მედიაკოალიცია „გაზეთი ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დისკრედიტაციის მცდელობებს ეხმიანება
06.07.2020

კატეგორია : განცხადებები;
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ წევრი ორგანიზაციები ვეხმიანებით „გაზეთი ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დისკრედიტაციის მცდელობებს და მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო კვლავაც იყენებს თავის ბერკეტებს მედიის წინააღმდეგ.


2020 წლის 05 ივლისს საქართველოს კომუნიკაციების კომისიის პოზიციის დასაცავად, კომისიის მიერვე შექმნილ მედიაკრიტიკის პლატფორმაზე გამოქვეყნდა სტატია „ცალმხრივად გამჭვირვალე (ნეტ)გაზეთი“ სადაც ინტერნეტგამოცემა ნეტგაზეთი მოხსენიებულია, როგორც ორმაგი სტანდარტისა და ფაქტებით მანიპულატორი მედია – „დეზინფორმაციასა და „ფეიკ ნიუსს“ ზოგჯერ სწორედ ის მედიასაშუალებები ავრცელებენ, რომლებიც ყველაზე ხმამაღლა მოგვიწოდებენ დეზინფორმაციასთან ბრძოლისკენ. სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს ონლაინგამოცემა „ნეტგაზეთის“ მიერ 3 ივლისს გამოქვეყნებული სტატია  სახელწოდებით „რატომ არ მოსწონს კომუნიკაციების კომისიას წერილი, რომელიც ფეისბუკს პოლიტიკურ რეკლამაზე საქართველოდან მისწერეს“ - ნათქვამია მასალაში.

პირველ რიგში, საზოგადოების ყურადღება გვინდა შევაჩეროთ იმ გარემოებაზე, რომ მედიაკრიტიკის ვებგვერდი დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს მიერ არის შექმნილი. კრიტიკულ საკითხებზე მარეგულირებელი ორგანოს სხვა ამოცანების გამყარებისათვის მასალების დამთხვევა ქმნის ინტერესთა კონფლიქტს და კითხვის ნიშნებს მასალის აჩენს სარედაქციო დამოუკიდებლობის მიმართ.

ასევე აღვნიშნავთ, რომ მარეგულირებელი ორგანოს თავისი 2020 წლის 30 ივნისის განცხადებით, შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება და არასწორად წარმოაჩენს ფაქტს, თითქოს არასამთავრობო სექტორი, რომლის მონაწილეობითა და ინიციატივით მოხდა მედიაგამჭვირვალობისათვის საჭირო საკანონმდებლო რეფორმა, ეწინააღმდეგება მედიის დაფინანსების ღიაობას. მეორე მხრივ, კი კომუნიკაციების კომისია თავს ესხმის მედიასაშუალებას და ცდილობს დამაკნინებლად წარმოაჩინოს იგი.

აქვე მითითებულია, რომ ორმაგ სტანდარტს ამკვიდრებს ონალინ გამოცემა on.ge, ხოლო მოშველიებულია „მთავარი არხის“ იურისტის თამთა მურადაშვილის მოსაზრების ნაწილი.

ამავე დროს,  „ქართული ოცნების“ გუნდის წევრის, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის - ლადო მგალობლიშვილის  მხრიდან პოლიტიკური თავდასხმის ობიექტი გახდა „ნეტგაზეთთან“ დაკავშირებული გამოცემა  -  „გაზეთი ბათუმელები“. დეპუტატი გამოქვეყნებული სტატიის გამო საჯაროდ თავს ესხმის მედიასაშუალებას, სათაურს კი ფეიკს უწოდებს -  ,,ბათუმელებმა" გაავრცელა ჩემი ინტერვიუ სადაც კონტექსტიდან ამოგლეჯილად შექმნეს ხმაურიანი სათაური. ამით გაბედნიერებული ნაცმოს სექტანტები ავრცელებენ ამ სტატიას. იქვე დავაფიქსირე კომენტარებში, რომ სათაური არის ფეიკი. მაგრამ ვის აინტერესებს სიმართლე, მთავარია ზიზღის ნთხევა ამ მოსიარულე ბოღმის კასრებისგან! - ნათქვამია დეპუტატის მიერ 3 ივლისს გამოქვეყნებულ საჯარო პოსტში.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2020 წლის 5 ივნისს იგივე პირი საჯარო ქსელის გამოყენებით თავს დაესხა ამავე მედიასაშუალების ჟურნალისტს, ჯაბა ანანიძეს. მას „ფეიკნიუსის შემქმნელი“ და „სამარცხვინო არაადამიანი“ უწოდა. მოგვიანებით, მმართველი პარტიის წევრმა საჯარო სტატუსი წაშალა. თუმცა ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა იგი არღვევს მედიასთან ურთიერთობის სტანდარტს და ცდილობს რეპუტაცია შეულახოს მედიის წარმომადგენლებს ინდივიდუალურად.

აღსანიშნავია, რომ ორივე თავდასხმის შინაარსი საერთოა. აღმოჩნდა, რომ კომუნიკაციების კომისიაც და მმართველი პარტიის წარმომადგენელიც ერთნაირად ცდილობენ წარმოაჩინონ მედიასაშუალებები, როგორც ფეიკნიუსების შემქმნელი და ამ გზით სურთ ობიექტური და მიუკერძოებელი პლატფორმების დისკრედიტაცია.

თავდასხმების იდენტური შინაარსი და დამთხვევა, კიდევ უფრო გვიძლიერებს ეჭვებს, რომ სახელმწიფო იყენებს ბერკეტებს გამორჩეულად მაღალი სტანდარტის მედიაპლატფორმების „გაზეთი ბათუმებელის“ და „ნეტგაზეთის“ წინააღმდეგ.

ჩვენ, კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრმა ორგანიზაციებმა არაერთხელ მოვუწოდეთ ხელისუფლებას, პატივი სცეს მედიის მუშაობას და შექმნას გარემო, სადაც ჟურნალისტები და მედიასაშუალებები არ გახდებიან პოლიტიკური თავდასხმის და დისკრედიტაციის ობიექტები. მიგვაჩნია, რომ  წინასარჩევნო პროცესების მოახლოება მმართველ პარტიას კიდევ უფრო უზრდის პოლიტიკური პასუხისმგებლობას აღნიშნულ საკითხებზე.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.