09.11.2020
კატეგორია : განცხადებები;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის
ქარტია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება მედიას მიზანმიმართულად
უშლის ხელს, რომ დროულად, სრულფასოვნად და მრავალმხრივ მიაწოდოს
საზოგადოებას ინფორმაცია.
საზოგადოებას უფლება აქვს
ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენების შესახებ
სხვადასხვა წყაროებიდან მიიღოს ინფორმაცია. განსაკუთრებით მაშინ,
როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება კრიტიკულად დაძაბულია.
2020 წლის 31 ოქტომბერის
არჩევნების კენჭისყრის დღიდან მოყოლებული მედიის წარმომადგენლებს
არაერთხელ შეეშალათ ხელი პროფესიული საქმიანობის შესრულებისას.
კენჭისყრის დღეს, ქვეყნის
მასშტაბით საარჩევნო უბნებზე მობილიზებული აქტივისტების მხრიდან
შეინიშნებოდა აგრესია მედიის მისამართით, დაფიქსირდა სიტყვიერი და
ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებიც. დღის განმავლობაში მაღალი
თანამდებობის პირები თავისი განცხადებებით ახალისებდნენ ამ
აგრესიას.
2020 წლის 8 ნოემბერს კი,
ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან მიმდინარე აქციაზე
სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოყენებული არაპროპორციული ძალის
შედეგად, სხეულის დაზიუანება მიიღო 4-მა ჟურნალისტმა. დაშავდნენ სხვა
რეპორტიორებიც, დაზიანდა მათი კუთვნილი ტექნიკაც. აქციის დაშლისას
წყლის ჭავლს დამიზნებით უშენდნენ მედიის წარმომადგენლებს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის
ქარტია ყოველთვის ცდილობდა ყურადღების გარეშე არ დაეტოვებინა
ჟურნალისტთა დევნისა და საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის თითოეული
ფაქტი და ყოველთვის მიმართავდა საგამოძიებო ორგანოებს, თუმცა ყველა ეს
მცდელობა რჩებოდა რეაგირების გარეშე, ისევე როგორც რეაგირების გარეშე
დარჩა 2019 წლის 20 ივნისის საპროტესტო აქციის დაშლისას 40-მდე
ჟურნალისტის დაშავებისა და დაზიანების ფაქტი. ასეთმა მიდგომამ კიდევ
უფრო წაახალისა ძალადობა.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის
ქარტია მოგმართავთ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა
და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ასევე
საერთაშორისო ჟურნალისტურ გაერთიანებებს, რომ გამოიყენოთ თქვენს ხელთ
არსებული ყველა საშუალება, რათა ერთად დავიცვათ საქართველოში სიტყვისა
და გამოხატვის თავისუფლება და შევქმნათ ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო
სამუშაო გარემო.