვაჩნია, რომ ტელეკომპანიამ არ გაითვალისწინა ბავშვთა საუკეთესო ინტერესი და გაავრცელა მასალა, რომელიც, ჩვენი აზრით, გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს მათ.

ქარტია მოუწოდებს ტელეკომპანია “მთავარს”, ამოიღოს აღნიშული სიუჟეტი გავრცელების ყველა შესაძლო პლატფორმიდან. ასევე მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას არ გაავრცელონ მსგავსი, ბავშვთა ინტერესების დამაზიანებელი ვიდეო კადრები.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.